პოლ ბრეგიდან – რამინამდე

d555
ერთადერთი, რაც ქართულ პოლიტიკას დღიდან მისი არსებობისა სტაბილურად ახასიათებს, ფობია და მანიებია. ფობიები დროებით გვერდზე გადავდოთ, ამჯერად მხოლოდ მანიებზე ვისაუბროთ.
მახსოვს, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, როცა სამეგრელოში გუბერნატორად ბონდო ჯიქია იყო, ანგარიშგაყინულმა პენსიონერებმა მის რეზიდენციასთან ანთებული სანთლები უკუღმა დაიჭირეს (ეს სამეგრელოში წყევლას, ანათემაზე გადაცემას ნიშნავს) და ცოცხალი გუბერნატორი დაიტირეს. მაშინ პოლიციის უფროსი ზუგდიდში ზვიად მანია იყო და კახა თარგამაძეს, როცა მისი ხელქვეითის პასიურობაზე უსაყვედურეს, რატომ მიუშვა იქამდე პენსიონერები შენმა მანიამო, ასე უპასუხია, _ ჩემს მანიას თავი გაანებეთ, ხელისუფლებაშიც ბევრი სხვა მანიააო _ თარგამაძის ამ თორნიკე ერისთავისეული მინიშნების შესახებ მაშინ კარგა ხანს ლაპარაკობდნენ.
საერთოდაც, მანია ყოველთვის ახასიათებდა მათ, ვინც ხელისუფლებაში იყო, ან ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა ხოლმე. შორს რომ არ წავიდეთ და შევარდნაძის ეპოქა წარსულშივე დავტოვოთ, ამის დასამტკიცებლად ბოლო ორი ხელისუფლების წარმომადგენელთა მანიების გახსენებაც საკმარისია.
მანია, ძირითადად, ფულთან იყო და არის დაკავშირებული. ის, რომ მანი-მანია, ამა თუ იმ დოზით, ყველა ხელისუფლების წარმომადგენლისთვის იყო დამახასიათებელი, ახალი არ არის. წინა ხელისუფლებაც საკმაოდ სცოდავდა ამ მხრივ _ მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები უმადობას არ უჩიოდნენ, ოღონდ ეგაა, მათ დროს ინფორმაცია ბევრად დახურული იყო და იშვიათად მჟღავნდებოდა, დღეს კი გამჟღავნების შემდეგ ის ძალა აღარ აქვს, რადგან ამ ხელისუფლების აწმყო ბევრად უჯოკრავს წინა ხელისუფლების წარსულს.
საოცარი კი ის იყო და არის, რომ რაც უფრო კარგად ცხოვრობდა ხელისუფალი, რაც უფრო მეტად წყდებოდა ხალხს, მით უფრო მეტ სისულელეს ამბობდა და, რაც მთავარია, სჯეროდა, რომ ერთადერთ ჭეშმარიტებას ქადაგებდა. ამავე დროს, ყველა თითქოსდა ხალხზე ზრუნვით ხსნიდა თავის სულელურ გამონათქვამებს.
მაგალითად, ნანული შევარდნაძე, როცა ფულის სწორად განაწილებაზე ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ 8 ლარი იმდენია, ჭკვიან დიასახლისს, სულაც, თავზე გადაუვაო. დღეს მის ციტატას ინტერპრეტირებულად იზმობენ ხოლმე, სინამდვილეში კი ის ასე ჟღერდა:
“8 ლარი ჭკვიანმა დიასახლისმა სწორად უნდა გაანაწილოს, მთელი თვის განმავლობაში გამოიზოგოს და ისე დახარჯოს, ყაირათიანად”. ალბათ, გახსოვთ, რა ამბები ატყდა მაშინ ნანულის ამ წინადადებაზე _ ლამის იყო იხვეწებოდნენ, გვასწავლოს ამ ქალმა, როგორ უნდა ვიცხოვროთ 8 ლარზეო. ნანულისგან კონკრეტული კალორიების გადანაწილებით დიეტას ითხოვდნენ, მაგრამ დიეტა არ გამოქვეყნებულა.
სამაგიეროდ, ხელისუფლება შეიცვალა და უკვე დიეტომანია დაიწყო _ ამ მხრივ ინიციატორად გიგი უგულავა მოგვევლინა, რომელიც წონაში ხან იმატებდა, ხან იკლებდა და ბოლოს უნიკალურ მეთოდს მიაგნო _ დიეტა შეიმუშავა, რომელსაც დღესაც ვიცნობთ, როგორც „უგულავას დიეტას“. ის მაშინდელმა თბილისის მერმა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გამოსცადა და საკმაოდ ეფექტურადაც, რის შემდეგაც ყველამ აიტაცა. ის კი არადა, ჩინოვნიკები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, „უგულავას დიეტა“ დაეცვათ _ ლამის საერთო სარგებლობის სამთავრობო დოკუმენტივით იყო.
