ნათელა გიორგაძე: „ჩემი შვილის მკვლელობა ნუგზარ ბოჭორიშვილმა და თემურ გავაშელიშვილმა დაუკვეთეს!“

21212

2007 წლის 12 თებერვალს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, 30 წლის გივი გიორგაძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილს ერთადერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, მკვლელობის იარაღი კი ადგილზე იყო დატოვებული. ექსპერტიზის დასკვნით, საქმე შეკვეთილ მკვლელობას ეხება, რომლის გამოძიებაც დღემდე არ დასრულებულა. გარდაცვლილის დედა, ნათელა გიორგაძე, მკვლელობის დამკვეთებს ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი დღემდე დაუსჯელები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ჯერ ყოფილ, ახლა კი მოქმედ ხელისუფლებაში მფარველები ჰყავთ.

ქრონიკა+“-ნათელა გიორგაძე ესაუბრება:

_ 2007 წლის 12 თებერვალს 30 წლის შვილი, გივი გიორგაძე მომიკლეს, სრულიად ჯანმრთელი და საღსალამათი ბიჭი. დილით საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს მოკლული, ერთადერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, იარაღი კი ადგილზე იყო დატოვებული. ძარცვა არ მომხდარა, ყველაფერი ადგილზე იყო. გამოძიებამ დაზარალებულად მცნო. გავეცანი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო. 12 თებერვალს 9 წელიწადი ხდება, რაც ჩემი შვილი მოკლულია. დღემდე ვიბრძვი, მაგრამ უშედეგოდ. გამოძიებას არანაირი რეაგირება და წინსვლა არ აქვს. დანამდვილებით ვიცი, ჩემი შვილის მკვლელობა უკავშირდება ე. წ. ნარკოდილერებს _ ნუგზარ ბოჭორიშვილის ბანდას; აგრეთვე ჩემი შვილის სიმამრს, თემურ გავაშელიშვილს, რომელიც ბოჭორიშვილის ბანდის ერთ-ერთი წევრი იყო. ნუგზარ ბოჭორიშვილი არის ჩემი შვილის სიდედრის დეიდაშვილი. გივი 3 წლის დაქორწინებული იყო, ბოლო პერიოდში სიმამრთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

_ რა იწვევდა ამ დაძაბულობას?

