იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოტაჟი და ლევან მურუსიძის მუდმივმოსამართლეობა

x6

გასულ კვირას სამოქალაქო საზოგადოებამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანზე, ლევან მურუსიძეზე გაილაშქრა. ისინი აცხადებდნენ, რომ ის იყო სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის მონა-მოსამართლე და ამიტომ არ აქვს უფლება, ამ სისტემაში სამუდამოდ გამწესდესო. საქმე ის გახლავთ, რომ მურუსიძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა უმთავრდება და მან სურვილი გამოთქვა, კვლავ დაინიშნოს მოსამართლედ. ახალი წესებით კი ამჯერად მოსამართლეები ჯერ სამი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან და თუ ამ ვადაში რაიმე მნიშვნელოვან გადაცდომას არ ჩაიდენს, ის მუდმივად გახდება მოსამართლე. მურუსიძის მუდმივმოსამართლეობამ  ბევრი აღაშფოთა. ადვოკატ მამუკა ნოზაძის აზრით, მხოლოდ მურუსიძეზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი, რადგან სასამართლოებში მუდმივი წესით ინიშნებიან სხვა ოდიოზური მოსამართლეებიც, რომელთა კისერზეც, გახმაურებული საქმეების გარდა, ბევრი გაუხმაურებელი, უსამართლოდ წარმართული და გადაწყვეტილი საქმეც არის.

მამუკა ნოზაძე:

_ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს ლევან მურუსიძეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ეს ასე არ არის. მას პრეტენზია ორ ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს და ორ კონკურსში მონაწილეობს. ეს გახლავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წევრობა. არასწორი ინფორმაციის გაჟღერების გარდა, ასევე არასწორად ხდება მასზე აქცენტის გაკეთება და იმ კანდიდატების მიჩქმალვა, რომელთაც სასამართლო სისტემაში არანაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი. ობიექტურობა მოითხოვს, როცა ფართო საზოგადოების წინაშე ამბობ, რომ ექსკლუზიურად საუბრობ ამ თემაზე, ვალდებული ხარ, დაასახელო სხვა მოსამართლებები და შესაბამისი არგუმენტებიც მოიყვანო. მართალია მურუსიძის მიმართაც დასახელდა ბევრი არგუმენტაცია, მაგრამ ყველა მათგანი გახმაურებული საქმეა. არსებობს გაუხმაურებელი საქმეებიც. ზოგიერთ ადამიანს არ შეეძლო საკუთარ თავზე გადატანილი უსამართლობების ფართო საზოგადოებამდე მიტანა, რაც არ ნიშნავს, რომ ეს საქმეები არ უმნიშვნელო იყო. ბევრი საქმეა, რომელშიც ლევან მურუსიძე მინაწილოეობდა, მაგრამ ისრების მხოლოდ მურუსიძისკენ მიმართვა ეჭვს აღძრავს _ რატომ მხოლოდ მურუსიძე? საქმე ის არის, რომ მოსამართლეებად იმ პიროვნებებს ამწესებენ, რომლებიც სამართლიანობით, ობიექტურობით არ გამოირჩეოდნენ და მხოლოდ ხელისუფლების, პროკურატურის მორჩილები იყვნენ ჯერ შევარდნაძის დროს, მერე 9-წლიანი `ნაციონალური~ რეჟიმის პერიოდში, თუმცა ახლა მაინც დაინიშნენ მოსამართლეებად, ან მონაწილეობენ მოსამართლის კონკურსში ისევე, როგორც ლევან მურუსიძე.

_ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ასეთი მოსამართლეების კვლავ გაცოცხლებაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაადანაშაულა. ამის შემდეგ წულუკიანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, არჩევის პროცესი გამჭვირვალედ ჩაატარეთო. ეს არის სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე?

