როინ მიგრიაული: „ავტომფლობელებს „სითი პარკისთვის“ გადახდილი ჯარიმების დაბრუნება შეუძლიათ!“

3er

ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ კომპანია „სითი პარკის“ უკანონო ქმედებებს ბოლო მოეღებოდა, თუმცა მათ არც ეს დაპირება შეუსრულებიათ. მეტიც, „სითი პარკის“ წინააღმდეგ ცალკეული დავები სასამართლოებში დღემდე იხილება. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ამ კომპანიის წინააღმდეგ პირველი სასამართლო პროცესები ადვოკატმა როინ მიგრიაულმა დაიწყო და ყველა დავა გამარჯვებით დაასრულა.
„ქრონიკა+“-ს ამ თემაზე ადვოკატი როინ მიგრიაული ესაუბრება:
_ გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ პირველი პროცესი ნამდვილად ჩემი იყო. რამდენადაც ვიცი, სხვა ადვოკატებმაც დაიწყეს სასამართლო პროცესები „სითი პარკის“ მიერ ავტომანქანების უკანონო გადაყვანებთან დაკავშირებით. შეიძლება ჩემი პროცესი უფრო ადრე დასრულდა, ან მისი შედეგები უფრო ადრე გახმაურდა და მას ამიტომ მიიჩნევენ პირველ სასამართლო პროცესად. ფაქტია, რომ ჩემს საქმეზე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პრეცედენტული გადაწყვეტილებები იყო, სადაც დასაბუთებულად აღინიშნა, რომ „დგომა-გაჩერების“ აკრძალვის ადგილებში მოკლე ვადით (მაგალითად 5, 10 ან მეტი წუთით) მანქანის მიტოვება, ანუ უკანონო პარკირება, „სითი პარკს“ კანონიერ უფლებას არ აძლევდა, ასეთი ავტომანქანები დაცულ ავტოსადგომზე გადაეყვანა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნორმების ანალიზის საფუძველზე, ზემოაღნიშნული სასამართლოები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მანქანის „მიტოვების“ ინტერვალი არ უნდა ყოფილიყო 12 საათზე ნაკლები. გარდა ამისა, სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ უკანონო პარკირება, ანუ „დგომა-გაჩერების“ წესების დარღვევით გაჩერებული მანქანა არ უნდა იწვევდეს საავტომობილო მოძრაობის, ან ფეხით მოსიარულეთა შეფერხებას, საცობს, არ უნდა ქმნიდეს საავარიო სიტუაციას და, რაც მთავარია, არ უნდა აყენებდეს ან უქმნიდეს საფრთხეს მესამე პირთა ქონებასა და ჯანმრთელობას. ამ გარემობების ერთობლიობით, სასამართლოებმა „სითი პარკის“ მიერ მანქანის გადაყვანა უკანონო ქმედებად მიიჩნიეს. აი, ასეთი ფართო და სწორი ინტერპრეტაცია მისცეს მოსამართლეებმა მანქანების უკანონო გადაყვანას. გარდა ამისა, მათ თავიანთი გადაწყვეტილება ნორმის სტრუქტურის თავისებურებითაც ახსნეს, რაც, ფაქტობრივად, ახალი სიტყვა იყო სასამართლო პრაქტიკაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული დავა 2015 წლის 15 ივნისამდე არსებულ სამართალდარღვევებს შეეხებოდა, როდესაც, ჯერ კიდევ, ბუნდოვანი იყო სამართალდარღვევის ნორმატიული შინაარსი, ხოლო სასამართლოებმა ამ ბუნდოვანებაში ნორმის სამართლებრივად სწორ ახსნას მიაგნეს და სითი პარკის ასეთი ქმედება კანონთან შეუსაბამოდ შეაფასეს.
_ ამის შემდეგ კიდევ გქონდათ სასამართლო დავები „სითი პარკთან“. ამჯერად თქვენი სარჩელის საფუძველი რა გახდა და როგორ დასრულდა ეს დავები (კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, ამბად, ვის რა დაუშავა „სითი პარკმა“ ამ შემთხვევაში?)?
_ „სითი პარკთან“ შემდეგი პროცესიც ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარებოდა, ამიტომ სასამართლომ (ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო დასრულდა), რადგანაც უკვე კანონიერ ძალაში შესული პრეცედენტული გადაწყვეტილება არსებობდა, იგივე სამართლებრივი დასაბუთება გამოიყენა და ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა. ორივე შემთხვევაში „სითი პარკისთვის“ მანქანის გამოსაყვანად სამჯერ გადახდილი 60 ლარი უკან დამიბრუნდა, ასევე, სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხები (სულ 200 ლარი).
