ნათია კორკოტაძე: „ციხეებს „მაყურებლები“ აკონტროლებენ და მინისტრისგან თვალის დახუჭვა დანაშაულია!“

5rrt

ციხე ყოველთვის იყო პოლიტიკისთვის გადამწყვეტი რგოლი. მნიშვნელობა არ აქვს, წინასაარჩევნო პერიოდში იყენებდნენ მისი „ბინადრების“ რესურსს, თუ კრიმინალური მდგომარეობის კონტროლისათვის. ყველა შემთხვევაში ციხეს ყოველთვის მისი სათქმელი ჰქონდა. ბოლო სახელისუფლებო ცვლილებაც ამ დაწესებულებასთან პირდაპირ კავშირშია _ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდამტეხი მართლაც აღმოჩნდა გახმაურებული „ცოცხების სკანდალი“. თითქოს მისი გასაჯაროების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეცვლილიყო და არსებული მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პატიმართა ცემა-წამებას, დასრულებულიყო.

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, ადვოკატი ნათია კორკოტაძე, რეალობიდან გამომდინარე საგანგაშო შეფასებას აკეთებს: „მართალია, პატიმრებს ახლა ცოცხებით აღარ აუპატიურებენ, სამაგიეროდ ციხეებში მაყურებლები შეიყვანეს და სიტუაციას კრიმინალები აკონტროლებენ“.

ვინ აშინებს პატიმრებს, რა ფუნქცია აქვთ მაყურებლებს და როგორ იმართება ციხეები, რატომ არ შესრულდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი პირობა _ არ დაინგრა დანაშაულებრივი სისტემა?

„ქრონიკა+“-ს ნათია კორკოტაძე ესაუბრება:

_ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებამ“ შეცვალა, ხალხს ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ციხეში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლებოდა, თუმცა იქ ამჟამადაც რჩებიან ძველი ზონდერკადრები და „ოცნებამ“ ისიც ვერ შეძლო, რომ ისინი გაეთავისუფლებინა. ადმინისტრაციის ის თანამშრომლები აუცილებლად უნდა მოეცილებინათ იქიდან, რადგან ღმერთმა არ ქნას და არეულობის მაგავსი პროცესები რომ დაიწყოს, ციხეებში მოხდება ის, რასაც ადრე აკეთებდნენ. მართალია, ახლა ცოცხებით და გაუპატიურებით პატიმრებს აღარ ემუქრებიან, მაგრამ პენიტენციურ სისტემაში მაყურებლები გაჩნდნენ. მე მგონი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა არ იცის, რეალურად რაც ხდება და კარგია, მას ამ ფორმით მაინც თუ მივაწვდით ინფორმაციას. ციხეებში დღესაც ინიშნებიან ისეთი კადრები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დროს მუშაობდნენ და მათზე ათასი საჩივარი იყო შეტანილი, მაგრამ რეაგირება გახლდათ ნული.

_ ვის გულისმობთ? ძალადობაში მხილებულთაგან ვის ნიშნავენ პენიტენციურ სისტემაში?

_ ამჯერად ერთ ფაქტს გეტყვით: მთავარ პროკურატურაში დავით ნიკოლეიშვილი მუშაობდა, რომელიც შემდგომ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. ამის გამო იქ ერთი ამბავი ატყდა, საჩივრები შევიდა, ამ ადამიანის ასეთ სამსახურში ყოფნა როგორ შეიძლებოდაო? ახლა კი, როგორც გავიგე, პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს. ის ძალიან ბევრ საქმეში იყო მხილებული. ცოტა ხანში, ამ ადამიანთან დაკავშირებით ინტერვიუს მოგცემთ და გაიგებთ, რასაც სჩადიოდა.

ამჯერად კი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე უნდა გესაუბროთ. ის კადრები, რომლებმაც „ნაციონალების“ მმართველობა დაამხო, როგორც ითქვა, სწორედ ამ ციხიდან იყო გამოტანილი. მაშინ ცოცხებით აშინებდნენ პატიმრებს, _ თუ ამას არ იზამ, ცოცხით გაგაუპატიურებო. ამჟამად კი გლდანის მე-8 დაწესებულების პირველ კორპუსში ე. წ. მაყურებელია, ვინმე „ბიძინიჩი“. ცოტა ხნის წინათ ამ დაწესებულებიდან ჩემი ახლობელი არასრულწლოვანი განთავისუფლდა, რომელმაც მითხრა, როცა ჩვენთან ციხის თანამშრომლები შემოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ, თუ არ გაჩერდებით, „ბიძინიჩს“ შემოვიყვანთო.

