რუსული პოლიტიკური თამაში და საქართველო

12386494_10207288389503417_725125602_n

 

როგორია დღევანდელი პოლიტიკური თამაშის სტრუქტურა? როგორია ამ თამაშში მონაწილე ობიექტების მონაწილეობა და დამოკიდებულება პროცესებისადმი, რომელიც საქართველოში და მის გარშემო ვითარდება? რა არის მათი როლი ამ თამაშში? ეს არის ის კითხვები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს პასუხგაცემული, ვინაიდან ამ პასუხების გარეშე, საქართველო, შესაძლოა, ისევ აღმოჩნდეს იმ პოლიტიკურად საშიშ ტურბულენტურ ზონაში, სადაც რუსული თამაშის ობიექტად ქცევა უდიდესი ალბათობა იქნება, რაც არერთხელ განხორციელდა ამ ორი საუკუნის განმავლობაში.

პოლიტიკური თამაშის სტრუქტურა დაკავშირებულია სხვა ობიექტებთან, რომელთაც თავისი სუბიექტივიზმი შემოაქვთ ამ თამაშში და გარკვეულწილად ქმნიან თამაშის სტურქტურის სურათს. თამაში ძალიან ფართო ცნებაა და ის არ მოიცავს მხოლოდ ლოკალურ ქმედებას, სცენას, თეატრს, ან კინოფილმის გადასაღებ მოედანს. ჩვენ ამ შემთხვევაში თამაშს განვიხილავთ, როგორც ჰერმენევტიკულ ფენომენს. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომლის მონაწილენი, ჩვენს შემთხვევაში, რუსეთი და საქართველოა, ხოლო კავკასიაში უკვე ორი საუკუნეა, რუსული გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს. ამ თამაშში სუბიექტები და ობიექტები მონაწილეობენ.

ობიექტი, რომელიც თამაშშია ჩაბმული, სერიოზულად არ აღიქვამს  საკუთარ მარცხს, რომელიც შესაძლოა, დადგეს. სწორედ ესაა იმის საფუძველი, რომ ობიექტი მონაწილეობს ზოგად, დიდ თამაშში. ჩემთვის საინტერესოა რუსული თამაშის გაგება _ ვინ, სად და როგორ მონაწილეობს ამ თამაშში? რა სუბიექტები ებმებიან მასში და რატომ იკლებს რევიზიის ხარისხი, რატომ არ ხერხდება თავად თამაშის რევიზია და არ ხდება იმ მარცხის გაცნობიერება, რომელიც შესაძლოა დადგეს? ეს ძალიან საინტერესო საკითხია.

ობიექტის თამაშში ჩართულობით შეგვიძლია განვსაზღვროდ ამ თამაშის გაგება. თუ ობიექტის სუბიექტურობა თამაშის ველში რევიზიას მოკლებულია, ან განპირობებულია მაღალი სუბიექტურობით, შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ობიექტმა არ იცის, რა ხდება თამაშში, დიდია. ასევე არის მეორე საკითხიც, შესაძლოა, ობიექტმა იცის თამაშის მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ აქაც სუბიექტივიზმი სჭარბობს რევიზიას, შესაბამისად, შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დგება. ანუ ობიექტი არასერიოზულად უდგება თავად თამაშის სტრუქტურას, თავად თამაშის გაგებას.

რუსული თამაში კავკასიაში ძალიან სერიოზულია. თამაში იმ შემთხვევაში არის წარმატებული, თუ შიგ ჩართული ობიექტის სუბიექტივიზმი მაღალია. ამ შემთხვევაში თამაში თამაშობს თავის თამაშს. თამაშობს ზუსტად და სერიოზულად. უფრო უკეთესი იქნება მაგალითის დონეზე განვიხილოთ. მაგალითად, რუსული გეოპოლიტიკური თამაში კავკასიისთვის, შეიძლება ითქვას, XVIII საუკუნის შუა წლებიდან გააქტიურდა.

