დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში _ ინცესტი და ნათესაური აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება!

pooi

ეს ტრაგედია ორივე მხარის მონაწილეობით დატრიალდა! _ 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როგორც ქართული გენოფონდის, ისე აფხაზურის დაღმასვლა. დღეს აფხაზური ეთნოსი, ფაქტობრივად, გაქრობის პირას დგას და რუსული მხარე მათ იმ გამოსავალს სთავაზობს, რაც ხსნა ნამდვილად არ არის.

ქართველმა დემოგრაფებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღწერის მაჩვენებლებზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარეს. შედეგი საგანგაშოა!

XIX საუკუნის ბოლომდე აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, ვინაიდან იგი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და მეფის მთავრობას აღწერა არ ჩაუტარებია და სწორედ ამ დროს დაიდო პირველი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 64 000 იყო. მომდევნო 100 წლის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობა საგრძნობლად იზრდებოდა, მათ შორის იზრდებოდა ეთნიკური აფხაზების წილობრივი შემადგენლობა. XX საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო, კერძოდ 524 000; ხოლო 1991 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, ეს ციფრი 540 000-მდე გაიზარდა. 2003 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ აღწერა ჩაატარა და დადო ციფრი _ 214 000. 2014 წელს კი ეს ციფრი 242 000-მდე გაზარდა.

ქართველი დემოგრაფების დასკვნით, მთელი XX საუკუნის განმავლობაში, აფხაზების წილობრივი შემადგენლობა 3,3-ით გაიზარდა, ქართული ეთნოსის მოსახლეობა 6,8-ით, სომეხი მოსახლეობა 70-ჯერ, ხოლო რუსი მოსახლეობის წილობრივი შემადგენლობა 62-ჯერ გაიზარდა.

საინტერესო გახლავთ ის, რომ ხსენებული ანგარიშის მიხედვით, „მატებაში“ სომხები ლიდერობენ. და აი, რატომ:

ზოგადად, მოსახლეობის ზრდა ხდება ორი გზით _ ბუნებრივი მატებისა და მიგრაციის შედეგად. ქართული და აფხაზი მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი მატების საშუალებით, სომხებისა და რუსების წილობრივი ზრდა კი გამოიწვია დიდმა მიგრაციამ. ქართველმა ექსპერტებმა ისიც გამოთვალეს, თუ როგორ განვითარებოდა თავად აფხაზური გენოფონდი და როგორი იქნებოდა მისი წილობრივი შემადგენლობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთოდ არც ერთ ქართველს რომ არ ეცხოვრა. დაასკვნეს, რომ ქართველების გარეშე 80-იან წლებში აფხაზი ეთნოსის შემადგენლობა იქნებოდა, მაქსიმუმ, 30%, ხოლო 1991 წელს, როდესაც ეს კონფლიქტები დაიწყო _ მხოლოდ 32%.

 

ქრონიკა+“-ამ საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ შემდეგი განმარტება მისცა:

_ აქამდე საქართველოში აფხაზური გენოფონდის მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა. ჩატარდა ახლახან და ამ კვლევის ავტორი გახლავთ ცნობილი დემოგრაფი, ანზორ თოთაძე. პარალელურად, ცალკე კვლევა ჩაატარა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით. მანამდე აფხაზი დემოგრაფები უგულებელყოფდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დადებულ მონაცემებს, მაგრამ უარყოფდნენ მხოლოდ 2011 წლამდე. 2011 წლის შემდეგ მათი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ შეიცვალა.

_ კონკრეტულად რამ შეცვალა მათი დამოკიდებულება?

_ ფაქტებმა! 1959-1989 წლებში, ანუ 30 წლის მანძილზე, როდესაც აფხაზეთში ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ეთნიკური აფხაზების რაოდენობა გაზრდილია 32 074-ით, ხოლო თუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ ჩატარებულ კვლევას დავეყრდნობით, 2003-2011 წლებში, ანუ 8 წლის მანძილზე (როდესაც აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური ფონი ყველაზე მძიმეა, მიგრაცია დიდია და უმძიმესი ვითარებაა ნარკომანიის კუთხით), მათი გენოფონდი იზრდება 28 ათასით. ეს გახლავთ სრულიად  ურთიერთგამომრიცხავი ციფრები, რომელიც 2011 წელს დაიდო. ყველაზე მრავლისმეტყველი ამ კუთხით სწორედ ის კვლევებია, რომელიც გაკეთებულია როგორც ქართულ, ისე აფხაზურ გენოფონდზე. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოგვიტანა 27 სექტემბერმა და, ზოგადად, ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა.

 

ახლა კი ყველაზე მთავარი!

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ანზორ გოოვიმ, 2015 წლის 22 აპრილს ხელშეკრულება გააფორმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კლინიკა  „ალტრავიტასთან“. ასე გახდა მოსკოვის სამედიცინო დაწესებულება პროგრამა „აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების“ ნაწილი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა ძალზე აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ომს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ქორწინებაში შემავალი  ბევრი მამაკაცი (ასაკი 39-40 წელი და მეტი) ომგამოვლილია და რეპროდუქციული უნარი ბევრს დაკარგული აქვს.

