ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კანონდამრღვევი იუსტიციის მინისტრი

s44

„ქრონიკა+“ აგრძელებს რუბრიკას „მხილების გვერდი“. ადვოკატი მამუკა ნოზაძე სამართლიანობის აღდგენის კუთხით ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და ამ საქმეში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ამხელს.
მამუკა ნოზაძე:
_ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიდი მტრობა გაუწია იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენას ელოდებოდნენ: ამ პიროვნებებს საჩივრები ჰქონდათ გაგზავნილი ევროპულ სასამართლოში, რომ მათ მიმართ დარღვეული იყო ფუნდამენტური უფლებები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით არის განსაზღვრული. მათი საჩივრების განხილვა კონიფიცირებული იყო, ანუ დასრულებული, თუმცა წულუკიანმა ისინი აიძულა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ დეკლარაციაზე მოეწერათ ხელი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ კი აღიარა კონვენციის მუხლის ან მუხლების დარღვევა, მაგრამ მათ მიზერული კომპენსაცია მისცა.
_ უკეთესად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს საქართველოს მთავრობის შეთავაზებული დეკლარაცია?
_ ეს გულისხმობს იმას, რომ მათ მიმართ ევროპული კონვეციით გარანტირებული ესა თუ ის მუხლი დარღვეულია, მას აღიარებს სახელმწიფო, თუმცა შედეგი მხოლოდ და მხოლოდ მიზერული კომპენსაციაა. სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს მომავალში, დამნაშავებისა და კანონდამრღვევების მიმართ, რომ მსგავსი დარღვევები კვლავ არ მოხდეს. სახელმწიფო მომჩივნებს ზემოთ მითითებულ პირობებს სთავაზობს მეგობრული მორიგების გზით _ დეკლარაცის სახით და მხოლოდ ამით შემოიფარგლა საქართველოს მთავრობის მოქმედება კანონდარღვევებზე. ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ადამიანები აიძულა, ამგვარ დეკლარაციაზე მოეწერათ ხელი. მეგობრული  მორიგების პროცესში საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლო გამოიყენა, რადგან სასამართლოს მეშვეობით მორიგების პროცედურა წარმოებს. ცხადია, ისეთებიც არიან, რომელთაც ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მორიგების ცალმხრივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს, მაგრამ მათ მიმართაც იგივე შედეგი დადგა, ანუ ევროპულმა სასამართლომ მათზეც მხოლოდ თანხის გადახდის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც ასევე წულუკიანის ზეგავლენით მოხდა, რადგან მან კარგად გამოიყენა ევროპულ სასამართლოში თავისი გავლენები. მინისტრი გახდა თუ არა, უმალვე გაემგზავრა ევროპულ სასამართლოში და სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა, რის შედეგადაც საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ბედი მთავრობის სასარგებლოდ გადაწყდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ წულუკიანი წლების მანძილზე ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და კარგად იცის ბევრი ვირეშმაკული ხერხი, რაც ხალხის საზიანოდ აამოქმედა. რაც გითხარით, ამის ფაქტებსაც დაგისახელებთ.
მამა-შვილმა შალვა და ვლადიმერ დოლიძეებმა, დენის ყვარელაშვილმა, ასევე ნიკოლოზ მჭედლიშვილმა არ მოაწერეს ხელი საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ დეკლარაციას. მიუხედავად ამისა, ევროპულმა სასამართლომ მაინც გამოიტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის ცალმხრივი დეკლარაცია დამტკიცდა. ამის შედეგად კი მათ მიზერული კომპენსაციები გამოუყვეს, თუმცა მათ მიმართ ევროკონვენციის მუხლების დარღვევა მშრალად არის აღიარებული. ამით ადამიანებს ეუბნებიან, კი ბატონო, თქვენ მიმართ ევროპული კონვენციის გარკვეული მუხლი დაირღვა და ამიტომ გაძლევთ 5, ან 6 ათას ევროსო. ეს არის ნონსენსი, რადგან ამ საქმეებში ადგილი აქვს უამრავ დარღვევას, რის თაობაზეც დაწვრილებით წერია  თითოეული მომჩივნის საჩივარში და, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპული სასამართლოს შეფასებებს, რაც გადაწყვეტილებაშიც აისახებოდა, თუკი სასამრთლო საჩივარს განიხილავდა, რის შემდგომაც საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნებოდა, ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით ადეკვატურად ემოქმედა, გამოესწორებინა მდგომარეობა და შეეცვლა საჭიროების შემთხვევაში არსებული მანკიერება და კანონმდებლობაც კი, მაგრამ ეს რომ არ უნდათ, ამის დასტურია დეკლარაციის ცალმხრივად წარდგენის აპრობირებული მეთოდი.
