იუდას ნასუფრალი

szw2

პრემიერი ღარიბაშვილი 33 წლის ასაკში პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვეს.
მასთან ერთად დასრულდა მისი ცოლის ნათესავების მმართველობის ხანაც.
პირადად ჩემთან და სხვა ოპონენტებთან დაკავშირებით პრემიერის სიმამრმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა _ ის კახა თარგამაძის დროინდელ ყველა ბინძურ მეთოდს იყენებდა, ამისათვის შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ციხის ცნობილი ჯალათის, ლადო ბედუკაძის, წამლის ცნობილი ბარიგის, ქეთევან ზარნაძის (რომელიც მას ყოფილმა პატიმარმა, მაია წოწორიამ დააკავშირა) და ასევე ე. წ. პოლიტპატიმრის, რამაზ გაგნიძის შემადგენლობით, რომელსაც ფართო მასები მხოლოდ იმით იცნობს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს უჩივის და ქონებას ედავება. გზადაგზა ამ ჯგუფს რამდენიმე მშიერი მარგინალი მიუერთდა, მაგალითად, ვინმე დავით ჟღენტი, რომელიც პერიოდულად იბრალებს, რომ ზვიადისტია, მაგრამ ამ წრეებში მისი ვინაობა არავინ იცის. ეს ადამიანები პრემიერის სიმამრის ნასუფრალით იკვებებოდნენ და ყოველგვარ სიბინძურეს აწერდნენ ხელს, არ დატოვეს უხსენებელი ჩემი ოჯახი, შვილები, მეგობრები, ჩემს წარსულში იქექებოდნენ, კომპრომატებს ეძებდნენ სრულიად უშედეგოდ. მერე უკვე თამაზაშვილის მორიგი ნასუფრალის მოლოდინში ფანტაზიორობდნენ და ათასგვარ სისაძაგლეს იგონებდნენ.
ბოლო დროს ამ ნასუფრალის აუდიტორიას „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი და ამავე გაზეთის ე. წ. ჟურნალისტი, ზაზა დავითაია მიემატნენ. ლაშა ნადარეიშვილს პერიოდულად ხედავდნენ ტრასის გენერლის სუფრებზე, ის იყო ძალიან ბედნიერი, როცა მას ექს-პრემიერის სიმამრი პატივს დადებდა, ტელეფონზე დაურეკავდა და მორიგ დირექტივას მისცემდა ჩემზე. ამ ბინძური დირექტივის შესრულებას იშვიათად, მაგრამ მაინც კონვერტებიც მოსდევდა ხოლმე. ასე წერდა ლაშა ნადარეიშვილი ლექსად, მაგ სუფრიდან არაფერი აიღოო და ასე მიირთმევდა იუდას ნასუფრალს. რაც შეეხება ზაზა დავითაიას, ეს არის ადამიანი, რომელიც ლადო ბედუკაძის პირით მუდმივად მთავაზობდა საკუთარ თავს, _ ლაშა ნადარეიშვილი კვირაში მხოლოდ ას ლარს მიხდის და იქნებ, შენს გაზეთში გადმომიყვანოო. მეტიც, საქმეში კარგად ჩახედული ადამიანები ამბობდნენ, რომ ლადო ბედუკაძეს ზაზა დავითაიას ციხეში ყოფნის პერიოდზე სერიოზული კომპრომატები უჭირავს ხელში, ამიტომ ისიც ბედუკაძის ყურმოჭრილი მონა და მისი მოთხოვნების უსიტყვო შემსრულებელია. როგორ ექცეოდნენ და რა პირობებში იხდიდა სასჯელს ზაზა დავითაია, თანამშრომლობდა თუ არა ციხის ადმინისტრაციასთან, ეს ცალკე კვლევის თემაა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად დავუბრუნდებით, ახლა კი ორიოდე სიტყვა იმ ავანტიურაზე, რომელიც თამაზაშვილის ნასუფრალის ღორებმა პოლიტპატიმარ ზვიად ბერაძის ირგვლივ დაატრიალეს.
