ნათია კორკოტაძე: ,,ფხაკაძეების ოჯახის ტერორი 2005 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება!“

v4r

ადვოკატი ნათია კორკოტაძე იმ კომისიის წევრი იყო, რომელიც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიებს ადგენდა და შემდგომ პარლამენტს უგზავნიდა. აქედან გამომდინარე, მისი მონათხრობი ძალიან სკანდალური და საინტერესოა.

ნათია კორკოტაძე:

_ ლევან ფხაკაძესთან დაკავშირებით მიზანმიმართული პროცესებია დაწყებული და აცხადებენ, რომ პოლიტდევნილის სტატუსი მას უსამართლოდ მიანიჭეს. ასახელებენ ია მეტრეველს, ეკა ბესელიას და სხვებს. ვინ რაში იყო გარეული, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ლევან ფხაკაძის საქმე, სანამ სიები პარლამენტში გადავიდოდა, განსახილველად მოვიდა ჩვენთან, კახა კუკავას კომისიაში. ამ კომისიას კუკავა 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2012 წლის დეკემბერში, როცა პარლამენტმა პოლიტპატიმრებთან და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, ფხაკაძე ჩვეულებრივად შემოვიდა საქართველოში. მანამდე ის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და გერმანიაში იმყოფებოდა. მისი და, ეკა ფხაკაძე, ახლა არის ქეთრინ ქეითი. ეკა ფხაკაძე აღარ არსებობს.

_ გარკვევით ამიხსენით, რას მეუბნებით?

_ კი ბატონო… ეკა ფხაკაძემ გვარი შეიცვალა და საქართველოდან წავიდა. ახლა გეტყვით, რატომ გააკეთა ეს:

2005 წელს ,,ნაციონალებმა“ ფხაკაძეების ოჯახის ტერორი დაიწყეს. ნიაზ ფხაკაძე არის ლევან და ეკა ფხაკაძეების მამა. ის არის აკადემიკოსი და სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ახლაც იგივე საქმეს უძღვება და ჯიქიას ქუჩაზე რაც მშენებლობებია, ყველა მას ეკუთვნის. `ნაციონალებმა~ მოინდომეს, რომ მისთვის ბიზნესი ჩამოერთმიათ. ფხაკაძეები ამ დროს უკვე ვეტერანთა პარტიას აფინანსებდნენ, რომელსაც გია ბერძენაძე ხელმძღვანელობდა. ლევან ფხაკაძე იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელი იყო და სნაიპერის წოდება ჰქონდა. პირველი დარტყმა `ნაციონალების~ მხრიდან ნიაზ ფხაკაძეზე განხორციელდა. მამის საქმის მოსაგვარებლად ლევანთან კავშირზე გამოვიდა. პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზაჟისტი. ოჯახს მან შესთავაზა, რომ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ მამამისის დაჭერას შეაჩერებდა. სიტყვა შეასრულა, თუმცა, მათივე დახმარებით, ფხაკაძეების წყნეთის სახლი ბანკში ჩაიდო, რადგან ამდენი ფული მათ არ გააჩნდათ. Lელა კილაძე `ნაციონალური მოძრაობის~ დავალებით მოქმედებდა. როგორც მოგახსენეთ, ფხაკაძეებს წყნეთში სოლიდური სახლი აქვთ, რომელიც ბანკში ჩადეს და თანხა გამოიტანეს. ამის შემდეგ ლევანს შესთავაზეს, რომ „ნაციონალებთან“ ეთანამშრომლა და სხვა ბიზნესმენებზე „ნაკოლები“ მიეცა, რაზედაც ლევან ფხაკაძემ უარი განაცხადა. ეს მე ვიცი ოჯახიდან და საქმეში არსებული მასალებიდან. სამართლებრივ შეფასებას ბოლოს გავაკეთებ.

