მაყვალა ფრანგიშვილი: ,,ამ საქმეში ყველაზე დიდი თაღლითი ვანო ჩხარტიშვილია!“

111sew

სამტრედიის მკვიდრი, მაყვალა ფრანგიშვილი, დაზარალებულ მეანაბრეთა სახელით სამართალდამცველი ორგანოებისგან „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამტრედიის ფილიალის ყოფილი მმართველის, დავით კოპალეიშვილის საქმიანობის შესწავლას და მის უკან მდგომი ადამიანების გამოაშკარავებას ითხოვს. ფრანგიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც უპირისპირდება. ის ნინო გვენეტაძისგან პასუხს ითხოვს, _ წლების წინათ უზენაეს სასამართლოში გაარჩია თუ არა დაზარალებული მეანაბრეების საქმე და რა გადაწყვეტილება მიიღო?

 

ქრონიკა+“-ესაუბრება მაყვალა ფრანგიშვილი: 

_ 1994 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში იქმნებოდა „ახალი ქართული ბანკი“. კუპონის გამოსვლამდე, შემნახველ სალაროებში რაც თანხები გვქონდა, სამტრედიელებს „ახალი ქართული ბანკის“ დასაფუძნებლად უნდა გადაგვერიცხა. 1547 ადამიანი აღვმოჩნდით, რომელთაც ამის სურვილი გამოვთქვით. ჩემი შვილის სახელზე 50 000 მანეთი მქონდა და ამ ბანკის დაფუძნებაში გადავრიცხე. 1995 წელს გვითხრეს, რომ „ახალ ქართულ ბანკს“ შეუერთდა „ექსიმბანკი“, „მრეწველობისა და მშენებლობის ბანკი“ და დაერქვა „გაერთიანებული ქართული ბანკი“. „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი“ 25%-ით შემოვიდა. მაშინ ჟურნალისტებმა სტატიაც დაწერეს ასეთი სათაურით: „ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა“ „გაერთიანებულ ქართულ ბანკზე“ იქორწინაო. 1996 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ მმართველმა, ვანო ჩხარტიშვილმა, მეპაიეების შეკრება მოიწვია. ამ შეკრებაზე თვითნებურად წავედი, არ მიშვებდნენ, მაგრამ მაინც შევძელი აქციონერების შეკრებაზე დასწრება. იქ გამოიკვეთა, რომ მთლიანად საქართველოში 124 000 მეპაიე ვიყავით. ჩხარტიშვილმა განაცხადა, ვისაც არ გინდათ მეპაიედ ყოფნა, საწყის თანხას აგინაზღაურებთ და პაიდან გამოხვალთო. ატყდა ერთი ამბავი, იქ იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც მაკავებდნენ, რომ არ მელაპარაკა, თუმცა მაინც ვახერხებდი ჩხარტიშვილთან შეჯახებას. ეს შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ ჩხარტიშვილმა მაინც მიაღწია იმას, რომ მეპაიები მიზერული თანხების სანაცვლოდ გარიცხა. 1995 წელს, როგორც კი კანონში ბანკის შერწყმა და გარდაქმნა შემოვიდა, მაშინვე შემოუერთდა „მრეწველობისა და მშენებლობის ბანკი“ და სამტრედიის ფილიალში მმართველის მოადგილედ მუშაობდა დავით კოპალეიშვილი. სანამ „გაერთიანებული ქართული ბანკი“ ჩამოყალიბდებოდა, მანამდე „მრეწველობისა და მშენებლობის ბანკის“ სახელით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა შპს „XXI საუკუნე“. ეს შპს იყო ყალბი, დაურეგისტრირებელი ბეჭედი ჰქონდა, ამ შპს-ს სახელით წერდნენ ოფიციალურ წერილებს, ხელფასს იღებდნენ „მრეწველობისა და მშენებლობის ბანკიდან“ და ფარულ კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. როგორც აღვნიშნე, ეს ბანკი შემდგომ „გაერთიანებულ ქართულ ბანკს“ შეუერთდა და ვანო ჩხარტიშვილმა სამტრედიის ფილიალის მმართველად დავით კოპალეიშვილი დანიშნა. ეს ბანკი ყველასგან განსხვავებული იყო, ყველანაირი ფული შემოდიოდა. როგორც მეპაიემ და „ახალი ქართული ბანკის“ დამფუძნებელმა, რომელიც შერწყმული იყო „გაერთიანებულ ქართულ ბანკთან“, 1995 წლის იანვარში დივიდენდის მისაღებად, 3 თვით ანაბარი შევიტანე. 10 მილიონამდე რუსული რუბლი მაქვს შეტანილი და დივიდენდი 10% უნდა მიმეღო. გამგეობის შენობაში, დარბაზში „გაერთიანებული ქართული ბანკის“ მეპაიეების შეკრება იყო. კოპალეიშვილმა ასეთი რამე გვითხრა, _ ახლა ვიწყებთ გათამაშებას, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფულის ნიშანი გაქვთ შემოტანილი, ყველა დოლარზე გადავდივართო. ამ ბანკის საქმიანობით პირველად მაშინ დავეჭვდი. მხოლოდ მე ვიყავი რუბლით დარჩენილი, დოლარზე არ გადავედი, რადგან ძალიან დიდ ზარალს მივიღებდი. ჩემი თანხა მოვითხოვე, _ მეპაიედ ვრჩები, მაგრამ ანაბარზე რომ ფული მაქვს შემოტანილი, დამიბრუნეთ-მეთქი. მაშინ დოლარზე ეს ფული ძალიან ცოტა იყო და ლარზე გადაყვანას ვითხოვდი. ამას ბანკის მმართველსა და ჩემ შორის დიდი წინააღმდეგობები მოყვა. ჩემზე ამბობდნენ, მოგვიგზავნეს, ბანკის დაშლა, გაკოტრება უნდაო… ჩემი ფული რომ არ დამიბრუნეს, სასამართლოს მივმართე. სასამართლომ მიპასუხა, მეანაბრეთა კომისიები შეიქმნა, დაველოდოთ მათ პასუხს, მოსამართლეებიც ვართ დაზარალებულებიო. სასამართლოს თავმჯდომარემ მითხრა, მეც მაქვს ფული შეტანილიო, პროკურორმაც იგივე თქვა, _ ახლა ბანკს ხომ არ გაგაფუჭებინებთო? რომ ვიბრძოდი, იმ პერიოდში გაათამაშეს მანქანა და მასწავლებელს მოაგებინეს, მერე იგივე მანქანა მეორედ გაათამაშეს. მოპარული მანქანები გაუთამაშებიათ და თაღლითობის მუხლით ამაზე საქმეც აღიძრა.

