სოსო ცინცაძე – „ქართულმა ოცნებამ” XIX საუკუნის ქარაფშუტა თავად-აზნაურობასავით გაფანტა რესურსი!“

op

„ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლის“ პერსპექტივასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებებია. ეს იმ ფონზე, როდესაც კოალიციისა და ხელისუფლების რეალური ლიდერი სამომავლო გეგმებზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს. ანალიტიკოსები ერთში თანხმდებიან, რომ ივანიშვილის გარეშე „ოცნებას“ მომავალი წლის არჩევნებზე ბევრის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, დღეს არც მილიარდერის ფაქტორია ისეთი ძლიერი, როგორიც ის 2012 წლის კენჭისყრისას იყო.

ასეა თუ ისე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი და ჩამოყალიბებული კოალიცია ისევ მისი ხელმძღვანელობით მიიღებს 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა მომავალ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კოალიციისთვის.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს და ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე დაგეგმოს მუშაობა. მისივე თქმით, ივანიშვილის პოზიცია პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია და ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამასთანავე, უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ის მოახერხებს თავისი სათქმელის თქმას, ხმის მიწვდენას და ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებით მის მიერ შექმნილი პარტია და კოალიციური სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება.

დავით უსუფაშვილი შენიშნავს, რომ კოალიციები იქმნება არა მხოლოდ ხედვების ერთიანობის, არამედ ურთიერთგატანის ნიადაგზეც. ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომელთაც კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ ნაცვლად ირმა ინაშვილის ხილვა სურთ.

 

მმართველი კოალიციის სამომავლო პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება:

_ თუ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, კოალიცია არჩევნებზე ივანიშვილის გარეშე გამოვა, მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს მათ შორის მეჭიაურის განცხადება, რომელიც, ალბათ, უფრო ზუსტად გამოხატავს ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთვება მომავალ არჩევნებში, ვიდრე ეს წინა კენჭისყრებზე იყო გამოხატული.

გარდა ამისა, არ მგონია, დღეს „ოცნებას“ იმის ფუფუნება ჰქონდეს, რომ ივანიშვილის გარეშე წავიდეს არჩევნებზე.

მეორე მხრივ, რას ნიშნავს მეჭიაურის განცხადება? შეიძლება ამას თვითონაც ვერ ხვდება, რადგან განათლებით პოლიტიკოსი არ არის. მან თვითლუსტრაცია მოახდინა,  პრაქტიკულად, ის თქვა, რომ მომავალი არჩევნები გაცილებით რთული იქნება „ქართულ ოცნებისთვის“, ვიდრე ეს 2012-ში იყო; რომ 16 წლის არჩევნებში „ოცნებას“ გაცილებით მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს, ვიდრე ოთხი წლის წინათ; რომ მომავალ არჩევნებზე „ოცნება“ იმავე ავტორიტეტით ვეღარ მივა, იმ პირადი გავლენებითა თუ ნდობით, რომლითაც ის კენჭისყრაზე 2012 წელს მივიდა.

ეს პირდაპირი თვითლუსტრაციაა და ჩვენ, უპირველესად, აქედან უნდა ამოვიდეთ.

საქართველოში დემოკრატია, არც პოლიტიკური კულტურა ჯერ იმ დონემდე არ არის, რომ რომელიმე მმართველმა პარტიამ გადაწყვიტოს, _ აი, ჩვენ ყველაფერს კანონისა და დემოკრატიული პრინციპის ფარგლებში გავაკეთებთ, სამართლიან არჩევნებში მოვიგებ, თუ არადა, წავაგებთო. ვის არ წაუგია და ვინ არ დამარცხებულა ამ პროცესშიო. დღეს ასეთი განწყობილება ნამდვილად არ არის.