სამართლებრივად „სითი პარკთან“ სასამართლო დავა საინტერესო იყო, როდესაც მან ჩემს კლიენტს გადაყვანისას მანქანა დაუზიანა. მანქანა დაზიანდა „სითი პარკის“ ავტომანქანაზე დამაგრებული ამწის ჩამოვარდნით. მიყენებული ზიანის ოდენობა 2.000 ლარს აღემატებოდა. აღნიშნული დავა მორიგებით დასრულდა და „სითი პარკმა“ ჩემს კლიენტს მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი აუნაზღაურა. ერთ-ერთ დავაში „სითი პარკს“, გადაყვანის 60 ლარის გარდა, კლიენტის სასარგებლოდ 1000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოვთხოვე, ვინაიდან 75 წლის ასაკს მიტანებულ კაცს, რომელსაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება ჰქონდა, გადაყვანილ მანქანაში აეროზოლები დარჩა, რომელსაც დროის გარკვეული ინტერვალებით ისხურებდა პირში, ხოლო ღამე ჟანგბადის ბალონზე მიერთებული იძინებდა. მართალია, სასამართლომ 60 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი თქვა, ვინაიდან ამისათვის მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი მოითხოვა.
_ თუ ყველა ეს დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდა, თუნდაც აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანია დარღვევებით მუშაობს, მაგრამ განმკითხავი კვლავ არავინ არის?
_ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნა, რომელიც მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ითვალისწინებდა, 2009 წელს ამოქმედდა. ეს პერიოდი ემთხვევა, თუ არ ვცდები, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაფორმების, ან მის შემდგომ პერიოდს. თუ ეს ასეა, დამაჯერებლად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კანონმდებელმა აღნიშნული ნორმა სპეციალურად „სითი პარკისთვის“ შეიმუშავა. აღნიშნული რედაქციით მოცემული ნორმა 2015 წლის 15 ივნისამდე მოქმედებდა. თუმცა მაშინდელმა კანონმდებელმა ვერ გათვალა, რომ აქტიური მოქალაქეები გამოჩნდებოდნენ, განსაკუთრებით იურისტები (ადვოკატები და მოსამართლეები), რომლებიც აღნიშნულ ნორმას სამართლებრივად სწორ განმარტებას მისცემდნენ და ამით „სითი პარკის“ უკანონო ქმედებებს ნიადაგს გამოაცლიდნენ.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სითი პარკის“ მიერ 2015 წლის 15 ივნისამდე სპეციალურ სადგომზე მანქანების გადაყვანა კანონის აშკარა დარღვევა იყო, თუკი ეს მანქანები არ აფერხებდნენ საავტომობილო მოძრაობას, ხელს არ უშლიდნენ ფეხით მოსიარულეებს, არ ქმნიდნენ საცობს, ან საავარიო სიტუაციას და ა. შ. შესაბამისად, ამ კომპანიისათვის გადახდილი თითოეული 60 ლარი უსაფუძვლო გამდიდრების ელფერს იძენს და თითოეულ მფლობელს შეუძლია, მათი უკან დაბრუნება მოითხოვოს, თუკი, რა თქმა უნდა, ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა არ არის გასული.
_ ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „სითი პარკს“ სათანადოდ მიხედავდნენ. ამ სიტყვებში იგულისხმებოდა ის, რომ მათი მხრიდან მანქანების მფლობელთა მიმართ უკანონო ქმედებები დასრულდებოდა, მაგრამ ოთხი წელი გადის და ამ საქმეს საშველი არ დაადგა. ეს კომპანია კვლავ პრივილეგირებულია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იბრძვის მათი უკანონობების წინაამდეგ. მათ უკანონობებზე ხელისუფლების უმოქმედობის მიზეზი ამჯერად რა არის?
_ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ერთადერთი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ პარლამენტის მიერ 2015 წლის მაისში მიღებული კანონით შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნა და ბუნდოვანი ნორმა შედარებით ცხადი გახდა. აღნიშნული ნორმის შეცვლის ინიციატორი ჩემთან ერთად იყო ბატონი ზვიად ტომარაძე, ასევე ერთ-ერთი აქტიური მოქალაქე. სადავო ნორმის სტრუქტურის შეცვლისას გათვალისწინებული იყო ზემოთ ნახსენები სასამართლო პრეცედენტები, როდესაც შენიშვნაში პირდაპირ ჩაიწერა ის სამი შემთხვევა, თუ რა დროს შეუძლია „სითი პარკს“ არასწორად პარკირებული ავტომანქანის გადაყვანა. ეს შემთხვევებია: როდესაც სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას, ან საცობს. მაგრამ საპარლამენტო განხილვისას თუ საკომიტეტო მოსმენებისას „სითი პარკს“ ჩვენთვის უცნობი ლობისტი გამოუჩნდა, რომელმაც ჩვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტში წინადადება ჩაამატა, რითაც, ფაქტობრივად, ლეგალურად დაუკანონა „სითი პარკს“ არასწორად პარკირებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და 60 ლარის გადახდევინების უფლებამოსილება. კერძოდ, ამ ჩანაწერით ავტომანქანის გადასაყვანად საკმარისია, თუკი ავტომანქანა არასწორად არის პარკირებული „დგომა-გაჩერების“ ამკრძალავი ნიშანის მოქმედების ზონაში, მიუხედავად იმისა, ეს მანქანა აფერხებს თუ არა მოძრაობას, ქმნის თუ არა საავარიო ვითარებას ან საცობს. ასე რომ, ამ წინადადების ჩამატებამ საერთოდ აზრი დაუკარგა მითითებული სამი შემთხვევის არსებობას და თუ ავტომანქანა უბრალოდ პარკირებულია „დგომა-გაჩერების“ ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში, „სითი პარკს“ შეუძლია, იგი მაინც გადაიყვანოს. ვფიქრობ, რომ სასამართლომ აქაც თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩამატებული წინადადება არ უნდა განმარტოს მეოთხე შემთხვევად, არამედ იგი უნდა განიმარტოს კუმულაციურად, რომელიმე მითითებულ შემთხვევასთან ერთად. ვიდრე ასეთი ტიპის საქმეები სასამართლოში მივიდოდეს და სასამართლო მათ მიმართაც პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს გამოიტანდეს, ზვიად ტომარაძესთან ერთად კიდევ ერთხელ მოვამზადეთ დღეს მოქმედი ნორმის ახალი ცვლილების პროექტი, სადაც უფრო ნათლად გაიწერა გადაყვანის შემთხვევები და შემოღებულ იქნა გადაყვანის აკრძალვის რეგულაცია, როდესაც მხოლოდ ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში არასწორად პარკირებული ავტომანქანის გადასაყვანად საჭიროა, ასევე, ერთ-ერთი აღწერილი შემთხვევის არსებობაც (მანქანა, იმავდროულად, უნდა აფერხებდეს მოძრაობას, ქმნიდეს საავარიო ვითარებას, ან საცობს). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ამ კვირაში ოფიციალურად დარეგისტრირდება და მას პარლამენტში შემდგომი მსვლელობა მიეცემა.
_ თბილისში ავტომანქანის თითქმის ყველა მფლობელს „სითი პარკის“ ჯარიმა აქვს, ზოგს არაერთი. ამ ჯარიმებს, უმეტესწილად, დაჯარიმებულის ხელმოწერა არ გააჩნია, ანუ მას ხელზე არ ჩაბარებია. მეტიც, ზოგჯერ დაჯარიმებულმა არც კი იცის ჯარიმის არსებობის შესახებ და მხოლოდ კონკრეტულ მომენტში აღმოაჩენს ხოლმე, რომ მის სახელზე „სითი პარკს“ ჯარიმა გამოუწერია. არავინ უწყის ამ ჯარიმების რეალობაც. საინტერესოა, „სითი პარკის“ ჯარიმებს თუ აქვს ხანდაზმულობის ვადა? როგორ უნდა მოიქცეს ავტომანქანის მფლობელი, როცა მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მის სახელზე „სითი პარკის“ ჯარიმაა? მისი რეალობა უნდა გადაამოწმოს? როგორ?
