ლაშა ჩხარტიშვილი: „გარემოს დაცვის მინისტრი ცრუობს!“

reree

„რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები. ეს ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზეა დამოკიდებული. საწვავის ხარისხთან ერთად პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებელები, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა და იმისათვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, გვჭირდება მივიღოთ ზომები და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ავტოპარკი“, _ ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჰაერის სინჯების კვლევები გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით სისტემატური ხასიათი ექნება. აგულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საწვავის ხარისხზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ცალკეული სახეობის საწვავი, რომელიც იყიდება, უკვე შეესაბამება ევრო 5-ის სტანდარტს.

„ქრონიკა+“-თან გარემოს დაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი საუბრობს. მისი თქმით, აგულაშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ლაშა ჩხარტიშვილი:

_ ჰაერის დაბინძურებისადმი ბოლო დროს გააქტიურებული ყურადღება თავისთავად კარგია, თუმცა რეაქცია დაგვიანებულია. ეს, ალბათ, პირდაპირი შედეგია ჩვენი აქტიურობისა. წლების განმავლობაში, როგორც წინამორბედი ხელისუფლების დროს, ახლაც, ძალიან მწვავედ ვაყენებდით ამ საკითხს. საქართველოში უმთავრეს პრობლემათა შორისაა ეკოლოგია, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოაქვს. ჰაერის დაბინძურებასთან პირდაპირ დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დაავადება, მათ შორის ჯანმრთელობისთვის საშიში ავადმყოფობების მატება. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობდა არც წინა, არც მოქმედი ხელისუფლების პერიოდში. კარგია, ახლა მაინც რომ გაახსენდათ. იმედია, ეს არ დარჩება მხოლოდ დაპირებად, ისე როგორც საარჩევნო დაპირებები, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. ძალიან უცნაური, მიუღებელი და, შეიძლება ითქვას, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის მიერ. იმაზე საუბარი, თითქოს საქართველოში გაზომვების შედეგად დაადგინეს, რომ არც ერთ ქალაქში და თბილისის არც ერთ უბანში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის, ტყუიან! ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, ეს მრავალი კვლევიდან გამომდინარე ნათელია. კვლევების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ თბილისში და რამდენიმე ინდუსტრიულ ქალაქში ჰაერი კატასტროფულად დაბინძურებულია. სხვა თუ არაფერი, ვიზუალურადაც ჩანს, ვისაც თბილისის ფერდობებზე განლაგებულ უბნებში უწევს მოხვედრა ან გადაადგილება. საღამო ჟამს განსაკუთრებით  თვალნათლივ ჩანს, რომ თბილისის თავზე დგას საკმაოდ თვალსაჩინო და შესამჩნევი სმოგი, ანუ დაბინძურების თვალსაჩინო გამოვლინება, რაც საგანგაშოა. საგანგაშო რომ არის, ამაზე სხვა მრავალი ფაქტორიც მეტყველებს. ჯერ კიდევ 2003 წელს საერთაშორისო კომპანიამ საქართველოს მაშინდელი გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა კვლევები, რომლის საფუძველზეც ევროპაში თბილისი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი აღმოჩნდა. 2003 წლის შემდეგ თბილისში რაიმე გაუმჯობესებაზე და არასაგანგაშო მდგომარეობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით თბილისის პარკების მასობრივ გასხვისებას, გაჩეხვას, ინტენსიურ მშენებლობებს, ავტომანქანების რიცხვის კოლოსალურ ზრდას ყოველგვარი ტექნიკური დათვალირების გარეშე. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ვერ გაუმჯობესდებოდა და პირიქით, უფრო გაუარესდებოდა. ეს ხელისუფლებების პასუხისმგებლობის საკითხია, ძალიან მცირედი გაკეთდა იმისათვის, რომ მდგომარეობა და მეთვალყურეობა ჰაერის დაბინძურებაზე გაუმჯობესებულიყო. ამას თავი რომ დავანებოთ, უკვე ნახსენები გარემოებებიდან გამომდინარე, თუ 2003 წელს ჰაერის დაბინძურების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა იყო, ახლა კატასტროფულია! გარემოს დაცვის სამინისტროსა და მინისტრს მოვუწოდებ, საკუთარი თავისა და საზოგადოების დამშვიდებასა და მოტყუებას ნუ ცდილობს! რეალურად იზრუნონ, რომ, ერთი მხრივ, ჰაერის დაბინძურების კონტროლის სრულფასოვანი სისტემა შეიქმნას, რეალური კონტროლი განხორციელდეს და, მეორე მხრივ, ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული ქმედებები დაიწყოს. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე ისაუბრა, რომელიც ადეკვატური აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, განცხადებების დონეზე. მან პირდაპირ თქვა, რომ იზიარებს იმ მოსაზრებებს, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. კარგია, მან მაინც აღიარა, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით რეალობა მძიმეა. იყო ცალკეულ ინიციატივებზე საუბარი, რომლებიც თუ განხორციდელდა და დროულად დაიწყო, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა ღონისძიებებიც არის გასატარებელი და ამ მხრივ მართლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