ის, რომ ზვიად ბერაძის დედამ გადაწყვიტა, მანანა კობახიძე დაიცვას, ეს მისი არჩევანია, ცოტა უცნაური, რადგან ელისო კილაძემდე მანანა კობახიძე, ყოვლად უსინდისოდ, ზვიად ბერაძის დეიდაშვილს, ანუ დარეჯანის დისშვილს, ნინო ბურჯანაძეს ლანძღავს უმოწყალოდ. “ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს ამბავი საერთო მეგობრებისგან შევიტყვე. ცოტა გამიჭირდა დაჯერება, რომ ზვიად ბერაძის დედას შეეძლო, ჩემზე მსგავსი რამეები დაეწერა, არც დარეკვა მიფიქრია და არც საპასუხო წერილის დაწერა. განა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, ან ფაქტების მოგონება მჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას არ ეკადრებოდა მსგავს სიბინძურეში მისი სახელის ხსენება. დღესაც რომ გავგიჟდე და პირი გავაღო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, პირველ რიგში, სწორედ ზვიად ბერაძის დედა, რადგან თვალსა და ხელს შუა დაინგრევა ამ ოჯახური იდილიის მითი, რომელსაც ზვიადის დედასთან ერთად მეც ვქმნი ბარე ორი წელია!!!
მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ! განა იმიტომ, რომ ზვიად ბერაძის დედა ამას არ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი გარდაცვლილია და მისი ხსოვნა ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. საკმარისია, რაც მის სახელს სპეკულაციებისთვის იყენებენ და მას, სამწუხაროდ, პასუხის გაცემა არ შეუძლია. სიცოცხლეშივე ვიცოდი მისი აზრი ბევრ ე. წ. პოლიტპატიმარზე, ზუსტად ვიცოდი, ვის უშვებდა სახლში და ვის _ არა და ყველა მის მეგობარს, რომელსაც ის გულით ემეგობრებოდა, არაერთგზის გავუწიე უანგარო დახმარება და ამ ამბის ცოცხალი მოწმეები, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად არიან.
პირველი ინტერვიუს მერე, 31 დეკემბერს, დარეჯან ბერაძემ დამირეკა _ ის ტელეფონში ტიროდა, მითხრა, რომ ამ ინტერვიუს მერე ლოგინადაა ჩავარდნილი, მას ზაზა დავითაიასთან ჩემზე არ ულაპარაკია და მოუგონეს, ის რაც ამ ინტერვიუში წერია; რომ აუცილებლად დაურეკავს დავითაიას და მოსთხოვს გაზეთის მომდევნო ნომერში შესაბამის გასწორებას. მთხოვა, რომ მასთან ახალი წლის დღეების მერე მივსულიყავი. აბა, შენ იცი და შენმა ქალობამო, – მითხრა ბოლოს.
მოგვიანებით გავიგე, რომ მან მართლაც დაურეკა ზაზა დავითაიას. ამ საუბრის მოწმე არსებობს და ნამდვილად უთხრა, რატომ ჩამიმატე ინტერვიუში ის, რაც არ მითქვამსო? მე მჯერა, პირველ რიგში, იმ ადამიანის, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა და რომელიც ინიციატორი იყო იმისა, რომ ჩვენი კომუნიკაცია შემდგარიყო.
პირველ ინტერვიუს მოყვა მეორე, უფრო სულელური ტექსტებით. მე არ ვიცი, ამჯერად, რას იტყვის და დამირეკავს თუ არა დარეჯან ბერაძე, გაიმართლებს თუ არა თავს, რომ ის ჩუმად ჩაწერეს და ჩემზე არაფერი უთქვამს. მაგრამ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მე მას ჩემი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად ვაპატიე!!! მას შეუძლია იმეგობროს მანანა კობახიძესთან, რომელიც მისი შვილის დასაფლავებაზეც კი არ მოსულა, ელისო კილაძისგან განსხვავებით, არასოდეს მოუკითხავს, როგორ ცხოვრობდა ზვიად ბერაძე, ხელი არ გაუწვდია და არ უფიქრია, დახმარებოდა მას დასაქმებაში, იმიტომ რომ მანანა კობახიძეს ზვიად ბერაძე ფულს ვერ გადაუხდიდა. რაც შეეხება იმ ფრაზას, რომ მანანა კობახიძეს, თურმე, ტაქსის ფულიც არ მოუთხოვია მისთვის, არც მოსთხოვდა, რადგან 26 მაისის პოლიტპატიმრების დაცვის ფული იმ ნინო ბურჯანაძემ გადაიხადა, რომელსაც ასე უმოწყალოდ ლანძღავს დღეს მანანა კობახიძე.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილს, მან ნამდვილად “იზრუნა“ პოლიტპატიმრების დასაქმებაზე და ზვიად ბერაძეს, ციხიდან გამოსვლის მერე, გაზის მრიცხველების აღმრიცხველის პოსტი შესთავაზა. პოლიციაში, ცხადია, მისი ადგილი არ აღმოჩნდა, რადგან ტრასის გენერალი შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ `ნაცმოძრაობის~ ზონდერებს და ისიც მხოლოდ ფულის სანაცვლოდ ასაქმებდა,
და კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც ამ დრომდე სიტყვა არ დამიძრავს _ ზვიად ბერაძის მეგობრებმა იციან ამის თაობაზე: ქელეხის წინა დღეს ნინო ჯღარკავამ დამირეკა, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა მასთან კომუნიკაცია და მითხრა, რომ თამაზაშვილი სამძიმარზე ჩასვლას და ქელეხის ფულის ჩატანას აპირებდა, რომ ამის თაობაზე მეთქვა ზვიად ბერაძის ძმისთვის. მე, ცხადია, დავურეკე ზვიად ბერაძის ძმას, ირაკლი ბერაძეს, ჩემი ოფისის ყველა თანამშრომელი ამ საუბარს ისმენდა, როგორ იგინებოდა ირაკლი ბერაძე, _ რაში მჭირდება ჩემი ძმის ქელეხის ფული, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა ჩემი ძმისთვის, სიცოცხლეშივე გაეკეთებინათო! ცხადია, ირაკლი დავაწყნარე. ცხადია, თამაზაშვილის მისამართით ლანძღვა-გინების ერთი სიტყვაც არ მითქვამს ნინო ჯღარკავასთვის, ვუთხარი მხოლოდ ის, რომ ქელეხის ფულზე ოჯახი უარს ამბობდა, სამძიმარზე კი თამაზაშვილს ელოდებოდნენ. დღესაც არ ვიცი, რა ინტრიგა დაატრიალა ჯღარკავამ. პანაშვიდზე მისულს დარეჯანი გაბრაზებული დამხვდა, _ ეს კაცი (გულისხმობდა ექსპრემიერის სიმამრს) ვინ გადარიაო? მას მისი შვილის თანდასწრებით ავუხსენი, რომ ირაკლიმ თქვა უარი ქელეხის ფულზე, თუმცა რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა გავიგე, რომ თამაზაშვილის სახელით ოჯახში 3000 დოლარი წინა დღით იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს მიუტანია და ფული ტენდერმოგებულ მეგზევეებში აკრებილა. ოჯახმა ეს თანხა გუბერნატორისგან დაიტოვა და ტრასის გენერალი ტყუილად იწონებდა თავს, რომ ძმაკაცის ქელეხის ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა.
ამ მორალის ადამიანებთან ნამდვილად ძნელია პოლემიკა, რადგან პრემიერის გადადგომასთან ერთად ნასუფრალი სულ უფრო მწირი ხდება და სულ უფრო დაძაბული ორთაბრძოლა იმართება ამ ნასუფრალის ნარჩენების მოსაპოვებლად. მადლობა ღმერთს, რომ ღარიბაშვილი უკვე ამ ქვეყნის წარსულია და მასთან ერთად ისტორიის სანაგვეზე აუცილებლად აღმოჩნდება მისი ნათესავების ადგილი. იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დილას მოქალაქე ივანიშვილი ისეთ ხასიათზე გაიღვიძებს, რომ ბიუჯეტის ქურდებს გლდანის ციხეში გაამწესებს.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა მინდა, გოგა ხაინდრავაზეც ვთქვა:
სააკაშვილის ხელისუფლების სახელმწიფო მინისტრი სააკაშვილის რეჟიმის 9 წელზე ფილმს იღებს და ამ ფილმში კონსულტანტად ციხის ყოფილი ჯალათი, ლადო ბედუკაძე ჰყავს მიწვეული. იმედია, გოგა ხაინდრავას ამ ფილმის რომელიმე სერიაში აუცილებლად გაახსენდება ის პერიოდი, როცა სახელმწიფო მინისტრის რანგში ცხინვალში ჩავიდა, „პერედოზიროვკა“ მოუვიდა, სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს და ჩაჯმული (უკაცრავად, ტერმინისთვის) გამოიტანეს მოლაპარაკების ოთახიდან. ადრე ბადრის ახევდა ფულს ოპოზიციის აქციებისთვის და მოტეხილი ფულით უცხოეთში `დაგულაობდა~, ახლა ბიძინა ჰყავს გამოჭერილი და მთავარი, სანამ გოგა ხაინდრავა ჩემს მორალზე და სინდისზე ილაპარაკებს, აუცილებლად უნდა გავახსენო, ხელზე კოცნებით როგორ მიხდიდა მადლობას იმისთვის, რომ ის დაჭერას პირადად მე გადავარჩინე 2007 წელს.