ამონარიდი ანზორ გოოვის ოფიციალური განცხადებიდან:

„გავითვალისწინეთ რა ეს ფაქტორი, რუსეთის უშვილობასთან ბრძოლის წამყვან კლინიკასთან გავედით. ალტრავიტას რუსეთში ბიოლოგიური მასალის ყველაზე დიდი ბანკი აქვს, რომელიც ეკოს პროცედურის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პირველი ეტაპი სოხუმში ჩატარდება, რუსეთში გადასაგზავნი პაციენტები კი ყოველთვიურად აირჩევა. ხელოვნური განაყოფიერება იაფი არ ღირს და ეს მძიმედ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია. დემოგრაფიის საკითხი პირდაპირ ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. მე, კიდევ, აფხაზი მოსახლეობის ზრდის სხვა საშუალებას, უბრალოდ, ვერ ვხედავთ“, _ აღნიშნა გოოვიმ.

 

ქრონიკა+“-დეტალებზე ესაუბრება „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე:

_ როგორც ანზორ გოოვი აღნიშნავს, აფხაზეთში უშვილობა ძალიან დიდი პრობლემაა. ხელშეკრულების თანახმად, ისინი რუსეთში, ხსენებულ კლინიკაში აფხაზი ქალბატონების ჩაყვანას და ინ-ვიტრო პროცედურების ჩატარებას აპირებენ სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას სურს, რომ უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის ბიორესურსების ბანკი გამოიყენოს, მაგრამ არა აფხაზური გენის კოდით, არამედ რუსული გენით. ფაქტობრივად, ხდება შეჯვარება, იგივე ასიმილაცია.

_ კი მაგრამ, იქნებ, აფხაზური დნმ-ს  ბიორესურსებზეა საუბარი?

_ მე არ ვიცი, მათ ბანკში რომელი გენის კოდი ინახება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ეს პროგრამა ამუშავდა, აფხაზურ ეთნოსში ასიმილაცია წავა. რუსული კლინიკის შეთავაზება გულისხმობს ასევე იმას, რომ ბიორესურსი, ანუ განაყოფიერების გამოყენება ერთჯერადად არ ხდება. მამაკაცის ერთი ბიორესურსით შესაძლებლია რამდენიმე ქალის ინსენიმაცია მოხდეს. ეს კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველი გახლავთ ისეთი მცირე ტრადიციული ერისთვის, როგორიც აფხაზები არიან.

_ ნათესაურ აღრევას გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა! მე მიკვირს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, როგორ შეიძლება ასე უმტრო საკუთარ ერს?! ალბათ, პოლიტიკური ნების გარეშე ამის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა. მაინტერესებს, ფლობს თუ არა აფხაზი მოსახლეობა ამ ინფორმაციას _ რას უქადის მათ საკუთარი მთავრობა? ეს არ არის აფხაზური გენოფონდის გადარჩენა, ეს არის აფხაზური გენის სხვა ერის გენოფონდთან ასიმილაცია და ამის ხარჯზე მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა.

_ ქართული მხარე ამ მიმართულებით რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებს?

_ აუცილებლად. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ ფაქტზე ძალიან მწვავე კომენტარი გააკეთა. ჩვენ, ანუ საქართველოს მთავრობა, აფხაზ ხალხს ვთავაზობთ იმ პროგრამას, რასაც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ვახორციელებთ. კერძოდ, რამდენიმე დღის წინათ შეხვედრა გვქონდა ქართველ დემოგრაფებთან. საქართველომ 30 წლის შემდეგ პირველად დაიწყო სახელმწიფო დოკუმენტზე მუშაობა. ეს არის „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი“, თუ როგორ შეიძლება საქართველო ამ კუთხით იყოს დაცული. სწორედ ამ დოკუმენტში გამოიყოფა ცალკე თავი აფხაზეთის მიმართულებით. როდესაც გაზაფხულზე პარლამენტში კონფერენცია ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ აფხაზი ეროვნების მოქალაქეების გამოსვლა ღია ტრიბუნაზე ამდენი წლის შემდეგ პირველად. მათ კიდევ უფრო მძიმე ციფრები ჩამოიტანეს, ვიდრე ჩვენ გვაქვს ხელთ და აღიარებენ, რომ აფხაზური გენოფონდი გაქრობის პირას დგას. თუ ასე გაგრძელდა, სულ რაღაც 30 წელიწადში აფხაზური გენოფონდი უმცირესობაში იქნება. ახლაც უმცირესობაში არიან, ვინაიდან აფხაზეთის მოსახლეობის 40%-საც კი არ შეადგენენ ეთნიკური აფხაზები. მე, როგორც ფონდის თავმჯდომარე, ამ კუთხით ყველა სახელმწიფო დოკუმენტის შემუშავებაში ვმონაწილეობ და ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ შეხვედრას ვგეგმავთ, სადაც მინდა ჩაერთონ როგორც აფხაზი, ისე ქართველი ახალგაზრდები. მინდა, მათ გადაწყვეტილება მიიღონ, როგორ გადავარჩინოთ ქართულ-აფხაზური გენოფონდი ერთობლივად. ეს ტრაგედია ორივე მხარის მონაწილებით დაიწყო! 1990-იანი წლებიდან მოხდა როგორც ჩვენი გენოფონდის, ისე აფხაზურის დაღმასვლა.

ამ ეტაპზე არ ხმაურდება „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტში“ შემავალი აფხაზური გენოფონდის გადარჩენის გზები, მაგრამ იქ აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ გამოსავალი არის შემდეგი: აფხაზი ერის უშვილობასთან ბრძოლის აქტივიზაცია მას მერე უნდა დაიწყოს, რაც საკუთარი ბიორესურსების ბანკი შეიქმნება, რათა ადგილობრივი გენეტიკური კოდი არ შესუსტდეს.

 

 

თამარ როსტიაშვილი