პიპო-პაპოს თელავური ისტორია!

x3

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეების საწვავები მუდამ აქტუალური თემაა, შედეგად მაინც არაფერი იცვლება.

ზოგადად კი, როცა ბიუჯეტს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ბიუჯეტის დიდი ნაწილი საწვავებს ხმარდება…

სად დადიან, ან რა მიაქვთ, ან რა მოაქვთ ჩვენს საჯარო მოხელეებს, რთული დასადგენია…

დღეს კი „ქრონიკა+“-ის თემა ქალაქ თელავის საკრებულოს საწვავთა ნუსხაა.

ამბობენ, რომ მე საკრებულოსთან დაახლოებული პირი ვარ და მათ ხშირად თვალს ვუხუჭავ, ხან იმასაც ამბობენ, რომ ექსგუბერნატორის მოადგილე სიბაშვილთან ვმეგობრობ და ამიტომ „ნაციონალი“ ვარ… ჯამში, რატომღაც, ამ ბოლო დროს ხან „ქოცი“ ვარ და ხან „ნაცი“, თუ „ჯიდიესის“ ჟურნალისტის რეპლიკასაც გავიხსენებ, „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერიც ვყოფილვარ… ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ დღემდე ვერ დაადგინეთ, ვისი ვარ, რადგან ამას ერთი პასუხი აქვს _ კი, მე ვარ მხარე, _ მხარე, რომელ მხარესაც მხოლოდ სიმართლე ჰქვია. შესაბამისად, არც შინაურის დანდობა ვიცი და არც უცხოსი, თუ ის კანონს არღვევს და თავის ნებაზე დადის…

თემამ რომ არ გაგვიტაცოს, სჯობია, გავიგოთ ბიუჯეტის რა ნაწილი უკავია საკრებულოში საწვავებს?

1. ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ბენზინის ლიმიტი 400 ლიტრი საწვავია;

2. მისი მოადგილის ლიმიტი _ 250 ლიტრ საწვავს შეადგენს;

3. აპარატის უფროსის საწვავის ლიმიტი 150 ლიტრაა;

4. კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს თვეში 200 კუბი აირის ტალონი გადაეცემათ, რაც ჯამში 1200 კუბს შეადგენს.

ახლა ეს მოცემული პროპორცია თანხებში გადავიყვანოთ:

400 ლიტრი ბენზნი 800 ლარია;

250 ლიტრი _ 500 ლარი;

150 ლირტი _ 300;

რაც შეეხება 1200 კუბ აირს _ 1620 ლარია, ანუ ჯამში მარტივი არითმეტიკის ამბავია: 800+500+300+1620=3220 ლარს ეროვნულ ვალუტაში.

ახლა კი 3220 ლარი რომ გავამრავლოთ 12-ზე, მივიღებთ 38640 ლარს. ესეც წლის საწვავისათვის გამოყოფილი თანხა. თუ ამ თანხას საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილის ხარჯს დავუმატებთ, ანუ რემონტს, რომელიც 7000 ლარს აღემატებოდა, 45640 ლარს მივიღებთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილს საბურავებისა და ზეთის გამოცვლა დასჭირდა, არც მეტი-არც ნაკლები, 50000 ლარამდე ვიღებთ, რაც მილიონის მეოცედია, ხოლო თელავის ბიუჯეტი რვა მილიონამდე მერყეობს. აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ საკრებულოში საწვავისათვის ეს გამოყოფილი თანხა იხარჯება და ალბათ მერიაში ეს თანხა ათმაგდება, არც მეტი-არც ნაკლები, 8 მილიონიანი ბიუჯეტის 12,5% მხოლოდ საჯარო მოხელეების მანქანით „კატაობას“ სჭირდება.

ახლა რა არის სწორი და რა არ არის სწორი!

ამ ჩვენს ცოდვილ და უპატრონო საკრებულოს ერთი ავტომობილი ჰყავს, ისიც ღვინიაშვილის ოჯახის წევრების მიერ მრავალჯერ ნაავარიები და გაუბედურებული, ხოლო მერიას ბალანსზე 9 მოქმედი მსუბუქი ავტომობილი ჰყავს. შესაბამისად, მერიის გამართლებაც ადვილია, რომ ისინი საწვავს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის ხარჯავენ. თუმცა, არც მეტი, არც ნაკლები, წარმომადგენლობითი ორგანოსთვის, ანუ საკრებულოსთვის განკუთვნილი საწვავის უმეტესობა სწორედ კერძო ავტომობილებში იხარჯება, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

საქმე კი ის არის, რომ  მუნიციპალიტეტებს ავტომანქანების რაოდენობა ლიმიტირებული აქვს. აქედან გამომდინარე, მათ ლიმიტს ზევით მანქანის ყოლის უფლება არ გააჩნიათ.