ლევანს ჰყავდა მეუღლე და სამი წლის შვილი. ამ პერიოდში მან კაფეში თამუნა ზირაქაძე გაიცნო. ცოტა ხანში მან ლევანს უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მამამისის ამბავი და რადგან მე გივი თარგამაძის ნათესავი ვარ, ჩემი ძმა, მიშა ზირაქაძე, გივის ძმასთან იურისტად მუშაობს, ყველაფერში დაგეხმარები და გვერდში დაგიდგებიო. თამუნა ზირაქაძემ ლევანს ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, სოდის მიმდებარე ტერიტორიასთან შეხვედრა დაუნიშნა. ლევანმა უთხრა, _ ერთკვირიანი პერიოდი მომეცი, მოვიფიქრებ და პასუხს გეტყვიო. ერთი კვირის შემდეგ ის ხათუნა ზირაქაძეს ხვდება და ეუბნება, _ თავი დამანებე, არანაირი ურთიერთობა თქვენთან არ მჭირდებაო, რაზედაც თამუნამ მიაძახა, _ ხომ იცი, ცოცხალი ხორცის მჭამელი მფარველი მყავს და არ გირჩევ ასეთ ქმედებასო, ეს ძალიან ცუდად დაგიმთავრდებაო. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ლევანის მეუღლე წყნეთის სახლში დაჭრეს. ამ დროს ლევანი სახლში არ იყო და მისი მეუღლე 3 წლის ბავშვის თვალწინ დაჭრეს. ის სიკვდილს ოქრუაშვილის დაცვამ შემთხვევით გადაარჩინა. ოქრუაშვილი მაშინ წყნეთში, მათ მეზობლად ცხოვრობდა და ირაკლი ამ პერიოდისთვის უკვე ოპოზიციაში იყო წამოსული. ლევანის მეუღლე ორი კვირა იწვა საავადმყოფოში და ამ პერიოდის განმავლობაში მათ მიმართ კიდევ არ ჩერდებოდა მუქარები, რომ შვილსაც წიწილასავით დაუკლავდნენ. ესემესები და სხვა მასალები სისხლის სამართლის საქმეში დევს.

_ ვინ დაჭრა, ეს თუ გაიგეს?

_ ვერ გაიგეს. როცა ლევანმა მისი მეუღლე საავადმყოფოდან გამოიყვანა, რამდენიმე დღეში მეგობრის ოჯახში წავიდა. ლევანმა მეუღლე მათ სახლში დატოვა და თავად ბიჭებთან ერთად მაღაზიაში წავიდა, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ნამცხვრები რომ შეეძინათ. სუპერმარკეტთან მანქანა გააჩერა, გვერდით მყოფი მანქანიდან ორი ბიჭი გადმოხტა და ლევანს დაუნდობლად დაუწყო ცემა. ლევანს მანქანაში მეგობარი ეჯდა, მაგრამ რადგან ის ავად იყო და მოძრაობა უჭირდა, მის დაცვას ვერ ახერხებდა. ამ დროს მეორე მანქანის ფანჯრიდან შუშა ჩამოიწია და აღმოჩნდა, რომ იქ თამუნა ზირაქაძე იჯდა. მან ლევანს დაანახვა, რაც იყო მისი ცემის მიზეზი. აქედან წასული ლევანი ცოლთან მივიდა, მანქანაში ჩაისვა და უნდოდა, წყნეთის სახლში აეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა. ვაჟა-ფშაველას ბოლოს მის მანქანას გადაუდგნენ თამუნას ძმა მიშა ზირაქაძე და მისი მამა. ისინი ლევანს მივარდნენ და ავტომანქანიდან გადმოთრევა დაუწყეს. გვერდით მჯდომმა ლევანის მიუღლემ მანქანის კარი გააღო და იძახდა, _ რა ხდება, რა გინდათ, მე ლევანის მეუღლე ვარო! რაზედაც მიშა ზირაქაძემ მას გინება დაუწყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ იარაღი ამოიღო და ესროლა. გოგონა დაეცა. ლევანმა იფიქრა, ცოლი მომიკლესო და თავისი იარაღით, რომელიც მას ტარების უფლებით ჰქონდა, ასფალტზე, ფეხების მიმართულებით სროლა დაიწყო. მას უნდოდა, რომ თავდამსხმელები დაეშინებინა და ამ დროს წაქცეული მეუღლისთვის მიეხედა. ასფალტის მიმართულებით ნასროლი ტყვიებიდან ზოგიერთი რიკოშეტით ზირაქაძეს მოხვდა. დღეს, როცა განცხადებას აკეთებენ, თითქოს ფხაკაძემ ზირაქაძეს მიჯრით 8 ტყვია ესროლაო, ეს ტყუილია. მიშას ნასროლი ტყვია მოხვდა მანქანას და ამაზე ექსპერტიზაც ჩატარებულია. ზირაქაძემ ფხაკაძის მანქანას რომ ესროლა, ამაზე ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და ის სისხლის სამართლის საქმეში დევს.

