რატომ არ ასრულებს პოლიტდევნილი ლევან ფხაკაძე 200 ოჯახის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებას?

c455

თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) 9 ნომერში მცხოვრებნი სამშენებლო კომპანიისგან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას და კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ. მათი შეფასებით, პოლიტდევნილის სტატუსის მქონე ლევან ფხაკაძე (კომპანიის დირექტორი) თავს დაუსჯელად გრძნობს და ამის გამო დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, _ გამუდმებით დაპირებებს იძლევა, მაგრამ საქმეს არ აკეთებს. ამის გამო მცხოვრებლებმა მას სასამართლოშიც უჩივლეს და მეზობლად მშენებარე კორპუსში 6 ბინა დააყადაღებინეს.

დავის პერიპეტიებზე „ქრონიკა+“ აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ ფატი ბარჯაძეს ესაუბრება:

_ მტკივნეულია, რომ ორი წელია, კორპუსში ბუნებრივი აირის გარეშე ვცხოვრობთ. მშენებელ კომპანიას ჩვენ წინაშე გაზის შემოყვანის ვალდებულება უნდა შეესრულებინა, მაგრამ 2 წელია, გვატყუებს. სულ გვეუბნება, _ გაზი ორ კვირაში იქნებაო და ეს ვადა არაფრით ამოიწურა.

_ რომელ სამშენებლო კომპანიაზეა საუბარი?

_ ეს არის შპს „ელ კომპანი 777“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც ლევან ფხაკაძეა. ეს ის ადამიანია, რომელიც პოლიტიკური დევნილების ცნობილ სიაში მეშვიდე ნომრად არის მითითებული.

_ რატომ არ ასრულებს თქვენ წინაშე აღებულ ვალდებულებას?

_ ამ ადამიანს დაუსჯელობის სინდრომი აქვს. როდესაც ვთხოვეთ და მოვუწოდეთ კიდეც, რომ აღნიშნული ვალდებულება უნდა შეესრულებინა, პირად საუბარში მითხრა, _ ვერაფერს გახდებით და ვერაფერს დამაკლებთო,

ვიღაცასთან გიჭიდავია, შენი გაგიტანია და მე იგივე არ გეგონოო.

გასული წლის სექტემბერში მოსახლეობამ ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ და ასევე ოფიციალურად პასუხის გაცემა ვთხოვეთ, რადგან რამდენჯერაც უშუალოდ შევხვდით, იმდენჯერ ორკვირიანი ვადა გამოგვიცხადა.

ჩვენს წერილზე ასევე წერილობითი პასუხი არ მოგვცა. გვითხრა, რომ ორ თვეში გაკეთდებოდა, ეს ორ თვეც გავიდა. 25 მარტისთვის შეხვედრა დავთქვით, რომ მას ამ პრობლემაზე საბოლოო სიტყვა ეთქვა.

_ თუ არ აკეთებ, მაშინ ჩვენ სასამართლოში მივდივართო, _ ვუთხარით.

ა. წ. 25 მარტს გვითხრა, რომ 25 აპრილისთვის ყველაფერი გაკეთებული იქნებოდა, _ ეს ერთი თვეც მაცალეთ და თქვენს კორპუსს დავამათავრებო.

ასევე, ჩვენი საცხოვრებლის გვერდით კორპუსი აქვს აშენებული და ეს უძრავი ქონებაც ამ კომპანიის სახელზე ჰქონდა. ამ ქონების მდგომარეობას რეგულარულად ვამოწმებდით, რათა ჩივილის შემთხვევაში უზრუნველყოფის საშუალება გვქონოდა და ეს მხოლოდ სარჩელად არ დარჩენილიყო.

აღდგომის წინა დღეებში ვხედავთ, რომ დარჩენილ ქონებას მშენებარე კორპუსში დედაზე, მამაზე და მეუღლეზე აფორმებს. მივხვდით, რომ აქ ჩვენი საქმე ცუდად იყო და ამ კაცთან ზეპირად მოლაპარაკებას ვეღარ ვენდობოდით. სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და უზრუნველყოფა მოვითხოვეთ. შედეგს მივაღწიეთ და ამჯერად 6 ბინაა დაყადაღებული. მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოში ჯერ მოსამზადებელი სხდომაც არ ჩანიშნულა.

