ემზარ პაქსაძე: ,,ალეკო ელისაშვილმა იცის, რომ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება!“

az2

მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირს დააღწია თავი და ევროპისკენ მიმავალ იმ გზას დაადგა, რომელიც თანამედროვე ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ეტაპია, ყველაზე მთავარი მონაპოვარიც მიიღო _ გამოხატვის თავისუფლება! ამ თავისუფლებას ფეხდაფეხ მოყვა საბჭოთა სივრცის გადმონაშთების სამართლებრივი დღის წესრიგიდან მოხსნაც _ ერთი ის, რომ ცილისწამება აღარ არის დასჯადი და მეორე _ ბოდიშის მოხდა სავალდებულო.

რატომ გადაწყვიტა ,,ქრონიკა+“-მა ამ თემებზე კვალიფიციურ იურისტთან,  ,,თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელთან საუბარი და რა პარალელის გავლება შეიძლება ბოლო დღეების ყველაზე გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით _ ,,ელისაშვილი დეპუტატების წინააღმდეგ“, იმ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც იურისტ ემზარ პაქსაძესთან ჩავწერეთ:

_ დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობს თავისი არსით გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, პოზიცია და შეხედულება. შესაბამისად, აქვს უფლება, გამოხატვის ფორმებიც თავად შეარჩიოს. ძალიან ფართოდ განმარტავს არა მარტო ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ თვით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომ გამოხატვის თავისუფლება _ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და მონაპოვარი. არსში იგულისხმება _ აზრის, შეხედულებების, შეფასებების გამოხატვა, ანუ ის ყველაფერი, რაშიც ამა თუ იმ ადამიანის ფიქრის, განსჯის გამოხატვა ჩანს ნებისმიერი ფორმით. თუმცა ეს არ უნდა იყოს ამორალური.

მახსოვს, ერთი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, როდესაც პრემიერ-მინისტრი თუ ფინანსთა მინისტრი გამოხატული იყო ღორის თავით. მათ უჩივლეს და სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი სურათი ჯდებოდა, რომელიც უფრო შარჟი იყო. ღორისთავიან ადამიანს ტანზე ძუძუები ჰქონდა და მინისტრები იყო მიხატული, _ მთავარი პირი ყველას აჭმევს და ხალხისთვის არაფერი რჩებაო.

_ რატომ ამახვილებთ ამაზე ყურადღებას?

_ გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება მხოლოდ ფაქტების დამახინჯება, ანუ აზრი თავისუფალია და შესაბამისად, გამოხატვის ფორმაც ასეთივეა. მაგრამ ცრუ, არასწორი და მოგონილი ფაქტის გავრცელება უკვე დასჯადი ქმედებაა და აქაც ორი საკითხი უნდა გამოიყოს _ პირველი: საქმის სამოქალაქო კუთხე, როდესაც ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებ, რომელიც დანაშაულის დაბრალება არ არის, მაგრამ იმ პიროვნებისათვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებაა.

_ მაგალითად? უფრო კონკრეტული რომ გახდეს სათქმელი…

_ პირობითად შემიძლია მოვიყვანო კობალაძის საქმე, რომლის შესახებაც ,,რუსთავი 2“-მა ასეთი სახის ინფორმაცია გაავრცელა, რომ ის იყო ,,მუხროვანის ამბოხების“ ერთ-ერთი წევრი. ადვილი შესაძლებელია, ვიღაც მართლა შეიძლება იყოს რაღაცის წევრი და მისთვის ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება მიუღებელი არ იყოს, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიიჩნია, რომ მისთვის, როგორც სამხედრო პირისთვის, ყოფილი გენერლისთვის და, ზოგადად, წარმატებული ადამიანისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება ქვეყნისთვის ბრძოლას შესწირა _ არ შეიძლებოდა ,,ამბოხებულების“ წევრი ყოფილიყო. მან მიიჩნია, რომ ეს იყო პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია, ანუ ,,რუსთავი 2“-ზე პირდაპირ ფაქტი გავრცელდა და არ იყო სჯა-ბაასის გზით მიღწეული შეფასება. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ ცრუ ინფორმაცია იყო, რომელიც პირის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვას ემსახურებოდა და გადაწყვეტილებაც შესაბამისი დადგა _ კობა კობალაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა უნდა მომხდარიყო.

