უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ჩვენი თავისუფლების ისტორია

op

“ეს არჩევანი “ქართლის ცხოვრების” ტექსტის ნაწილია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი შევედით ჩვენი პასუხისმგებლობით, ჩვენი არჩევანით თავისუფლებისადმი, ჩვენი არჩევანით დასავლეთთან ინტეგრირებისათვის. ეს უკვე ისტორიაა და იქიდან ვერაფერს ამოვჩეხთ. იქ ჩვენი, ჩვენი თაობის, ჩვენი ეპოქის გენიალური ხელმოწერა დაფიქსირდა”

საქართველომ შეძლო, მიეღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში შენგენის ზონაში. ეს ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების განხორციელებაა. ეს არის 1991 წლის 31 მარტის საქართველოს არჩევანის რეალიზაცია. ამიტომ საინტერესოა ვნახოთ, ამ თავისუფლებამ რა გზები გაიარა, რამდენი წინააღმდეგობა გადალახა, რომ დღევანდელ დღემდე მოსულიყო და ამ ურთულეს რეგიონში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ნაბიჯი გადაედგა.

ამ თავისუფლებას თავისი ურთულესი ისტორია აქვს, რომლის მოყოლასაც ახლა შევეცდები. ეს არ არის მხოლოდ ფაქტობრივი ისტორია, არამედ ჩვენი თავისუფლების მენტალური ისტორიაცაა.

ვისაუბროთ თავისუფლებაზე, როგორც არჩევანის გრამატოლოგიაზე, სადაც  მნიშვნელოვანი კოდირებებია, არაცნობიერი ინფორმაციაა და ეს ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებულია, როგორც ეგზისტენციალური ინფორმაცია ერის სიცოცხლიუნარიანობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. მთავარი ამ გრამატოლოგიაში არის ის, რომ ეს შენახულია, ეს ნატარებია და ჩვენამდე მოსულია ასეთი ინფორმაციის სახით, რომელიც სხვადასხვა გამოვლინებაში გვხდება. ამ ინფორმაციის მოწოდებამ, ამ გრამატოლოგიამ თავისთავად შექმნა თანამედროვე კრიზისი ჩვენს მენტალობაში.  მეტაენაში შენახული ინფორმაცია რთულია, ძნელია და მისი გაგება გარკვეულ წინააღმდეგობებს იწვევს, ვინაიდან ინფორმაციამ ჩვენს ცნობიერში არაცნობიერიდან ამოაღწია. მთავარი თავისუფლების არჩევანი და პასუხისმგებლობა ავიღეთ 1991 წლის 31 მარტს.

ამ თავისუფლების არჩევანმა და პასუხისმგებლობამ ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია, უამრავი იგავი გაააქტიურა და გარკვეული გრამატოლოგიური პრობლემებიც შეგვიქმნა არაცნობიერ არჩევანსა და გაკეთებული არჩევანის, მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის კუთხით. სწორედ ამ არჩევანის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რამდენად მართებულად იყო ეს არჩევანი გაკეთებული.

საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონია ისეთი საყოველთაო არჩევანის გაკეთების პრაქტიკა, როგორიც 1991 წლის 31 მარტს გაკეთდა. სწორედ ამ დღეს მოხდა არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და მონობას შორის. ეს საყოველთაო არჩევანი იყო. მანამდე და, მათ შორის, 1918 წლის 26 მაისსაც ეს არჩევანი ასეთი საყოველთაო არ ყოფილა. შესაბამისად, პასუხისმგებლობას სწორედ იმ ხალხს აკისრებდნენ, ვინც მოცემულ სიუჟეტურ დროში ამ თავისუფლების არჩევანის სათავეებთან აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა ესენი მეფეები იყვნენ, თუ 1918 წლის ხელისუფლება. მცირეოდენი სიმშვიდე ისადგურებდა ამ პასუხისმგებლობასთან მიმართებით და მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა გვქონდა, მაინც შესაძლებელი ხდებოდა პირადი პასუხისმგებლობის ფაქტორი მიჩქმალული ყოფილიყო და არაცნობიერში ღრმად გადასროლილიყო.

აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ მოხდა 1991 წლის 31 მარტს, საერთო სახალხო რეფერენდუმი კითხვით: “გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი უკვე კონკრეტული პირადი პასუხისმგებლობის აღება იყო და პირადი არჩევანი თავისუფლებაზე.

ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში არ არის ფაქტების იურიდიული ასპექტები, არამედ მენტალური არჩევანია. შეიძლება ითქვას, დროში ეს გამოჩნდა, როგორც თავისუფლების გაუცნობიერებელი არჩევანი. ეს იყო დაფარული კოდირებული არჩევანი თავისუფლებაზე, რომელმაც რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. ყველა ის ფაქტი, რაც ამ ომს წინ უძღოდა, ჩემი აზრით, მხოლოდ შექმნილი პროტესტის გარეგნული ფასადი იყო, ხოლო ძირითადი პროტესტი სწორედ იმ პასუხისმგებლობამ გამოიწვია, რა არჩევანიც 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ერმა გააკეთა.

ყველა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რეფერენდუმში, პირადი პასუხისმგებლობა აიღო ამ თავისუფლებაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის აღებამ დააფრთხო და  შეაშინა, ვინაიდან შეიქმნა განცდა, რომ ის თავად გახდა გადაწყვეტილების მიმღები და თითოეული ადამიანი, ვინც ეს არჩევანი გააკეთა, იმ საფრთხის წინაშე დადგა, რაც ამ თავისუფლებას რუსეთის იმპერიიდან დაემუქრა. ამ საფრთხის წინაშე დამდგარი პიროვნება, იძულებული გახდა, როგორმე მოეცილებინა ის ადამიანი, ვინც ამ არჩევანის შეთავაზება გააკეთა. ეძებნა ისეთი ადამიანი, რომელიც მის პასუხისმგებლობას თავად აიღებდა საკუთარ თავზე. მოიძებნა კიდევაც: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა ელიტა. სწორება მათზე გაკეთდა.

რეფერენდუმის მონაწილე ადამიანი ცდილობდა ილუზორული ფარის შექმნას ამ პასუხისმგებობაზე, ამ შიშსა და ძრწოლაზე იმპერიის მიმართ. ძალიან საინტერესოა ზოგადი ფრაზის ჩამოყალიბება, რომელიც 1991 წლის 22 დეკემბერის შემდეგ გაჩნდა. ეს ისტორიული თარიღი არის პასუხისმგებლობის მოცილების მცდელობის და რუსეთის იმპერიის რღვევის თარიღი, რომლის შემდეგაც ყველა რესპუბლიკამ სსრკ-ს შემადგენლობაში მიიღო დამოუკიდებლობა. მაშინ გაჩნდა ასეთი ფრაზა: რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც მათსავით მიგვეღო დამოუკიდებლობა, ერთ მშვენიერ დღეს გაგვეღვიძა თავისუფალ სახელმწიფოში? ვფიქრობ, საინტერესო დისკურსია. ეს მოსაზრება-ფრაზა ნათლად გამოხატავს იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევას, რომელიც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობით აიღეს მასში მონაწილე ადამიანებმა. მთელი შემდეგი პერიოდი, 1991 წლის 22 დეკემბრიდან ჩვენს მენტალობაში სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაა და ეს გაცევა შეიძლება დავყოთ ეტაპებად:

1. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების აქტიური ფაზა, რომელსაც სამოქალაქო ომი მივუძღვენით;

2. სამოქალაქო ომის შემდეგ შევარდნაძის კომუნისტური დისკურსის (1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის პასუხისმგებლობაზე) ჩანაცვლება და მცირედი სიმშვიდე;

3. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ამ პასუხისმგებლობისკენ მიბრუნება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს პასუხისმგებლობა, აღებული 1991 წლის 31 მარტს, ერთ პიროვნებას, არჩეულ პრეზიდენტს ეკუთვნის.

პირველი ეტაპი 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1993 წლის 31 მარტამდე გაგრძელდა და ის დაგვირგვინდა ამ არჩევანის შემთავაზებელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სასიკვდილო აქტით, რომელზედაც კათარზისიც არ გვიგვრძნია. ეს იყო ჩვენი აღებული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების იძულებითი აქტი.

