სენაკი – ეკა ბესელიას მამა, ფოთი – ეკა ბესელიას და…

6

ზუგდიდი რომ დასავლეთ საქართველოში „კრიმინალური მექის“ წოდებას ქუთაისთან ერთად იყოფდა, საიდუმლო არავისთვისაა. არც ისაა ახალი ამბავი, რომ კრიმინალური სამყაროს „უმაღლესი ტიტულის“ მქონეებს შორის ამ ქალაქს ერთ-ერთი პირველი ადგილი ეჭირა საქართველოში.

შესაბამისად, აქ კრიმინალური მენტალიტეტის დამარცხება, ახალ თაობაში სხვა ღირებულებების დანერგვა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, თუმცა წინა ხელისუფლებამ, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და შედეგსაც მიაღწია.

 

ახლა ბევრს დაობენ და, ალბათ, მომავალშიც დიდხანს იდავებენ, რამდენად იყო კანონთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან შესაბამისობაში ეს ნაბიჯები და, აქედანვე უნდა ითქვას, რომ, უმეტესწილად, ამ მხრივ სერიოზული დარღვევები ჰქონდათ, თუმცა თუ დღეს ზუგდიდში იკითხავთ, ადგილობრივების უმრავლესობისგან ბანალურ პასუხს მიიღებთ: „სხვანაირად არ შეიძლებოდა“.

დაახლოებით ოთხი წლის წინ ზუგდიდის ცენტრში, რაფიელ ერისთავის ხეივანში, ზუგდიდში საყოველთაოდ ცნობილი, კოლორიტად წოდებული ორი „ავტორიტეტი“ სცემეს. ამ ფაქტში დასამახსოვრებელი არაფერი იქნებოდა, ის რომ ჩვეულებრივი, კრიმინალური გარჩევა ყოფილიყო. სინამდვილეში კი ეს ფაქტი იმის დასტურად იქცა, რომ ზუგდიდში „სხვა თაობა მოდის“ და რომ „ახალ თაობას“ „ქურდულ“ მენტალიტეტს ვერავინ მოახვევს თავს:

„ავტორიტეტები“, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, 17 წლის ბიჭებმა სცემეს _ ისინი სპორტდარბაზიდან, კარატეში მორიგი გაკვეთილის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ, გზად ხეივანში გაიარეს და იქვე შეკრებილი სამი-ოთხი „ბირჟავიკისგან“ დაცინვის ობიექტები გახდნენ მხარზე მოკიდებული ზურგჩანთისა და ერთ-ერთის გრძელი თმის გამო.

დაცინვას შელაპარაკება მოყვა, შელაპარაკებას _ „რომელ უბანში ცხოვრობ“ და „ვის იცნობ მანდ კაი ბიჭებს?“ ფრაზები, რაც სპორტსმენებმა უგულებელყვეს, „ბირჟავიკებისგან“ მრისხანედ დასახელებული თავიანთი ვინაობაც არად ჩააგდეს და ისინი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ფეხქვეშ გაიგდეს.

ეს ფაქტი ზუგდიდში დღეს ბევრს ახსოვს და, ალბათ, დიდხანს ემახსოვრება. ის დრო, როცა ასეთი „ბირჟავიკები“ ქალაქში ამინდს ქმნიდნენ, წარსულს ჩაბარდა. თუმცა 2012 წლის შემდეგ აქა-იქ უკვე შეიმჩნევა მცდელობა, ზუგდიდში ის წარსული დაბრუნდეს, როცა იმავე ხეივანში, სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში, მორეიდე პატრულის თვალწინ, დილით აგროვილი ფულით აღებული ჰეროინის „ჩეკები“ გაიცემოდა და ვერავის ხელს ვერ კიდებდნენ.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის, საერთოდ, ნარკოტიკული დანაშაულისთვის წინა ხელისუფლების დროს დაკავებული და შემდეგ, სასამართლოს მიერ პატიმრობამისჯილი პირების უმრავლესობა უკვე დაბრუნდა და მათგან არცთუ ცოტამ არათუ საპყრობილე დატოვა, პირდაპირ ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში მოიკალათა.

ვინმე რომ არ მოგვედავოს, კონკრეტულად დავასახელოთ: ყველამ კარგად იცის და, ალბათ, ელემენტარული ტესტი იქნება საკმარისი იმის დასადგენად, რომ, მაგალითად, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ყოფილ თუ მოქმედ წამალდამოკიდებულთა თავშესაფრადაა ქცეული. რასაკვირველია, „ქრონიკა+“ ცალსახად უჭერს მხარს ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში ინტეგრირებას და არანაირი სტიგმის დამკვიდრების მომხრე არ არის, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს გარკვეული ვადით უკრძალავს საჯარო თანამდებობის დაკავებას, ამ სტრუქტურაში კი ეს გარემოება აშკარად უარყოფილია.