ვერ ვიტყვი, რომ ის პატიმრებს აუპატიურებდა, მაგრამ ისიც იმას აკეთებდა, რასაც ციხის მაყურებლები აკეთებენ ხოლმე. ეს სიტყვაც კი იწვევს გარკვეულ შიშს, არა მხოლოდ არასრულწლოვნებში, არამედ უფროსებშიც, რადგან მაყურებლები ქურდულ სამყაროსთან ასოცირდებიან. როცა არასრულწლოვანს ეუბნებიან, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს შეუყვანენ საკანში, ჩემი აზრით, ეს წამების ტოლფასია. განსხვავება არ აქვს, ცოცხით გაუპატიურებით დაემუქრებიან, თუ კრიმინალის ზემოქმედებით, ფაქტი ერთია, ახლაც ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პატიმრებზე. ეს ერთ ფაქტი მოგიყვანეთ, მაგრამ მე როგორც ვიცი, ყველა პატიმარზე ზემოქმედებენ ამგვარად, მათ შორის, უფროსებზეც. არ ვიცი, „ბიძინიჩი“ რატომ დაარქვეს, შეიძლება მეტსახელია, ან მამის სახელი, ზუსტად ვერ გეტყვით. გადაამოწმეთ, ჰკითხეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ვინ უზით მერვე დაწესებულებაში „ბიძინიჩი“? ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის მის შესახებ, რადგან ზუსტ ინფორმაციას გაწვდით, რომ დაწესებულების თანამშრომლები პატიმრებს ამ ადამიანით ემუქრებიან. ეს არის მიუღებელი თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

მე-8 დაწესებულება ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, კოლონიებში _ რუსთავის მე-17-ში, ქსნის მე-15 დაწესებულებებში უარესი ხდება. მე-8 დაწესებულება ჩაკეტილი სისტემაა და როცა ასეთ სისტემაში მაყურებელია, ადვილი წარმოსადგენია, სხვაგან, ნახევრად დახურულ დაწესებულებებში, რა იქნება? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან როცა შევდივარ, ისინი მეუბნებიან, რომ იქაც არის მაყურებელი. არსებობს პატიმრების კატეგორია, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ოჯახები თანხებს მაინც ურიცხავენ, თუმცა ის ვალდებულია, რომ 50 ლარიდან ნაწილი აიღოს და „ობშიაკში“ ჩადოს. ეს არ ხდება გლდანში, მაგრამ ნახევრად ღია დაწესებულებებში კვლავ არსებობს „ობშიაკი“ და იქ პატიმრის ფული იდება, რაც „ნაციონალების“ დროს არ ხდებოდა.

_ მაშინ მაყურებელიც არ იყო? სააკაშვილისა და ქურდული სამყაროს „მტრობის“ შესახებ ყველასთვის ცნობილია…  

_ „ობშიაკი“ არ იყო, თორემ ავტორიტეტები, რომელთაც გადაადგილების უფლება ჰქონდათ, მაშინაც იყვნენ. როცა რამე იყო მოსაგვარებელი, ადმინისტრაცია მათ დაუძახებდა და ამ ადამიანებით აგვარებდა საქმეებს. ისევ ის ადამიანები არიან ციხეებში ახლაც და არც იმას გამოვრიცხავ, შეგნებულად აკეთებდნენ ასეთ რამეს, სალაპარაკო რომ მისცენ „ნაცმოძრაობას“. ასე ხდება კიდეც, გამოდიან „ნაციონალები“ და ამბობენ, ჩვენს დროს ასე არ იყო, ქვეყანაში შევარდნაძის პერიოდი დაბრუნდაო. იმედს ვიტოვებ, რომ კახიშვილის ყურამდე ეს ყველაფერი არ არის მისული.

_ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ამართლებს ის, რომ არ იცის რა ხდება ციხეებში?

_ არ ამართლებს, მაგრამ როცა ამ ინტერვიუს ან სხვის ნათქვამს წაიკითხავს, მოისმენს და მას რეაგირება არ ექნება, მაშინ ვიფიქრებთ, რომ თვალს ხუჭავს. თუმცა რაღაცები რომ მის ყურამდე მისულია, ეს ზუსტად ვიცი.

ახლა ერთ საინტერესო ფაქტზე მოგიყვებით. ყველა პატიმარს აქვს ტელეფონზე საუბრის 15-წუთიანი ვადა, რა დროსაც ის საკნიდან გამოჰყავთ და საუბრის საშულებას აძლევენ. კანონში პირდაპირ წერია, როცა ერთი პატიმარი ტელეფონით ლაპარაკობს, ამ დროს სხვა პატიმარი საკნიდან არ უნდა იყოს გამოყვანილი, მის გვერდით არ უნდა იდგეს და საუბარს არ უნდა ისმენდეს. მით უმეტეს არ აქვს მეორე პატიმარს იმის უფლება, მოსმენის კომუნიკაცია ჰქონდეს, რაც მე-8 დაწესებულებაში ხდება.