ჩემთვის დღესავით ნათელია, 1991 წლის რეფერენდუმზე აღებული პასუხისმგებლობის შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ ავირჩევდით ნებისმიერ პიროვნებას, ვინც შემოგვთავაზებდა ამ არჩევანის შემთავაზებელი ადამიანის მოშორებას და ამ პასუხისმგებლობისგან ხსნას. ის მეტაენა, რომელიც ამ არჩევანის სახით ზვიად გამსახურდიამ შემოგვთავაზა იმდენად გაუგებარი და გრამატოლოგიურად იმდენად ბუნდოვანი და საშიში აღმოჩნდა, რომ მზად ვიყავით, ყველაფერზე წავსულიყავით, ეშმაკსაც კი შევკროდით, ოღონდ ეს ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა. არჩევანიც შესაბამისი იყო. ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა ელიტა მთელი საბჭოთა დისკურსი, მთელი საბჭოთა მენტალობა წარდგა ჩვენს წინ და ჩვენ ეს მივიღეთ, ვინაიდან მათ ილუზორულად გადავაბარეთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ავიღეთ.

გადავაბარეთ, თავიდან ავიცილეთ ამ არჩევანის მიერ გამოწვეული პასუხისმგებლობა. ეს რომ ასე იყო, ბევრი ფაქტი ადასტურებს: 1991 წლის სამოქალაქო ომის საწყისი 1991 წლის 2 სექტემბერს “დემოკრატიული ღირებულებების” შელახვა გახდა, ე. წ. მიტინგის დარბევა, ხოლო სამოქალაქო ომის შემდეგ მსგავსი ფაქტი არაერთხელ, ათეულობით დაფიქსირდა, თუმცა ამაზე პროტესტი აღარ ყოფილა, ვინაიდან ამ სამოქალაქო ომის მთავარი ბაზისი სწორედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო და არა დემოკრატიული ღირებულებების დარღვევა. ეს იყო ავანტიურისტების (იოსელიანი, კიტოვანი სიგუა, შევარდნაძე, საბჭოთა ელიტა) მიერ ილუზორული შეთავაზება აღებული პასუხისმგებლობის გადაბარებაზე, რაზედაც თანხმობა განვაცხადეთ. ამ ”გადაბარების” შემდეგ სრულიად დაგვავიწყდა ის ღირებულებები, რის გამოც თბილისი დავწვით.

ასე დადგა თავისუფლების არჩევანის პასუხისმგებლობისგან ”განთავისუფლებული” ადამიანებისათვის ილუზორული სიმშვიდის ხანა 1993 წლის 31 დეკემბრიდან 2003 წლის 23 ნოემბრამდე. შემდეგ სხვა ფაზაში გადავედით.

ამ თავისუფლების არჩევანზე ხელმოწერის შიში კვლავ ძლიერია. თუმცა ეს არჩევანი უკვე დასავლეთისკენ მისწრაფებაა, ნატოში შესვლაა, რაც ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდად ცხოვრების გარანტია უნდა გახდეს. ჩვენ დღეს მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. ჩვენ დღეს გვენდნენ, ჩვენ დღეს ვართ ევროკავშირის განსაკუთრებული პარტნიორები და ეს ამ თავისუფლების აქტმა მოიტანა. ჩვენ მეორედ ავიღეთ პასუხისმგებლობა 2008 წლის 5 იანვარს ნატოს არჩევანის პლებისციტზე, სადაც დასავლურ კურსს, ნატოში შესვლას მივეცით ხმა, მაგრამ იმპერიის მიერ ამაზე საშინელმა აგრესიულმა რეაქციამ ისევ დაგვაფრთხო, ისევ ვცდილობთ გავექცეთ პასუხისმგებლობას. იმპერიის რეაქცია უმწვავესი იყო. 2008 წლის აგვისტოში ომი დაგვიწყეს, ტერიტორიები დაიპყრეს, ისევ შეგვეშინდა და ისევ ყველაფერი სხვას გადავაბრალეთ. ეს იყო ყოფილი პრეზიდენტი. მერე რა, რომ ჩვენ ნატოში შესვლას ხმა მივეცით, მერე რა, რომ დასავლური კურსი ავირჩიეთ?.. კვლავ გავურბით ამ არჩევანს იმიტომ რომ თავისუფლება საშიშია ჩვენთვის. ის სულ სხვისი ბრალია. ადრე ზვიად გამსახურდიას ბრალი იყო, მერე მიხეილ სააკაშვილის, სხვების სხვების. ესაა ის დისკურსი, რომელიც მოქმედებს, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია.