წინა ხელისუფლებას, უამრავ მინუსთან ერთად, ერთი პლუსი ჰქონდა: არსებობდა ასეთი ცნება: „ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილი“, რომელიც მხოლოდ გონივრულ ეჭვზე იყო დაფუძნებული და თუკი ვინმე პოლიციაში, სხვა ძალოვან უწყებაში, უბრალოდ, საჯარო სამსახურში მიიჩნეოდა ასეთად, ეს უკვე საკმარისი იყო სამსახურიდან დათხოვნისთვის. რა თქმა უნდა, დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ეს არ სახელდებოდა, მაგრამ პიროვნებას საქმის კურსში აყენებდნენ, რატომ, რის საფუძველზე იყო მიჩნეული ეჭვმიტანილად და ისიც სამსახურიდან მიდიოდა.

ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურში თავად უფროსსაც კი, წინა ხელისუფლების დროს, არანაირი შანსი არ ექნებოდა, ეს თანამდებობა დაეკავებინა, რადგან ის სწორედ ამ კატეგორიაში მოხვდებოდა _ ანუ, იმ პირთა შორის, რომელიც არასდროს დაუკავებიათ, ან გაუსამართლებიათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს.

მხოლოდ ის რად ღირს, რაზეც წინა ნომერში „ქრონიკა+“-იც წერდა, _ სწორედ ამ სამსახურის თანამშრომელი და მოქმედი მერის ცოლის ნათესავი ზუგდიდში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენის გამო დააკავეს. არსებობს ეჭვი, რომ ის ამ საქმეში სწორედ სამსახურის უფროსის „კურთხევით“ იყო ჩარეული, ხოლო საჯარო მოხელის მოწმობა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მდგომარეობა გამოეყენებინა _ როგორც წესი, პატარა ქალაქში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა კარგად იციან, რომელ მანქანაში ვინ ზის, ვინ უნდა გააჩერონ და ვისი გაჩერებაა „შარის აკიდება“.

 

მართალია, „ნარუშილოვკები“ ოფიციალურად, გაუქმებულია, მაგრამ რეგიონებში დღემდე არსებობს ე. წ. პრივილეგირებულ მძღოლთა სია, რომელთა გაჩერება „მიზანშეწონილი არ არის“ და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, ამ სიაში ამ ხელისუფლების დროს ციხიდან სხვადასხვა მოტივით გამოშვებული პირები შედიან: ზოგი მერის ნათესავია, ზოგი „ოცნების“ დეპუტატის ჯგუფელი, ზოგი ბესელიას პროტეჟე და მათ უმრავლესობას თავისუფლად გადაადგილება იმისთვის სჭირდება, რომ ისევ ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული: მისვლა, მოსვლა, აღება და გაცემა ისევ „ცვეტშია“.

ზუგდიდის მერის ცოლის ნათესავი პირველი იყო მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც დააკავეს. მაგრამ ამის პარალელურად, სანამ არ ახარებენ „ლიფსიტებს“, თავისუფლად გადაადგილდებიან და, ჩვენი ინფორმაციით, ისევ ძველებურ ყაიდაზე ცხოვრობენ „მოზრდილი ღლავები“.

ერთ-ერთი ასეთი „მოზრდილი ღლავი“, რომელსაც ზუგდიდში ყველა იცნობს, ეკა ბესელიას პროტეჟე, ყოფილი პოლიციელი და ნარკოდანაშაულისთვის ყოფილი მსჯავრდადებული ვანო, იგივე ვათა კოდუაა.

„ვათას წამალი“ _ ეს ფარაზა, სულ რაღაც, ხუთი-ექვსი წლის წინათ ადგილობრივ წამალდამოკიდებულებში ძალიან პოპულარული იყო, რადგან სწორედ ვათა იყო ჯერ კიდევ შემორჩენილი „ძველი გვარდიელი“, რომელიც ნარკოტიკს „უშვებდა“. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ის არ დააკავეს და ციხეში არ ჩასვეს. ეს წინა ხელისუფლების დროს მოხდა.

გავიდა დრო, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ერთ დღესაც ვათა კოდუა შესაწყალებელთა სიაში აღმოჩნდა, როგორც ამბობენ, ეკა ბესელიას დიდი „მონდომებით“ და, ასევე მოარული ხმებით, არცთუ უანგაროდ _ თვითონ ვათას ახლობლებში არაერთხელ აქვს მოყოლილი, თუ რა ძვირი დაუჯდა განთავისუფლება იმის მიუხედავად, რომ ეკა ბესელია „კრიშავდა“.