_ ბოდიშის მოხდის გარეშე…

_ რა თქმა უნდა! ბოდიშის მოხდა უკვე აღარ ხდება _ ერთი პერიოდი როგორც ცილისწამება იყო დასჯადი, ისე ბოდიშის მოხდის პრაქტიკაც არსებობდა, მაგრამ შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბოდიშის მოხდის ფორმა ერთგვარად, შემლახველი იყო იმ ადამიანისთვის, რადგან ეს იყო იძულებითი მოქმედება _ ერთ ადამიანს მეორისთვის უნდა მოეხადა ბოდიში, იძულებით, სასამართლო ვალდებულებით, რაც ძალიან დამთრგუნველი იყო და ამიტომ მას ჩაენაცვლა იგივე მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, ან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება.

_ ბატონო ემზარ, რაც შეეხება ცრუ დასმენას, რომელიც უკვე სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა. რას გულისხმობს ის?

_ კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ თუ ადამიანი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ამ პირის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა დადგინდეს მოტივი _ რატომ გაავრცელა და ა.შ. დღეს არსებული პრაქტიკით, პირის მიმართ ასეთი ქმედებები რომ განახორციელო, მინიმუმ, გამოძიება უნდა იყოს დაწყებული _ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც გავრცელდა და მეორე _ გაფრთხილებული უნდა იყოს ის პიროვნება და არ უნდა მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია. ამის შემდეგ დაიწყება პირის პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა. აქ კიდევ ერთი დეტალია _ როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ინფორმაცია ნამდვილად ცრუ იყო თუ არა?

მაგალითად, ამ შენობიდან გავიდე მე და ვთქვა, _ ქუჩაში ვიღაც კაცი დავინახე, ქვა აიღო, ქალს თავში ჩაარტყა და გაიქცა-მეთქი. შემდეგ დავრეკო სამართალდამცველებთან, ისინიც მოვიდნენ, მაგრამ რახან ქალიც და კაციც წასულია მათი მოსვლის მომენტში, ვერ დადგინდეს ვინ იყვნენ ეს პიროვნებები. თუმცა ეს არ უარყოფს ფაქტის არსებობას, რომ ნამდვილად მოხდა კაცის მიერ ქალზე ფიზიკური ძალადობა. უბრალოდ, დადგება ის შედეგი, რომ ჩემ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიებით ვერ დადასტურდება, თორემ ფაქტი არსებობდა.

მეორე შემთხვევაა: მე როდესაც ასეთ ინფორმაციას გავავრცელებ და მერე ვიდეოჩანაწერებს ამოიღებენ და მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება. ანუ ცალსახაა, რომ მე ტყუილი ვთქვი და ასეთ შემთხვევაში დაიწყება გამოძიება. ამას რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი _ იმ პიროვნებების მიმართ, თუ ასეთი განზრახ ბრალდებაა კონკრეტული პირების მიმართ, ადგილი აქვს იმ ადამიანების პატივისა და ღირსების შემლახველი ფაქტის არსებობას; მეორე _ ძირითადი აქცენტი რაზეც კეთდება, ეს არის სახელმწიფო რესურსის ზოგადად დაზოგვა, _ აქ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები, საგამოძიებო მოქმედებები და ა.შ. და მესამე და უმთავრესი _  მართლმსაჯულების სისტემის მიმართ პატივისცემის განწყობა საზოგადოებაში, არ შეიძლება მართლმასჯულება წინასწარი განზრახვით შეცდომაში შეიყვანო და ცრუ ინფორმაციები მიაწოდო.

_ რა სახის სანქციებს ითვალისწინებს მსგავსი ქმედება?

_ ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცრუ დასმენისთვის დამძიმდება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დამძიმდებდა, თუ ცრუ დასმენა ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ან თუ მან გამოიწვია მძიმე შედეგი. ასეთ შემთხვევაში ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

_ ბატონო ემზარ, მართალია, თქვენ საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ კონკრეტულ საქმეებზე გაგიჭირდებოდათ საუბარი, მაგრამ მინდა გკითხოთ იმ გახმაურებულ ქეისზე, რომელსაც პირობით სახელს ვარქმევ: ,,ელისაშვილი დეპუტატების წინააღმდეგ“. მაინტერესებს თქვენი, როგორც იურისტის შეფასება, ვინ სად დაუშვა შეცდომა და რას უნდა ველოდოთ ამ საქმისგან?

_ როდესაც პროკურატურის განცხადება გაკეთდა, რომ დათვალიერების შედეგად ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ ტელეფონში ესემესები არ აღმოჩნდა, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა და ვაპირებდი კიდეც ბრიფინგის მოწვევას, ეს იყო პროკურატურისთვის შემდეგ ორ გარემოებაზე მომეწოდებინა.

პირველი _ დღეს არსებული პრაქტიკით, ნებისმიერ ნივთს, რომელსაც პირი გამოძიებაში წარადგენს, ათვალიერებენ. არ შეიძლება პროკურორმა, ან გამომძიებელმა ეს ნივთი აიღოს და უბრალოდ სადმე ჩააგდოს. მას ათვალიერებენ იმ პირთან ერთად, ვინც ჩააბარა. დავუშვათ თუ ეს ნივთი რვეულია, პირველ რიგში აუცილებელია მისი გადაშლა, გვერდების მიხედვით ზუსტი დათვალიერება, ნამდვილად შეიცავს თუ არა ის გარკვეული ტიპის ინფორმაციას და ამის შემდეგ კეთდება დათვალიერების ოქმი, სადაც აღიწერება, რა მდგომარეობაშია აღნიშნული ნივთი და ა.შ.

_ ანუ ის, რაც არ მომხდარა ელისაშვილის შემთხვევაში…

_ მე ასე წარმომედგინა და ზუსტად ამისკენ მინდოდა მომეწოდებინა პროკურატურისთვისაც, რომ მობილური ტელეფონის მენიუს დათვალიერება მომხდარიყო ბატონ ალეკოსთან ერთად. მათ შორის, შემოსული შეტყობინებების ნახვაც, აღიწერებოდა რომ ვთქვათ 15-დან 18-მდე არსებობს რაღაც ტიპის ესემესები და ა. შ. როდესაც გაკეთდა განცხადება, _ ელისაშვილმა თქვა, პროკურატურაში ტელეფონი მივიტანე, რომელშიც შეტყობინებები არისო, აქ სუბიექტური ვარ, ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ დავაფიქსირებ მეორე განცხადებაშიც გაგრძელებულ აზრს _  ალეკო ელისაშვილს არ შეიძლება სცოდნოდა, მისი ტელეფონის მყარ დისკზე რა არის შენახული. ის სპეციალურ ცოდნასაც მოითხოვს და ასევე სპეციალურ ტექნოლოგიურ პროგრამებსაც, ამიტომ დარწმუნებით მტკიცება იმისა, რომ მყარი დისკი ნამდვილად შეიცავს რაიმე ტიპის ინფორმაციას, შეუძლებელია. აი, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ალეკოს, ამან გამოიწვია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან მან თქვა, რომ პროკურატურას გადასცა ტელეფონი, სადაც იყო მსგავსი სახის ესემესები, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ისიც მყარ დისკზე ყოფილა.

თუმცა ელისაშვილს იმ ნაწილში ვეთანხმები, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი ჰქვია და მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებების აბსურდულობა. მიუღებელია, როცა გარკვეულ პირებს გამოძიების ინტერესებისგან გამომდინარე განცხადებების გაკეთებას უზღუდავენ, ხოლო მოგვიანებით, იგივე პროკურატურა თავისუფლად აქვეყნებს ყველა მასალას. აქ ვერ ვხდები რა სტანდარტია, თუ საიდუმლოა და გამოძიებას აზარალებს ნებისმიერი სახის განმარტება, მაშინ რატომ არ ვრცელდება იგივე შეზღუდვა პროკურატურის წარმომადგენლებზე?! მარტო ჩვენ გვაკისრებს კანონი ვალდებულებას და მათ არა? აი, ამ ნაწილში ელისაშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები.