_ ამ დაძაბულობას იწვევდა ის, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი და თემურ გავაშელიშვილი ძალიან გავლენიანი პირები იყვნენ, დიდი ფულის პატრონები, ჩემი შვილის მიმართ პრეტენზია ჰქონდათ და აგრესიას გამოხატავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ არ იყო ისეთი მდიდარი და ფულიანი, როგორებიც თვითონ ბრძანდებოდნენ, _ მათხოვრის შვილი ხარო. როდესაც ჩემს შვილსა და მის ცოლს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მშობლები ჩაერთნენ. გივის ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა, არ უნდოდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ჩემმა რძალმა განქორწინების თაობაზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ჩემი შვილი 3 წლის მანძილზე მათ ოჯახში ცხოვრობდა, რადგან ცოლი ჩვენკენ არ მოჰყვებოდა, ოჯახი რომ არ დანგრეოდა, სხვა რა გზა ჰქონდა? _ იმათთან იყო. სიდედრ-სიმამრმა იმდენი ქნეს და ისე ჩაერივნენ, რომ გივი მათი ოჯახიდან წამოვიდა. საქმე განქორწინებამდე მივიდა და როცა სასამართლოდან ამის შესახებ შეტყობინება მოვიდა, მასზე ძალიან იმოქმედა. როგორც გითხარით, ჩემი შვილი მათი ოჯახიდან წამოვიდა, მაგრამ სიმამრი გამუდმებით ემუქრებოდა. გივის თავისი შვილი ძალიან უყვარდა, ვერ თმობდა, სახლში არ უშვებდნენ, რომ ენახა, იქ ხან მისი მეგობარი მიდიოდა, ხან ჩვენი ნათესავი, რომ ბავშვი მოეყვანა და ენახა. ვინც მათ ოჯახში მივიდოდა, სიმამრი შემოუთვლიდა ხოლმე, _ აქ არ მოვიდეს, თორემ მე გავხდები ჩემი შვილიშვილის მამის მკვლელიო. ეს კაცი ყოფილი მხედრიონელი იყო, სახლში იარაღის მრავალი სახეობა ჰქონდა, გადმოულაგებდა ყველას და აბარებდა, _ როგორც კი აქ მოვა, შუბლს გავუხვრეტო. 24 საათის განმავლობაში სულ მისი მუქარა ისმოდა. მკვლელობამდე, იანვარში, შობის ღამეს, გივი გელათის ტაძარში იმყოფებოდა, როცა ტელეფონზე უცხო მამაკაცმა დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრა და საუბარი უნდოდა. ღამისთევაზე იყო, დილით სახლში რომ მოვიდა, თქვა, _ თემურმა ვიღაც მომიგზავნა და მასთან შესახვედრად მივდივარო. უკვე შიშის გრძნობა მქონდა, ასეთი დაძაბულობა რომ იყო, ვფიქრობდი, აუცილებლად რაღაც მოხდებოდა. ჩემი შვილი არ იყო ისეთი ბიჭი, რომ ვინმესთვის დაეთმო და ისე გაჩერებულიყო. შესახვედრად წავიდა. სიმართლე აღმოჩნდა, მისი სიმამრის მიერ გამოგზავნილი ადამიანი შეხვდა, რომელიც ყოფილი პარლამენტარი, ბეჟან ხურციძე გახლდათ. ის ოჯახის თაობაზე ესაუბრა, მაგრამ კონკრეტული დეტალები არ ვიცი, მოყვრად იყო მისული თუ მტრად. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მაქვს ეჭვი, რადგან შვილი მომიკლეს და მაგათ დაუკვეთეს ეს მკვლელობა! ამას 9 წელიწადია, ხმამაღლა ვამბობ! როგორც კი ჩემი შვილი სახლში მოვიდა, თქვა, ვისაც შეხვდა. როცა ვუთხარი, მეშინია-მეთქი, მიპასუხა, _ ნუ გეშინია, დედა, ქუთაისში ყველა მიცნობსო. ჩემი შვილის სიდედრი ხურციძეა და ბეჟან ხურციძეც მათი ახლობელია. მეორე დღეს გივიმ იმ ქუჩაზე ჩაიარა, სადაც მისი სიმამრი ცხოვრობს, დაინახა, რომ ჭიშკართან ახლოს თემურ გავაშელიშვილი და ბეჟან ხურციძე იდგნენ, რომლებიც განცალკევებით საუბრობდნენ. ჩემი შვილი არაფერს მალავდა, მისი ყოველდღიური ცხოვრება თითქმის ვიცოდი _ მკვლელობიდან ერთი კვირით ადრე სახლში ძალიან აღელვებული, განერვიულებული მოვიდა და თქვა, _ ეს რა გავიგე, ჩემი სიმამრი „ბარიგა“, ნარკოტიკებით მოვაჭრე ყოფილა, ჩვენს ოჯახს მისი გასალანძღი რა სჭირსო?! ღმერთმა დაგვიფაროს მასეთებისგან, ერთი ჩვეულებრივი, პატიოსანი, მშრომელი ოჯახი გვაქვსო. გადარეული იყო, სახლში ნერვიულობისგან სულ ხტუნავდა და იგინებოდა.

_ სახლიდან წამოსულ, განქორწინებულ ადამიანზე სიმამრის მხრიდან აგრესია და მუქარა რომ გრძელდებოდა, ნარკოტიკებით ვაჭრობის ამბავს უკავშირდებოდა?