რუსეთის მიერ ტერიტორიების დაპყრობა სხვისი ბრალია და არა რუსეთის. მაშინ, როდესაც მეორე ფაზაში, 1993 წლის სიმშვიდეში ამ პასუხისმგებლობის “გადაბარების”, მისგან “განთავისუფლების” ილუზიაში მყოფებმა ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ედუარდ შევარდნაძეს და საბჭოთა ელიტას არ მოვთხოვეთ პასუხი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაზე, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობა “აღარ გვქონდა”.

აქ საუბარი არ გვაქვს იურიდიულ, პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებაზე და კონკრეტულ ფაქტებზე, ან ვინმეს გამართლება-არგამართლებაზე, აქ საუბარი ჩვენზეა, ჩვენს პასუხისმგებლობაზე, ჩვენი წილი თავისუფლების არჩევანზე, იმ არჩევანზე, რომლისგანაც გაქცევას ასე საშინლად ვცდილობთ და მთელი ეტაპები გავიარეთ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.

ერთს კი ვიტყვი: 1993 წლის 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის შემდეგ,  ჩვენ მიერ არჩეულმა ავანტიურისტებმა, შემოგვთავაზეს ბანერი “აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”, “სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია”. ჩვენც დავკმაყოფილდით, იყოს ტკივილი, სადღაც. მთავარი ხომ ისაა, რომ ფიზიკურად ამ ტკივილს ვერ ვგრძნობდით, ფიზიკურად არ გვტკიოდა. რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, რატომ ავყვირდით? რატომ დავაბრალეთ ერთ კაცს ყველაფერი? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ბანერი ჩვენს გულში შევიდა და ის ფიზიკურად გვეტკინა? თუ ისევ გაგვახსენდა და მივუბრუნდით ჩვენს წილ თავისუფლების პასუხისმგებლობას? იმიტომ ხომ არა, რომ ისევ დადგა ვებერთელა იმპერიიის წინაშე მარტოდმარტო ჩვენს წილ თავისუფლებაზე აღებული პასუხისმგებლობა? 1991 წლის 31 მარტს  გაკეთებული არჩევანის პასუხისმგებლობა ისევ ჩვენი გახდა. ის სხვას ვერ გადავაბარეთ, ის ჩვენია, მას ვერ ამოვჩეხთ დამოუკიდებლობის აქტიდან, რომელიც მენტალური ხელმოწერით გავაკეთეთ. ჩვენ მარტოდმარტო, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით ვდგავართ უბოროტესი იმპერიის წინაშე და ვითხოვთ ჩვენს წილ თავისუფლებას, რომელზედაც პასუხისმგებლობა ავიღეთ.

ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და ჩვენ დღეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თავისუფლების რეალიზაცია დაიწყო დასავლეთისკენ და მალე ამ ყველა სიკეთეს ვიგრძნობთ. ჩვენ ხვალ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა და ვიგრძნობთ, რას ნიშნავს მშვიდობა, ვიგრძნობთ, რას ნიშნავს უსაფრთხოება და ვიგრძნობთ, რა არის სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ეს ჩვენი თავისუფლების პასუხისმგებლობა ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადაეცემა. ეს მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობაა. ეს არჩევანი “ქართლის ცხოვრების” ტექსტის ნაწილია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი შევედით ჩვენი პასუხისმგებლობით, ჩვენი არჩევანით თავისუფლებისადმი, ჩვენი არჩევანით დასავლეთთან ინტეგრირებისათვის. ეს უკვე ისტორიაა და იქიდან ვერაფერს ამოვჩეხთ. იქ ჩვენი, ჩვენი თაობის, ჩვენი ეპოქის გენიალური ხელმოწერა დაფიქსირდა. ხოლო 2015 წლის 18 დეკემბერს ჩვენ ვიგრძენით, რომ ეს ხელმოწერა ძალიან ძვირფასია.

 

                                                                                                              ირაკლი მარგველაშვილი