ამას წინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყვანეს და ის ტელეფონით საუბრობდა, ამ დროს მეორე პატიმარი მივიდა, რომელიც, წესით, იქ არ უნდა ყოფილიყო. ამის ნიადაგზე მათ შელაპარაკება მოუხდათ. ცხადია, ის მორიგემ გამოყვანა, აბა, სხვა ვინ გამოიყვანდა? სპეციალურად გააკეთეს ეს, რათა მათ შელაპარაკება მოსვლოდათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვადაზე ადრე განთავისუფლება ეკუთვნოდა და ეს რომ არ მიეღო, ამიტომ მოიქცნენ ასე. ამ ფაქტის მერე ერთი თვით შეუზღუდეს სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან, ასევე ჩამოართვეს ამანათის მიღების უფლება, არ შეეძლო ოჯახის ჩარიცხული თანხით სარგებლობა ციხის მაღაზიაში და ა. შ. ციხის რიგითი თანამშრომლები ასეთ პროვოცირებას ვერ გააკეთებდნენ, ადმინისტრაციის ნება და მათი დავალება რომ არ ყოფილიყო. ამით ვადამდელი განთავისუფლება დაიბლოკა, რადგან ტელეფონზე ლაპარაკის დროს მეორე პატიმარს შეურაცხყოფა მიაყენაო. ცხადია, სიმართლე დაიმალა, რომ მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია და იმითაც არავინ დაინტერესებულა, რატომ მოხდა კანონის იგნორირიება და ვინ გამოიყვანა ამ დროს მეორე პატიმარი საკნიდან, რომელიც მის ტელეფონზე საუბარს უსმენდა. იმ შემოგდებულმა აგენტმა პატიმარმა კი ეს გააკეთა ციხის ხელმძღვანელობის დავალებით.

_ ანუ ადმინისტრაციას ციხეში მათთავის მიუღებელი პატიმრები ჰყავს და მათ პროვოკაციას უწყობს?

_ დიახ! რადგან ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე საბუთები უკვე გაგზავნილი გვქონდა, რაღაც პროვოკაციას ველოდებოდით და არც დაიგვიანა. შეიძლება პატიმრობის დამატებაც უნდოდათ, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია და კარგად გაზრდილი, თუმცა წარმოიდგინეთ, რამხელა მოთმინება უნდა ადამიანს, როცა იცი, რომ ასეთ რამეს შეგნებულად გიკეთებენ. გამორიცხული არ იყო, საქმე სხვა კვალიფიკაციით აღეძრათ და სასჯელიც დაემატებინათ.

ამჟამად მყავს დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და ისრაელის მოქალაქეა. ახლახან სამი დღით იყო ჩამოსული საქართველოში და წასასვლელი ბილეთიც აღებული ჰქონდა. ექიმის დანიშნულებით სუბუტექსს სვამს და ის სწორედ იმდენი აღმოაჩნდა, რაც ამ დღეების გამავლობაში იყო მისთვის საკმარისი, მაგრამ აეროპორტში დააკავეს. საბუთი ინგლისურად ჰქონდა შედგენილი და ის ქართულადაც უნდა ყოფილიყო თარგმნილი. ახლა არ ვკამათობ მის დაკავება-არდაკავებაზე. ისრაელიდან დოკუმენტაციას ველოდები, სადაც ექიმის რეცეპტიც იქნება, მაგრამ როცა ის ციხეში შეიყვანეს, სახალხო დამცველიც და საელჩოს წარმომადგენელიც  მივიდნენ. მასთან საკანში შეუშვეს ვიღაც კაცი, რომელიც ეკითხებოდა, ვისთან მიჰქონდა წამალი, რატომ ჰქონდა ის და ა. შ. ეს ადამიანი წინათ ნასამართლები იყო და სასჯელი გაქარწყლებული აქვს, თუმცა ციხის პირობები კარგად იცის. როცა ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა, ვუთხარი, რომ აგენტურა მუშაობდა და ვიღაცებს შეუგზავნიდნენ. მას გაეცინა და მითხრა, _ ქალბატონო ნათია, ასეთი ადამიანი უკვე მყავსო. იცით, რას ვერ ვგებულობ?! _ არის ხალხი, რომელსაც ნასამართლეობა დასრულებული აქვს, მაგრამ მერე, თითქოს, 2-3 თვით უშვებენ ციხეში და საკან-საკან ატარებენ. როცა პატიმრები გაშიფრავენ, რომ ეს ადამიანი აგენტია, მერე სხვაგან გადაჰყავთ და ა. შ. რამდენიც გინდა, იმდენი პატიმრია, რომელსაც ალალად ჰგონია, რომ ციხეში გულშემატკივარი და მესაიდუმლე გამოუჩნდა, რომელსაც საკუთარ დარდს გაანდობს და ამ გულახდილობით მერე საშინელ სიტუაციაში ვარდება.

