რა პასუხი აქვს „ჯორჯიან მანგანეზს“ ჭიათურაში აფეთქების შედეგად ორი მუშის დაშავებაზე?

yu

„ქრონიკა+“-ში ვწერდით, რომ ჭიათურის მაღაროში, აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. კერძოდ, აფეთქება 25-ე მაღაროში მოხდა. შემთხვევის დროს მაღაროში ცვლის უფროსი და ამფეთქებელი იმყოფებოდნენ. ორივე დაშავებული თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„გაერთიანებულ პროფკავშირებში“ აცხადებენ, რომ საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არ არის დაცული, რისი დასტურიც მძიმე ტრავმული და სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევებია. მათივე შეფასებით, ამ მხრივ ხელისუფლების მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს, _ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უხვი დაპირების მიუხედავად იგი ლოზუნგებსა და კეთილ სურვილებს, ჯერჯერობით, არ სცდება.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრობლემებზე „ქრონიკა+“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, ზაქარია ზალიკაშვილს ესაუბრება:

_ ბატონო ზაქარია, რა მოხდა კონკრეტულად ჭიათურის 25-ე მაღაროში, სადაც ორმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო?

_ დეტალები გამოძიების შედეგად დადგინდება, მაგრამ პირველადი შესწავლით ეს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების იგნორირება იყო. მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ ასაფეთქებელი ნივთიერებები ასე გვიყრია და რაღაც შემთხვევით მოხდა ამის აფეთქება. თვითონ სამუშაო პროცესს აღვწერ იმისთვის:

აფეთქების პროცესი მაღაროში ყოველდღიურად, რამდენჯერმე მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს დახურული მაღაროები, სადაც ყველგან მადნის პირველი მოხსნა ასეფეთქებელი საშუალებით ხდება. რატომღაც, ჰგონიათ, რომ აქ მარტო წერაქვით მუშაობენ, ასე არ არის. ანუ აქ კაფსულის, ასაფეთქებელი ნაღმის სპეციალური ინსტრუქტაჟი მოქმედებს. საკმაოდ დეტალურად გაწერილი პროცესია, რადგან ეს ასაფეთქებელ საშუალებას ეხება. ამ პროცედურების მიხედვით სპეციალური ბურღები გააქვთ, შიგნით ეს ნაღმები იდება და შემდეგ მათი თანმიმდევრული აფეთქება მიმდინარეობს. ამას ამფეთქებელი ითვლის და  აკონტროლებს.

თუ ისე მოხდა, რომ ერთი ნაღმი არ აფეთქდა, სპეციალურად ყველა გამოდის და მერე ეს ამფეთქებელი ცვლის უფროსთან ერთად ადგილზე ბრუნდება. ანუ ჩვენ არ გვყავს სპეციალურად მოწვეული ამფეთქებელი, ეს არის ჩვეულებრივი თანამშრომელი, საშტატო ერთეულია, რადგან ჩვეულ სამუშაო პროცესთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, ბრუნდება და აქაც არსებობს აუფეთქებელი ნაღმის განეიტრალების რამდენიმე სტანდარტი, სპეციალური პროცედურები, გაწერილი ყველა შესაძლო ვარიანტით და ა. შ. შემდგომ უკვე ერთ-ერთი პროცედურა უნდა განახორციელოს, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

აქ, რამდენადაც ვიცი, ზომა არასწორად იყო შერჩეული და განეიტრალება არასწორად განხორციელდა. სამწუხაროდ, აფეთქების ტალღამ თანამშრომლებს სახე დაუწვა და თვალები დაუზიანა.

საერთოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება ისეთი სიხშირით ხდება, უსაფრთხოებს ნორმები ასე მკაცრად გაწერილი რომ არ გვქონდეს, დაშავების მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა. პრინციპში, ეს მეორე შემთხვევაა. შარშან ერთი შემთხვევა იყო და წელსაც ეს პირველად მოხდა, როდესაც თანამშრომლები დაზიანდნენ.

გასულ წელსაც კომისიამ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო იმ ნორმების მკაცრი იგნორირება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში თანამშრომლებს მოეთხოვებათ, იმისთვის, რომ აუფეთქებელი ნაღმი გაენეიტრალებინათ.