ვათა ციხიდან გამოვიდა და დღესაც თავისუფალია. ბუნებრივია, არც ძველი ცხოვრების წესის გახსენებაზე უთქვამს უარი.

პოლიტპატიმართა სიაში მოხვდა და დღეს თავისუფალია ჯონი ჯიქია _ ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ედუარდ შევარდნაძის დროინდელი გუბერნატორის, ბონდო ჯიქიას ძმისშვილი. ჯიქია წამალდამოკიდებული პირი იყო და ზუგდიდში დღეს ბევრი გეტყვით, რომ მისი კაბინეტი გამგეობის შენობაში ხშირად იკეტებოდა შიგნიდან, რათა იქ მეგობრებთან ერთად განმარტოებულ ჯონი ჯიქიას ნარკოტიკი მიეღო. ამასთან, ჯიქია არც წამლის „აღებაზე“ ამბობდა უარს.

ჯიქია დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში დააკავეს. ის ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ იყო და ჩხრეკის დროს, ოფიციალური ვერსიით, რამდენიმე „ჩეკი“ ჰეროინიც უპოვეს. ახალმა ხელისუფლებამ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანა.

პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიუღია, მაგრამ ციხიდან შეწყალებით განთავისუფლდნენ ცნობილი გამსაღებლები, ყოფილი პოლიციელები მერაბ ქებურია და ბესო ჭკადუა, რომელთაგან ერთი სუბუტექსზე, ერთი კი ჰეროინზე იყო „სპეციალიზებული“. როგორც ამბობენ, ყველა ამ შემთხვევას ორი რამ აერთიანებს: ეკა ბესელია და დიდი ფული.

საერთოდ, ეს სქემა ზუგდიდში საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და, ზოგადად, სამეგრელოში კი ისევ ბესელიას ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა. როგორც ამბობდნენ _ სენაკში „სიაში ჩასმას“ ეკა ბესელიას მამა ედგა „სათავეში“, ფოთში კი _ ეკა ბესელიას და. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სტატიაში მხოლოდ იმ პირებს ვასახელებთ და მათზე ვწერთ, ვინც ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სხვადასხვა სასჯელს. მათ გარდა, უამრავია პირი, რომელთა განთავისუფლება ისევ და ისევ ეკა ბესელიას უკავშირდება და მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებულები.

„ბესელიას სიაში“ მოხვედრილი პირებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია სარიების ოჯახი: ორი ძმა, დედა და ერთ-ერთი სარიას მეუღლე, რომლებიც პირდაპირ სახლიდან, დაუბრკოლებლად ჰყიდდნენ ნარკოტიკებს. ერთ-ერთი, გოჩა სარია, ყოფილი პარტიზანი იყო და ქალაქში შეიარაღებულიც კი დადიოდა.

ის ქალაქის ცენტრში, გამვლელების თვალწინ დააკავეს, პარალელურად კი სპეცრაზმი მის სახლში შევიდა და აღმოჩნდა, რომ ოჯახის წევრ ერთ-ერთ ქალს ტანზე ჰქონდა შემოხვეული რეზინის, ჯიბეებიანი „ფართუკი“, სადაც ჰერონის ჩეკები იდო…

„ბესელიას სიაში“, ამჯერად უკვე პოლიტპატიმრის სტატუსმინიჭებულთა შორის, ცხადია, მხოლოდ ზუგდიდლები არ არიან. ერთ-ერთია ახალციხელი თემურ გორდელაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს, თუმცა იმის გამო, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და მისი წყალობით რამდენიმე გამსაღებელი დააკავეს, გასაღების მუხლი შენახვა-გამოყენების მუხლით შეუცვალეს და ისე გაუშვეს ციხეში.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გორდელაძეების ოჯახმა ეკა ბესელიასთან არხი გაჭრა. როგორც ჩანს, პოლიტპატიმრის სტატუსი ძალიან ძვირი ღირდა, რადგან გორდელაძეებმა თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე მათი ბინაც გაყიდეს, რასაც ციხეში მყოფ თემურ გორდელაძესა და მის ორ ძმას შორის დაპირისპირებაც კი მოჰყვა. საბოლოოდ, როგორც ეტყობა, ფული მაინც შეგროვდა და თემურ გორდელაძე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა ციხიდან.

 

დოროთე გითოლენდია