_ არ განქორწინებულა, მოსამართლემ 3 თვე მისცა, იქნებ, შერიგებოდნენ, მაგრამ ვეღარ მოასწრო. როცა ოჯახიდან წამოვიდა, სიმამრის ნარკოტიკებით ვაჭრობის ამბავი მერე გაიგო. გივი ამ ოჯახის სიძე 3 წელიწადი იყო, მათ ოჯახში მხოლოდ ნუგზარ ბოჭორიშვილი ნათესაობდა, ვინაიდან ის ფულიანი იყო, მის სიდედრსაც ასეთი ხალხი უყვარდა და მოსწონდა. გივის თავიდან ბოჭორიშვილთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია, პირიქით, ჩემი შვილი ძალიან უყვარდათ და მასაც უყვარდა, მაგრამ ბოლოს მასთანაც მოუვიდა უკმაყოფილება და შელაპარაკება. ეს უკავშირდება იმას, რომ გივიმ მათი საქმიანობა გაიგო, ამაზე ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა და ზუსტად მკვლელობის წინა დღეს შეუთვალა ჩემმა შვილმა, _ გამოდით და დამელაპარაკეთო. შესახვედრად უნდა წასულიყო, მაგრამ იქიდან პასუხი მიიღო, _ არ გაგითენებთ 12 თებერვალსო. ზუსტად 12 თებერვალს ჩემი შვილი საკუთარ ავტომანქანაში ნახეს შუბლგახვრეტილი. ეს არ არის უბრალო დამთხვევა! მანამდე, ერთი კვირით ადრე, სანამ გარდაიცვლებოდა, მეზობლის დაკრძალვაზე ვიყავით და მის მანქანაში ვისხედით, მომიბრუნდა და მითხრა, _ დედა, ერთი კვირაა ვატყობ, „ბმვ“-ს მარკის დაბურულმინებიანი მანქანით პოლიცია დამყვებაო. მოგზავნილი ჰყავდათ პოლიცია, მართლა შეკვეთილი მკვლელობა იყო, ამას ვადასტურებ! ჩემი შვილის მკვლელობის შემკვეთები არიან ნუგზარ ბოჭორიშვილი და მისი სიმამრი თემურ გავაშელიშვილი, შემსრულებელი და ქილერი ვინც ჰყავდათ, ძალიან კარგად იციან! 9 წელიწადია ვიბრძვი, ყურადღება არავინ მომაქცია. 2 წლის წინათ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ვიყავი, ახლაც მაქვს ჟურნალისტების ჩამონათვალი, ყველას დავურეკე, ბრიფინგი უნდა ჩამეტარებინა. როცა ვრეკავდი, მეკითხებოდნენ, რა საკითხზე იყო ბრიფინგი. მეორე დღეს არც ერთი ჟურნალისტი არ მოვიდა და არავინ მომისმინა. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვინ აფარებს ხელს ნუგზარ ბოჭორიშვილს! 9 წელიწადია, ამას ვყვირი! ეკა ბესელიას კაბინეტში ვიჯექი, პირადად ვუთხარი, ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელობის შემკვეთები, იქნებ, ახლა გამიხსენოს! ასე მიპასუხა, _ გამომძიებელი კი არ ვარ, ჩემთან რომ მოხვედიო! გამომძიებელი რომ არ იყო, ვიცოდი, მაგრამ ბოჭორიშვილის ხელის დამფარებელი რომ იყო, ესეც ძალიან კარგად ვიცოდი და ამიტომ მივედი მასთან! მანამდე 10 განცხადებით მივმართე და არც ერთზე არ მიპასუხა, ბოლოს რომ შევაწუხე, როგორც იქნა, დამთანხმდა. 5 განცხადებით მივმართე მთავარ პროკურორს, არც ერთზე არ მიპასუხა. ერთადერთი, ვინც ჩემი ამბავი გულთან მიიტანა და შეხვედრაზე დამთანხმდა, არჩილ კბილაშვილი იყო. როცა მის კაბინეტში დავჯექი და თავიდან ბოლომდე მოვუყევი ჩემი შვილის შესახებ, იქვე მითხრა, რომ ეს საქმე დაბლოკილი იყო. დამპირდა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანო, მაგრამ მან საკუთარი თავი ვეღარ გადაირჩინა და ჩემს საქმეს ბოლომდე როგორ მიიყვანდა?! ქუთაისის ოლქის პროკურორთან, ილია ჯალაღანიასთან, მკვლელობის ზედამხედველ პროკურორთან, გივი შენგელიასთან, ვისთან აღარ ვიყავი, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ და რეაგირებას არ ახდენენ! 24 საათი მათ კაბინეტში ვიჯექი, აბსოლუტურად არავინ მაქცევს ყურადღებას! მარტო გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის მკვლელობით შემოიფარგლება მთელი საქართველო? ჩემმა შვილმა რა დააშავა, პარლამენტარი, მოსამართლე და პროკურორი რომ არ ჰყავს მშობლები, ამიტომ სიკვდილის ღირსი იყო? მე რომ ვარ დაზარალებული, ვინ უნდა აგოს პასუხი?! 30 წლის, საღსალამათი, უდანაშაულო შვილი რომ ჩამიდეს მიწაში იმის გამო, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილის ბინძური საქმიანობა გაიგო, ამიტომ მოაკვლევინეს?! დიახ, მაგათ მომიკლეს შვილი! დიახ, მაგათ შეუკვეთეს ჩემი შვილის მკვლელობა და შემსრულებელია პოლიცია! ამას ვამბობ ხმამაღლა! ეს არ არის ვერსია, ეს არ არის ეჭვი, ეს არის ფაქტი! კეთილი ინებოს გამოძიებამ, პროკურატურამ, მეც დაზარალებული ვარ და ჩემი შვილის მკვლელობაც უნდა გაიხსნას! მიზეზი ყველამ ძალიან კარგად იცის, ნებისმიერი ქუთაისელი რომ გააჩეროთ, დიდი თუ პატარა, ყველა იმას გეტყვით, რომ მისი მკვლელობა სიმამრმა შეუკვეთა! ეს სიმართლეა! დამეხმარეთ, ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია, კაციშვილი რომ არ ახსენებს მის მკვლელობას! ან ვინ გაიხსენებს, მთელი მთავრობა და პარლამენტი ბოჭორიშილის გვერდით დგას და ეს საქმე გაიხსნებოდა? ამას რომ ვამბობ, მე პირადად არ მეშინია, მაგრამ მეორე ბიჭიც მყავს, კატეგორიულად ვაცხადებ: თმის ღერი არ შეერხეს და ვინმემ ზედმეტი არ გაბედოს, მე გავცემ ყველას საკადრის პასუხს!

_ ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე?

_ დახურული არ არის, მაგრამ არც ძიება მიდის. ქუთაისის საგამოძიებო ორგანოებში რომ მივდივარ, აბსოლუტურად ყველას ვხვდები, ყველა მეუბნება, ვიცით, რომ აქედან მოდის ეს მკვლელობა, მაგრამ ვერ ვუმტკიცებთო. „ნაციონალების“ დროს, როდესაც ალექსანდრე იმედაშვილი ოლქის პროკურორი იყო, ამ ბიჭმა ჩემი ამბავი მართლა გულთან მიიტანა, ჩავიდნენ თბილისში და ბოჭორიშვილს აპატიმრებდნენ. ანასტასია ზაუტაშვილმა ზუსტად ასე თქვა: ვიცი ეს საქმე, თუ გამათავისუფლებთ, მე ვიტყვი, ვინ შეუკვეთა ამ ბიჭის მკვლელობაო. როცა მთავრობა შეიცვალა და სათავეში მათი ხალხი მოვიდა, უკვე აღარაფერი აღარ იცის! დარწმუნებული ვარ ამაში, მე კი არა, ქუთაისის პროკურატურამ და საოლქო სამმართველომ აბსოლუტურად ყველაფერი იცის! იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი მამუკა დათიაშვილი იყო, სპეციალურად დამიბარა კაბინეტში და მითხრა, _ ესენი თქვენი შვილის მკვლელობის შემკვეთები არიანო, მაგრამ ეს არის პასუხი შვილმკვდარი დედისთვის?! რა ვქნათ, მტკიცებულება არ გაგვაჩნია, თორემ აქედან მოდის ეს მკვლელობაო. ეკა ბესელიამ მითხრა, ბოჭორიშვილი ძებნილიაო. თუმცა ძალიან კარგად იციან, სად არის! ნუგზარ ბოჭორიშვილი თვითონ მთავრობამ გადაუშვა საზღვარზე. 7 წლის მანძილზე რომ ვიძახდი, ეს კაცი მოიყვანეთ და დაკითხეთ-მეთქი, არ მოიყვანეს იმის გამო, რომ მერე საზღვარზე გაეშვათ! მე ვიცი, სად ცხოვრობს ბოჭორიშვილი და მაგათ არ იციან?! საბერძნეთშიც ხომ ნარკორეალიზატორია, იქაც ხომ ნარკოტიკების გამოა დაკავებული, არ იციან?! არ რცხვენია მანანა კობახიძეს, რომ გამოდის და აცხადებს, ბიზნესმენიაო?! მე ვიცი ვინ არის და მაგან არ იცის?! ჩემი შვილი მაგათი ოჯახის სიძე იყო! საიდან იშოვეს მილიონები თუნდაც ჩემი შვილის სიმამრმა, მილიონების ქონება ჩამოართვეს, დღეს ისევ მაგათ დაუბრუნეს და ყველაფერი მისცეს. არც ის იკითხეს, საიდან შეიძინა ამდენი ქონება! ყველაფერი, რაც ჩამორთმეული ჰქონდა, ზუსტად ამ მთავრობამ უკან დაუბრუნა! არ იციან, რას საქმიანობდა და სად ცხოვრობდა ბოჭორიშვილი?! როგორი ძებნილია, 24 საათი ტელეფონით არის ჩართული თუნდაც ბესელიასთან და კობახიძესთან! ვუყურებ ტელევიზორს, ვიცი რა ხდება და როგორი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში! შეხვედრა მინდა ახალ მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან, მაგრამ როგორ მოვახერხებ, არ ვიცი!

 

თამარ ბატიაშვილი