_ სხვათა შორის, აქამდე მოსამართლეთა გასაუბრებაზე ინფორმაცია საზოგადოებას არ მიეწოდებოდა. მართალია, საზოგადოების წარმომადგენლებს დასწრება შეეძლოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის დახურული იყო. ჟურნალისტებისთვისაც არ იყო ცნობილი, კონკრეტულ კანდიდატთან როდის ხდებოდა გასაუბრება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადების შემდგომ  ახალი ტენდენცია გამოიკვეთა და საბჭოს მიერ ჩატარებული ორი გასაუბრებიდან საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა, რომელ დღეს რომელ საათზე ხდებოდა გასაუბრება კონკრეტულ მოსამართლეობის კანდიდიატთან. მსურველებს მისვლა და დასწრება შეეძლოთ. ვინც ამ გასაუბრებას ესწრებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვა ადამიანებს, კითხვების დასმა შეეძლოთ. ეს არის ძალიან დემოკრატიული წესი და ასე უნდა ყოფილიყო აქამდეც, ფარულად არ უნდა ჩატარებულიყო ეს გასაუბრებები, მაგრამ აქაც გარკვეული ხარვეზი იყო. საღამოს 8 საათზე არ უნდა დაიდოს ინფორმაცია, რომ მეორე დღეს, 10 საათზე იწყება გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან, რადგან ეს დრო არაგონივრულ ვადად მიიჩნევა. 24 საათი მაინც უნდა იყოს შუალედი, რა დროშიც საზოგადოების ინფორმირებულობა მოხდება, რადგან ადამიანებს სხვა საქმეებიც აქვთ.

რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს ექსკლუზიური უფლებაა, დანიშნოს და გაამწესოს მოსამართლე, მაგრამ საზოგადოება ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში, რადგან მოსამართლეც საზოგადოების წევრია და რაც უფრო მაღალი რანგის მოსამართლეები გვეყოლებიან, მით უფრო მაღალი იქნება სახელმწიფოს სამართლიანობის ხარისხი.

_ როგორც ითქვა, მურუსიძე ვერ გახდება მოსამართლე, თუ საბჭოში მყოფმა „ოცნების“ მიერ დასახელებულმა კანდიდატებმაც არ დაუჭირეს მხარი. არის მზაობა, რომ ეს მოხდება. „ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიყვანა?

_ „ქრონიკა+“-ში უკვე ამომწურავი და ღრმა ანალიზი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მურუსიძე და მისი მსგავსი სხვა კანდიდატები გასულიყვნენ მოსამართლეებად. კვლავ უნდა მოსამართლეობა ირაკლი ადეიშვილს, ჯემალ კოპალიანს, რომლებიც, ცხადია, ვერ გავლენ, თუ მათ მხარს არ დაუჭერენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ არჩეული საბჭოს წარმომადგენლები: კახა სოფრომაძე, გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ თორდია და ევა გოცირიძე. პრეზიდენტსაც ჰყავს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში _ ვახტანგ მჭედლიშვილი, მაგრამ მჭედლიშვილი და გვენეტაძე ყველაზე ობიექტურობით გამოირჩვიან საბჭოში და მონდომებით ეკიდებიან ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას. უმცირესობაში რჩებიან ეს ადამიანები და არ შედიან გარიგებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბეები არიან. ეს ჯგუფი მოსამართლეებად ძველი ხელისუფლების ძალიხსმევით არის მოსული და საბჭოში კუბლაშვილის გუნდს წარმოადგენს.

მოსამართლე რომ გახდეს პირი, ამისათვის 10 ხმაა საჭირო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ კუბლაშვილის დაჯგუფების წევრებს, სასურველი პიროვნება რომ გაიყვანონ მოსამართლედ, კიდევ ორი ხმა სჭორდებათ, რადგან 8 ადამიანი არის. მოგეხსენებათ, მურუსიძე ამ საბჭოს წევრია და, როგორც ჩანს, ის  აპირებს, საკუთარ თავს მისცეს ხმა, რაც არაობიექტური იქნება. მან უკვე განაცხადა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ირჩევა, ის საკუთარ თავს ხმას ხომ აძლევს და მე რატომ არ უნდა მომეცეს ამის შესაძლებლობაო? ანუ მას აქვს ამბიცია და აქაც საზოგადოების მკვეთრი რეაქციაა გამოსახატავი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა სულ სხვა რამ არის და როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი კონკურენტია, ის თუ საკუთარ თავს მისცემს ხმას, აქ თანასწორობის პრინციპი დაირღვევა, რადგან ერთი კონკურსანტი მეორესთან თანაბარუფლებიანი უნდა იყოს. როგორ იქნება თანასწორობის პრინციპი დაცული, თუ ლევან მურუსიძე საკუთარ თავს მისცემს ხმას? მას არათუ ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს, არამედ რადგან ის ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კონკურსანტია, გასაუბრებებშიც არ უნდა მიეცეს მონაწილეობის მიღების უფლება და იმის შესაძლებლობა, რომ სხვა კონკურენტს დაუსვას კითხვა. ალოგიკურია, როცა ერთი და იგივე ადამიანი კონკურსანტიც არის და კონკურსში მონაწილე პირების გასაუბრებაშიც მონაწილეობს. ეს გახლავთ ანომალია და ამიტომაც  დროულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რათა ის ჩამოსცილდეს ამ პროცესს. თავიდანვე არის დარღვეული სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპი.