_ ლევან ფხაკაძემ თამუნა ზირაქაძეს ისეთი რა დაუშავა, რომ მთელი ოჯახი მოსაკლავად დასდევდა?

_ ამბობენ, რომ ის ლევანთან მიაგზავნეს და როცა ლევანი ამას მიუხვდა, უთხრა კიდევაც, _ მე შენი ოინები გავიგე და საერთოდ არ გამეკაროო. ამის მერე მის ძმას ლევანთან შელაპარაკებაც მოსვლია, ეს იყო შურისძიება. თუმცა მათ ლევანის მამა ჩასვეს ციხეში და ოჯახისთვის ბიზნესის წართმევა უნდოდათ. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ზირაქაძემ ლევანი ისე სცემა, რომ ის ანზორ მელიას საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ იწვა. როგორც ცნობილია, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი რომ შემოიღეს, ფხაკაძის ოჯახიც ამით სარგებლობდა, რადგან ეს პირველად ამ კლინიკაში ხორციელდებოდა, აქედან გამომდინარე მოხვდა ის ამ სამედიცინო დაწესებულებაში. ის დაზიანებები, რომელიც მას ცემის გამო ჰქონდა და მელიას კლინიკაში გაიცა, მის სისხლის სამართლის საქმეში დევს. მიშა ზირაქაძე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გივი თარგამაძემ კიევიდან დარეკა, მიშა ზირაქაძის ჯანმრთელობის მსდგომარეობა დაემძიმებინათ. ეს არის ექიმის ინფორმაცია. ამის მერე ლევანმა საქართველო დატოვა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ `ნაციონალების~ ხელში ის სამართალს ვერ მიაღწევდა. მისმა დამ და მამამ კი პოლიტიკური აქტივობა გააგრძელეს. ლევანის და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლევან გაჩეჩილაძის შტაბს აფინანსებდა. არჩევნების წაგების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც ამბობენ, გაჩეჩილაძის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ვინმე მარიკა წერეთელი, ირაკლი კოდუამ სავარაუდოდ გადაიბირა, ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა. სთხოვა, მისთვის ეკა ფხაკაძე გაეცნო. მართლაც, მარიკამ ეკას წყნეთის სახლში მიუყვანა ერეკლე. როცა ეკა ფხაკაძემ გაიგო, ეს ადამიანი ვინც იყო, მას მაშინვე მოაგონდა თამუნა ზირაქაძის სიტყვები, _ ცოცხალი ხორცის მჭამელს ვეტყვიო. ასე უფუჭებდნენ მაშინ კოდუას სახელს. ამ დროს თამუნა ზირაქაძე `ნაციონალების~ შტაბში მუშაობდა. ერეკლე კოდუამ ეკასაც შესთავაზა იქ მუშაობა, ასევე ლევანის ჩამოყვანა და მისი გვერდით დგომა საარჩევნოდ, _ ეკამ ამასთან დაკავშირებით სთხოვა, _ რამდენიმე დღე მაცადეთ, მოვიფიქრებ და მე შეგატყობინებთო. ეს დრო ეკა ფხაკაძემ გამოიყენა და საქართველო დატოვა. რამდენიმე ხანში ლევანის მამა დაიჭირეს, რომელიც ორი თვე იჯდა ციხეში. ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა და სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა, აჩიკო მამაგეიშვილმა, ლევანის მამა თანხის გამოძალვით გამოიყვანეს გლდანის ციხიდან. გამოძალვიდან ორი თვის შემდეგ ნიაზ ფხაკაძე გაათავისუფლეს. მამაგეიშვილი არის ის პიროვნება, მუხროვანის სპეცოპერაციის დროს ვანო მერაბიშვილი რომ ეუბნება, აჩიკო, ორი `ტრუპი~ მინდაო. ციხიდან გამოყვანის შემდგომ აჩიკო მამაგეიშვილმა ლევანის დედას ბინა გამოსძალა და თავად გაიფორმა. მამაგეიშვილმა თავისი დის სახელზე გადააფორმა ფხაკაძეების თბილისის ბინა. ნიაზ ფხაკაძემაც დატოვა საქართველო, მამაგეიშვილი კი მისი მეუღლისთვის თანხების გამოძალვას განაგრძობდა. დღეს ფხაკაძეების მხრიდან აჩიკო მამაგეიშვილზე სისხლის საამართლის საქმეა აღძრული, რადგან დღემდე გრძელდება ოჯახზე მუქარა. მამაგეიშვილის საქციელმა კულმინციას რომ მიაღწია, ფხაკაძეებმა განცხადება დაწერეს და საქმეც აღიძრა, თუმცა ის მაინც ისე დადის, კაციშვილი არაფერს ეკითხება. ახლა ის ბანკში პრობლემური კრედიტების ამოღების სამსახურში კარგ თანამდებობაზე მუშაობს. ვანო მერაბიშვილის სიმამრს, სალაყაიასაც აქვს ფხაკაძეების ოჯახიდან წაღებული თანხა. მათ ბიზნესში ჩაჯდომას სთხოვდნენ, ავიწროებდნენ. ანუ როცა გაიგეს, რომ ოპოზიციურ პარტიას ეხმარებოდნენ, ოჯახი საშინელ დღეში ჩააგდეს. ამიტომ იყო, რომ ეკა ფხაკაძე გაიქცა, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო, უსაფრთხოების მიზნით სახელი და გვარი გამოიცვალა. ლევანს მკვლელობის მცდელობისთვის მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს _ 14 წელი. საქმე შეკერეს, როგორც თავად აწყობდათ და არ გაითვალისწინეს, რომ სამხედრო წოდებით სნაიპერი, თუ მას მოკვლა უნდოდა, ფეხში კი არა, თავში მოარტყამდა.

