მაღალი თანამდებობის პირი და რიგითი მოქალაქე – ქეისი, რომელიც სახელმწიფოს უხერხულობას შეუქმნის!

222

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ორგანიზაციის ლიდერი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დღეს სასამართლოს ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, დაშვებული განზრახი შეცდომები გაასწოროს. ერთმა მოსამართლემ არ დაუშვას სახიფათო პრეცედენტები, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას ეხება, ეს მომავალში დარტყმას მიაყენებს, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, მისდამი ნდობას და რეპუტაციას. ჩვენ არ გვსურს, მაგრამ თუკი სასამართლო კანონიერი გადაწყვეტილებების გზით არ წავიდა, ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ საქმეს ევროსასამართლოში, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, აუცილებლად გაჩნდება ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულების სისტემა, ერთი მოსამართლის მიკერძოებულობამ, მოქალაქის მთავარი კონსტიტუციური უფლების _ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევამდე მიიყვანა, რადგანაც არ არსებობს ფაქტი, რომელიც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საწინააღმდეგოდ მეტყველებდეს. ამაში საზოგადოება მომავალში გამოქვეყნებული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ დარწმუნდება“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან არჩილ კაიკაციშვილი, თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასაჯაროებს მხარეს და მოსამართლეს, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

 

არჩილ კაიკაციშვილი:

 

_ არჩილ, თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება სასამართლოს მიერ მოქალაქისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით სკანდალური აღმოჩნდა. დუმს სასამართლო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მართლაც საკამათოა. რა ფაქტებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო?

 

_ ყველა ჩემი განცხადება არის არგუმენტირებული და მტკიცებულებებით დადასტურებული. მე არ მჩვევია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მართლმსაჯულების განხორციელებას ეხება. გაოგნებული ვარ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვა. მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლება აეკრძალა. ასეთი რამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც კი არ ხდებოდა. მაშინ სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ არ გამიგია და არ გვინახავს, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე მოსამართლეს რომელიმე გადაწყვეტილებაში მიეთითებინოს. დღეს შერჩევითი მართლმსაჯულებაა, რაც პროფესიულმა წრეებმა, მედიამ და თავად სასამართლო სისტემამ არ უნდა დაუშვას. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, ანუ სადავო ქონებაზე ყადაღის წარმოშობას, მართლმსაჯულების, მხარისა და დავის ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ შემიძლია მხარეთა იდენტიფიცირება, მაგრამ ვაფრთხილებ სასამართლო ხელისუფლებას, ჯერ კიდევ დროა, გამოსწორდეს დაშვებული შეცდომა, გასაჩივრებულ განჩინებაზე მიღებულ იქნეს კანონიერი გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს წარმოადგენს მაღალი თანამდებობრივი სტატუსის მქონე პირი, სასამართლომ, პირველ შემთხვევაში, ვერ შეძლო საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

_ მართალია, თქვენ, ჯერჯერობით, არ საუბრობთ დავის მხარეებზე, თუმცა მნიშვნელოვანია სიცხადე, რა მოხდა სინამდვილეში? მნიშვნელოვანია, მინიშნებები გააკეთოთ, რა სფეროში საქმიანობს თქვენი მოპასუხე? რა გავლენები აქვს, რომელმაც შეძლო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და გამოწვევა?