_ გათამაშებაში რა იგულისხმება? 

_ ნივთებს ათამაშებდნენ, რომ მეანაბრეებს თავიანთი ფული ამ სახით აეღოთ. მანქანა რომ გაათამაშეს, 10 000 თანხა ჩამოაწერეს იმ ადამიანს და მეანაბრეობიდან გარიცხეს, შემდეგ ეს მანქანა მეორედ გაათამაშეს. სამტრედიის უშიშროების უფროსმა ამ საკითხზე პროკურატურას მიმართა და თაღლითობის მუხლით დავით კოპალეიშვილის მიმართ საქმე აღძრეს. ეს გათამაშება იმისთვის იყო საჭირო, რომ ხალხისთვის მოპარული ნივთები ანაბრის თანხაში მიეცათ. აფხაზეთიდან ჩამოტანილი უამრავი მანქანა და ნივთი ჰქონდათ, სამშენებლო მასალებიც კი. სასწაული რაღაცები ხდებოდა. შემდეგ ეს გათამაშება შეჩერდა. ვერ წარმოიდგენთ, რა დღე აყარეს სამტრედიის უშიშროების უფროსს ამის გამო, ამ ადამიანმა ამ ზეწოლას ვერ გაუძლო და რელიგიის გზით წავიდა. სამოქალაქო კოდექსში წერია, რომ კომისიები იგივე პასუხს აგებენ, როგორც თაღლითები. კომისიის რამდენიმე წევრი ახლა სამტრედიის გამგეობის თანამშრომელია: ლიზა კრავეიშვილი გამგებლის მოადგილეა, ასევე იზო ნადირაძე, რომელიც შპს „XXI საუკუნის“ სამართალმემკვიდრის, სს „ფენიქსი 99“-ის დამფუძნებელია. ესენი იყვნენ კომისიის წევრები, რომელთაც ჩემი სასამართლო პროცესი დაამუხრუჭეს.

_ რას გულისხმობთ?