_ კიდევ რას ავალებენ ამ ე. წ. აგენტებს ციხეებში?

_ აგენტები ყველანაირ ინფორმაციას აგროვებენ. მხოლოდ კონკრეტული პატიმრის ბრალთან დაკავშირებული ინფორმაცია კი არ აინტერესებთ, ისინი პატიმრებიდან სხვა ინფორმაციებსაც აგროვებენ და ადმინისტრაციას აწვდიან. ანუ ისეთს, რომელიც შეიძლება საკანში მჯდომმა პატიმარმა უნებურად მეორეს მოუყვეს. მათ მიერ გატანილი ამბებით ზოგჯერ სხვა საქმეებსაც ხსნიან. ასე რომ ხდება, კახიშვილმა იცის, თუმცა საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს.

„ოცნება“ ოპოზიციაში ყოფნის დროს იმ ფაქტს აპროტესტებდა, რომ „ნაციონალები“ ქურდული სამყაროს წევრობას მათთვის მიუღებელ ადამიანებს აბრალენდნენ და საქართველოს დატოვებას სთხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს სისტემა უნდა მოშლილიყო. ახლა ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ამისათვის არაფერს აკეთებს.

მე მყავს ახლობელი, რომელიც სულ სხვა მუხლით დააკავეს. ჩანასახშიც არ იყო სისხლის სამართლის 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქურდული სამყაროს ბრალდების მუხლია. როცა განთავისუფლდა, მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ უნდა დატოვოს ქვეყანა. ოჯახის წევრები ძალიან შეშინებულები არიან, რადგან უკვე საათებს უთვლიან და ეუბნებიან, _ 5-6 საათი დაგრჩა, სხვანაირად ისევ გაგიშვებთ ციხეშიო. არ ვიცი, ოჯახი რას მოიმოქმედებს ამის საპასუხოდ, მაგრამ ბიჭს, რომელსაც სხვა ქვეყანაში არავინ ჰყავს, აიძულებენ, ქვეყანა დატოვოს და წავიდეს. როგორ უნდა წავიდეს?! სად უნდა წავიდეს?! რატომ უნდა წავიდეს?! _ არ აინტერესებთ! დედამისს ვეუბნები, მაშინ ხომ არ ჰქონია ის მუხლი, რომლითაც დააკავეს და რა გამოდის, ქურდული სამყაროს წევრად, კრიმინალად, ციხეში ჩამოყალიბდა? თუ ასეა, რას აკეთებს პენიტენციური სისტემა? სხვა კვალიფიკაციით იჯდა და ქურდული სამყაროს წევრი როგორ გახდა? ცნობილია, რომ ამ ბრალდების მქონე ადამიანს ქვეყანას ატოვებინებენ და არც ეს შეიძლება. ზოგი ციხიდან რომ გამოდის ახალ ცხოვრებაზე, ოჯახის შექმნაზე, მომავალზე ფიქრობს და ხომ შეიძლება, ეს ადამიანი ციხის შემდეგ სხვებზე უკეთეს მოქალაქედ ჩამოყალიბდეს?

_ ციხე ხომ გამოსასწორებელი დაწესებულებაა და არა მხოლოდ ადამიანების გამოსაკეტი და ასეთი მიდგომა როგორ შეიძლება?

_ იქიდან გამომდინარე, რასაც ესენი აკეთებენ, მიმაჩნია, რომ ის არის სადამსჯელო ორგანო. ასე გააკეთეს „ნაციონალებმა“ და ანალოგიურს აგრძელებს დღევანდელი ხელისუფლება. ამ რეალობიდან გამომდინარე ციხე გამოსასწორებელი ნამდვილად არ არის. ის იზოლირებას უკეთებს დამნაშავე ადამიანს, ახალი დანაშაული რომ არ ჩაიდინოს, მაგრამ ამ ადამიანმა თუ პატიმრობა მოიხადა, გავიდა წლები, მიეცი მას ცხოვრების საშუალება. შეიძლება ის ამ პერიოდში ისეთ ადამიანად ჩამოყალიბდეს, რომ ბევრს აჯობოს.