ამიტომ „ქართულ ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, დემოკრატიულსა და არადემოკრატიულსაც, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. აქ, უპირველესად, ეს სამიზნეა და ასეთი ოდიოზური საარჩევნო კანონის ხელუხლებლობაც სწორედ ამაზე მეტყველებს. კერძოდ, რეგიონების დაყოფა-დაქუცმაცება, მერე ხელოვნური გაერთიანება და ა. შ., ანუ დღესაც ისევ მაჟორიტარების იმედზე არიან, რომლებსაც თვითონვე აკრიტიკებენ… ამიტომ ფაქტი ფაქტად რჩება და არჩევნებამდელი პერიოდი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია გონს მოეგოს. ერთი ლიდერი აირჩიოს და მის გარშემო დაირაზმოს. ამ შემთხვევაში მას წარმატების შანსი ექნება.

მოკლედ რომ ვთქვათ, გააკეთოს ის, რაც ამ რამდენიმე დღის წინათ ვენესუელის ოპოზიციამ მოიმოქმედა. მათ დემოკრატიული ძალების მრგვალი მაგიდა შექმნეს და დაამარცხეს პარტია, რომელიც თითქმის 18 წელი მართავდა ქვეყანას; ესენი უგო ჩავესის სოციალისტები არიან. თუ გონს მოეგებიან, სწორედ ასე უნდა მოიქცნენ. თუ სამკაციანი პარტიები ისევ ძველი გზით წავლენ და ყველა ლიდერი საბნის თავისკენ გადაქაჩვას შეეცდება, მაშინ, რასაკვირველია, არაფერი გამოვა.

მეორე მხრივ, ეს პერიოდი სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მაღალი რეიტინგით გავიდეს საარჩევნო ფინიშის სწორზე, რადგან ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესების პერსპექტივა ნულოვანია. პირიქით, თვითონ სტატისტიკური სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მომავალი წლის პირველ ნახევარში ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ფასები მოიმატებს; რომ კიდევ უფრო დაიმშევა ხალხი და გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა. ამიტომ სურათი ძალიან მარტივია: დღეს მთელი ინტრიგა იქ არის, რომ ღია და აშკარა ძალადობის გამოკლებით (რაზედაც „ნაციონალური მოძრაობა“ უარს არ ამბობდა, _ ყალბი ბიულეტენების ჩაყრა, მერე ურნების მოტაცება და ა. შ.), ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად დასაქმებული იქნება. აი, ეს არის რეალობა.

_ მეჭიაურის ხაზს თუ გავყვებით, ანუ ივანიშვილის გააქტიურებას, რამდენად შეძლებს კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას?

_ აქ ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი ივანიშვილი არ არის 12 წლის წინანდელი ბიძინა. მისი პირადი ავტორიტეტი და ხალხის ნდობის ფაქტორი დღეს ისე ცამდე ასული აღარ არის, როგორც ეს წინა საპარლამენტო არჩევნებისას იყო.

რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად შეეცდებიან, ამ შეუსრულებელი დაპირებების კიდევ უფრო პედალირება მოახდინონ.

ამ დროს, ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს ძალიან ძლიერი მოკავშირეები ჰყავთ თვითონ ხელისუფლების შიგნით, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს. პირველ რიგში, ეს არის ქალაქის მერი ნარმანია, რომელიც საქმით ყველაფერს აკეთებს, რომ „ოცნების“ ავტორიტეტი კიდევ უფრო დაეცეს; პირადად ივანიშვილის ავტორიტეტი კიდევ უფრო დაეცეს, რადგან მის მიერ დანიშნული ქალაქის თავია.

კიდევ არის ასეთი რამდენიმე მინისტრი, თვითონ გუნდში ოპოზიციის ფაქტობრივი მოკავშირეები არიან. როდესაც კოალიციის რომელიმე აქტიური წევრი გამოდის და ამბობს, რომ ივანიშვილი გენიოსია, ეს მშიერი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს. ამას რეალურად უკუშედეგი მოჰყვება და საკითხისადმი მიუღებელი მიდგომაა. ამიტომ მმართველი პარტიისთვის ძალზე რთული არჩევნები იქნება. ორმოც წელზე მეტია, ამ საქმეს თეორიულად ვსწავლობ. იშვიათად შემხვედრია პრაქტიკა, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვეულ პატრიას ორ-სამ წელიწადში ასე გაეფლანგოს თავისი ავტორიტეტი. „ოცნებამ“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პოლიტიკური დივიდენდები გაფლანგა. XIX საუკუნის ქარაფშუტა ქართველი თავადაზნაურობასავით გაფანტა თავისი რესურსი. ეს იშვიათად ხდება და ახლა მოხდა ჩვენთან.