ამის მერე დაიწყო კუკავას კომისიამ ამ საქმის განხილვა, იქ იხილებოდა ასევე მუხროვანის საქმეები, 26 მაისის საქმეები და ა. შ. ყველას ვეხვეწებოდით, თუ ვინმე `ნაციონალური მოძრაობის~ დროს შევიწროებული იყო, ჩვენთან მოსულიყო და ჩვენ მათ  სამართლიანობის დადგენაში დავეხმარებოდით. მოდიოდნენ ადვოკატები, ხდებოდა საქმის მოხსენებები და მერე კომისიის წევრები ვაჯამებდით, იყო თუ არა ეს დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენთან მოვიდა ლევან ფხაკაძის ახლობელი და სისხლის სამართლის საქმე მოიტანა. ეს საქმე მან ასევე მიიტანა უჩა ნანუაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციაში. ნანუაშვილმაც ნახა ეს საქმე, ჩვენმა კომისიამაც განიხილა და ყველამ დაასკვნა, რომ ის იყო სუფთა პოლიტიკური საქმე. აქვე დავამატებ, რომ პოლიტდევნილობის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი უკვე გამართლებულები იყვნენ. ამის შემდგომ უნდა შექმნილიყო ხარვეზების დამდგენი კომისია, გადასინჯულიყო ყველას სისხლის სამართლის საქმე და სამართლიანი სასამართლოსთვის მიემართათ. საქმეების განხილვა უნდა დაწყებულიყო და ვინც დამნაშავე იყო, დამნაშავედ დარჩებოდა და ვინც _ არა, მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, მაგრამ ჩვენმა უნიათო ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა და ის აჟიოტაჟი გამოიწვია, რაც დღეს არის შექმნილი. ბინძური პიარია აგორებული.