_ ანუ წულუკიანის უწყება ყოფილ ზონდერებს იცავს და ამიტომ შემოიღო ეს დეკლარაცია?
_ ასე გამოდის. ეს გააკეთა წულუკიანმა, რომელმაც თავისი გავლენა გამოიყენა და როცა იუსტიციის მინისტრად აირჩიეს, ევროპულ სასამართლოში წავიდა, მათ პრეზიდენტს შეხვდა და მოელაპარაკა, რომ ევროსასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ შესულ საქმეებთან ასეთი მიდგომა ჰქონოდა და ეს საქმეები მხოლოდ მიზერული თანხების გადახდით დასრულდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ იძულებით დასთანხმდა მთავრობის შეთავაზებულ პირობებს, რადგან საფრთხე იყო, რომ თუ ისინი არ დასთანხმდებოდნენ, ამ მინიმალურ კომპენსაციასაც დაკარგავდნენ. ამავდროულად, ისინი დაკარგავდნენ იმის აღიარების შესაძლებლობას, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ მიმართ ევროპული კონვენციის გარკვეული მუხლების დარღვევას აღიარებდა. ათეულობით ისეთი ადამიანიც ვიცი, რომელმაც პრინციპულობა გამოიჩინა, ხელი არ მოაწერა დეკლარაციას, ევროპულმა სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო და, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაამტკიცა ეს დეკლარაცია. როგორც გითხარით, ასე მოექცნენ შალვა და ვლდიმერ დოლიძეებს, დენის ყვარელაშვილსა და გიორგი მაზანაშვილს. ეს მომჩივნები თავის მოსაზრებას იმით ამყარებდნენ, რომ მათთვის მხოლოდ ფინანსური მხარე არ იყო მნიშვნელოვანი და უნდოდათ, მათ საქმეებში სამართლიანობის აღდგენის მხარეც მოგვარებულიყო. მხოლოდ თანხობრივი  კომპენსაცია არასაკმარისი იყო და სხვა რეაგირებებსაც ითხოვდნენ. მაგალითად, რომ სახელმწიფოს ის ადამიანები დაესაჯა, რომლებიც მათ მიმართ ჩადენილ უკანონობებში მონაწილეობდნენ. მაგრამ ასე არ ხდება და მხოლოდ მიზერული, თანხობრივი კომპენსაციით შემოიფარგლება. ასეთი რამ მიუღებელია როგორც მომჩივნებისთვის, ასევე  სამართლის განვითარებისთვის.
გირგვლიანის საქმეზე, როგორც ვიცით, ბევრ ხარვეზზე მიუთითა ევროპულმა სასამართლომ, რის შემდგომაც საქართველოს სახელმწიფო იძულებული გახდა, ბევრი რამ შეეცვალა. ასევე კოხრეიძე-რამიშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის, რომ ეს პიროვნებები ხელბორკილებით ისხდნენ სასამართლოს დარბაზში არსებულ გისოსებში, რის შემდგომაც ევროსასამართლომ აღნიშნული გარემოება მიუთითა, როგორც დარღვევა. შედეგად სასამართლოში სიტუაცია შეიცვალა და მოხდა გისოსების დემონტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმ საქმეებზე, რომელზედაც დასრულებული იყო განხილვა, მსგავსი გადაწყვეტილებები გამოეტანათ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ეშმაკურად მოიქცა. თეა წულუკიანს დიდი გავლენა ჰქონდა ევროპულ სასამართლოზე, რადგან ეს ადამიანი იქ წლების განმავლობაში მუშაობდა, მოსამართლეებსა და სასამართლოს პრეზიდენტს კარგად ცნობდა და ისიც არ არის დამალული, რომ მათთან, ამ საკითხზე, არაერთი ვიზიტი განახორციელა. როცა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე აირჩიეს, ის მაშინვე შეხვდა ევროსასამართლოს პრეზიდენტს და ამ საკითხებზე ესაუბრა _ უნდა ამორიცხულიყო საქართველოდან წასული საქმეები სიიდან. მან არაერთხელ იტრაბახა ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა საქართველოშივე მოხდებოდა და გვექნებოდა ქართული სტრასბურგი, აღარ გახდებოდა საჭირო საჩივრების გაგზავნა ევროპულ სასამართლოში და რომელი საჩივარიც უკვე გაგზავნილი იყო, მასზე სახელმწიფოს მიერ გატარდებოდა შესაბამისი ზომები, ანუ აღიარება მოხდება საქართველოშიო, რაც როგორც შეასრულა, უკვე აგიხსენით.