„უგულავას დიეტა“ კი კარგი იყო, მაგრამ სრულიად საქართველოში გამოხმაურება მაინც ვერ ჰპოვა _ მოხელეობრივ დიეტად დარჩა, ამის მიზეზი კი მისი სიძვირე იყო. არც უგულავას ხელისუფლების შემდგომი შემადგენლობიდან ყველაზე აპეტიტური მინისტრის, ნოდარ ხადურის დიეტა აღმოჩნდა იაფი, მის მენიუში ხომ თონეში მთლიანად შემწვარი ციკანი იყო, ხოლო თავად ხადურის ფოტო _ მწვადს რომ შესცქერის გაფართოებული თვალებით, ამ დრომდე პოპულარულია.
ამაზე თავად პრემიერი ღარიბაშვილიც კი ხუმრობდა, რომელსაც ერთ-ერთი გადაცემის დროს, პირდაპირ ეთერში, ხადურმა უთხრა, უკვე 8 კილო დავიკელი და პირობას ვდებ, კიდევ დავიკლებო. კაცმა რომ თქვას, ხადურს არც მაშინ ეტყობოდა რამე ნადიეტარის და არც მერე მოგვჩვენებია გამხდარად, მაგრამ დიეტა მაინც არ გაუმხელია.
ალბათ იცით, ჩრდილოეთ კორეელ ბიჭებსა და მამაკაცებს დაევალათ, ზუსტად ისეთი ვარცხნილობა ატარონ, როგორიც მათ ლიდერს აქვს. რა თქმა უნდა, იძულებითი რაც არის, მოსაწონი თითქმის არაფერია, მაგრამ ამ მოდელის გადმოტანა საქართველოსაც არ აწყენდა, ოღონდ არა ვარცხნილობის, არამედ დიეტის სახით.
ასე მაგალითად, სულაც არ იქნებოდა ურიგო, მთელ მინისტრთა კაბინეტს დაევალოს დე ფაქტო პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და დე იურე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დიეტის დაცვა _ ამ ორიდან მეორე ხომ ყველაფერში პირველს ბაძავს და დიდი ეჭვია, მათი დიეტებიც მსგავსი იქნება, ხოლო ივანიშვილის დიეტაზე ის მაინც ვიცით, რომ მასში ხორცი, მით უმეტეს, ციკნის, არ შედის და ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებს, ასევე, რასაკვირველია, სტაფილოს წვენს უჭირავს დიდი ადგილი, ხოლო ამ დიეტის ეფექტურობაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ არც ერთი და არც მეორე ამ დრომდე ფორმიდან არ ამოვარდნილან და მას ინარჩუნებენ.
იმის მიუხედავად, რომ „ოცნების“ ცნობილ, თუ ნაკლებად ცნობილ სახეებს დიეტის დიდად არაფერი ეტყობათ, დიეტომანია მაინც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. მაგალითად, დიდი ეჭვი არსებობს, რომ სადღაც, დაუწერლად, ზურაბ ტყემალაძის დიეტაც არსებობს. როგორც გახსოვთ, მან ერთგან თქვა: “160 ლარი კი არ უნდა მეყოს მე, არამედ მე უნდა ვეყო 160 ლარს”, _ საინტერესოა, ამ წინადადებას ის დიეტაში როგორ გადაიყვანდა და როგორ გაანაწილებდა მას 30 დღეზე?..
მამაკაც დიეტომანებს არც ქალი-დიეტოლოგები ჩამორჩებიან. მაგალითად, გუგული მაღრაძეს უნიკალური რეცეპტი აქვს, როგორ უნდა დახარჯო 10 ლარი ისე, რომ ოთხი ქილა ხარისხიანი ზეთიც იყიდო, სხვა რამეებიც და კიდევ დაგრჩეს ფული. გჯერათ, რომ სადაც ეს თქვა, ამ ქალს დიეტა არ ექნება შემუშავებული? ექნება და მერე როგორ…
„ქართული ოცნება“ ხომ რადიკალიზმით ხასიათდება და დიეტომანიაშიც რადიკალური აღმოჩნდა. რამინა (რიმა) ბერაძე ის სახელი და გვარია, რომელიც დღეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის. მან ყველა რეკორდი მოხსნა და ერთი სოციალურად დაუცველი ადამიანის სადილი, არც მეტი, არც ნაკლები, 1 ლარსა და 18 თეთრზე ჩამოიყვანა, რამაც დიეტომან პოლიტიკოსებზე ახალი ტალღის აგორებას შეუწყო ხელი.
