როგორ გადააგდო ვანო ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილი და სხვები?

bb41

ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში სასამართლო პროცესი წააგო. ბრიტანეთის მართლმსაჯულებამ იგი ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაში ამხილა (სასამართლოს გადაწყვეტილება, სულ 72 გვერდი, „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ინახება). მართალია, მას საქართველოში საკუთარი ჯიბის მოსამართლე გიორგი სულაკაძე ჰყავს, მაგრამ ამ უკანასკნელს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის ბოლოს ეწურება. პარალელურად სულაკაძის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია შესული როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს მთავარ პროკურატურაში (გიორგი სულაკაძის მიერ სხვადასხვა საქმის განხილვისას დაშვებულ დარღვევებზე „ქრონიკა+“ წინა ნომრებში უკვე წერდა.

სკანდალი, რომელზეც ამჯერად ვისაუბრებთ, ისევ ივანე ჩხარტიშვილის სახელს და იმ შენობას ეხება, სადაც ბიზნესმენის ოფისია განთავსებული.

დიდი ხნის წინათ, ანუ 2008 წელს, აღნიშნული შენობა, მდებარე ქ. თბილისში, გერგეთის ქუჩა #3-ში, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის საკუთრება იყო. ფედერაცია 1998 წლის 21 აგვისტოს შეიქმნა და მასში საქართველოში მოღვაწე ყველა მსხვილი ბიზნესმენია წარმოდგენილი. ამ სიაში 29-ე ნომრად ირიცხება ბორის ივანიშვილიც. ფედერაციის სიას ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი მეთაურობდა, ხოლო ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები იყვნენ აღმასრულებელი საბჭოს წევრები: გიორგი ისაკაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან ძნელაძე, ირაკლი ჭყონია, მამუკა ხაზარაძე და გიორგი თოფაძე.

2008 წელს ივანე ჩხარტიშვილმა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის შენობის ყიდვა გადაწყვიტა, ამავე წლის 10 აპრილს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, გერგეთის ქუჩა #3-ში, საკადასტრო კოდი 01.15.05.060.014., ახლანდელ მესაკუთრეს, შპს „ეს ჯი კომპანის“ საკუთრებაში გადაეცა. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობა #1 და #2, სასარგებლო ფართობით 521,83 კვ.მ. _ 41,50 იდეალური წილი ააიპ „საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის“ საკუთრება და 9.50 იდეალური წილი რევაზ სალუქვაძის საკუთრება.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასად განისაზღვრა 910 000 ლარი, საიდანაც ერთ-ერთი თანამესაკუთრის, რევაზ სალუქვაძის უძრავი ქონების წილის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა განისაზღვრა 182.000 ლარის ოდენობით, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადახდილიყო. დანარჩენი 728 000 ლარით მოსარჩელის უძრავი ქონების წილის საფასური განისაზღვრა ნასყიდობის თანხაში.

აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ეს ჯი კომპანი“ და ააიპ „საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია“ შემდეგზე შეთანხმდნენ:

1. მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, ნასყიდობის საგნის ღირებულების წილის 728 000 ლარის სანაცვლოდ, ერთოობლივი ამხანაგობის შექმნის გზით, ან კანონით ნებადართული სხვა საშუალებით ნასყიდობის საგნის ადგილზე „ეს ჯი კომპანი“ ააშენებდა მრავალსართულიან შენობას და ამ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას გადასცემდა ნასყიდობის ღირებულების მისი წილის _ 728 000 ლარის _ პროპორციულ შესაბამის საოფისე ფართს (საბაზრო ფასის გათვალისწინებით);

2. მყიდველი ასევე ვალდებულებას იღებდა, ნასყიდობის ადგილზე მშენებლობის დაწყებამდე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომლის პირობებიც მხარეთა შორის ცალკე დადებული ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ეს ჯი კომპანი“ თბილისში 2008 წლის 18 მარტს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დამფუძნებელი და 90%-იანი წილის მფლობელი ივანე ჩხარტიშვილის შპს „სონატა ალიანს ჯორჯიაა“, 10%-იან წილს ამ კომპანიაში გიორგი ისაკაძე ფლობს, რომელიც იმ დროისათვის საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო და ხელშეკრულებას აწერდა ხელს. შპს „ეს ჯი კომპანის“ დირექტორი მამუკა ღვინიაშვილია, რომელიც დღეის მდგომარეობით სასამართლო პროცესებზე ივანე ჩხარტიშვილის ადვოკატია.

ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ვანო ჩხარტიშვილის კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ განუხორციელებია, ცხადია, არც მრავალსართულიანი შენობა აუშენებია. არქიტექტურის სამსახურში დღემდე არ არის წარდგენილი სამშენებლო პროექტი, ასევე უცვლელია საჯარო რეესტრის ამონაწერში უძრავი ქონების სტატუსი და ფართობი. მარტივად და მკითხველისთვის გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, კომპანიამ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის როგორც აღმასრულებელი საბჭო, ისე წევრებიც გადააგდო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფედერაციის წევრებს შორისაა ბიძინა ივანიშვილი, რამდენიმე მოქმედი პარლამენტარიც, მათ შორის, გოგი თოფაძე, საკრებულოს დეპუტატები შალვა ოგბაიძე, გიორგი ტყემალაძე და სხვები…

მართალია, ხელშეკრულებაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა კონკრეტულად მითითებული არ არის, მაგრამ 2008 წლიდან შვიდი წელი გავიდა, დღეის მდგომარეობით ასაშენებელი შენობის პროექტიც კი არ არსებობს და რაც ყველაზე მთავარია, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, ივანე ჩხარტიშვილი და კომპანიის დირექტორი მისივე ადვოკატი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არც აპირებენ.

2015 წლის 27 აპრილს შპს „ეს ჯი კომპანის“ კუთვნილი შენობა, დაზუსტებული ფართობით 1945 00 კვ.მ., შენობა-ნაგებობებთან ერთად, სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკში“ იპოთეკითაა დატვირთული _

იპოთეკის ხელშეკრულება #27.04/035-15, დამოწმების თარიღი 27.04.2015, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

„ქრონიკა+“ ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის სესხი აიღო, ან აპირებს აიღოს ივანე ჩხარტიშვილმა ს/ს „ბაზისბანკიდან“, მაგრამ გამორიცხული არაა, ამჯერადაც იგივე სქემა აამოქმედოს, რაც ფოთის წისქვილქარხნის შემთხვევაში, როცა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ობიექტი, ფაქტობრივად, მიითვისა, „თიბისი“ ბანკიდან სესხი აიღო, რომელიც შემდეგ აღარ გადაიხადა და მოგვიანებით, როცა ხელისუფლების მხარდაჭერა მიიღო, აუქციონზე გაყიდული შენობის უკან დაბრუნება სწორედ ჯიბის მოსამართლე გიორგი სულაკაძის დახმარებით შეძლო.

ლონდონის სასამართლოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, თავდაყირა აყენებს ვანო ჩხარტიშვილის მთელ სქემას, რაც შეეხება მის კიდევ ერთ აფერას, რომლის თაობაზეც ახლა მოგიყევით, გამორიცხული არ არის, თუ ბიზნესმენთა ფედერაცია სამართლებრივ დავას დაიწყებს, ივანე ჩხარტიშვილს შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის სერიოზული ფინანსური სანქციები დაეკისროს.

 

                                                                                                                        ელისო კილაძე