მე არ ვიცი და არ გამოვდგები არც კობახიძისა და არც კიდევ ბესელიას ადვოკატად, ვინ რა გააკეთა მერე პარლამენტში. რაც შეეხება იმ კომისიის სიაში არსებულ პიროვნებებს, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ზუსტადაც იყვნენ პოლიტდევნილები და პოლიტპატიმრები, რა სტატუსიც ჩვენ მივანიჭეთ და მერე უკვე პარლამენტმა გადასინჯა და დაამტკიცა.

_ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ფხაკაძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. მას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლები მუქარაში ადანაშაულებენო და ამასთან დაკავშირებით რაღა ხდება?

_ დიახ, მე ვიყავი იქ და გეტყვით, რაც ხდება: ეს არის პოლიტკოვსკაიას #9. ბინა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ექსპლუატაციაში ვერ მიიღებ, თუ ყველა კომუნიკაცია _ გაზი, წყალი, გაკეთებული არ არის. იქ ნიკა მელია ყოფილა ასული `რუსთავი 2~-ის ჟურნალისტებთან ერთად. მე რომ მივედი, 70 მობინადრე შეგროვდა. `ყაზტრანსგაზის~ თანამშრომლები მოიყვანეს, სადაც თანხები ბოლომდეა გადახდილი. ამ კომპანიის წარმომადგენელმა ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ეს ფხაკაძეების მიზეზით არ ხდება. აქ მილები იყო გამოსაცვლელი და სამუშაოები მიმდინარეობს. 10 პროცენტია დასამთავრებელი და რამდენიმე დღეში გაზი უკვე იქნებაო. ის, რომ ხელოსნები ბოლომდე ვერ აკეთებენ და კომუნიკაციაში ხელი ეშლებათ, ეს არ არის ფხაკაძეების ბრალი. მათ რომ თანხა არ გადაეხადათ, შეიძლება ვთქვათ, რომ ის მართლაც მათი დანაშაული იქნებოდა. როგორ შეიძლება, მოპირკეთება და საძირკველი არ იყოს? არაჩვეულებრივი კორპუსია და ყველაფერი მოპირკეთებულია. ეს არის ფხაკაძეების ტერორის გაგრძელება. მათი საქმე სამი ტომია და იქ ყველა მტკიცებულება დევს. რადგან იქ ვერაფერი ნახეს, ლევან ფხაკაძისთვის ბრალი რომ დაედოთ, თითქოს პოლიტპატიმრის სტატუსი ტყუილად მიანიჭეს, ახლა მისი მშენებლობის წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია.