_ დავის ხასიათიდან გამომდინარე, რადგანაც მოთხოვნილია ყადაღის უზრუნველყოფა, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დავები მოპასუხისთვის შეტყობინების გარეშე იხილება, ამჟამად არ შემიძლია მისი დასახელება. არსებობს დასაბუთებული ფაქტები, რომ მოპასუხე სადავო ქონების გასხვისებას უკრაინის მოქალაქეზე აპირებს. ჩვენ სასამართლოს ყველა მტკიცებულება წარვუდგინეთ, რომელიც საკმარისზე მეტია, მოსამართლეს მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება და სადავო ქონებაზე ყადაღა წარმოეშვა. ეს ქეისი მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი და სასამართლო მნიშვნელოვანი უხერხულობის წინაშე აღმოჩნდება. დიახ, ჩვენი მოპასუხე მაღალი თანამდებობის სტატუსის მქონე პირია. ჩანს, მისი ფაქტორი გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე. ფაქტობრივად, მოსამართლის პოზიციების მართვა შეძლო. ამიტომაც მივიღეთ უკანონო გადაწყვეტილებები. მე არ ვაპირებ, შევეგუო ამ ფაქტს. მე ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას უფლებებისთვის. ამიტომაც სასამართლოს მიერ დაშვებულ უკანონობაზე, 2015 წლის 9 დეკემბერს, წერილით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს. მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ფაქტზე წერილობითი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონ ნინო გვენეტაძის მიმართ. საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები და დიპლომატიური კორპუსი. მოვითხოვ შეხვედრას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან, რადგანაც საქმეზე არა ერთმა მოსამართლემ, არამედ სასამართლო ინსტანციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა, უწინარეს ყოვლისა, ეხება მოსამართლის მიერ საქმის განხილვის პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ გარემოს, მიუკერძოებლობას, მხოლოდ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. არ მეგონა, რომ სასამართლო მხარე აღმოჩნდებოდა. ეს დაუშვებელია, მართლმსაჯულების საკუთარ ინტერესებზე მორგება გამორიცხულია. ამაზე პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ამ დავაზე კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს. როდესაც დოკუმენტები გამოქვეყნდება, მე ამას ვაპირებ, საზოგადოება დაინახავს, მოსამართლეს მართლა არ შეექმნა შინაგანი რწმენა თუ სინამდვილეში რა მოხდა.

_ სინამდვილეში რა მოხდა?

_ თბილისის საქალაქო სასამართლო წავიდა საქმეში არსებული ფაქტების, მტკიცებულებებისა და საქმის პერსპექტივის წინააღმდეგ, მიღებული გადაწყვეტილებებით კი სასამართლო გასცდა იმ მსჯელობას, რომელიც უნდა არსებულიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სარჩელის აღძვრამდე განცხადების განხილვის დროს. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 20 ნოემბერს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სარჩელის აღძვრამდე, განცხადებით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ტრადიციულად გაეცნო შემოსულ ახალ საქმეებს, სასამართლომ მიიღო ინფორმაცია მოპასუხის სადავო ქონებაზე ყადაღის წარმოშობის უზრუნველყოფის შესახებ, საქმე განსახილველად გადაეცა პროფესიულ წრეებში ლოიალურობით ცნობილ მოსამართლეს, რომელმაც 24 ნოემბერს განჩინება გამოიტანა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლემ, თითქოსდა ვერ დაინახა დავასთან დაკავშირებით მოქალაქის იურიდიული ინტერესი, როდესაც აღნიშნულის შესახებ წარდგენილი უამრავი მტკიცებულებაა. 24 ნოემბრის განჩინება თავისი დასაბუთებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა _ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო ანალოგიის გამოყენების საფუძველზე. მოსამართლის მიერ ანალოგიის გამოყენებაზე მითითება გაუგებარია, ვინაიდან ანალოგიის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, თუ სახეზეა ხარვეზი კანონმდებლობაში, ანუ როდესაც სამართლებრივი თვალსაზრისით, განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხი არ არის გათვალისწინებული და რეგულირებული სამართლის არც ერთ საპროცესო ნორმაში. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან დაყენებული მოთხოვნების მარეგულირებელი ნორმები არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში. გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, სინამდვილეში რაც მოხდა _ სასამართლო აღმოჩნდა ცაიტნოტში, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კანონით დაცულ ვადაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში დადგა პოლიტიკური ანგარიშგების საკითხი _ მოსამართლე ღიად აღმოჩნდა მხარე, მიკერძოებული და ფეხქვეშ გათელა მტკიცებულებები, რომლის არსებობაც ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა ამ სასამართლოსთვის. ამიტომაც მოსამართლემ განჩინება ისე გამოიტანა, რომ არ უმსჯელია არც ერთი მტკიცებულების შინაარსზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სრული რწმენა გვაქვს და მაღალი მტკიცება, რომ მოქალაქის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებადია, ლეგიტიმურია და დავას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში არ დარჩენილიყო რაიმე სახის კითხვები განჩინებით მითითებული იურიდიული ინტერესის შესახებ, მოსამართლის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით არ გაგვისაჩივრებია, ერთი დღის ვადაში მოვახდინეთ ხელოვნურად შექმნილი ბარიერის _ ხარვეზის გამოსწორება და თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 25 ნოემბერს, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ახალი განცხადებით მივმართეთ. საქმე კვლავ პირველი განჩინების მიმღებ მოსამართლეს დაეწერა, თუმცა ამჟამად მიღებულ იქნა ყველაზე დიდი უკანონო გადაწყვეტილება _ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ 25 ნოემბრის განჩინებით სავარაუდო მოსარჩელეს პირდაპირ მიუთითა, რომ აღარ ედავა, სასარჩელო მოთხოვნებს სასამართლოსთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, არც საქმეში არსებული მტკიცებულებების მიმართ მოხდებოდა შეფასება, რითაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ მიუთითა, რომ მოპასუხის ინტერესების დაცვა, მართლმსაჯულების ინტერესებზე მაღლა შეიძლებოდა დამდგარიყო. მოსამართლის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარი უთხრა, რაც პირველი პრეცედენტია და გამაოგნებელი დაშვება, როდესაც სასამართლო გასცდა თავისი მსჯელობის ფარგლებსაც და თუკი კანონით მოსამართლე ვალდებული იყო, ემსჯელა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, განჩინებაში აღსაძრავი სარჩელის შედეგებზეც ისაუბრა. მოსამართლემ ივარაუდა, რომ აღსაძრავი სარჩელის შედეგები მიუღწევადი იყო, რისი უფლებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მას არ გააჩნდა. შესაბამისად, მოპასუხის სტატუსიდან გამომდინარე, მოსამართლე მოქალაქის წინააღმდეგ, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე წავიდა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 42-მუხლისა და ევროკონვენციის მე-6 მუხლის თვალსაჩინო დარღვევაა.