ხმამაღლა ვაცხადებ: იმ საქმეებზე განვითარებულმა პროცესებმა, რომლებზეც მოქალაქეები აიძულეს, რომ ხელი მოეწერათ დეკლარაციებზე, ანდაც არ მოაწერეს ხელი, მაგრამ მაინც გამოიტანეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს აწყობდა, შეაფერხა ქვეყანაში სამართლის განვითარება, რადგან ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდოდა, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ აწყობდა ხელისუფლებას, ვინაიდან ბევრი რამ ექნებოდა შესაცვლელი, რისი გაკეთებაც არ სურდა. ამიტომ მცირე რეაგირებით, მიზერული კომპენსაციით შემოიფარგლნენ.
_ ანუ ამდენი ზონდერი, მწამებელი, კანონმდამრღვევი კვლავ თანამდებობაზე რომ ზის და დაუსჯელია, ხელისუფლების ამ ქმედების შედეგიც არის?
_ რა თქმა უნდა. თეა წულუკიანს სამსახურში თავშეფარებული ჰყავს ლევან მესხორაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის დროსაც მუშაობდა. ის გახლდათ ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ღიად გამოდიოდა გირგვლიანის საქმეზე და ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში საქართველოს სახელმწიფო სწორად მოიქცა. დღეს ეს პიროვნება კვლავ წულუკიანთან მუშაობს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის დეპარტამენტის უფროსი გახლავთ. არადა, მან, `ნაცმოძრაობის~ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი უკანონო ქმედება ჩაიდინა. ის ადამიანებს აიძულებდა, ხელი მოეწერათ განცხადებებზე, რომელიც თავად ამ დეპარტამენტში იყო შედგენილი და რომლითაც უარს ათქმევინებდნენ ევროსასამართლოში შეტანილ საჩივრებზე, რაც, ცხადია, იძულებით და დაშინებით ხდებოდა. როდესაც ევროსასამართლოში საჩივარი შედის, მას კონკრეტული ნომერი ენიჭება, რომელიც ცნობილია მომჩივანისთვის და კონუფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის, ანუ იუსტიციის სამინისტროსთვის. ციხის ადმინისტრაციას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ციხეებში მყოფ ამ ადამიანებს აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ საჩივარზე, თითქოს მათი უფლებები არ ირღვეოდა და სახელმწიფო მათ მიმართ ლმობიერი იყო. ეს ტექსტები სწორედ მესხორაძის სამსახურში იწერებოდა. ფაქტად კი დავასახელებ მამუკა ალადაშვილის, მამუკა კოჭლამაზაშვილისა და ვალერიან ბალიაშვილის საქმეებს. ისინი აიძულეს, ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომ თითქოს ნებაყოფლობით უარს აცხადებდნენ ევროპულ სასამართლოში მათი საჩივრის გაგრძელებაზე. ევროპულმა სასამართლომ კოჭლამაზაშვილისა და ალადაშვილის საჩივრები საქმეთა სიიდან ამორიცხა. ამ პიროვნებებმა შემდგომ გაასაჩივრეს და თქვეს, რომ ეს ზეწოლის შედეგად დაწერეს. მაზანაშვილმა ევროსასამართლოსაც მიმართა და პროკურატურასაც, რომ მის მიმართ ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან იყო, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ამ ყველაფერს ლევან მესხორაძე უწყობდა ხელს. თეა წულუკიანის გამინისტრების შემდგომ მას არ შეხებიან და ასეთი საქმეების ჩამდენი ერთი დღითაც კი არ გაუთავისუფლებიათ. არადა, ეს ადამიანი წლების განმავლობაში სჩადიოდა უკანონო ქმედებებს.