საქართველომ იმ დროს რევიზიის გარეშე მიიღო რუსეთის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები, რომელმაც, საბოლოო ჯამში, საქართველო ოკუპაციამდე მიიყვანა თავისი ყველა გამოვლინებით. ახლა თუ განვიხილავთ ამ ყველაფერს ზემოთ მოყვანილი ფორმულის ჭრილში, მივიღებთ შემდეგ სურათს: მაშინდელი ქართული პოლიტიკისათვის გაუგებარი და ურევიზიო იყო რუსეთის მიერ შემოთავაზებული თამაშის სტრუქტურა და გაგება. ჭარბობდა სუბიექტურობა გამოწვეული სხვა თამაშით, დამღლელი, დამქანცველი თამაშით, რომელსაც სხვა დამპყრობლები _ ირანი და თურქეთი აწარმოებდა იმ საუკუნეში და მანამდეც ჩვენ წინააღმდეგ. ამიტომ დაქვეითდა რუსული გეოპოლიტიკური თამაშის მიმართ რევიზია და გადაწყდა რუსულ თამაშში შესვლა.

მიუხედავად იმისა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე რამდენიმე ფაქტი განხორციელდა, რომელიც გამოცდილების მისაღებად საკმარისი უნდა ყოფილიყო, არ გაითვალისწინეს. მაგალითად 1770 წლის ასპინძის ბრძოლა და ტოტლებენის მიერ ქართული ჯარის მიტოვება, ასევე მრავალი დაპირების მიუხედავად რუსული გარნიზონების საქართველოში შემოყვანის გაჭიანურება. მიუხედავად ამისა, 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი მაინც გაფორმდა. ამას მოჰყვა რუსულ-ირანული კოალიციის მიერ მომზადებული 1795 წლის კრწანისის ბრძოლა, რომელიც ისევ რუსეთმა დააფინანსა. შემდეგ ამას მოჰყვა 1801 წლის მანიფესტი, რომელმაც საბოლოოდ გააცხადა, რომ საქართველო ამ პოლიტიკურ თამაშში მხოლოდ ობიექტი იყო. საქართველო რუსული თამაშის ობიექტი გახდა.

ერთბაშად თავი მოიყარა თამაშში ურევიზიობამ, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსების სასიკეთოდ დამთავრდა, ვინაიდან ის თამაშობდა თავის თამაშს და ამ თამაშის სუბიექტიც თავად იყო. რა ხდება, რა არის ამ ყველაფრის თავი და თავი? თამაშში მოთამაშე ობიექტმა იცის, რომ თამაში მხოლოდ თამაშია. შესაბამისად, იკარგება რევიზია. მან იცის, რომ თამაშობს, მაგრამ მას არ უდგება სერიოზულად, ვინაიდან მინდობილია ამ თამაშზე, შესულია შიგნით და საფრთხეებს, რომელიც რაღაც, შესაძლოა, უმნიშვნელო ფაქტებით მაინც მჟღავნდება, ყურადღებას არ აქცევს.

რუსული თამაში გაგრძელდა. კვლავ დადგა დრო, რომ ეს თამაში გააქტიურებულიყო. ეს არის 1918 წელი. თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაშში ჩართულობამ რევიზია მოსპო. ისევ ანალოგიური შეცდომა 1920 წლის 7 მაისს და ისევ რუსული თამაშის გამარჯვება. ისევ რუსული თამაშის სუბიექტურობა მოგვეხვია თავს. ანუ ჩვენ ეს თამაში ისევ არ მივიღეთ სერიოზულად, რითაც რუსულმა თამაშმა მოახერხა ჩვენი ობიექტად ქცევა. მოთამაშემ ძალიან კარგად იცის, ზოგადად, რა არის თამაში, ასევე იცის თავად თვითონ რას აკეთებს ამ თამაშში, მან იცის, რომ ეს “მხოლოდ თამაშია”, მაგრამ მან არ იცის ის, რომ მან ეს იცის, ვინაიდან რევიზია დაჩლუნგებულია. თამაშის გაგების საკითხი ვერ გადაწყდება, თუ მოთამაშის სუბიექტივიზმის რეფლექსებიდან ამოვალთ. სწორედ ეს რეფლექსები არის ის, რაც მოთამაშეს ვერ შეაგრძნობინებს და უფარავს საფრთხეს თამაშში მონაწილეობის დროს. თავად მოთამაშის სუბიექტურობის რეფლექსები ქმნიან ილუზიას, რომ ის არის თამაშის ერთ-ერთი