ამ ფონზე, თუ რეალობად მივიღებთ იმას, რომ საგარეჯოს არჩევნები რეპეტიცია იყო, მე მაგალითად მათთან დაკავშირებით დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ გამაჩნია.

_ ამ სიტუაციაში „რესპუბლიკური პარტიის“ ადგილსა და როლს სად ხედავთ?

_ „რესპუბლიკური პარტია“ ერთი-ერთზე ელექტორატის წინ რამდენჯერაც დარჩენილა, იმდენჯერ დამარცხებულა. თუ ჩვენ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებს ავიღებთ, ამ სიტუაციაში მათ გამარჯვების შანსი არ გააჩნიათ. ფანტაზიის სფეროში გადავიდეთ და ჰიპოთეტური სიტუაცია წარმოვიდგინოთ, _ „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება. ვერ ვიტყოდი, რომ პირისპირ, პატიოსან არჩევნებში „რესპუბლიკელები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებდნენ, რადგან „ნაცმოძრობას“ ელექტორატის სეგმენტი შემორჩა, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე „რესპუბლიკური პარტიის“ მომხრეთა რაოდენობა.

_ ზოგადად, ოპოზიციას რა შანსები აქვს, ვგულისხმობ იგივე „ნაციონალებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“, ბურჯანაძის პარტიას?..

_ მათი ერთადერთი შანსი დღეს პარლმენტში მოხვედრაა, რაც, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს, რადგან ორი-სამი წევრი პარლამენტში ამინდს არ ცვლის. ეს რამდენიმე კაცის ერთგვარ მატერიალური კეთილდღეობის გარანტიაა, მეტი არაფერი.

აი, როგორც ეს საკრებულოში ხდება: რა არის საკრებულო? ეს ხომ ჩვენთან მინიპარლამენტია. არიან საკრებულოში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იქ ამინდს ვერ ქმნიან და გაერთიანებულებიც კი პროცესებზე ძლიერად ვერ ზემოქმედებენ. თუმცა მათი ამგვარი გაერთიანებაც ყოველთვის პრობლემური ამბავია.

ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დღესვე უნდა დაიწყოს კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებისთვის ერთი ლიდერის გარშემო და ეს შიდა პრაიმერის გზით უნდა მოხდეს. ანუ შიგნით მძიმეწონოსანი ვინც არის, ყველაზე მეტი ცოდნა-გამოცდილებით, მიღებულობით და ა. შ. ამ ცნობილი პოლიტიკოსის გარშემო გაერთიანდნენ და მაშინ გამარჯვების შანსი უჩნდებათ.

_ თქვენ ასეთ ლიდერს ხედავთ დღევანდელი ოპოზიციის რიგებში?

_ მე ასეთად ნინო ბურჯანაძე მესახება. დღეს მასზე მძიმეწონოსანი არც ხელისუფლებაში და არც მის გარეთ პოლიტიკოსი არ გვყავს, რომელიც ორჯერ ყოფილიყოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ცოდნაც აქვს და განათლებაც; მიესვლება ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვშიც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და თანაც, ქალბატონია, _ ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს.

 

ნოდარ ნათაძე, ქართული პოლიტიკის ვეტერანი, „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე:

_ საქართველოში ეს ორპარტიული სისტემა უკანასკნელი სიდამპლეა, რაც კი შეიძლება არსებობდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორი სუბიექტია, _ არც ერთი არ ვარგა, ორივე დამღუპველია ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, ერთად მუშაობენ და ურთიერთწინააღმდეგობას სიმულანტობენ. ამათ ჰგონიათ და იმედი აქვთ, რომ ასი წელი ამ მდგომარეობაში იქნებიან. 60 პროცენტი მე, 40 _ შენ, მერე პირიქით, _ 60 შენ, 40 _ მე და ა. შ. წინასწარ ადგილებს ინაწილებენ. ასე რომ, მერე ეს ყველაფერი დამოკიდებულია გარიგებაზე და ამ გარიგებაზე საგარეო ძალების მოქმედების ხარისხზე და არა მათ უნარზე, რომ მოხიბლონ გინდ მაყურებელი და გინდ ამომრჩეველი.