და კიდევ გამოდის, რომ ის საწვავი, რასაც თანამშრომლებს აძლევენ, იგივე ხელფასია, ე. ი. საწვავის სახით თანამშრომლებს დანამატი ეძლევათ, თანაც ისე, რომ საშემოსავლო არ უკავდებათ.

აბა, რამდენი დარღვევაა?

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, _ რატომ არ უკავდებათ საშემოსავლო?

ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს ასე ანიავებენ ის დიდი ბავშვები, რომელთაც ბავშვობაში პიპიები არ ჰყავდათ.

მეც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემს მეგობარს, საკრებულოს თავმჯდომარეს, არჩილ თხლაშიძეს მივაკითხე:

_ არ გგონია, საწვავს რომ აძლევ თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილში ბენზინს, ან აირს ასხამენ, ეს მოქრთამვაა? მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის მათი მანქანები?

_ სერიოზულად მეკითხები? რა მოქრთამვა? ხელშეკრულებითაა გაფორმებული საწვავის ხარჯი, ეს ერთი და მეორე, წარმომადგენლობითი ხარჯია. მაოცებს, რომ ეს არ გცოდნია.

_ სამაგიეროდ ვიცი, რომ თვეში 400 ლიტრი ბენზინი გაქვს ლიმიტირებული შენ, შენს მოადგილეს _ 250, აპარატის უფროსს _ 150. ჯამში, ეს სერიოზული თანხების ტოფლფასია.

_ მინდა, იმედები გაგიცრუო და გითხრა, რომ საწვავს სრულად არ ვხარჯავ.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლოზ ვარდოშვილის განმარტებით, თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტი ორად გაიყო და თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს სამუშაო და სამოქმედო არეალი გახლავთ მხოლოდ ქალაქის ტერიტორია. მოგეხსენებათ, თელავი ფართობით და შიდა საავტომობილო გზებით ძალიან პატარა ქალაქია და ვფიქრობ, საკრებულოში მომუშავე თანამდებობის პირებს არ უნდა სჭირდებოდეთ ამდენი საწვავი სამსახურში მისასვლელად, თუ, რა თქმა უნდა, ისინი სხვა რაიონში არ ცხოვრობენ და გრძელი გზის გავლა არ სჭირდებათ სამსახურში მისასვლელად. შესაბამისად, კოლეგებს მოვუწოდებ, ვინც თელავში არ ცხოვრობთ, თელავში დასახლდით და ვინც თელავში ცხოვრობთ, ჩემსავით ფეხით იარეთ, გაუფრთხილდით საწვავს, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და ფეხით მოსიარულეებს უფრო მეტი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, ამომრჩეველთან კომუნიკაცია იქონიოთ.

P. S. მე არ ვიცი, ვინ რამდენს ხარჯავს, მაგრამ ვიცი, რომ ლიმიტი დადგენილია და ცხადია, თუ ლიმიტი საკმარისზე მეტადაა დადგენილი, მაშინ ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძეს შეუძლია, შეამციროს. თუმცა მარტივი ამოცანა გამახსენდა. სკოლაში, მგონი, მე-3 კლასში მასწავლიდნენ:

ამოცანა გვეკითხება, 10 ლიტრი ბენიზინით ავტომობილი გაივლის 100 კილომეტრს. რამდენ კილომეტრს გაივლის ავტომობილი 400 ლიტრი ბენზინის საწვავით?

ამოხსნა: 400 გავამრავლოთ 100-ზე ტოლია 4000 კილომეტრის.

პასუხი: თუ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე სამუშაო დღეებში, ანუ თვის 22 დღის მანძილზე 4000 კილომეტრს გადის, ჯამურად, დღეში იგი 4000 გაყოფილი 22-ზე, 181 კილომეტრს გადის სამუშაო საათებში. 181 კილომეტრი კი 55 კილომეტრ/საათით რომ გაიროს 3,30 გამოვიდა, ანუ თავმჯდომარე თხლაშიძე სამუშაო საათებში სამ საათზე მეტს პიპიით „დაკატაობს“!

 

მაკა მოსიაშვილი