(ერთადერთი თუ არა) სუბიექტი. სწორედ ეს არის იმის საფრთხე, რომ თამაში თავს ახვევს მოთამაშეს თავის წესებს, თავის დისკურსს და სვამს იმ პარადიგმაში, რომელიც თავად თამაშის მიერ მოფიქრებული და მოაზრებულია.

დადგა გასული საუკუნის 90-იანი წლები. ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენ თვალწინ. რუსული თამაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ჰქონდათ ეროვნული მოძრაობის ორ ლიდერს მოაზრებული რუსული თამაშის არსი, მისი სტრუქტურა, ამ თამაშმა შეძლო მათი ჩაყლაპვა, ვინაიდან ლიდერი თამაშში მარტო არ არის. აქ სუბიექტივიზმის მთელი კოლონებია ჩაბმული და, შესაბამისად, რუსული თამაშიც სწორედ ამ რეფლექსურ სუბიექტივიზმზე დაყრდნობით ახერხებს მისი გაგების და გააზრების დაფარვას, დამალვას, ამახინჯებს ინფორმაციას და ხელს უწყობს ისედაც დაჩლუნგებული რევიზიის კიდევ უფრო დაჩლუნგებას. თამაშში თამაშობენ, ან თავად თამაში თამაშობს და აფიქსირებს ამით ობიექტს.

ძალიან მიკვირს, როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე და, რატომღაც, არაფრისდიდებით არ გვსურს დავასრულოთ ამ თამაშში მონაწილეობა. დავასრულოთ ეს სცენა, ეს ეპიზოდი, რომელიც ამ რუსულმა თამაშმა შემოგვთავაზა. მყარად ვადგავართ სუბიექტური რეფლექსიის გზას და მყარად გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ამ თამაშში. არ გვსურს დავანგრიოთ ის მაყურებელთა დარბაზები, რომელიც ამ თამაშის სცენაზე გათამაშებას იწვევს და ამით დავასრულოთ როლი, დავასრულოთ სიუჟეტი, ვინაიდან სწორედ სიუჟეტია ისტორიისთვის ის 200 წელი!

არ ვაკეთებთ რევიზიას, დინჯად, მყარად ვმონაწილეობთ ამ რუსულ თამაშში. არ გვსურს, ეს თამაში გავიგოთ, გავხსნათ.  ეს თამაში ყველამ უნდა დაასრულოს თავის თავში და არა ვიღაცამ დაასრულოს. ჩვენ ვერ ვახერხებთ სუბიექტური რეფლექსიისგან განთავისუფლებას, ვერ ვახერხებთ გამოცდილების გამოყენებას, ვერ ვახერხებთ რუსული სივერაგის გაგებას, რომელიც იგივეა, რაც იყო 1795 წელს კრწანისის ომში ირანელების დაფინანსება, რაც იყო 2008 წლის აგვისტოში ტერიტორიების წაგლეჯა, მაგრამ ჯიუტად ვართ ამ თამაშში. ამ თამაშში შედის ყველაფერი. იქ უამრავი ნიუანსია, უამრავი მოვლენაა, უამრავი ეპიზოდია, რომელთა რევიზია არ ხდება, ვინაიდან თამაშია თავად სუბიექტი და ჩვენ ვართ ობიექტები, შესაბამისად, თამაშის შემოთავაზებულ ტექსტებს ვკითხულობთ და იქ ვეძებთ სიმართლეს.

ფაქტია, რომ რუსული თამაში არსებობს, გრძელდება და ჩვენ თვალწინ ვითარდება. ჩვენ კიდევ შემოგვრჩა თავისუფალი არჩევანი და მასში განთავსებული შესაძლებლობანი. წინააღდეგ შემთხვევაში, ეს თამაში უდიდეს რისკს შეიცავს. ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეგვეძლება ამ თამაშის გაგრძელება, ამ თამაშში ყოფნა, თუ გვექნება სერიოზული შესაძლებლობები, ვძლიოთ თავად თამაშის სუბიექტურიობას, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამის შესაძლებლობა გვქონდეს.