ამის შემდეგ მოლაპარაკებაზე წამოვიდა, _ ოღონდ თქვენ ეს სარჩელი გამოიტანეთ, ყველაფერს გაგიკეთებთო და კორპუსში სასწრაფოდ ერთი ლიფტი ჩაგვისვა. მეორე ისევ გასაკეთებელია და მისი შახტა, ყველანაირი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, ღიად არის დატოვებული. ამაზეც მერიის ზედამხედველობის სამსახურს სატელეფონო შეტყობინება არაერთხელ გავუგზავნეთ, რაზეც რეაგირება არ მოახდინეს, თუმცა ვალდებული იყვნენ მოსულიყვნენ, _ პირველ ჯერზე გაეფრთხილებინათ და მერე უკვე დაეჯარიმებინათ. რასაკვირველია, სარჩელი არ გამოვიტანეთ, რახან სამართალწარმოება დავიწყეთ. ეს მარტივი საქმე არ არის და ბუნებრივი აირიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თან სასამართლოში მოთხოვნა არა მარტო გაზზე, არამედ კომპლექსურად დავაყენეთ: გაზი, ლიფტები, სადარბაზო, სანიაღვრე სისტემა… ის, რომ საძირკველში წყალი დგება და ა. შ. მოკლედ, კომპლექსური მოთხოვნა გვაქვს. აქედან ამჟამად ყველაზე მტკივნეული გაზის საკითხია.

_ ეს ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს?

_ დიახ, ხელშეკრულებაში მას აღნიშნული აქვს ვალდებულება, რომ ბინამდე უნდა მოგვიყვანოს და ბინაში თავად შემოვიყვანთ, მაგრამ აქამდე არ მოჰყავს.

ამის შემდეგ სასამართლოც უკვე ამდენი ხანი გაიწელა. პირველი მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩანიშნულა.

სატელეფონო საუბრებში ლევან ფხაკაძე დაგვემუქრა, რომ თუ მიჩივლებთ, ამ საქმეს იმდენი წელი გაგიწელავთ, რომ მერე რაღა მოგინდებათ, ამასაც ვნახავო.

რაკი სასამართლოთი ჩვენს პრობლემებს დროულად ვერ ვაგვარებთ, გადავწყვიტეთ, ტელევიზიის საშუალებით გვემხილებინა ამ ადამიანის ქმედებები.

მანამდე სად აღარ ვიყავით: მერიაში, გამგეობაში, ყაზტრანსგაზში, არსად არავის აინტერესებს აქ მცხოვრები 200 ოჯახი. ყველა იმით გვისტუმრებს, რომ ეს კერძო დავაა და ჩვენ არ გვეხებაო. კერძო დავა კი არის და სასამართლოშიც ვჩივით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადამიანი აღარ არის კერძო დავის ობიექტი, _ გამოუშვეს, შეიწყალეს და აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომი აქვს. სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხი არ აგებინეს.

_ კორპუსი არ დავამთავრე, დიდი რამე, ხალხი საერთოდ უსახლკაროდ ცხოვრობს, გაზი ასეთი რა მოგინდათო? ცოტა მოძველბიჭოდ გველაპარაკება.

მერიას სამშენებლო ნებართვის გაცემისას საერთოდ არ აინტერესებს, იქ კომპანია კომუნიკაციას, გაზს მიიყვანს თუ არა. ესეც ხომ სამშენებლო ნორმების კაზუსია. ჯერ ქვეყანაში სამშენებლო კანონები ისეა დაწერილი და მორგებული, რომ მშენებელი პასუხისმგებელი არ არის. ე. ი. ბიზნესი და ეკონომიკა მოსახლეობის დაზარალების ხარჯზე უნდა განვითარდეს.

როდესაც ფხაკაძე ერთი-ერთზე გვეუბნება, რომ კეთდება და მეტი რაღა გინდათო, _ ათ დღეში, ორ კვირაში და ა. შ. როცა უკვე საჯაროდ, ტელევიზიით ჰკითხეს, თუ როდის რა გაკეთდებაო, უპასუხა, რომ საერთოდ არაფერ შუაშია და სხვა კომპანიას შეახოცა, რომლისგანაც ეს ბინები შეიძინა…

მაგრამ ჩვენთან ხელშეკრულებაში ლევან ფხაკაძეს თავისი კომპანიით ვალდებულება აქვს აღებული, რომ ამ ყველაფერს შეასრულებს.

_ რომელი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა?