_ აღნიშნული ჯარიმების დიდი უმრავლესობა უნებართვო პარკირებებს ეხება, როდესაც პირს შეძენილი არ აქვს პარკირების ნახევარწლიანი თუ 1-წლიანი ნებართვები. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდებისთვის აუცილებელია, რომ იგი უშუალოდ ჩაბარდეს სამართალდამრღვევს, ან მისი ოჯახის წევრს. მანქანის საქარე მინაზე დატოვებული სამართალდარღვევის ოქმი არ მიიჩნევა ჩაბარებად, ისევე როგორც, არ მიიჩნევა ჩაბარებად, თუკი ავტომფლობელმა თავისი დაჯარიმების შესახებ შეიტყო ინტერნეტით, ანუ „სითი პარკის“ შესაბამისი ვებგვერდიდან. ამიტომ ავტომფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ოქმების ჩაბარების გარემობებს და ოჯახის სრულწლოვან წევრებს ყოველთვის მოჰკითხონ, ხომ არ ჩაიბარეს მათ ფოსტით მოსული რაიმე დოკუმენტი? მთავარია, რომ ავტომფლობელმა დროულად გადაიხადოს გამოწერილი ჯარიმა, ან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი, თუ არ ეთანხმება დაჯარიმების გარემოებებს.
_ ოფიციალური ქსელით რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სითი პარკმა“ ავტომანქანის მფლობელს ჯარიმები ხელზე არ ჩააბარა, მაგრამ ის ხელმოწერილი აღმოჩნდა, გარკველ ვადაში გადაუხდელობის გამო კი ჯარიმის თანხა გაიზარდა. იქნებ,  ავტომანქანის მფლობელებს აუხსნათ, რა შემთხვევაში აქვს „სითი პარკის“ ჯარიმას ძალა და რა დროს მიიჩნევა ის გააქტიურებულად?
_ თუკი ავტომფლობელი სადავოდ ხდის ოქმის ჩაბარების ხელმოწერას, მან აუცილებლად, დადგენილ ვადაში, უნდა გაასაჩივროს ხელმოწერის კანონიერება. გასაჩივრების პროცედურების დასრულებამდე, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს, ჯარიმას არ აქვს იურიდიული ძალა.
_ ავტომფლობელების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა უფლებები აქვს „სითი პარკს“, ან რისი უფლება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მისთვის რთული გასარკვევია, კომპანიამ მოცემულ მომენტში მისი უფლებები დაარღვია თუ არა? „სითი პარკის“ უფლებებზე, რატომღაც, არავინ საუბრობს.
_ კონკრეტულად, „სითი პარკის“ უფლებები იმ სადავო კონტრაქტშია გაწერილი, რომელიც მას თბილისის მერიასთან აქვს გაფორმებული. ეს არის კომერციული ხასიათის კონტრაქტი, რომლის დეტალებიც არ არის საჯარო ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი წესები, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას ეხება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გაწერილი.
_ „სითი პარკი“ ავტომანქანების „მოპარვისა“ და თავის სადგომზე გადაყვანის პრაქტიკას კვლავ აგრძელებს. ე. ი. სახელმწიფო ავტომფლობელებს არ იცავს, ანუ ვისაც სიმართლის გარკვევა უნდა, „სითი პარკის“ კანონდარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართოს სასამართლოს, სადაც სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს, დაკარგოს დრო და წინასწარ ისიც არ იცის, საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდება თუ არა. ამ სირთულეების გამო, „სითი პარკს“ ბევრი უკანონობა შერჩა. ამ სიტუაციაში ცალკეული პრეცედენტები ამინდს შექმნის?
_ სახელმწიფო ვერ გამოდგება თითოეული ავტომფლობელის ადვოკატად, თუკი მესამე პირმა მისი უფლება დაარღვია, ან შელახა. ეს არც არის სახელმწიფოს კომპეტენცია. სახელმწიფოს დანიშნულება გახლავთ, ისეთი სამართლებრივი ბაზა შეიმუშაოს, რაც მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობებში ავტომფლობელთა უფლებების უკეთესად დაცვას უზრუნველყოფს და მათი ინტერესების განხორციელების უკეთეს გარანტიებს ქმნის. „სითი პარკის“ „აქტიურობა“ სპეციალურ სადგომზე მანქანების უკანონოდ გადაყვანაში მხოლოდ მაშინ შენელდება, თუკი თითოეული ავტომფლობელი მაღალი სამართლებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავისი უფლებების დაცვას და დარღვეული უფლებების აღსადგენად არ დაიზარებს სასამართლოში სარჩელების შეტანას და იმ ბაჟის გადახდას, რომელიც. დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უკან სრულად დაუბრუნდება.

ნელი ვარდიაშვილი