_ დაურეგისტრირებელი რომ იყო შპს „XXI საუკუნე“, საგადასახადო სამსახურმა და კომისიამ მისი საგადასახადოში რეგისტრაცია მოინდომეს. სასამართლოში მასალები დევს. ამაზე წინააღმდეგობა გავუწიე. სასამართლოს თავმჯდომარე ლუიზა ყუფარაძემ ეს საქმე აიცდინა და აბაშას გადასცა. აბაშაში მოსამართლე მიტროფანე სტურუამ თქვა, _ მე თვითონ ვარ დაზარალებული და ამ საქმეს ვერ გავარჩევო. შემდეგ აბაშის მოსამართლე თამარ გოგავა სამტრედიაში ჩამოდიოდა და აქ არჩევდა საქმეს. გოგავამ ექსპერტიზა დანიშნა, მაგრამ მაინც არ არის დადგენილი მეანაბრეთა და მთლიანი თანხის რაოდენობა. ჩემი გამოანგარიშებით, საუბარია 20 მილიარდზე, რომელიც მაშინ ბრუნავდა. ახლა სად ბრუნავს ეს ვეებერთელა ფული, კაციშვილმა არ იცის! როგორც გითხარით, სს „ფენიქსი 99“ სამართალმემკვიდრეა შპს „XXI საუკუნისა“, დღემდე შემოსავალში ნული უწერიათ. დღეს ინდმეწარმესაც კი პატარა თანხას არავინ აპატიებს და ამხელა სააქციო საზოგადოებას, რომელსაც ამდენი მეანაბრე იმედით უყურებს, სახელმწიფო და შემოსავლების სამსახური საერთოდ არ კითხულობს! ნახეთ, რა წერია წესდებაში, _ საქმიანობა უვადოო. სამტრედიაში მეანაბრეების ფულით ნაყიდი სახერხი ქარხანა იყო, ამაზე ფინანსურ პოლიციაში ვიჩივლე, რატომ გაიყიდა ეს ქონება მეანაბრეებს ეკუთვნის-მეთქი. დოკუმენტაცია რომ მომაწოდეს, აღმოჩნდა, ვინც ეს ქონება გაყიდა, ის ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. პირადობის მოწმობა ყალბი იყო. ფინანსური პოლიციიდან პასუხს ველოდებოდი, ამ დროს ვიღაც კაცი მოვიდა და მეუბნება, _ სასწრაფოდ უნდა წამოხვიდეთ ფინანსურ პოლიციაში, რეებს წერთ, კომერციულ საქმიანობას ხელს უშლითო. კაბინეტში რომ შემიყვანა, მითხრა, _ უნდა დაგიჭიროო. ეს ყალბი პირადობის მოწმობის ასლი თან მქონდა. ვუთხარი, _ თუ გამყიდველს ბუნებაში მოძებნით, დამიჭირეთ-მეთქი. მერე მითხრა, _ მყიდველსაც დავიჭერ და დათო კოპალეიშვილსაცო. შემდეგ ნახაზები გაუკეთებიათ და ახლა გამყიდველად დაფიქსირებულია დათო კოპალეიშვილი და მყიდველი იგივე ხალხია. ბოლოს ეს საქმე  მიჩუმათდა. შემოსავლების სამსახურში მივედი და ვიკითხე, _ კოპალეიშვილმა ეს ქონება რომ გაყიდა, შემოსავალი რა შემოიტანა-მეთქი? და _ არაფერიო.  ეს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითი, ასეთი უამრავია. კოპალეიშვილმა აღიარა, მოსახლეობის ფულით მაქვს ქონებები ნაყიდი და ამით გავისტუმრებ მათ ვალებსო. ახლა არაფერი აღარ აქვს. მადლობას ვუხდი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს, მოსამართლეებმა ძირფესვიანად შეისწავლეს ეს საქმე. შეეკითხნენ კოპალეიშვილს, რამდენი გაქვთ მაყვალა ფრანგიშვილის ვალიო და ასე უპასუხა, _ მე არ მაქვს, მისი ვალი ვანო ჩხარტიშვილს აქვსო. ეს ოქმში შეიტანეს და მომავალ სხდომაზე შუამდგომლობა დავაყენე ჩხარტიშვილის დაკითხვის შესახებ. 2 საათი იბრძოდნენ, შუამდგომლობა დაკმაყოფილებულიყო თუ არა. იმ ეტაპზე სასამართლომ უარი თქვა ჩხარტიშვილის დაკითხვაზე და აქაც ვერ გაირკვა მეანაბრეთა ბედი. შემდეგ ეს საქმე უზენაეს სასამართლოში წავიღეთ. წერილი მივიღე, სადაც ჩანდა, რომ ეს საქმე ეწერა ტურავას, გვენეტაძეს და მესამე მოსამართლის გვარი არ მახსოვს. დათო კოპალეიშვილი მოვიდა და მკითხა, ვაპირებდი თუ არა სასამართლოზე წასვლას? კოპალეიშვილს რომ ვუთხარი, მივდივარ-მეთქი, მითხრა, _ სასამართლოზე  ჩხარტიშვილი ვახსენოთ, ბოლოს და ბოლოს, სამტრედიელი კაცი ვარ, მე რატომ უნდა მედავებოდეს თანხას ეს ხალხი, გაყოს რაც გასატეხიაო. უზენაეს სასამართლოს საიდუმლოდ, პირადად გვენეტაძეს, რკინიგზიდან ნაცნობის მეშვეობით ვუგზავნიდი კორესპონდენციას. ამას დიდი ამბავი მოყვა, კინაღამ მოხსნეს ეს ხალხი სამსახურებიდან. თბილისში რომ ჩავედი, მითხრეს, პროცესი გადაიდოო, შემდეგ კი, საქმის წარმოებისას, განაცხადეს, გვენეტაძე და ტურავა მოხსნილები არიანო. ვიკითხე, _ ვინ აწარმოებს საქმეს-მეთქი? და _ არ ვიცითო. მერე ვითხოვდი პასუხს, ვინ გაარჩია ეს საქმე და რა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან ვითხოვ პასუხს, _ ვინ გაარჩია ჩვენი საქმე?! ამ ინფორმაციას დღემდე ვითხოვ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. პარლამენტში ეკა ბესელიასაც მივწერე ამის შესახებ. რა ვერ გაიყვეს? ჯერ იყო და სააკაშვილი ჩხარტიშვილს ქონების გადაბუგვით ემუქრებოდა, მერე დაიმეგობრა და პარლამენტის წევრი გახადა. როგორც ჩანს, ფულები რომ ვერ გაიყვეს, ინგლისში გაიქცა დევნილად. როგორც გავიგე, იქ ძალიან დიდი ნავთობის ფირმის დამფუძნებელი იყო, აქედან წაიღო დიდძალი ფული და იქ ბენზინის ბიზნესში ჩადო. ახლა სს „ფენიქსი 99“-ის აქციონერები ვართ.  კოპალეიშვილის უკან  ძალიან დიდი მაფია დგას. მას უწერია, რომ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში დევს საფრანგეთის „სოსიედე ჟენერალის“ ბანკი „რესპუბლიკის“  სამტრედიის ფილიალი. ეს ძალიან დიდ საშუალებას იძლევა, რომ „სოსიედე ჟენერალს ჩვენი თანხები მოვთხოვოთ“.