_ წულუკიანმა ამ საკითზე ისიც თქვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელიო და ეს სიმართლეა?

_ წულუკიანს სჩვევია, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ისრები სხვა პიროვნებებისკენ მიმართოს. ის არის იუსტიციის უნიათო მინისტრი, რადგან მან ვერ განახორციელა სასამართლო რეფორმა. მართალია, დღეს ფორმალურად იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა, მაგრამ ამ საბჭოში მხოლოდ ერთი ხმა აქვს. ეს არის კოლეგიალური ორგანო და გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღება, ამიტომ, ამ შემთხვევაში, გვენეტაძე ვერაფერს იზამს. წულუკიანის ბრალეულობა კი ის არის, რომ როცა იუსტიციის საბჭოში რეფორმა განხორციელდა და იქ კვოტირების პრინციპი დაწესდა, თავიდან სხვა პროექტი იყო შეტანილი, მაგრამ მერე წულუკიანი დაყაბულდა, დაეთანხმდა იმ პროექტს, რომელიც ახლა ხორციელდება. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ხმათა უმრავლესობა ჰქონოდათ მოსამართლე წევრებს იუსტიციის საბჭოში, დანარჩენი კი ყოფილიყო პროპორციულად _ პარლამენტიდან რამდენი წევრი არჩეულიყო და ა. შ. თავიდან სხვა პროექტი იყო შეტანილი პარლამენტში, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია არ ირჩევდა 8 წევრს. ნახევარი უნდა ყოფილიყო პარლამენტის მიერ არჩეული, ერთი _ პრეზიდენტის და ნახევარი იქნებოდა მოსამართლე წევრები, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევდა. ასეთ დროს იუსტიციის საბჭოში ბალანსი იქნებოდა, მაგრამ წულუკიანმა ვენეციის კომისიის დებულებები გამოიყენა საფუძვლად, უკან დაიხია, არ გამოიჩინა პრინციპულობა და თავდაპირველი პროექტი ჩააგდო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლიანად დაკომპლექტებაში „ოცნებისა“ და წულუკიანის მზაობა და პრინციპულობა აღარ იყო, თორემ მათ რომ ეს მზაობა გამოეჩინათ, ის არ მოხდებოდა, რაც ახლა ხდება. წულუკიანმა კარგად იცოდა, ამის მერე რა შედეგიც დადგებოდა და მართლაც ის შედეგი დადგა. ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭო საბოტაჟს ეწევა და ღირსეულ კანდიდატებს არ ნიშნავს. მე ვიცი, რომ ამ კონკურსში 15-მდე ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მათ მოსამართლეებად არ ნიშნავენ, რადგან ეს ადამიანები არ მოიაზრებიან მათი გუნდის წევრებად. ამით სასამართლო პროცესები ფერხდება, თუმცა იქ ისედაც ცუდი მდგომარეობაა და პროცესები შეფერხებულია მოსამართლეების სიმცირის გამო. ეს თითოეულ ადამიანზე აისახება, ვინაიდან რიგი დგას არა მხოლოდ რაიონებში, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. ეს არის პირდაპირი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციისა, რადგან დღეის მდგომარეობით სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ხალხს არ აქვს. ჭიანურდება საქმეების განხილვა, ხდება გადასინჯვები და 2-3 წელი მიმდინარეობს ერთი და იგივე დავა.