ისტორია ასეთი იყო: 2007 წელს სრულიად საიდუმლო ვითარებაში დამიკავშირდა ყოფილი სამხედრო, რომელმაც შემდეგი ინფორმაცია გადმომცა: 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ, 9 ნოემბერს, 11 ყოფილი სამხედრო დააპატიმრეს და მალულად, აეროპორტის გზაზე გადაიყვანეს მერვე პოლკის დასახლებაში. ისინი მუქარით აიძულეს, გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ, რომ მიტინგზე ფული სწორედ გოგა ხაინდრავას მიჰქონდა, რომ იგეგმებოდა ამ ფულით იარაღის შეძენა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი მზად იყო, ჩვენი შტაბისთვის ინტერვიუ მოეცა და ამის შემდეგ ქვეყანა დაეტოვებინა. მგონი, არავის სჭირდება იმის ახსნა, რა საფრთხესთან იყო დაკავშირებული იმ პერიოდში ამ ჩანაწერის ორგანიზება. დეტალებს აღარ მოვყვები, პირადად მე და რამდენიმე ადამიანმა (გოჩა ჯოჯუამ, ზაზა ჯვარშეიშვილმა, ვალერი გელბახიანმა და ,,იმედის“ ოპერატორმა, რომლის გვარი, სამწუხაროდ, არ მახსოვს) დავგეგმეთ, მოვახერხეთ და ჩანაწერი შტაბში მოვიტანეთ. გოგლა ჟვანია და ვალერი გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილთან გაფრინდნენ ლონდონში, ბადრიმ გოგა ხაინდრავა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ლონდონში წაიყვანა. იქიდან დაბრუნებული ხაინდრავა კი მადლობებს მიხდიდა, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა სამოქალაქო გმირობის მაგალითი ვაჩვენეთ და სახელმწიფო გადატრიალების პირველი გეგმა `ნაცმოძრაობას~ წყალში ჩავუყარეთ. გოგა ხაინდრავას დღეს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის, ანუ წამლის ბარიგების მფარველების მორალი უფრო მოსწონს, ვიდრე ჩემი.
ესეც მისი პირადი არჩევანია!!! სხვათა შორის, მისთვის კიდევ ერთი საინტერესო სიურპრიზი მაქვს, რომელსაც `ქრონიკა+”-ის მომდევნო ნომერში იხილავს.

P. S. ზაზა დავითაიას, ლაშა ნადარეიშვილს, ლადო ბედუკაძეს, რამაზ გაგნიძეს და ტრასის გენერალ თამაზაშვილის ნასუფრალის სხვა ღორებს თუ ჰგონიათ, რომ მათი ბინძური პროვოკაციების ვინმეს ეშინია, ძალიან ცდებიან! ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ისევე როგორც ეს მოხდა ალი ბაბაევის სარჩელის შემთხვევაში, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პოლიტიკურ კარიერას დაამთავრებენ. საზოგადოება კარგა ხანია შეთანხმდა იმაზე, რომ ნარკობარიგების მფარველების „გაპრავება“ შეუძლებელია, ლაშა ნადარეიშვილი კი ჯიუტად, მორიგი ნასუფრალის მიღების იმედად, ჯახირობს. საბედნიეროდ, ამ ბინძურ ჟურნალისტიკას ქვეყანაში მომავალი აღარ აქვს, ამაზე მეტყველებს „ასავალ-დასავალის“ შემცირებული ტირაჟი და დაბრუნებული ნომრების რაოდენობა.
დაელოდეთ იუდას ნასუფრალს, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ!!!
ბრძოლა იქნება საბოლოო გამარჯვებამდე, ეს გარდაუვალია!!!

ელისო კილაძე