_ პატიმრების კვებაზე რას გვეტყვით? სააკაშვილის დროს პატიმრებისთვის განკუთვნილ ბალანდაზე რა არ ითქვა და ახლა ბალანდა როგორია, პატიმრები ჭამენ?  

_ პატიმრების კვებასთან დაკავშირებით ტენდერები იმართება. ჩემი აზრით, ერთი სატენდერო ორგანიზაცია უნდა ამარაგებდეს ყველა საპატიმროს და არა სხვადასხვა. მე-8 დაწესებულებაში კვების მხრივ ნორმალური მდგომარეობაა, იქ მყოფ პატიმრებს ყოველთვის შეუძლიათ რძის პროდუქტების შეძენა, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა რუსთავის მე-17 დაწესებულებაში, სადაც პატიმრებს საშუალება არ გააჩნიათ, რძის პროდუქტი ყოველდღიურად იყიდონ. არაჟანი, ხაჭო და მაწონი იქ კვირაში ერთხელ მოდის. თუ ოჯახის წევრს არ აძლევენ საშუალებას, მათთან რძის პროდუქტი მიიტანოს, იქ მაინც უნდა შეძლონ პატიმრებმა მისი შეძენა. პატიმრების 70 პროცენტზე მეტი ციხის ბალანდას არ ჭამს. მას ახლაც იგივე ცხიმზე ამზადებენ, როგორც წინათ იყო და ამ კუთხითაც არაფერი შეცვლილა. პატიმრებს ოთხშაბათი დღე ძალიან უყვართ, რადგან სამარხვო ლობიოც შედის და მას ჭამენ. როცა მე-17-ში შევდივარ, ისეთი საჭმლის და ცხიმის სუნია, დიდხანს ვერ გაჩერდები. არ ვიცი, რომელ ცხიმზე ამზადებენ ამ საჭმელს, ასეთი სუნი რომ დგას?

პატიმრებს ტანსაცმელთან დაკავშირებითაც აქვთ პრობლემა. პატიმრებს, რომელთაც 2 ან მეტი წელი აქვთ მისჯილი და გასულ წელს ოჯახის შეძენილი თბილი ქურთუკი ეცვათ, ცხადია, ზაფხულში არ დასჭირდათ და სახლში გაატანეს. ახლა კი ეუბნებიან, რომ ქურთუკებს გარედან ვერ შეიტანენ, ციხის მაღაზიებში იქნება და ღირს 30-დან 40 ლარამდე, ნება იბოძეთ და ჩვენთან შეიძინეთ, თუ არადა, ქურთუკის გარეშე იყავითო.

_ ხომ შეიძლება, ზოგს არ ჰქონდეს საშუალება, ქურთუკი იყიდოს და ე. ი. უნდა გაიყინოს? ამგვარი ქმედების მიზეზად რას ასახელებენ?

_ თუ ვერ იყიდიან, შიშვლები უნდა იყვნენ ზამთარშიც. ამაზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა გააკეთოს დაშვება და რეაგირება. შეიძლება უნდათ, რომ „დუტის“ ქურთუკით აკრძალული ნივთიერების შეტანა არ მოხდეს, მაგრამ როცა რაიმე ნივთი შედის, ის კონტროლს გადის და ხალხი თუ არ ჰყოფნით, კონტროლის შტატი დაამატონ.

პატიმრებს პრობლემა აქვთ მედიკამენტებთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთმა ამის გამო შიმშილობაც კი გამოაცხადა და უფრო ცუდად გახდა.

_ პატიმრებისთვის მედიკამენტების მიცემა პრობლემა რატომ არის?

_ ერთხელ თქვეს, მედიკამენტები არ არისო და პატიმარმა 120 ლარი ჩაარიცხინა ოჯახს მედიკამენტების შესაძენად. რატომ უნდა შეიძინოს ამხელა თანხის მედიკამენტები პატიმარმა?

რაც შეეხება ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან შეხვედრებს, პატიმრებს ამისი პრობლემები აღარ აქვთ. არც ადვოკატებს გვაქვს დაცვის ქვეშ მყოფებთან შესვლის პრობლემა, მაგრამ პირად ნივთებს მაინც გვატოვებინებენ. ჯვარსაც კი არ გვატანენ შიგნით, რასაც ვემორჩილებით. რადგან ჩვენ მათ კანონებს ვემორჩლებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მათ ხელმძღვანელობას სხვა უკანონობებს ვეღარ ვაპატიებთ. ნება იბოძონ და კანონისა და წესის მიხედვით მოიქცნენ.

 

 

ნელი ვარდიაშვილი