სასამართლოს ხელმისაწვდომობას აფერხებს მოსამართლეთა მივლინებებიც. ის სისტემა, რომელიც ამჟამად მუშაობს მივლინებებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ  უნდა მოისპოს. მოსამართლეს ერთ რაიონში მიავლენენ, იქ გარკვეული თვეების მანძილზე ჰყავთ, დაიწყებს პროცესებს, რომელიც ძლივს ჩანიშნა და უცებ ეს მოსამართლე სხვა რაიონში გადაჰყავთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იხილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე წიწილეიშვილთან, რომელმაც ბევრ საქმეზე ვერც კი ჩანიშნა მოსამზადებელი სხდომები, ისე გადაიყვანეს მცხეთაში. წელიწადზე მეტია, დარია ჩიგოგიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი, მას ერთ-ერთი მოსამართლე იხილავდა, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა და გადაეცა მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილს, მაგრამ ახლა ღვინიაშვილსაც დაუმთავრდა მივლინება და სიღნაღში გადაიყვანეს. წელიწადნახევარია, პროცესი დაწყებულია, მაგრამ მთავარი სხდომა დანიშნული არ არის. როდესაც უკვე პროცესზე უნდა მივსულიყავით, გვითხრეს, რომ მოსამართლე სიღნაღში დააბრუნეს. ეს სისტემა უნდა მოისპოს. ადამიანები მოსამართლეებად უნდა დაინიშნონ კონკრეტულ რაიონებში და იქვე უნდა მუშაობდნენ. თუ მათ პრეტენზია აქვთ, რომ სხვა რაიონში ვერ იმუშავებენ და მაინცდამაინც თბილისი უნდათ, ასეთი ადამიანი არ უნდა დაინიშნოს მისამართლედ, რადგან ეს ყველაფერი  ადამიანების ნერვებზე აისახება, მათ ბედზე და მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. აქედან გამომდინარე, ზაზა ხატიაშვილმა სამართლიანად დაადანაშაულა თეა წულუკიანი. მან რეფორმა ვერ განახორციელა და იუსტიციის საბჭოში ვერაფერი შეცვალა.

_ როგორც ამბობენ, ლევან მურუსიძის მოსამართლედ კვლავ გამწესება ამ სისტებისთვის დამანგრეველი იქნება. ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ეს ადამიანი სასამართლოში?

_ ცალკე ლევან მურუსიძე სასამართლოში ამინდს ვერ შექმნის და მას არც შეუქმნია ეს დანაშაულებრივი სისტემა. მისი შემქმნელები სხვა მოსამართლეები უფრო არიან. მაგალითად: ზაზა მეიშვილი, ჯორბენაძე და კიდევ სხვა ადამიანები, რომელთაც ცუდი კადრებით დააკომპლექტეს სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ მათზე დღეს არავინ საუბრობს და მხოლოდ მურუსიძეზეა აქცენტი გადატანილი. პიროვნულად მურუსიძე არ არის ცუდი ადამიანი. ის არ გამოირჩევა კაცთმოძულეობით,  აგრესიით, ამიტომ რაც სასამართლოში 9-წლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა, სულ მას არ უნდა დავაბრალოთ. ის არ ერევა მოსამართლეთა საქმიანობაში და არავის ეუბნება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთო, მაგრამ ვალერი ცერცვაძე როცა იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი, ის გამოირჩეოდა აგრესიულობით და პირდაპირაც ერეოდა მოსამართლეთა საქმიანობაში. უთითებდა მოსამართლეებს, რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ადგენდა ეს ადამიანი იმ ბინძურ სქემებს, რომელიც 9-წლიანი რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული. მურუსიძის კისერზე ნამდვილად არის სულხან მოლაშვილის და კიდევ რამდენიმე სხვა პიროვნების საქმე, რომლებიც დარღვევების გამო ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნა. არაერთხელ გვისაუბრია, რომ მოლაშვილის მიმართ მართლაც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რაც სისტემის ბრალი იყო, ამიტომაც მხოლოდ ამ ადამიანის მონსტრად წარმოჩენა არ არის არც მართებული და არც კიდევ საკმარისი, რადგან სასამართლო სისტემაში კიდევ ძალიან ბევრი ოდიოზური და დამნაშავე მოსამართლე მუშაობს.

 

 

ნელი ვარდიაშვილი