_ როგორ ფიქრობთ, რა პირი უჩანს ამ საქმეს? ობიექტური გამოძიების შემთხვევაში დადგინდება კი სიმართლე და მოხდება კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

_ ვფიქრობ, რომ ამ საქმეს დატვირთვა ვერ ექნება, თუ ამდაგვარად დარჩა. ალეკოს, პირველ რიგში, კვალიფიციური დაცვა უნდა აეყვანა და მერე დაეწყო მოქმედებები. მით უმეტეს, რომ მის გვერდით მთელი არასამთავრობო სექტორი და ნებისმიერი ადვოკატი დადგებოდა, მათ შორის მეც, რომელსაც დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ. მეორე _ თუ არ ენდობოდა პროკურატურას, და ეს უკვე გამოჩნდა რომ არ ენდობა, ასეთ შემთხვევაში შეეძლო განეხორციელებინა ტელეფონის მყარი დისკის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, შემდეგ დაეარქივებინა, ორი-სამი ასლი გაეკეთებინა იმ  შემთხვევისთვის, თუ ერთს წაართმევდნენ, ან გაუნადგურებდნენ, ექნებოდა მეორე, ან მესამე… ანუ ყველა მთავარი მტკიცებულება უნდა შეეგროვებინა, რასაც დაერთვებოდა საპროცესო და დათვალიერების ოქმებიც და ამ მოცემულობით _ მსოფლიოს ვერც ერთი გამომძიებელი ვერ იტყოდა უაპალაციოდ საქმეზე უარს და კონკრეტული პირების მიმართ გამოძიებას დაიწყებდა.

_ ბატონო ემზარ, აქ არის კიდევ ერთი ფიგურანტი _ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ელისაშვილის განცხადებით წაკითხული აქვს სატელეფონო შეტყობინებები და მისგან დადასტურებასაც მოითხოვდა. პრინციპში, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა დაადასტურა კიდეც ეს ფაქტი… დავიჯერო, ეს არ არის ერთ-ერთი მტკიცებულება რომ ელისაშვილი არ ტყუის და არც ცრუ დასმენას აქვს ადგილი?

_ ჰო, თუმცა პრეზიდენტს არ ახსოვს ესემესების შინაარსი… ეს გასაგებია, მაგრამ მე თუ ვიცავ მეორე მხარის ინტერესებს, როგორ ვამტკიცებ, რომ ეს შეტყობინებები მართლა ამ ადამიანების დაწერილია? ვინ დაადასტურებს, რომ იმ კონკრეტულმა პიროვნებამ დაწერა? არსებობს ძალიან ბევრი სერვისი _ ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, მათ შორის საკუთარ თავსაც შეგიძლია გაუგზავნო, ისევე როგორც მე შემიძლია, მაგალითად, თქვენს ნომერს გიორგი მარგველაშვილი დავაწერო და რომ დამირეკავთ ვთქვა, _ პრეზიდენტს ვესაუბრე…

პრეზიდენტმა წაიკითხაო, ამის შესახებ გაკეთებული განცხადება ძალიან არასერიოზულია, თან როცა მარგველაშვილი ამბობს, შინაარსი არ მახსოვსო _ ის რაც ხილულია, იმის დამტკიცება ჭირს ხოლმე და ასე ზეპირი განცხადებებით ამ მტკიცებულებების შეკრა აბსურდია. ეს არის ძალიან სადავო საქმე და ყველაზე მეტად  ელისაშვილმა იცის ინფორმაციის ფასი, იმიტომ ჟურნალისტია და ასევე ისიც იცის, რომ აუცილებელია ასლების გადაღება. აქ მაინც მთავარი მოტივია _ რისი მიღწევა უნდოდათ გარკვეულ ადამიანებს _ მართლა ჭეშმარიტების დადგენა, თუ პოლიტიკური პიარსვლა იყო ჩაფიქრებული?

_ რას გულისხმობთ, როცა პოლიტიკაზე აკეთებთ მინიშნებას?