ია მეტრეველის ოჯახის ადვოკატი და მისი მეგობარი ვარ. დონაძე, რომელიც საბრალდებო სკამზე ზის და შვილის მკვლელობის მონაწილეა, სამი თვე გადაიდო მისი პროცესი იმიტომ, რომ ის საზღვარგარეთ მიბრძანდებოდა. წარმოიდგინეთ, ის ბრალდებულის საბუთით არის და ქალმა სიმართლეს ვერ მიაღწია. იმ პერიოდისთვის ია მეტრეველი ფონდ `ქომაგის~ ხელმღვანელი იყო. ეს ფონდი ყველა პოლიტდევნილსა და პოლიტპატიმრის ოჯახს ეხმარებოდა. იას დედა, მერი, საკუთარ პენსიასაც კი უნაწილებდა მათ. `ქომაგში~ ერთხელ მეც ვიყავი. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, ეკა ბესელია, ნანა კაკაბაძე, ირინა ფუტკარაძე, ია მეტრეველი. როცა ზირაქაძე მოვიდა, მან თქვა, _ ლევან ფხაკაძე რომ გყავთ პოლიტდევნილთა სიებში ჩასმული, მე მისგან დაზარალებული ვარო. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 14 წელი მიესაჯა და როგორ ჩასვითო? იქაც გაიმეორა, მე გივი თარგამაძის ახლობელი ვარო. ნინო გვენეტაძემ უთხრა, _ მაგისი ადგილი ჩვენთან არ არის და ძალიან გთხოვთ, წაბრძანდითო. არც კი ალაპარაკეს, რადგან ია მეტრეველი ყველას ეხმარებოდა და არ შეიძლება, ის ასეთ რამესთან დავაკავშიროთ. მას ისედაც ეყოფა თავისი გასაჭირი, შვილი მოუკლეს და სამართალი ვერ უპოვია. `ნაციონალებმა~ შეუკვეთეს, რომ ია მეტრეველი ჯერ დაეყაჩაღებინათ, შემდეგ კი მოეკლათ, მაგრამ გადარჩა. ია მეტრეველს არავინ წარუდგენია პოლიტდევნილობის სტატუსისთვის და მას ამას ტყუილად აბრალებენ. ეს წარდგენა მოხდა კუკავას კომისიის მიერ და როგორ შეიძლება, მასზე ასეთი პიარის აგორება?

_ თავად კახა კუკავას არაფერი აქვს სათქმელი, რატომ არ იღებს ხმას?

_ არ ვიცი, რამდენიმე დღის წინ დავურეკე და ვუთხარი, _ ხომ იცი, ჩვენ როგორ ვმუშაობდით და მოდი, ვინც კომისიის წევრები ვიყავით, შევიკრიბოთ და ერთი პრესკონფერენცია გავაკეთოთ, ყველას გავცეთ ყველა კითხვაზე პასუხი-მეთქი. ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა უნდა დაიხუროს. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომისიაში ვისი ადვოკატიც მოდიოდა, ეტაპობრივად ვიხილავდით სააქმეებს. მოვისმენდით ადვოკატისგან ყველაფერს, ზოგჯერ ოჯახის წევრი ან ახლობელიც მოდიოდა, ვსვამდით ყველა კითხვას და თუ ჩვენს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, მათ საქმეებს არ ვიღებდით და სიაშიც არ ვწერდით. ჩვენ 190 საქმე მივიღეთ, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნა. მერე ამ კომისიამ პარლამენტში გადაინაცვლა და თუ ვინმე კიდევ ფიქრობდა, რომ პოლიტპატიმარი, ან პოლიტდევნილი იყო, უკვე იქ ვუშვებდით. ილია რამიშვილი, რომელიც გია კრიალაშვილის მეგობარი იყო, მისი ადვოკატიც მე ვიყავი და მისი საქმის განხილვა უკვე პარლამენტში მოხდა და ამ სიაში ჩაისვა. მე როგორც ვიცი, მერე კიდევ რამდენიმე საქმე დაემატა პარლამენტშიც, ოღონდ რის შესახებ, არ ვიცი. სიები მხოლოდ ჩვენი კომისიის გაგზავნილი იყო და ახლა ასე ლაპარაკი არ შეიძლება. მეც მქონდა ერთ-ერთი საქმე, რომელიც წარვადგინე, მაგრამ კომისიამ განიხილა, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა და სიაში არ შეიყვანეს, ასეთი ძალიან ბევრი იყო. საბოლოოდ, 200 ადამიანი გამოცხადდა პოლიტპატიმრად და 25 თუ 27 _ პოლიტდევნილად. ეს იყო პირველი ეტაპი და დღესაც ძალიან ბევრია უკანონო პატიმარი და პოლიტდევნილი. ეს საქმეები უჩა ნანუაშვილის, ფუტკარაძის ორგანიზაციებს შესწავლილი ჰქონდათ, დასკვნები ედოთ არასამთავრობოებს და როგორ, ყველა ტყუოდა? ეს ხომ აბსურდია? ნამდვილად ვიცი, რომ ლევან ფხაკაძის საქმეც მიიტანეს უჩასთან გადასასინჯად და შესასწავლად. შეეკითხეთ ნანუაშვილს და კარგად ემახსოვრება ეს ყველაფერი. ახლა რომ ამბობენ, ზოგიერთმა არასამთავრობომ კომისია დატოვაო, იცი, რატომ დატოვა? _ მათ კიდევ ცალკე უნდოდათ უკვე შესწავლილი საქმეების გადახედვა და ეს საქმე კიდევ აღარ უნდა გადადებულიყო, რადგან მომედვნო ეტაპის სიები უნდა გაკეთებულიყო. ახალი სების გაკეთება კი არა, ხალხს გამამართლებელი განაჩენები არ აქვს და სამსახურს ვერ იწყებენ. ვახტანგ მაისაიას არსად ღებულობენ, რადგან ჯაშუშობის მუხლი არ აქვს გაუქმებული. ეს ხალხი მართალი მაშინ იქნება, როცა სამართლიანი სასამართლო გაამართლებს, რაც არ მოხდა.