კიდევ კარგი, ნანულის დროს საქართველოში ინტერნეტიზაციის ტემპი ძალიან დაბალი იყო, თორემ მისი წინადადების განხილვას ხომ ვერ აუვიდოდით. სამაგიეროდ, ახლა ეს ტემპი მაღალია და ამ ტალღღის თავზე მოქცეული რიმა ბერაძე კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური: „გშია? _ იცეკვე“ „გშია? _ რამინამ“ შეცვალა, ხოლო „ფეისბუქი“ გაშლილ ხელის გულზე ხურდის სახით დაგროვილმა 1 ლარმა და 18 თეთრმა აიკლო.
ამან, ეტყობა, დღეს საქართველოს მთავარი დიეტოლოგი განსაკუთრებულად შეაწუხა, ამიტომ ადგა და უფასო სასადილოს მენიუ გამოაქვეყნა, რითაც კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი…
სოიციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, პატიჟებდნენ ერთმანეთს, მუცლების ამოყორვით იმუქრებოდნენ და ამ დროს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა ისმოდა თავად რიმა ბერაძისა და მისი თითებზე ჩამოსათვლელი (მართლა რამდენიმე იყო) `გამპრავებლის~ წკმუტუნი, რომ თავი მისი იყო, ტანი კი არა და რომ სინამდვილეში ბერაძეს არ უთქვამს ის, რაც თქვა _ ის „რუსთავი 2“-მა ჩაუდო…
ყველაზე პოპულარული კი ამ დიეტომანიასთან დაკავშირებით, ალბათ, გიორგი ჯაფარიძის ეს კალამბურის პრინციპით ნათქვამი იყო:
”როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამი გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის“.
იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ უყიდეთ საჭმელი“.
მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ერთი ლარი და თვრამეტი თეთრი გვაქვს“. მან უთხრა: „აქ მომიტანეთ“. და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ერთი ლარი და თვრამეტი თეთრი, იყიდა კალორიები, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა კალორიები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი _ ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი კალორიებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
ქ. თბილისის საკრებულოს ბიბლიოთეკის რევიზირებული სახარებიდან“.
ხუმრობა იქით იყოს და დიეტა ხშირად მართლაც ახდენს სასწაულებს. შიმშილი ზოგჯერ ის ძალაა, რომელიც სხეულიდან სიკვდილს თუ ვერ განდევნის, დიდხანს აფრთხობს მაინც. სსრკ-ს დროს ლეგენდარული ამერიკელი პროფესორის, ჩარლ ჰაიდერის შიმშილობაზე სულაც რომ არაფერი ვთქვათ, ტიბეტელი ბერების შეგონებები რომ დავივიწყოთ შიმშილობის სასწაულზე, ბოლოს და ბოლოს, XX საუკუნეში კაცობრიობას ხომ პოლ ბრეგი ჰყავდა! რაციონალური შიმშილი, ჯანმრთელი კვება და საკუთარ სხეულზე და სულზე მუშაობა _ ეს არის სულიერი და ფიზიკური გაახალგაზრდავების მიღწევის საშუალება, რასაც პოლ ბრეგი თანამედროვეობის ყველაზე დიდ აღმოჩენად მიიჩნევდა. ამ სამი პრინციპის პროპაგანდას მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და თავადაც მუდამ იცავდა. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ექიმებმა, რომლებმაც უკანასკნელად გამოიკვლიეს 90 წლის ბრეგის სხეული, აღიარეს რომ მას 50 წლის ადამიანის ორგანიზმი ჰქონდა…
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ნუ ერჩით რამინა-რიმას _ ის თქვენზე ზრუნავს, უნდა, რომ შიმშილით განიკურნოთ და თუ დაავადებული არ ხართ, აღარ დაავადდეთ.
ერთი ცნობილი რეკლამის ტექსტი რომ მოვიშველიოთ, დიეტომანია და ნარ-მანიას კუბომანია, ანუ მერიის მიერ 1714 წინასწარ შესყიდული კუბო რომ გავაერთიანოთ, ტექსტი ასეთი გამოვა:
„მიანიჭო მას ბედნიერება _ საშვი უფასო სასადილოსთვის. ახალი სტეიკი, ქორფა ბოსტნეული, შუშხუნა კოკა-კოლა _ სულ რაღაც ერთი ლარი. ზედაც დესერტი _ დანამული ტორტი, სულ რაღაც, 10 თეთრი. ყველაფერს დარჩენილი 8 თეთრით ვერ იყიდი, მაგრამ რიმა ბერაძის დიეტის გარდა, სხვა დანარჩენისთვის ნარმანიას კუბოები არსებობს…“

დოროთე გითოლენდია