_ ახლა სს „ფენიქსი 99“ ფუნქციონირებს?

_ კოპალეიშვილმა ყველაფერი გაყიდა, წლებია, თბილისშია წამოსული და იქ თაღლითობს. როგორც გავიგე, სამშენებლო საქმიანობას ეწევა. არ ვიცი, შერწყმულია ვინმესთან თუ რა, ეს ჩვენ არ ვიცით, მაშინ საგადასახადოში ნული არ უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული. ვისთან ერთად ატრიალებს ამ უზარმაზარ თანხებს, არ ვიცით. აქვს ლომბარდები, დას გაუკეთა სკოლა „XXI საუკუნე“, ხელფასებს უკანონო შპს „XXI საუკუნიდან“ იღებდნენ, შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიწყეს მათი დაფინანსება. ახლა ამბობენ, რელიგიური ორგანიზაციებიდან ფინანსდებაო. ვერ გავიგე, რა უნდა რელიგიას იმ ორგანიზაციასთან, რომლის დამფუძნებლებს მთელი სამტრედიის ფული აქვთ შეჭმული?! მის სახელზე არაფერია რეგისტრირებული, ის მოძრაობს და მოქმედებს თაღლითურად, შემოსავლებს სხვის სახელზე იღებს. სახელმწიფო ქონებების შესყიდვები მეანაბრეების ფულით ხდებოდა დავით კოპალეიშვილის სახელზე. იქ არ ეწერა არც მაყვალა ფრანგიშვილი და არც სხვა მეანაბრეები, რომელთაც უზარმაზარი ფული ჰქონდათ შეტანილი. ეს ადამიანი თვალით არ გვინახავს, სამტრედიაში მისი ოფისი თუ სახლ-კარი გაყიდულია. სააკაშვილმა პრეზიდენტად ყოფნისას ბანკის 51% რუსეთს მიჰყიდა, ჩვენ დაგვრჩა 49%, 70 000 ვართ თუ 125 000 ესეც გაურკვეველია, ეს ხალხიც თაღლითურად გარიცხეს. საინტერესოა, ვინ უნდა აგვინაზღაუროს ჩვენ ვალი?! სხვათა შორის, ერთხელ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს წამოსცდა, _ კომერციული ბანკების მეანაბრეების ბედი რუსეთის ხელშიაო. ჩვენ რატომ არ გვეუბნებიან ამას, რატომ დუმან?!