არსებითი განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის არის, რომ „ნაცები“ ძალადობდნენ და „ქოცები“ _ არა. ესეც შეიძლება შემთხვევითი ამბავი იყოს. სხვა არსებით განსხვავებებს მათ შორის ვერ ვხედავ. ორივე მუშაობს დივერსიაზე, ქვეყნის გაძარცვაზე, გატყავებაზე და რაც შეიძლება ღრმა უფსკრულში გადაჩეხვაზე.

მე მგონია და იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში პატიოსანი პოლიტიკური ძალების ძალიან ფართო კოალიცია შეიქმნება. რაც უფრო ფართო კოალიციაა, ლოგიკურად, ბუნებრივად, მისი წევრები ერთმანეთის მიმართ უფრო ტოლერანტულები არიან. ანუ ერთმანეთს შორის პროგრამულ განსხვავებებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ. რეალურად, ეს განწყობილება მომწიფებულია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტის საგრძნობი ნაწილი არც „ნაცი“ იქნება და არც _ „ქოცი“, ვინაიდან უეჭველია, რომ ეს ახალი ფაქტორი, ინტელექტუალურად, შეუდარებლად უფრო მაღლა იდგება, ვიდრე „ნაცები“ და „ქოცები“ ერთად აღებული. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მათ პარლამენტში, ასევე ქართულ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი ხმა ექნებათ.

_ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მომავალს, ივანიშვილთან ერთად, თუ მის გარეშე?..

_ „ქართული ოცნების“ პერსპექტივა ნულის ტოლია. ეს არის ძალა, რომელშიც ინტელექტუალურად „რესპუბლიკელები“ მიიჩნევიან, რაც აბსურდია, მეტი არაფერი. საუბარია უსწავლელ ადამიანებზე, ძველი კადრები მყავს მხედველობაში. ახლა, უსუფაშვილი იურისტია და რაღაცაში ერკვევა. საერთოდ კი უსწავლელები არიან, ბევრი არ იციან დედამიწაზე. ესენი რომ კოალიციაში ინტელექტუალურ ძალად ითვლებიან, მას რა უნდა მოსთხოვო? რას უნდა მოელოდე მისგან?

_ მაგრამ ივანიშვილი თუ ამ პროცესში ისევ აქტიურად ჩაერთვება?

_ იცით, ახლა ეს ძნელი ასაწონია _ დღევანდელ საზოგადოებაში, დღევანდელ კვების რეჟიმში, რაშიც ვართ, აქ ფული რამდენად ძლიერია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე მაძღარ საზოგადოებაში, მაგრამ დეტალურად როგორ გამოისახება, ეს ბოლომდე არ ვიცით.

ქუჩაში ერთი უცნობი კაცი შემხვდა და მელაპარაკა. ეს კაცი ჩახედული, ამ სისტემაში ნამუშევარი იყო და ღიად ვისაუბრეთ. ვუთხარი, _ მიკვირს საქართველოში მომუშავე რუსული აგენტურის ჩამორჩენილობა-მეთქი, ქართველი აგენტურის, რომლებსაც არ ესმით, რომ რუსეთი ძალიან დიდი დამარცხებისთვის არის განწირული. მან მიპასუხა, _ იცით, რა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი პროგნოზი აქვთ ამ ადამიანებსო. ფულს რომ ხედავენ, გონებას კარგავენ, ფული, ამ შემთხვევაში, პირდაპირ, ფიზიკურად მუშაობსო და არა ამ ფულზე აგებული რაღაც ლოგიკური გათვლები და რაღაც პოლიტოლოგიური წინასწარხედვები.

 

გელა მამულაშვილი