ამ ყოველივედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ რუსულ თამაშში ჩვენი მონაწილეობა აღადგენს ამ თამაშს სრულად. სწორედ აქ იმალება დიდი რისკი. მე დღეს ვერ ვხედავ, რომ რუსულმა თამაშმა და მასში მომხდარმა მოვლენებმა რაიმე დასკვნამდე მიგვიყვანა. საკითხს მარტივად ვერ მივუდგებით. ამ რუსულ თამაშში კარგად ჩანს მოვლენები, ფაქტები უახლესი ისტორიიდან. ეს თამაში დღეს გვთავაზობს იგივეს. ჩვენ დღესაც ყოველგვარი რევიზიის გარეშე ვმონაწილეობთ იგივე თამაშში და არ ვითვალისწინებთ გამოცდილებას. ჩვენ ვერ ვახერხებთ გავიაზროთ ეს.

ამ რუსული თამაშის სუბიექტი არის თავად ეს თამაში, ის თამაშობს თავად ამ თამაშს, ხოლო ჩვენ მასში შანსი არ გვაქვს. ჩვენ ვართ ობიექტები ამ თამაშის. ამ თამაშს ჰყავს მაყურებელთა დარბაზები, რომელთა გარეშე თავად ეს თამაში არ შედგებოდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ თამაშის რევიზია და მისი გაგება, გახსნა. დღეს ვფიქრობ, რომ მაინც ამ თამაშს ვთამაშობთ. ჩვენ კვლავ მივისწრაფით უკვე ამ თამაშში შესრულებული როლების კიდევ ერთხელ განმეორებისკენ.

მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს აქვს თავისი თამაში, თავისი გეოპოლიტიკა, რომ ის არის საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი. მხოლოდ ეს არის დღეს იმის გარანტია, რომ არ გავიმეოროთ საუკუნეების გამოცდილება და არ მოხდეს ისევ რუსული თამაშს სუბიექტად ქცევა, რისი საშიშროებაც ყოველთვისაა და დღეს რუსეთი ნამდვილად არის წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე. მას აქვს ინსტიტუტებში დამუშავებული უდიდესი გამოცდილება, თავს მოახვიოს საქართველოს თავისი პოლიტიკა. მან საქართველოში თითქმის ყველა სოციალურ სფეროში დატოვა თავისი გავლენის რგოლები. რაც შეეხება საქართველოს, დაწყებული 90-იანი წლებიდან, დღემდე უკვირს, როგორ ყველგან შესაძლოა იყოს რუსული გავლენა, ყველა სოციალურ რგოლში და ამის დაჯერება სულ გვიჭირდა, თუმა ფაქტია, რომ დღემდე ვერ შეძლო საქართველომ ქართულ პოლიტიკურ ველზე რუსეთის ინტერესის სრული იგნორირება. დღემდე არსებობს რუსულ თამაშზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები, რომელთაც, გარკვეულწილად, მხარდაჭერაც აქვთ. ეს საშიშია, დასაძლევია, ვინაიდან საქართველოს მხოლოდ ერთი მომავალი აქვს და ესაა ევროპული მომავალი, სადაც მთელი ისტორიის მანძილზე ვცდილობდით კავშირის დამყარებას. დღეს არსებობს ეს შანსი. დღეს არსებობს ეს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდეთ რუსული თამაშის გავლენისგან და აღარ ვიყოთ მისი ობიექტები, რაც ხშირ შემთხვევაში იმიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს, რომ ვერასოდეს გამოვიჩინეთ ის სიფხიზლე, ის რევიზია, რაც დაგვარწმუნებდა, რომ რუსული თამაში მხოლოდ იმას გაგვაკეთებინებს, რაც მისთვის არის სასიკეთო.

 

 

ირაკლი მარგველაშვილი