_ როგორ გაგრძელდა დაშავებულების მკურნალობის პროცესი და სამედიცინო დაზღვევა თუ აქვთ?

_ ტენდერის გზით კომპანია „იმედი ელი“ შევარჩიეთ, რომელიც თანამშრომლებს აზღვევს. რასაკვირველია, დაზღვევის სისტემა უბედურ შემთხვევებზეც ვრცელდება. პირველი დახმარება ადგილზე ნიუჰოსპიტალში აღმოუჩინეს. შემდგომ, რადგან უფრო სერიოზულ მკურნალობას მოითხოვდნენ, თბილისის ნიუჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ბუნებრივია, იქ თუ საჭირო მკურნალობა დაზღვევის ლიმიტს აჭარბებს, კომპანია უკვე საკუთარ თავზე იღებს ანაზღურებას.

მიუხედავად იმისა, რომ კომისია და გამოძიება თვითონ ადგენს დაზარალებულთა მხრიდან უსაფრთხოების ნორმების იგნორირებას, კომპანია მაინც საკუთარი ხარჯებით მკურნალობს მათ და საჭირო თანხებს გამოყოფს.

_ გადავიდეთ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე თქვენს საწარმოებში, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებზე და ა. შ.

_ ინდივიდუალური დაცვის სტანდარტებს რაც შეეხება, ჩაფხუტს, სპეცტანსაცმელს და ა. შ. ჯერ ვთქვათ, რა არის მაღალი და დაბალი სტანდარტი. რაც ვმუშაობ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენი თანამშრომელი იმის გამო დაზიანებულიყოს, რომ უხარისხო სპეცტანსაცმელი ჰქონდა და ამ ინვენტარმა მისი სხეულის დაცვა ვერ უზრუნველყო.

რასაკვირველია, ტანსაცმლის ხარისხს ვაკონტროლებთ. ეს ჩინეთიდან შემოგვაქვს და ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ უხარისხო მომწოდებლების მსხვერპლი ვართ, რადგან ერთია, რასაც გაჩვენებენ და მეორე, შემდეგ რაც აღმოჩნდება, მაგრამ მუდმივად ვაუმჯობესებთ და ვერც ერთი მუშა ვერ იტყვის, რომ ასეთ მიუღებელ რეჟიმში იმყოფება.

არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც უხარისხო გამოდგება და მერე მომწოდებელთან ვასაჩივრებთ. ეს უკვე შესყიდვების პროცესია. თუმცა ის, რომ კომპანია მიზანმიმართულად აძლევდეს თანამშრომლებს უხარისხო სპეცტანსაცმელს, ეს გამორიცხულია.

მეორეც, კიდევ თუ რაღაცით უკმაყოფილო არიან, ამას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ამ მხრივ ბევრი რაღაც შეიცვალა. 6-7 წლის წინათ ამ კომპანიაში უსაფრთხოების მიზნით სპეცტანსაცმლის არც კლასიფიკაცია არსებობდა და არც მისი გამართული მიწოდება. ეს არის მუდმივი და აუცილებელი პროცესი, რომ სტანდარტებთან მისადაგება შემოწმდეს და შესაბამისად, უკვე თანამშროლებს მოხმარებაში გადაეცეს. უკმაყოფილების სიგნალს, რასაკვირველია, ვითვალისწინებთ.

რაც შეეხება ტრენინგებს, თანამშრომლებს იგი მუდმივად უტარდებათ. დღის განმავლობაში სპეცტანსაცმლის მდგომარეობა უმოწმდებათ.

ზოგიერთი მუშა, რომელიც ფეროშენადნობთა ქარხანაში ღუმელთან არის დასაქმებული, ზაფხულში მაუდის სპეცტანსაცმლით მუშაობას უჩივის, რადგან ცხელა. მართალია, ზაფხულში ამ სპეცტანსაცმლით მუშაობა ძნელია, მაგრამ ეს ხდება როცა ღუმელთან მიდის, მუდმივად იქ არ დგას.

ჩვენ გავითვალისწინეთ და სპეციალურად ჩამოვიტანეთ თერმოჩასაცმელები და დავურიგეთ, მაგრამ ბევრმა მუშამ განაცხადა, რომ მოუხერხებელი კი არა, თავს არადაცულად ვგრძნობთო და ისევ ეს ძველი უნიფორმა დავაბრუნეთ. მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. პროცესის მუდმივად განახლება ხდება.

ჩვენი კომპანია ქართულ-ამერიკულია და იქაური გამოცდილებაც გადმოგვაქვს. იგულისხმება ქარხნების უსაფრთხოების სისტემა.

ახლა, ჩვენმა კომპანიამ თვითონ გამოთქვა მზადყოფნა და ახლად შექმნილ შრომის ინსპექციასაც თხოვნით მიმართა. ჩამოვიდა კომისია, ჯერ ჭიათურის მაღაროში შრომის უაფრთხოების პირობები შეისწავლა და ამ დღეებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ჩატარდება პროცესი. სამწუხარო ის არის, რომ თავად მუშები სათანადოდ არ ზრუნავენ ხოლმე საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი პრობლემა.

_ რაც შეეხება საწარმოო ფონდების ამორტიზებას, ამაზე რას იტყვით?

_ ქარხანა 80 წლისაა, 1930 წელს პირველი ფეროშენადნობის წარმოება დაიწყო და მას შემდეგ, რეალურად, აღარ განვითარებულია. ეს კი არა, როდესაც 80-იან წლებში იაპონელებმა ქარხანას იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ღუმელები გადასცეს, 90-იან წლებში ისე გაიძარცვა, რომ ახლა მისი აღდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია, კომპანიას ძალიან ძვირი უჯდება. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეგრესი მიმდინარეობდა.

ბოლო სამ წელიწადში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, მარტო შარშან, ათმილიონიანი ინვესტიცია განხორციელა, როდესაც ქარხანაში ჰიდროსეპარატორი გაიხსნა. ეს არის წიდიდან, ნარჩენებიდან კიდევ გადამუშავება და მანგანუმის ნარჩენების გამოტანა. რეალურად, ეს ულტრათანამედროვე ქარხანაა, რომელიც გერმანულმა კომპანიამ „ოლ მინერალსმა“ დააპროექტა და აამუშავა. მას სრულიად ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან.

ახალი ღუმლისთვის ზესტაფონის ქარხანაში დაახლოებით რვამილიონიან ინვესტიციას ვახორციელებთ ინდურ კომპანია „გალასთან“ ერთად. ეს არის ახალი სიტყვა მეტალურგიაში.

ასევე ვეხმაურები პროფკავშირების განცხადებას, _ მიმდინარე წელს მეოთხე საამქროში ახალი გაზგამწმენდი საამქროს სრული ავტომატაზაცია მოხდა, რომელიც „სიმენსის“ მიერ წარმოებული გერმანული საშუალებებით განხორციელდა. კომპანიას რამდენიმე ასეულ ათასობით ლარი დასჭირდა, რომ სისტემა მთლიანად გამოეცვალა. ეს ერთ-ერთი პროცესია, რომელიც კომპანიის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამციროს. გერმანული წარმოების მთლიანად ახალი ტიპის ფილტრებს ვაყენებთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წარმოებისას გარეთ გამობოლქვილ მტვერს.

გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგისთვის ამ წელს 200 ათას დოლარზე მეტის ინვესტიცია გავაკეთეთ: ქალაქში ოთხი ავტომატიზებული ლაბორატორია დაყენდა, რომელიც ონლაინ რეჟიმში აკეთებს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს და ამას გადასცემს როგორც ჩვენს ლაბორატორიას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს. ანუ ჩვენ საკუთარ თავს დავუწესეთ მონიტორინგი და მონაცემებს ონლაინ რეჟიმში გარემოს დაცვის სამინისტროს ვაჩვენებთ.

ამას გარდა, ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ რამდენიმემილიონიან ინვესტიციას და ჭიათურაში შევიძინეთ: ახალი ტრანსპორტი, სპეცტექნიკა, ვაგონები, საბურღი მანქანები, მოწყობილობები და ა. შ. ასე რომ, ეს საყვედური სრულიად მიუღებელია. ბოლო რამდენიმე წელიწადში გაძარცული კომპანია ფეხზე დავაყენეთ და პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. რასაკვირველია, ბევრი რამე განახლებას კიდევ საჭიროებს.

 

 

 გელა მამულაშვილი