_ შპს „ჯიზე“ ცდილობს გადაბრალებას, რომლის უკანაც მისი ძალიან ახლო ნათესავი (ბიძა, დედამისის ძმა) დგას. რეალურად, შპს „ჯისაც“ თვითონ ლევან ფხაკაძე მართავს, ამიტომ ჩვენ წინაშე თვითონ არის პასუხისმგებელი. სარჩელი შეტანილი გვაქვს ხუთ მოსახლეს და ყველას წინაშე პასუხს აგებს. მაგრამ აქ მოსარჩელეების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა _ ერთმაც შემიძლია მოვითხოვო იგივე რაღაც და ასმა ადამიანმაც.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ფხაკაძე გაქცეული იყო და 2012 წელს ჩამოვიდა. მანამდე ამ უბანში კორპუსებს ლევან ფხაკაძის მამა, ნიაზ ფხაკაძე აშენებდა, მშენებლობები კარგად მიმდინარეობდა. კრიზისი იყო თუ სხვა, მშენებლობა არასოდეს გაჩერებულა. ეს კაცი ჩამოვიდა და აქაურობა დააქცია. ჩამოსვლის მერე, რაც სხვა კომპანიის გასაყიდი ბინები იყო, ასევე დარჩენილი მიწები, ყველაფერი თავის სახელზე გადმოიფორმა და დაიწყო ახალი მშენებლობა.

ჩვენ რა ფულიც გადავუხადეთ, იმით, აგერ, 15-სართულიანი ააშენა; ვაკეში, აბაშიძეზე სახლი იყიდა; ნახევარი მილიონის მანქანები შეიძინა და ჩვენ ფეხებზე ვკიდივართ. საერთოდ არ აინტერესებს, რომ თავისი ვალდებულება შეასრულოს და ჩვენ რაღაცნაირად დაგვეხმაროს.

ვიღაცას 30 ათასი ლარი გადაუხადა და იმას გადაგვაყოლა. ეს ადამიანი, ირაკლი კანდელაკი, არაფერ შუაშია ჩვენთან. ამ დროს ის კაცი მოჰყავს და გვეუბნება, _ მე რას მთხოვთ, გაზის ამბავი ამას მოსთხოვეთო. წელიწადნახევარია, ეს დავა გრძელდება. ირაკლი კანდელაკი არც ერთ შპს-ში არ ფიგურირებს. თავს ასაღებს, რომ ვითომ შპს „თბილგაზის“ წარმომადგენელია, მაგრამ რეალურად არსად ფიქსირდება, _ ჩვენ მასთან გადაკვეთის წერტილი არ გაგვაჩნია.

იურიდიულადაც „თბილგაზში“ არ არის დირექტორი, წილის მფლობელი, მას მერიაში არანაირი საბუთი არ შეუტანია, არაფერი გაუკეთებია და ფხაკაძეს მასზე გადააქვს პასუხისმგებლობა, ადამიანზე, რომელიც არსად ფიგურირებს.

_ მისგან მსგავს დამოკიდებულებას რას უკავშირებთ?          

_ ამბობს, რომ საერთოდ ვერაფერს დამაკლებთო. გასდის, ამაზე სხვა რა უნდა ითქვას? _ მე სერიოზული კავშირები მაქვს, ნარმანია, კალაძე ჩემი ხალხიაო.

თავიდან ასეთი საუბარი გვქონდა მასთან, რომ თუ გჭირდება, ჩვენც გამოვალთ, გვერდში დაგიდგებით, ოღონდ ეს საქმე მოგვარდეს, _ იქნებ, ენერგეტიკის სამინისტროს მოვმართოთ და ა. შ. „ყატრანსგაზთან“ არაფერი გამოდის, თუ ფულს არ გადაიხდი, არაფერს აკეთებენ და ისე კეთებას ვერც დაავალდებულებ.

_ საერთოდ არ გვინდა ეს წერილები, კალაძე ჩემი მეგობარია და თვითონ მოვაგვარებ ამ ყველაფერსო, _ გვპასუხობდა.

ზოგადად, ცინიკური დამოკიდებულება აქვს, თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია. თან დადის ახალ-ახალი მანქანებით და ამის საჯაროდ დემონსტრირებას ახდენს; გვერდზე კორპუსში ცხოვრობდა.

ამ დროს, სულ არ ადარდებს, რომ ჩვენ წინაშე კონკრეტული ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

თანაც თბილისში გაკოტრებული, დაუმთავრებელი მშენებლობით ვერავის გააკვირვებ. ეს ჩვენთვისაც ცნობილია, მაგრამ ეს არის კომპანია, რომლის უკანაც ფინანსური რესურსი უნდა იდგეს, რადგან შემოსავალი აქვს და გაკოტრებული არ არის. არც გაკოტრების სამართალწარმოება აქვს და უძრავი ქონებაც ბალანსზე ირიცხება. ამ დროს საქმეს არ აკეთებს.

_ სარჩელი რა ეტაპზეა?

_ როგორც მოგახსენეთ, ერთი სარჩელით უზრუნველყოფა მოვითხოვეთ, რაც დაგვიკმაყოფილეს. ამის შემდეგ გაასაჩივრა. მთლიანი კორპუსი გვქონდა დაყადაღებული, რადგან ტექნიკურად არ შეიძლება, ცალკე საკადასტრო კოდი არ გვქონდა. სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და 6 ბინა დაგვიტოვეს, რომელიც, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულებისაა.