_ რას გულისხმობთ?

_ პირველ რიგში, საწვავის ხარისხის კონტროლი, რომელიც 2016 წელს უნდა დაიწყოს. თუ რეალურ სახეს მიიღებს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმიტომ, რომ აქედან უნდა დაიწყოს სწორედ ბრძოლა ჰაერის დაბინძურებასთან. სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, ამას ფორმალურადაც კი არავინ აკონტროლებდა. ამ ხელისუფლების მმართველობის მეოთხე წელს ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. ტექნიკურ დათვალიერებას რაც შეეხება, ამისკენ სვლა უნდა იყოს თანდათანობითი და უმტკივნეულო. დღესვე რომ იყოს შემოღებული, ამას ვერ აიტანს სოციალური გარემო. ვიცით, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკების უდიდესი ნაწილი ძალიან მოძველებულია, აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული მის ჩანაცვლებაზე. ერთი მხრივ, ტექნიკური დათვალიერების შემოღება იმ სახით, რომელსაც, მეტ-ნაკლებად, შეიძლება ავტომფლობელებმა საკუთარი მანქანები მიუსადაგონ, ხოლო, მეორე მხრივ, საჭირო და აუცილებელია ზრუნვა არა მხოლოდ კატალიზატორებზე, რომელზედაც საუბარი იყო მთავრობის სხდომაზე. კარგია, ამას თუ რეალური სახე იქნება და მონოპოლიები არ შეიქმნება, მაგრამ კატალიზატორების გარდა, აუცილებელია თანდათანობითი ჩანაცვლებისკენ მიმართული ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ვგულისხმობ იმას, რომ ავტოპარკის განახლება საზოგადოებას და მის უდიდეს ნაწილს საკუთარი ძალებით ნამდვილად არ შეუძლია, ამიტომ საჭიროა იმ პრაქტიკის გამოყენება, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმატებით გამოყენებული. იგულისხმება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი, ან უპროცენტო დაკრედიტება ავტოპარკის განახლებისათვის, ანუ ავტომანქანების შესაძენად, რაც აუცილებელია, რათა მოქალაქეებმა შეძლონ, თანდათანობით შეისყიდონ ავტომანქანები და ეტაპობრივად დაფარონ საფასური. ჩვენთან ავტომანქანები უმრავლესობას, ძირითადად, საარსებო წყაროდ აქვს გადაქცეული, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტაქსის მძღოლებს, არამედ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ. მათ უფრო ხშირად უწევთ მოძრაობა, ვიდრე იმ პირებს, რომლებიც სამსახურში მიდი-მოდიან. ეს დასაქმების მხრივ უმძიმესი მდგომარეობის ბრალია, ამიტომ საჭიროა, რომ სახელმწიფომ საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს ამ სფეროში საბანკო სექტორის გავლით, ან მის გარეშე, რის საშუალებაც არსებობს და, ალბათ, აჯობებს კიდეც დაიწყოს შედარებით თანამედროვე და ახალი მანქანების შესყიდვის მხარდაჭერა, რაც გადამწყვეტი საკითხია. უმთავრესია, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს მხოლოდ ლაპარაკად. ვიცით, რომ დაახლოებით ერთი წლის წინათ ამ მიმართულებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, ჩვენ როგორც ექსპერტები არ მიგვიწვიეს, მაგრამ მონაწილეობდა რამდენიმე გამოცდილი ექსპერტი, იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც. დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან ვიცი, რომ ამ კომისიის მხოლოდ ერთი სხდომა ჩატარდა და ამით დასრულდა. პროგრამა არ შემუშავებულა, სადაც მოცემული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და ის მიმართულებები, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. მხოლოდ ცალკეული გამონათებები და საუბრები საკმარისი არ არის, საჭიროა შემუშავდეს სრულფასოვანი სტრატეგია, რაც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებას და ამ კუთხით უნდა დაიწყოს ინტენსიური სამუშაო, თუნდაც არჩევნებამდე საზოგადოებამ დაინახოს, რომ ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლის რეალური სურვილი აქვს. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც წაახალისებს შედარებით თანამედროვე ავტომანქანების შემოყვანას, გარკვეული ინიციატივები თითქოს არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყოველივე უნდა აისახოს კანონმდებლობაში, პროგრამაში, რომელიც ტრანსპორტისა და ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას მოიცავს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ სიტუაცია შეიძლება მართლაც გაუმჯობესდეს. სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით, სამწუხაროდ, მსოფლიოში საქართველო კვლავ ერთ-ერთი ლიდერია, ამ კუთხით გარემოს დაბინძურებას გადამწყვეტი როლი აკისრია, დამტკიცებული ფაქტია. ჰაერის დაბინძურების მხრივ უმნიშვნესლოვანესი თემა გახლავთ რეკრეაციული ზონების, გამწვანებული ტერიტორიების დაცვისა და მათი ფართობების გაზრდის საკითხი, ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარება რჩება. თბილისში სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა, დღემდე არც ჯანსაღი ხეების გაჩეხვა და მოჭრაა აღკვეთილი და მკაცრად აკრძალული, არც მორატორიუმია გამოცხადებული, არც ქალაქის ცენტრში ცათამბჯენების მშენებლობის რაიმე შემზღუდავი ცვლილებაა განხორციელებული. ვხედავთ, ხშირია იმის მცდელობები, რომ ისედაც ცათამბჯენებით გადაჭედილ ცენტრს დაემატოს ახალი მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, ისევ იჩეხება გამწვანებული ტერიტორიები. ჩვენ ხელისუფლება ვაიძულეთ, რომ ამ თემაზე საუბარი დაეწყო, გარკვეული შედეგებიც დადგა. მაგალითად, ჩვენმა ბრძოლამ საზოგადოებასთან ერთად პეკინის ქ. #23-ში წარმატება მოიტანა, 5-თვიანი ბრძოლის შედეგად მერია მიხვდა, რომ სხვანაირად არ გამოუვიდოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და ინვესტორს სანაცვლო ტერიტორია შესთავაზა. მოქალაქეებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად გადავარჩინეთ საბავშვო ბაღი, სკვერი და სპორტული მოედანი. ვაკის პარკში თითქმის მიღწეულია, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებულია და ჩვენი ინფორმაციით, საუბარია, რომ ინვესტორს შესთავაზებენ ალტერნატიულ ტერიტორიას. რამდენიმე დღის წინათ ვარკეთილის მე-4 მკრნ-ში, სადაც მოსახლეობის თხოვნით აქცია გავმართეთ, გუშინ, შეხვედრაზე ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის  ხელმძღვანელობისგან თანხმობა მივიღეთ, რომ ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ამ პირობას შეასრულებენ, მშენებლობა ვეღარ განხორციელდება. ასე რომ, გარკვეული შედეგები არის. _ ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს…

_ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის განაშენიანების გენგეგმა სრულფასოვნად შემუშავდეს და როგორც თავად ამ პროექტის ავტორები ამბობენ, ყოველ 3 თვეში ერთხელ რეალური რეგულაციები მიიღონ ქალაქში სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. თუ წელიწადნახევარი ველოდეთ იმას, რომ გენერალური გეგმა ექნება ქალაქს და ამის შემდეგ აღარ გაჩეხავენ პარკებს, აღარ ააშენებენ ცათამბჯენებს, ამის შემდეგ მიხედავენ მხოლოდ ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებას, მანამდე უამრავი ადამიანი შეეწირება ჰაერის დაბინძურებას. საქართველოში ყოველწლიურად სხვადასხვა დაავადების 7000-ზე მეტი შემთხევვა აღინიშნება, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნეების, რომელიც მზარდია, მისი შეჩერება კი შეუძლია ადეკვატურ და რეალურ ცვლილებებს, რომელიც, ჯერჯერობით, ხელისუფლებისთვის მხოლოდ სასაუბრო თემაა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ხელისუფლებამ უნდა დაგვანახვოს, ის მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ იყენებს ასეთ პრობლემებს, არამედ, აქვს სურვილი, შეუძლია შეცვალონ ჩვენი ცხოვრების ხარისხი და დაიცვას ჩვენი სიცოცხლე გარემოს გაჯანსაღების თვალსაზრისით. ეს ჩვენ ჯერ არ დაგვინახავს, იგივე დაბინძურებული ჰაერის ფონზე!

_ ეს პრობლემა ინდუსტრიულ ქალაქებშიც მწვავედ დგას.

_ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ინდუსტრიული ქალაქები, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე კატასტროფულია. ზესტაფონი, ჭიათურა და ტყიბული, თუნდაც ბევრი სხვა ქალაქი, ამის ნათელი მაგალითია, დაბინძურება ვერანაირად ვერ იქნება იქ ისე, როგორც თბილისის ცენტრში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინდუსტრიულ ქალაქებში ვერანაირად ვერ იქნება საშუალო ზომის დაბინძურება. ღამის 3 საათზე და გამონაკლის შემთხვევებში, თუ ჰაერი ინდიკატორული მეთოდების გამოყენებით გაზომეს, არ ვიცი, სხვა შემთხვევებში ამ მაჩვენებელს ვერ მიიღებდნენ, ან შეფასების საკითხია. ტყიბულის მაღაროში არსებული ჰაერის დაბინძურების დონეს თუ ადარებენ ტყიბულის, ან თბილისის ცენტრში არსებულს, შეიძლება ამ ფონზე ვინმემ ჩათვალოს, რომ საგანგაშო არ არის. ზოგადად მიღებული სტანდარტებით კი საგანგაშოც და უმძიმესი მაჩვენებელია არა მარტო დედაქალაქის ცენტრში, არამედ საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში. პრემიერიმა ეს ფაქტი დაადასტურა, დაგვიანებულია რეაქციაა, მაგრამ მთავარია, ვნახოთ საქმე. 4 წელია, ამ ხელისუფლების დაპირებების შესრულებას ძალიან მცირე მასშტაბით ვხედავთ და დარღვევებიც ბევრია იგივე დიდი ჰესების ლობირების თვალსაზრისით. ბევრი დაპირება დაარღვიეს, ბევრი თითქმის არ შეუსრულებიათ. კვლავ გულისყურით დავაკვირდებით მოვლენებს, ვიქნებით საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე, რომ დავიცვათ გარემო და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. იმედია, საკუთარ თავზეც იზრუნებენ…

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის გარემოს დაცვის მინისტრს დაუკავშირდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

 

თამარ ბატიაშვილი