_ დღეს თქვენი მოთხოვნა რა არის?

_ ვითხოვთ, სამართალდამცველებმა გაგვცენ პასუხი, _ სად არის დავით კოპალეიშვილი?! როგორც კი დაკარგული ქონების დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი, მაშინვე მივმართე პროკურატურას, საიდანაც მიპასუხეს, რომ ჯერ პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილებაო. როგორც კი ახალი დეპარტამენტი შეიქმნა ირაკლი ნადარეიშვილის სახით, მივწერე. სამტრედიის პროკურატურა უარს გვეუბნება, რადგან სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა და იქ მიმართეთ, ამ საქმეს ჩვენ ვერ განვიხილავთო. ამ ახალ დეპარტამენტს რატომ არ აინტერესებს ეს საქმე, არ ვიცი, თუნდაც საფინანსო პოლიციას?! ჩვენ გვაინტერესებს _ ვინ დგას დათო კოპალეიშვილის უკან, ის ამხელა თაღლითური საქმიანობის მხოლოდ შემსრულებელია. მოძიებული მაქვს ყველა მასალა, „გაერთიანებული ქართული ბანკი“ სამტრედიაში არც ლიკვიდირებულია და არც გაუქმებულია. აბა, სად არის ბანკი?! ქუთაისმა წაიღო „გაერთიანებული ქართული ბანკისა“ და „ახალი ქართული ბანკის“ ყველა მონაცემი. განსაკუთრებული პრეცედენტია საქართველოში, სამტრედიის ფილიალის მეანაბრეების საქმე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში დევს. შეხედეთ, რა ხდება _ სამტრედიელები ვაფუძნებთ ბანკი „რესპუბლიკის“ სამტრედიის ფილიალს, გაძვალტყავებულ „მრეწველობისა და მშენებლობის“ ბანკს ვასულდგმულებთ, გაკოტრებულ „სახალხო ბანკში“ გადაგვაქვს ანაბრები და ვაძლევთ საშუალებას, რომ იფუნქციონიროს. ჩვენი ანაბრების 51% არის „ლიბერთი ბანკში“, ქუთაისის „ვითიბი ბანკმა“ არ ანაბრები ჩვენი წაიღო და დატოვა სამტრედიის „ლიბერთი ბანკში“. ახლა, როდესაც ფოთის პორტის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებით, იქ გამოიკვეთა, რომ 1447 მეანაბრის სამტრედიაში „ახალი ქართული ბანკის“ დაფუძნების თანხები ფოთის პორტის პრივატიზაციაში დევს. ამ საქმეში ყველაზე დიდი მაფიოზი, თაღლითი და გარეწარი ვანო ჩხარტიშვილია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, გვიპასუხოს, _ გაარჩია თუ არა მან ეს საქმე, თუ ჩვენს თანხებს ვერ მივიღებთ, ის მაინც ვიცოდეთ, სინამდვილეში რა მოხდა?! ეკა ბესელიამ უპასუხოს კითხვას, რომელიც ამბობს, რომ ჩხარტიშვილი 100 000-ს მთავაზობდაო. დღემდე ჩვენთვის გაურკვეველია, მიიღო თუ არა ჩხარტიშვილმა პოლიტდევნილის სტატუსი?! ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯერ კიდევ, დეკემბერში მივწერე, მაგრამ არ მიპასუხა. გვაინტერესებს, რატომ უნდა მოერიდოს საქართველოს პროკურატურა საფრანგეთის კომერციული ბანკის გაკოტრებას?! ეს არის ბანდიტიზმი, აღვირახსნილობა და თაღლითობა ბანკების მხრიდან!

 

                                                                                                     თამარ ბატიაშვილი