_ როდის გაასაჩივრეთ სადავო განჩინება და რა ეტაპზეა ამჟამად საქმე?

_ განჩინება გასაჩივრდა 10 დეკემბერს. საქალაქო სასამართლოს 20-დღიანი ვადა აქვს, განიხილოს საჩივარი. 14 დეკემბერს, სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქმე იმავე განმხილველ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად. ველოდებით, საჩივარზე თანდართული უტყუარი მტკიცებულებების ფონზეც, სადაც მოპასუხის მამა აცხადებს, რომ დავა მოსარჩელესთან არსებობს და მისი შვილი მართლაც მოპასუხეა, მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილია კიდევ ერთი ახალი მტკიცებულება _ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ სადავო ქონებასთან დაკავშირებით, მხარის ინტერესის შესაბამისად, დავა წამოწყებულია, შესაბამისად იმაზე მაღალია იურიდიული ინტერესი, ვიდრე მოსამართლის განჩინებაში, ეს საკითხი, საერთოდ არ გათვალისწინებულა, ჩვენ გვაქვს ნდობა, ზოგადად, მართლმსაჯულების მიმართ და შეუძლებელია, რომელ მოსამართლესაც არ უნდა განეხილა ეს საქმე, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებულიყო.

 

„ქრონიკა+“-მა სასამართლოს წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია მოიპოვა, რომ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განმხილველი მოსამართლე ტარიელ ტაბატაძეა. სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის დაიბადა 1967 წლის 13 სექტემბერს ადიგენის რაიონის სოფელ ჩორჩანში. მოსამართლემ 1988 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1996 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება; 1988-1992 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის სახალხო სასამართლოში სხდომის მდივნად; 1992-1993 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ საკითხთა სპეციალისტად; 1993-1994 წლებში დაინიშნა ადიგენის რაიონის შს განყოფილებაში გამომძიებლად; 1994-1995 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიგანყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში გამომძიებლად; 1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციაში; 1999-2001 წლებში მუშაობდა იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ცენტრში იურისტად; 2001 წლიდან სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებს ჭიათურაში, მესტიაში, გორში. 2015 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. მოსამართლე ტარიელ ტაბატაძეს 2014 წლის 1-ლი ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით განსახილვლელად გადაეცა 1110 სამოქალაქო საქმე. 2014 წლის 1-ლი ივლისიდან 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის მიერ განხილულია 289 სამოქალაქო საქმე, ხოლო 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2015 წლის  30 ნოემბრის მდგომარეობით, განხილულია 525 სამოქალაქო საქმე. „ქრონიკა+“-მა ასევე მიიღო ინფორმაცია სკანდალური დავის მხარეების შესახებ, რომელსაც, მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაასაჯაროებს.

 

 

თამარ ბატიაშვილი