_ აქ უკვე გაკეთდა საქმე, ის რისი მიღწევაც ამ ადამიანებს სურდათ _ ყველაზე მთავარი დოკუმენტის, საერთაშორისო ანალოგების ჩამოთვალაც რომ გაჭირდება, იმ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების დისკრედიტაცია, რაც ჩემთვის ძალიან გულსაწყვეტია. აი, მართლა მტკივა გული, რადგან ვინც მაგ სიაშია, ბევრს ვიცავდი და მათი საქმეები ვიცი, ისინი მართლა იყვნენ პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულიც და დევნილებიც.

_ ბატონო ემზარ, აქ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება მათი სტატუსი, ვინც მართლა პოლიტპატიმარი, ან ამ ნიშნით დევნილი იყო წინა წლებში. აქცენტი მხოლოდ იმაზე გაკეთდა, რომ ამ სიებში მოხვდა ნარკოტიკებით მოვაჭრეები, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში მხილებული პირების გაიგივებაც… 

_ ადეიშვილის ყველაზე დიდი მიღწევა იყო სასამართლოს სახით იმ ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც განურჩევლად ბრალეულობისა, ყველას აპატიმრებდა. მაშინ არც არავინ კითხულობდა, იყო დამნაშავე ადამიანი თუ არა, რახან ადეიშვილმა თქვა, ესე იგი დასაჭერია _ ეს პრინციპი ჰქონდათ. სწორედ სასამართლო განთავისუფლდა ამ სამარცხვინო ინსტრუმენტისგან და ამ ბოლო დროის მოქმედებით, მისი დისკრედიტაციაც შედგა. ისევე, როგორც პოლიტპატიმრების უფლებების შელახვაც მოყვა და, ზოგადად, ამ თავისუფლების დეკლარაციის დისკრედიტაცია.

რაც შეეხება მაგ ნარკოტიკების თემას, მახსოვს, ბოჭორიშვილი სულ დაობდა მაგ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურობდა, რაღაც ფილმებიც მომზადდა მის შესახებ და ბევრი კითხვის ნიშანიც დარჩა.

სიმართლე თუ გინდათ, ყველა ის დანაშაულებრივი მოქმედება, რაც ადრე იყო ჩადენილი, დღეს ,,გაპრავებულია“. აქ ერთგვარი ჩაკეტილი წრეა. არასოდეს მოხდება საქმეების გადახედვა და  დღეს მთავარ პროკურატურაში შექმნილი რაღაც ახალი დეპარტამენტიც, რომელმაც საქმეები უნდა გამოიძიოს და გადასინჯოს, ვერ იმუშავებს, ბლეფია ეს ყველაფერი და კარგად იციან.

ფაქტი ერთია _ ალეკო ელისაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერავინ დააყენებს. თუნდაც ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველმა გააკეთა, მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში მართლა ახსოვს თუ არა მარგველაშვილს შეტყობინებების შინაარსი, რომელსაც თან დაერთვება ამონაწერი სატელეფონო გზავნილებისა _ უკვე პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს ალეკო ელისაშვილს.

რაც შეეხება ცრუ დასმენას, ვერ იქნება აქაც ადრესატი დამოუკიდებელი დეპუტატი, რადგან მაშინ გამოვა, რომ დარეკილი იყო, ესემესიც იყო, მაგრამ არ ვიცით შინაარსი და ბრალს ვერავის წავუყენებთ. ის, რომ ელისაშვილმა ესემესი მიიღო, ეს დადგენილი იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა შინაარსიის ესემესი იყო გაგზავნილი, ამის დადგენა ძალიან რთული იქნება და შესაბამისად, ცრუ დასმენა ვერ დადგება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის თავად ალეკო ელისაშვილმაც.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ის პირები უჩივლებენ თუ არა დამოუკიდებელ დეპუტატს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ეს სასამართლოს განხილვის თემაა, რამდენად კვალიფიციურად მოემზადებიან, მაგრამ ამ საქმესაც ერთი მინუსი აქვს. სასამართლოები იმდენად არის გადატვირთული, თვით ეკა ბესელიამაც რომ შეიტანოს სარჩელი და მერე სხვებმაც მიაყოლონ იგივე მოთხოვნით სარჩელები, ყველა შემთხვევაში მათი განხილვა 2016 წლის ზაფხულამდე არ მოხდება.

 

                                                                                                            ნანა თვალაბეიშვილი