მთავარი მოსამზადებელი სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. მოსამართლე ჯერ დიანა ბერეკაშვილი იყო, რომელსაც მერე უფლებამოსილება შეუჩერდა და საქმე ზაზა მარტიაშვილს დაეწერა. დღეს საქმე ამ მდგომარეობაშია, თუმცა ვადა უკვე გადაცილებულია.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა გაზის შემოყვანაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდა. სამი პატარა ბავშვი მყავს და ხუთას ლარზე ნაკლებს შარშანაც არ ვიხდიდი. წელს კიდევ გაძვირდა ელექტროენერგია და ამ პირობებში კიდევ რამდენი უნდა გადავიხადო, არც კი ვიცი.

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები უნდა ჩაერიონ. ამ ადამიანს ვიღაც ზურგს უმაგრებს და ძალიან თავდაჯერებულია. მის წინაშე ასე ვერაფერს გავხდებით. და თუ ბევრს ვილაპარაკებთ, რაც გააკეთა, იმასაც გააფუჭებს.

არ უნდა იყოს ეს ადამიანი პოლიტდევნილი, დაუსჯელობის სინდრომიც აქედან გამომდინარე აქვს.

აქ მცხოვრებლებიდან ძალიან ბევრმა იცის მისი წარსული. მაგალითად, ხელმოწერებს ვაგროვებდით, სასამართლოში სარჩელის შეტანისას უცებ 10 კაცი შევიკირიბეთ. ყველამ თქვა, _ წამოვალთ, ხელს მოვაწერთო, მაგრამ იქიდან 5 კაცი დავრჩით. იციან მის შესახებ და ეშინიათ, _ რაც იმას უქნა, მეც იგივეს მიზამს, შარის თავი არ მაქვს, თავი გამანებეთო. საბოლოოდ, ხუთმა კაცმა შევიტანეთ ეს განცხადება.

14 წელი ჰქონდა მისჯილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, ინტერპოლით იძებნებოდა და გერმანიაში, დიუსელდორფში იყო დამალული. აიღეს და აღნიშნულ პოლიტდევნილთა სიაში შეიყვანეს. შვიდიანები უყვარს, შვიდნომრიანი მანქანა, 777-ია კომპანიის სახელწოდება…

მოკლედ, ჩაერთონ და ეს პრობლემები მოგვიგვარონ, _ როგორ შეიძლება, ყველამ ამ პასუხით გამოგვისტუმროს, რომ ეს მათი საქმე არ არის?

გაკოტრებული კომპანია რომ იყოს, ფული არ ჰქონდეს, სხვაა, მაგრამ ერთი თვის წინ 150-ათასიანი `მერსედესის~ ავტომანქანა იყიდა, სვაროვსკის თვლებიანი _ ერთი თეთრი მას აქვს და მეორე შავი კალაძეს. ერთი თვის წინ 88-ათასდოლარიანი `ტოიოტა ლენდ კრუიზერი~ იყიდა, 2016 წლის მოდელია, რომელიც მის მეგობარზე, ვენედიქტე ფოფხაძეზე გააფორმა. შარშან `მერსედესი~ იყიდა და თვითონ ამბობდა, მასში 60 ათასი ევრო გადავიხადეო.

ამის გარდა, ვაკეში 155 კვადრატული იყიდა ახალაშენებულში, აბაშიძის ქუჩაზე. წყნეთში და საგურამოში მიწები იყიდა. ამას პლუს ამ კომპანიამ აუქციონში მონაწილეობა მიიღო და ვაშლიჯვარში ორი მიწა იყიდა, რომელიც ცოლზე გადააფორმა და მერე ცოლიდან მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაზე; გლდანში თავისივე დის სახელით აშენებს. აშკარად ეტყობა, რომ ფული აქვს და ჩვენ კიდევ გაგანია ზამთარში კორპუსში გაზი არ შემოგვიყვანა.

მარტივად გადაიხადე და ორას ოჯახს ერთი ნაბიჯით მოიცილებ, მაგრამ არ უნდა ამ ადამიანს საქმის კეთება. ერთხელ თქვა, არ გავაკეთებო და ჯიბრში ჩაგვიდგა, ამ ჩვენებას აწვება.

თანმიმდევრულიც არ არის, ხან ვაკეთებო იტყვის და ხან არ ვაკეთებო. სისტემატურად გვატყუებს და რამენაირად ჩვენი გაჩუმება სურს.

 

                                                                                                         გელა მამულაშვილი