ჩვენს სიებთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი კითხვის ნიშანი არ არის. იმ კომისიაში 4 წელი ვიყავი და კაციშვილს არ უთქვამს, ნათია კორკოტაძემ ფული აიღოო.

_ ამას არც ახლა ამბობენ. აქ პარლამენტის წევრებზეა ასაუბარი.

_ მიუხედავად ამისა, ის, რაც ხდება, ჩემთვის, კომისიის ერთ-ერთი წვრისთვის, ძალიან შეურაცხმყოფელია. ბოჭორიშვილის საქმე იყო ჩვენს კომისიაში და უნდოდათ, რომ ანასტასია ზაუტაშვილი პოლიტპატიმრად თუ პოლიტდევნილად შეერაცხათ. ჩვენ ის არ მივიღეთ და სიაშიც არ შევიყვანეთ. მისი ადვოკატები იყვნენ მანანა კობახიძე, ლალი აფციაური, მაგრამ ნორმებს არ აკმაყოფილებდა და არც შეგვიყვანია. როგორც შეიძლება მუხროვანის ამბების დროს დაკავებულების, ასევე 26 მაისს დაკავებულების საქმეებში ეჭვის შეტანა? რეპორტიორებზე შეიძლება ეჭვის შეტანა? როგორც თქვენ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი კოლეგები ჯაშუშები არ იყვნენ, 2009 წლიდან მე ამ კომისიაში ვიყავი და ყველაფერმა ჩემი და ჩემი მეგობრების თავზე გადაიარა და ახლა ასე საუბარი ძალიან ცუდია. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ელისაშვილი ტყუის თუ არა, ეს პროკურატურამ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და არა სასამართლომ. რასაც მე ვუყურებ, პროკურატურა დიდ შეცდომას უშვებს. იმ დროს, როცა ადამიანი ინფორმაციას გაწვდის, ვალდებული ხარ, გამოძიება დაიწყო, უნდა გააკეთო მიმართვა `მაგთიკომთან~, `ჯეოსელთან~ და ამოიღო საუბრები. ელისაშვილმა რატომ უნდა წარადგინოს დეტალურად ზარები, როცა ამის პრეროგატივა გამოძიებას აქვს? მე მესმის ელისაშვილის გაცხარება ამ მიმართულებით და მართალიც არის.

როგორც მე ვიცი, რამდენიმე დღის წინათ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და მათი საქმეების გამოძიება მოითხოვეს. აუცილებლად უნდა შეიქმნას ჯგუფი და ვისზეც ეჭვი ეპარებათ, ეს საქმეები უნდა გადაიხედოს. ასე ხომ არ შეიძლება, ერთმანეთს რაც უნდათ, აბრალონ და ამას დასასრული არ უჩანდეს?

 

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი