რატომ უნდა იჯდეს სოზარ სუბარი „მატროსოვზე“?

p1

სახალხო დამცველი მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს ციხეების მინისტრი. „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიბაძა. ცნობილი „ციხის სკანდალისა“ და სისტემური მარცხის შემდეგ მაშინდელი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, სააკაშვილმა ციხეების მინისტრად გაამწესა, მაგრამ ამ დანიშვნამ საქმეს ვერ უშველა _ სააკაშვილის ხელისუფლება ციხემ შეიწირა. შეიწირავს თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებას ციხე?

პერიოდულად ვრცელდება ხმები, რომ რევოლუციის თუ „მაიდნის“ გარიჟრაჟი საქართველოში სწორედ ციხის ბუნტით დაიწყება. რამდენად დახვდება მზად სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი ამ გამოწვევას, ეს მომავლის საქმეა, ამჯერად კი ისევ ძველ და ახალ მინისტრს, სოზარ სუბარს უნდა დავუბრუნდეთ და წარსულის გაკვეთილებში მისი როლი კარგად შევაფასოთ.

სახალხო დამცველობამდე სოზარ სუბარის ცხოვრებაში იყო გაუხმაურებელი სკანდალი: 2004 წელია. ირაკლი ოქრუაშვილი ქურთა-თამარაშენში სპეცოპერაციას ატარებს და ცხინვალზე ლაშქრობას გეგმავს. კონფლიქტის ზონაში მოულოდნელად სუბარი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ჩადის. მათი პიკანტური მეგობრობა კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, განსაკუთრებით ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის ბრალის საქმეში ვასიკო მაღლაფერიძის ჩვენების გასაჯაროების მერე (თუმცა ეს საუბრის ცალკე თემაა, რომელსაც მოგვიანებითაც კი არ დავუბრუნდები). მოკლედ, სუბარი და მაღლაფერიძე გვიან ღამით სოფლების განაპირა ტყეში „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ კამერების ობიექტები გახდნენ. როგორც კულუარებში ამბობდნენ, ტელევიზიებში ირაკლი ოქრუაშვილმა დარეკა, რადგან სოზარ სუბარი თამარაშენის ტყეში, არც მეტი _ არც ნაკლები… რუსებს ხვდებოდა. მართალია, ამ ფაქტს მოგვიანებით ხელი არ შეუშლია, სოზარ სუბარი და ირაკლი ოქრუაშვილი ერთ პოლიტიკურ სივრცეში, რუსული ფულით დაფინანსებულ „ქართულ პარტიაში“ აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დღიდან დაიწყო სოზარ სუბარის მხრიდან დაუძინებელი მტრობა ნანუკა ჟორჟოლიანთან და ნათია მიქიაშვილთან, რადგან სწორედ ისინი იყვნენ „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში. ამ თემის დეტალებს მომავალში აუცილებლად დავუბრუნდებით, ისევე როგორც „ქრონიკა+“ ცდილობს, დააზუსტოს ინფორმაცია, ნამდვილად შედგა თუ არა შეხვედრა სოზარ სუბარსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2009 წელს ბელგიაში და იყო თუ არ მათი მოლაპარაკების თემა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრძოლა? „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, რომ არსებობს ამ შეხვედრის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალებიც.

რა დამსახურებისთვის გააკეთა სოზარ სუბარზე „სტავკა“ ბიძინა ივანიშვილმა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში სუბარი სკანდალში გაეხვია, რადგან მან სამინისტროს გენინსპექციის უფროსად საკუთარი ნათესავები და „ნაცმოძრაობის“ ცნობილი ზონდერი _ მირზა სუბელიანი დანიშნა (მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი 26 მაისის ცნობილი დარბევების დროს ქვემო ქართლის პროკურორი იყო და ამ რეგიონიდან დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის საქმის შეკერვაში პირადად მონაწილეობდა). მიუხედავად პოლიტპატიმრების საჯარო პროტესტისა, მირზა სუბელიანმა პოსტი შეინარჩუნა, რადგან სუბარს სისტემაში მისი არსებობა ჰაერივით სჭირდებოდა. მირზა სუბელიანმა მთლიანად აიღო კონტროლი ტენდერებზე და ციხეების მშენებლობაზე, ისევე როგორც „უდოს“ კომისიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობების ტენდერები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ აიღო, ხოლო „უდოს“ კომისიის ფორმალური კონტროლი მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძეს ჩააბარეს. სოზარმა უწყება დაალაგა, მირზა სუბელიანი პირადად ეახლა „კანონიერ ქურდებს“ და ციხეებში, „პალაჟენიის“ დაყენების სანაცვლოდ, მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის, ციხეებში მაყურებლების ინსტიტუტის აღდგენა და სიტუაციის ერთობლივი კონტროლი შესთავაზა. „ოცნების“ მინისტრმა „კანონიერ ქურდებთან“ ალიანსი არჩია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულება ამ დრომდე სწორედ ასე იმართება. სანაცვლოდ, ყველა „შავი“ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, ყველა მათგანს საკანში ჰქონდა პლაზმური ტელევიზორი, ხოლო საკვები „მაკდონალდსიდან“ მათთვის პირადად მირზა სუბელიანს დაჰქონდა. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში კი „შავებმა“ ციხის ადმინისტრაცია აიძულეს და საკნების გისოსები „ბალგარკით“ გადაახერხინეს. ამ ფაქტს მხოლოდ რამდენიმე თვის მერე ციხის უფროსი, გელა ტყემალაძე შეეწირა. სისტემაში ახალი მინისტრის დანიშვნის პარალელურად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ციხეებში „პალაჟენია“ გამკაცრდებოდა. ამის გამო ადგილებზე ბუნტის ორგანიზება დაანონსდა. პირველი გეგუთის კოლონია იქნებოდა. ეს სქემა დღემდე ძალაშია, რადგან, ჯერჯერობით, არავინ იცის, რა გზას დაადგება ახალი მინისტრი და მოისურვებს თუ არა ციხეების მართვას ისევ მაყურებლების მეშვეობით?

მოკლედ, სუბარის „დაწყობილ“ სისტემაში აღმოჩნდა მხოლოდ ორი უკონტროლო რგოლი, _ მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, გელა ხვედელიძის კადრი იყო და ლალი მოროშკინა, რომელიც ამ სისტემაში „ციხის სკანდალის“ ცნობილი მოვლენების მერე დანიშნეს. ამ პერიოდისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტს მაია ხასია იკავებს. ის მალევე წავიდა თანამდებობიდან. ოფიციალურად სასწავლო ცენტრში  გადაიყვანეს, არაოფიციალურად კი მისი მოხსნა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს უკავშირდება, რომელმაც ამ სისტემაში საკუთარი კადრი, მიშა ღურწკაია მოიყვანა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მიშა ღურწკაია წესიერი კადრი იყო. საბოლოო ჯამში, მირზა სუბელიანის ტენდერებისა და მშენებლობების „კანცოვკა“ სწორედ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მოდიოდა. ღურწკაიამ ტენდერებისა და „უდოს“ კომისიის მუშაობაში ჩაიხედა. არც მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი აღმოჩნდა ის „ჩიტი“, რომელიც სუბელიანების კაპრიზებს უსიტყვოდ შეასრულებდა. მირზა სუბელიანის პირველი სამიზნე სწორედ ირაკლი წერეთელი გახდა და მან თანამდებობიდან მისი გაშვება გელა ხვედელიძის წასვლის შემდეგ მარტივად მოახერხა, რაც შეეხება მიშა ღურწკაიას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

რას უყვება „ქრონიკა+“-ს ინფორმირებული წყარო? _ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხდება ჩხუბი და არის ბუნტის საშიშროება. სოზარ სუბარი მირზა სუბელიანის პირით უთვლის მიშა ღურწკაიას, რომ სიტუაცია ისედაც ძალიან დაძაბულია, ამიტომ საჭიროა, არასრულწლოვნების სიტუაცია ჩუმად მოგვარდეს. ამისათვის მას სთავაზობს, რომ „ბუნტოვშჩიკები“ „კანონიერ ქურდთან“, „ტარასასთან“ გაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეს იყო მიშა ღურწკაიას გამოუსწორებელი შეცდომა. ის მინისტრის ამ დავალების შესრულებას უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ზურაბ ვარდიძეს ავალებს. ვარდიძეს სხვა გზა არ აქვს და ის იძულებულია, არასრულწლოვნები „ტარასასთან“ გაიყვანოს, რომელიც არიგებს მოჩხუბარ მხარეებს და ბუნტის მცდელობაც ამით ჩერდება. აქ კი მირზა სუბელიანი ორ კურდღელს იჭერს, _ თავიდან იცილებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელიც წესიერი კაცია და არც პატიმრებს ისვამს თავზე, ზურაბ ვარდიძეს კი აკავებენ. პარალელურად, სოზარ სუბარი პრემიერთან მირბის „დანოსით“: ასეთი ფაქტი მოხდა და მიშა ღურწკაიამ არასრულწლოვნები „კანონიერ ქურდებს“ შეარიგებინაო. სხვათა შორის, ვარდიძის საქმეზე „ტარასა“ დაკითხულიც კი არ არის, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მოწმეებად გამოდიან არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი ქელბაქიანი და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მაჭავარიანი, რომლებიც, ყველა ლოგიკით, ვარდიძესთან ერთად უნდა დაეკავებინათ. ეს ის დროა, როცა ღურწკაიას მფარველს, ლაშა ნაცვლიშვილს, უკვე წყალი აქვს შემდგარი და მას საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია. სკანდალის თავიდან აცილების მიზნით მიშა ღურწკაიას თანამდებობიდან გადაყენებისა და მის ადგილას დიმიტრი დარბაისელის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ აქ ხდება ფაქტი, რომელიც ამ დრომდე არსად გახმაურებულა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მიშა ღურწკაია, რომელმაც უკვე იცის, რომ თანამდებობიდან მისი წასვლა გადაწყვეტილია და დიმა დარბაისელი, რომელიც „ბეზ პიტი მინუტ“  „სადის“ თავმჯდომარეა, არც მეტი _ არც ნაკლები, ფაქტზე იჭერენ… გენინსპექციის უფროსსა და სუბარის მარჯვენა ხელს _ მირზა სუბელიანს. საქმე ეხება პატიმრიდან ფულისა და იარაღის, „სტეჩკინის“ საჩუქრად მიღებას. ეს ხდება 2013 წლის ზამთარში. ბორკილებდადებული მირზა სუბელიანი სამინისტროდან გაჰყავთ. მისი დაკავების ფოტომასალა და ოქმი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მიშა ღურწკაიასთან ამ დრომდე ინახება, მაგრამ ის დღემდე დეპრესიაში და შესაძლოა, სულაც არ არის ამ მასალების გასაჯაროების ხასიათზე. სუბელიანის ფაქტზე დაკავება სუბარისთვის უმძიმესი დარტყმაა. ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, ვისი ჩარევის შემდეგ გადაწყდა მისი განთავისუფლება, მაგრამ ამ ფაქტის მერე, ბოლო დღემდე, ის დიმიტრი დარბაისელის ხელქვეითი იყო. „სადში“ კარგად ახსოვთ სუბელიანის მლიქვნელობა დიმა დარბაისელის მიმართ, რომელიც, პერიოდულად, საჯაროდ უხსენებდა ამ ფაქტს და ეკაიფებოდა, _ ჰა, მირზა, აბა, ახლა კიდევ როდის უნდა დაგიჭიროო? სუბელიანი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, დიმიტრი დარბაისელი კი ამ დროს უშვებს საბედისწერო შეცდომას, _ იწყებს ომს ლალი მოროშკინას წინააღმდეგ, რომელსაც კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ორი კვირაღა აქვს დარჩენილი. სუბელიანის მსტოვრები დარბაისელს ეუბნებიან, რომ მოროშკინა მის ადგილს უმიზნებს და მასზე კომპრომატებს აგროვებს, თავის მხრივ, მირზა სუბელიანი, რომელსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „სადში“ საკუთარი აგენტი ჰყავს მთავარი ბუღალტრის სახით, იღებს პრემიების მიღების მასალების ასლებს და სანდო პირის მეშვეობით უგზავნის ირმა ნადირაშვილს. ამით ის კვალს რევს: ერთი მხრივ, დიმა დარბაისელს ჰგონია, რომ პრემიების საკითხი ლალი მოროშკინამ გაიტანა, მეორე მხრივ, ლალი მოროშკინა ფიქრობს, რომ მასალები „სუსიდან“ მიაწოდეს ირმა ნადირაშვილს. დარბაისელი მოროშკინასთან ბრძოლაში ებმება და მეორე საბედისწერო შეცდომას უშვებს, _ მას სამსახურიდან ათავისუფლებს. საბოლოო ჯამში, ამ სკანდალში მოგებული მხოლოდ სუბარი რჩება, _ იგი თავიდან იცლებს დარბაისელსაც და მაროშკინასაც.

ის, რომ „სადის“ მაღალჩინოსნების პრემიების საკითხმა არჩევნების წინ მნიშვნელოვნად დააზრალა „ქართული ოცნება“, ფაქტია, მაგრამ ბევრად უფრო ამაზრზენი და გამაოგნებელია შემთხვევა, რომელსაც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება: პატიმარ კორტავას საქმეზე, მართალია, გამოძიება გრძელდება, მაგრამ სოზარ სუბარი, პრემიების თანხიდან, რომელიც რეალურად „სადის“ „ობშიაკია“ და არა თანამშრომლების ანაზღაურება, იღებს 30 000 ლარს და თანხას უხდის კორტავას მამიდას. ფაქტის ნამდვილობაში შეიძლება ეჭვი შეგვპარვოდა, მაგრამ ამ ინფორმაციას ზუსტად ემთხვევა კორტავას მამიდის ჯერ აქტიურობის, შემდეგ კი სიჩუმის პერიოდი. ლალი მოროშკინას ინფორმაციების ნაწილის გასაჯაროების შემდეგ, გავრცელებული ცნობით, დარბაისელის „სადიდან“ განთავისუფლება ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევითა და დირექტივით მოხერხდა. ბოლო წვეთი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იყო. ციხის ტერიტორიიდან გაყვანილ მერაბიშვილს სწორედ დიმა დარბაისელი „ეკაჩავა“: „კაია, ძმაო, ახლა „ზა რეშოტკაი“? მე რომ გამიშვი 2005-ში ხომ გახსოვს, ახლა რას იტყვი, როცა ჩემს ხელში ხარ?“ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაახსენდათ, რომ დარბაისელი გაშვებული იყო შსს-დან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებული დიმიტრი დარბაისელი ფანჯრიდან გადახტა, გარკვეული პერიოდი იმალებოდა და ახალაიასთან კონტაქტების აღდგენის მერე „კუდში“ დაბრუნდა. დიმიტრი დარბაისელი ციხეებში იარაღით შედიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული ფაქტი მოროშკინამ „სუსის“ უფროსის მოადგილეს გადასცა, მაგრამ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, მათ შორის, ისეთ მძიმე ფაქტებზეც კი, როგორიც იყო დარბაისელის ბრძანებით მეექვსე დაწესებულებაში გადაკეტილი ყოფილი მაყურებლების (შანიძე, სეხნიაშვილი, მოისწრაფიშვილი) გეგუთის კოლონიაში გადაყვანა, რომლებიც გიგა ფარტენაძესთან შეასახლეს და მკვლელობის შემდეგ უკანვე დააბრუნეს მე-6 საპყრობილეში, რასაც მოჰყვა ბუნტი და დღეს ისინი გადაყვანილნი არიან მე-8 არასაპატიმრო  დაწესებულებაში. ამავე პერიოდში იწყება ციხეებში აზარტული თამაშები, მათ შორის, „კრიტშიც“, რაც ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია, ისევე როგორც, ამ მომენტისათვის, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, იმდენად მოშლილია ციხეებში რეჟიმი, რომ დილა-საღამოს „პრავერკებიც“ კი არ ხდება.

სოზარ სუბარის მინისტრობას და მირზა სუბელიანის რუხ კარდინალობას უკავშირდება რამდენიმე გახმაურებული სკანდალი, რომელიც ასევე პირადად გენინსპექციის უფროსის მიერ იყო ინსპირირებული: 2013 წლის 20 მაისს გენერალურ ინსპექციაში შევიდა ქუთაისის #2 დაწესებულების პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის საჩივარი, რომელიც იუწყებოდა, რომ მას „მეტადონი“ მისცა ციხის ექიმმა ტუღუშმა. პარალელურად, სოზარ სუბარი აკეთებს განცხადებას, რომ ციხეებში ნარკოტიკების მოძრაობა შეიმჩნევა. მზადდება ხმაურიანი სპეცოპერაცია, მაგრამ საქმე იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, ექიმის ბრალეულობა არ დამტკიცდა, სამაგიეროდ, ნუგზარ თაბაგარი შეწყალებით ტოვებს ციხეს, იმ პირობით, რომ საკუთარ ჩვენებაზე საჯაროდ არასოდეს ილაპარაკებს. ფაქტის გამოძიებას უძღვებოდა გენინსპექციის დასავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ლევან საბანაძე (მირზა სუბელიანის კადრი) და მთავარი კითხვა: ვინ შეიტანა ციხეში „მეტადონი“? _ ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

ასევე ძალიან საინტერესოა ბათუმის ციხის უფროსის, თემურ ყურშუბაძის საქმეც, რომელიც სოზარ სუბარისა და ქიბარ ხალვაშის ახლო ნათესავია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, იმ პერიოდში, როცა ბათუმის ციხე შენდებოდა, პარალელურად ყურშუბაძე აშენებდა საკუთარ სახლს, რაც მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მონაყოლითაც დასტურდება, მაგრამ ფაქტის გამოძიება გენინსპექციას არც უცდია.

ზემოთ პატიმარ კორტავას საქმე ვახსენეთ. შემთხვევა 2013 წლის 23 მაისს მოხდა. საქმეს კვლავ ლევან საბანაძე იძიებს და პირველად ვერსიად სახელდება პატიმრის კიბეზე დაგორება. შემდგომ ირკვევა, რომ მკვლელობის ერთ-ერთი შემსრულებელი არის გელა უშხვანი, „გალსკი“, რომელიც მირზა სუბელიანის უახლოესი ნათესავია (ბიძაშვილის შვილი). შემთხვევიდან რამდენიმე თვეში „გალსკი“ „უდოზეა“ წარდგენილი და როგორც ირკვევა, მას საუკეთესო დახასიათებას აძლევს ზურაბ პეტრიაშვილი (მირზა სუბელიანის მეგობარი და ახლად დანიშნული დირექტორი). ამ საქმეში მათ სწორედ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ზურაბ ვარდიძე უშლის ხელს, რომლის დაკავებაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. თუ საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ მასალის გამოქვეყნების მერე „უდოს“ სიებს კარგად გადაათვალიერებს, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს წააწყდება. თავის მხრივ, „ქრონიკა+“ ოფიციალური წერილით მიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს და კნონით დადგენილ ვადაში მოითხოვს საჯარო ინფორმაციის _ „უდოთი“ განთავისუფლებულთა სიების გადაცემას; ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე კი, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 20013 წლის მარტამდე და 2013 წლის ნიემბრიდან „უდოს“ სიებით გავიდნენ „კრიმინალური ავტორიტეტები“ გიორგი ავალიანი, „ხალვა“ და ტვილდიანი. თავის მხრივ, ეს ფაქტი გამაოგნებელია, მაგრამ ბევრად უფრო აღმაშფოთებელია ის ინფორმაცია, რასაც სოზარ სუბარი კულისებში ავრცელებს, _ „კანონიერი ქურდების“ გაშვება პრემიერ ღარიბაშვილთან შეთანხმებული მაქვს, მათ ხელისუფლებას დახმარება უნდა აღმოუჩინონ და სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული მოსახლეობის დაშოშმინებაში უნდა მიიღონ მონაწილეობაო. იმედია, ეს ინფორმაცია არა მხოლოდ სამართალდამცველ უწყებას და პრემიერ ღარიბაშვილს დააინტერესებს, არამედ ლოგიკურად დაისმება კითხვა, _ როდის მერე გახდა „კანონიერი ქურდების“ საქმე ხელისუფლებისათვის დახმარება? თუ, ცხადია, სოზარ სუბარი შეგნებულად არ იტყუება და არ ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას.

2013 წელს ყაჩაღობაზე და პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევაზე იჭერენ მირზა სუბელიანის კიდევ ერთ ნათესავს, გვარად ნავერიანს, რომელიც 2013 წლის ივლისში ტოვებს ციხეს „აკტიროვკით“. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ მირზა სუბელიანის მეშვეობით მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ე. წ. ახალაიას ფირი, რომელიც დეკემბრიდან ოქტომბრამდე ინახებოდა სწორედ მასთან. თუ ახალაიას მოსმენების ფირი ამდენ ხანს ინახებოდა, სად არის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფირები? „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფირიც მირზა სუბელიანთან ინახება და ის აუცილებლად გამოჩნდება მედიაში სწორედ მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობის საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაიწყებს და ეს მოხდება სექტემბერში.

რატომ არ მიდის სწორი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაშინ როცა ამ უწყებას სასჯელაღსრულების სამინისტროში „ოდეერი“ ჰყავს, რომლის უშუალო ფუნქციას სწორედ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს?! „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, აქაც შეგნებულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე. სამინისტროს „ოდეერი“, ტარიელ ცქვიტინიძე, მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული კადრია. ის, თავის დროზე, „კუდში“ მუშაობდა, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში. 2004 წელს, როცა გეგუთის კოლონიიდან პატიმრები გაიქცნენ, მოკლეს კონტროლიორი. ცქვიტინიძე იყო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2005 წელს მის სახელს უკავშირდება გახმაურებული სკანდალი, „წრიპას“ საქმე, როცა „კანონიერი ქურდი“ გოგირდის აბანოში აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ აღძრული იყო საქმე სატელიტური თეფშებისა და სხვა სახის ინვენტარის ქურდობაზე. ეს საქმე მირზა სუბელიანის უშუალო მითითებით დაიხურა, ხოლო მოპარული ქონება ჩამოიწერა. ციხის სკანდალური კადრების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ცქვიტინიძე მე-19 ტუბზონის უფროსად დანიშნა, სადაც მას დავალებული ჰქონდა არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების ორგანიზება. სწორედ ეს კადრი დღემდე რჩება სისტემაში მირზა სუბელიანის მფარველობით. მისი ამოცანა ამ დრომდე იყო დეპარტამენტში იმ პირების დისკრედიტაცია და მათზე შსს-ში არასწორი ინფორმაციის მიტანა, რომლებიც სუბელიანების სიმპათიას არ იმსახურებდნენ. მირზა სუბელიანის მფარველობით სისტემაში ისევ რჩება ილია ზაალიშვილი _ შაქრო კალაშოვის მძღოლის, გალუაშვილის ბიძა. სწორედ გალუაშვილზეა გაფორმებული კალაშოვის ქონება, მათ შორის, წყნეთის სახლიც. თავის დროზე ილია ზაალიშვილიც მხილებული იყო ნივთების ქურდობაში.

ეს არის ფაქტების ის ნაწილი, რომელიც სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდში ამ სისტემაში ხდებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანია, გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას ტენდერებსა და ლაითურის ციხის მშენებლობას, გრიფის მოხსნამდე კი ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაითურის ციხეს სწორედ სოზარ სუბარის ბიძა, მირზა სუბელიანის მამა აშენებს. ამ მასალის წაკითხვის მერე კი დასკვნების გამოტანა ძნელი არ არის და ბევრად უფრო მარტივი გასაცემია პასუხი კითხვაზე: სად არის სოზარ სუბარის ადგილი _ „მატროსოვზე“ თუ დევნილების სამინისტროში? იმასაც ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, მას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრალის საქმეში მთავარი მოწმის იმუნიტეტი იცავს…

 

ელისო კილაძე