წერილები ციხიდან

44

„ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის კარგად ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან რედაქციაში ხშირად მოდის პატიმართა წერილები. პატიმრების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანონოდ იხდის სასჯელს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ზოგი საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივის და პატიმრობის ვადის მოხდას ღირსეულ პირობებში ითხოვს. ზოგიც ხელისუფლებისგან ყურადღების მიპყრობას გაზეთის მეშვეობით ცდილობს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ფრაგმენტებს პატიმართა წერილებიდან.

 

კახა მეცხვარიაშვილი _ ბათუმი, სასჯელაღსრულების #3 დაწესებულება:

_ ოჯახური პრობლემების გამო ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვსვამდი. დაწესებულებაში აღმოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი, ქალბატონი ნატო კოპალიანი, რომელმაც დიდი ამაგი გამიწია. მასთან კონსულტაციების შემდეგ, გაიგო, რომ ვირუსული ჩ ჰეპატიტით ვარ დაავადებული და ფსიქოტროპული მედიკამენტები ცუდად მოქმედებდა ღვიძლზე. მან არა მარტო ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამანებებინა თავი, დამანახვა ცხოვრების ჭეშმარიტი გზა. დღესდღეობით მყავს მოძღვარი, გავხდი აღმსარებელ-მაზიარებელი და ვიცავ მარხვას. ასევე მირჩია, ფსიქოლოგიური კონსულტაციები გამევლო ბატონ ზურა ქარჩავასთან. მინდა, მადლობა  გადავუხადო ქალბატონ ნატოს და ბატონ ზურას გვერდში დგომისთვის. უფალმა გააძლიეროს ეს ღვთისნიერი ადამიანები. თქვენი დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წერილს გამომიქვეყნებთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.

 

გიორგი ოქროპირიძე _ რუსთავის მე-6  დაწესებულება:

_ მოგმართავთ დახმარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ყველა კონვენციისა და კანონის დარღვევით, არაკონსტიტუციურად ვარ პატიმრობაში, უკვე 16 თვე ხდება. ამ ყველაფრის ტელეეთერით დამკვეთია პრემირ-მინისტრი, ხოლო მისი ნების აღმსრულებელია ევროსაბჭოს რეზოლუციით აღიარებული პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ხათუნა ხარჩილავა. იგი მიზანმიმართულად ეწევა ჩემს დევნას და არღვევს ყოვეგვარ კანონს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მჩაგრავს და ბოროტად იყენებს თანამდებობრივ ძალაუფლებას. სასამართლოსთან არასოდეს მქონია უთანხმოება და არც არასოდეს დამიყენებია მოსამართლის აცილების საკითხი, მაგრამ ამ მოსამართლის უკანონო ქმედებებს უკვე საზღვარი აღარ აქვს. მან დაარღვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და წინასწარ პატიმრობაში დამტოვა 16 თვის განმავლობაში მძიმე ჯანმრთელობის მქონე უკანონო პატიმარი. ამ ფაქტზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც აღწერილია, რომ ჩემი ამ პატიმრობით ილახება სტრასბურგის პრეცედენტული გადაწყვეტილებები და ა. შ. მე დღეს მოსამართლეს აცილების შუამდგომლობა დავუყენე უამრავ ობიექტურ მიზეზთა დასაბუთებული ერთობლიობით და ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი მოწმის სტატუსით არის დასაკითხი ამ საქმეზე. ამ ფაქტით მოსამართლე გაბრაზებული და გაღიაზინებული იყო ჩემი და ჩემი ადვოკატის მიმართ. მან ყოვლად უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად გამაძევა სასამართლოდან ისეთ სიტუაციაში, რასაც საერთოდ არ მოველოდი და არაფერი დამირღვევია.  მოსამართლეს შეკითხვას ვუსვამდი შუამდგომლობის დაყენების შესახებ და ასევე მის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ძალიან საწყენი იყო მისი მხრიდან ჩემ მიმართ ცინიკური დამოკიდებულება. ამას მოჰყვა ჩემი სასამართლოდან გაძევება. ეს ყველაფერი ემსახურება ჩემს მიზანმიმართულ დევნას. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში ვარ ტყვე და ჩემზე არ ვრცელდება არანაირი კანონი. გთხოვთ, გამიწიოთ მაქსიმალური დახმარება და გვერდში ამომიდგეთ ამ მძიმე სიტუაციაში, რათა ჩემ მიმართ აღდგეს სამართლიანობა, აღარ დავიჩაგრო ასე უსამართლოდ და მომეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში კი სიცოცხლის უფლება, ვინაიდან ვარ მუდმივი წამებისა და ზეწოლის ქვეშ.

 

თამარ ბატიაშვილი