უარესსაც გეტყვით: 2009 წლის იანვარში ვეროპულმა სასამართლომ ნიკოლოზ ხმიადაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც მორიგებით დასრულდა და საქართველოს სახელმწიფოს გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა. ამის შემდეგ ხმიადაშვილი იუსტიციის სამინისტროში დაიბარეს და მას მოკლე განცხადება დააწერინეს, რომ ის უარს აცხადებდა ამ თანხის მიღებაზე. როცა რამეზე უარს აცხადებ, ან რამეს ითხოვ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაასაბუთო, რატომ აცხადებ უარს, ან რატომ ითხოვ? ლევან მესხორაძემ და მისმა დეპარტამენტმა კი ამ პიროვნებას მოტივაციაც არ დააწერინეს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რატომ არ უნდა აღსრულებულიყო და არ უნდა აეღო მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა. განცხადებაში მხოლოდ მოკლედ წერია, რომ ის უარს ამბობს მის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოსადმი დაკისრებულ თანხაზე. მოტივაცია, საფუძვლები, მიზეზები _ ამაზე ამ ადამიანს არაფერი ათქმევინეს. ზოგადად, ასეთი უარის გამოცხადებაც უკანონობაა. გადაწყვეტილება ევროსასამართლოს უკვე  გამოტანილი ჰქონდა და რას მიქვია თანხის მიღებაზე უარის თქმა? ეს ხომ არ არის კერძო სახის დავა, ერთ პიროვნებას მეორის ვალი რომ ჰქონდეს და მერე განაცხადოს, _ შევრიგდით და აღარ მინდა ვალის დაბრუნებაო? ეს უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება გახლდათ, რომელიც ძალაში იყო შესული, რომელზედაც უარი დაუშვებელია, თანაც დაუსაბუთებელი. ეს გააკეთა ლევან მესხორაძემ და მსგავსი განცხადება ევროპულ სასამართლოს გადაეგზავნა. ეს არის დანაშაული და, ბუნებრივია, გამოძიების საგნად უნდა ქცეულიყო, მაგრამ გავიდა წლები და როგორც ამ პირის უფლებების დამცველმა ადვოკატმა, შესაბამისი განცხადება წარვადგინე, რომლითაც სახელმწიფოსგან ამ გადაწყვეტილების შესრულებას ვითხოვ. თეა წულუკიანს და ლევან მესხორაძეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მივმართე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს ამ თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით? ამ კითხვებით მეორედაც მივმართე, მაგრამ არც ამჯერად მიმიღია პასუხი, რადგან ლევან მესხორაძეს იმდენი უკანონობა აქვს ჩადენილი, რომ სამართლებრივ ჩიხში არის შესული.
ამჯერად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღიარებასთან  დაკავშირებით პასუხისმგებელი არის თეა წულუკიანი და თუ არც ესენი აღასრულებენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, იძულებული ვიქნები, უახლოეს თვეებში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სასამართლოს მივმართო იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. თუ სასამართლოებიც უგუნურებას გამოიჩენენ და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არც მათ შეასრულეს, ევროპულ სასამართლოს ხელმეორედ მივმართავთ.
საქმე ის არის, რომ სახელმწიფომ ზეწოლის სწორი ფორმაც კი ვერ აირჩია და არაგონივრულად მოიქცა. მე ვასწავლი მათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ ამის გაკეთება მაინცდამაინც სურდათ. სამართლებრივად სწორი იქნებოდა ის, რომ ამ ადამიანებისთვის მიეცათ ეს თანხა და მათ გამოეტანათ, მაგრამ, შემდგომ, ეს ფული კვლავ სახელმწიფოსთვის დაებრუნებინათ, შეეტანათ ფონდში და ა. შ. მაგრამ როცა თანხაზე უარს აცხადებ, ამით შემოიფარგლები და არ ასაბუთებ, რატომ არ გინდა ეს ფული, ეს არაგონივრულია. რომელ ადამიანს არ უნდა თანხა, რომელიც კანონიერად აქვს მიღებული, ეკუთვნის არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობის შემდგომ? თუ ასეთ თანხაზე ზეწოლის გარეშე უარს ვინმე ამბობს, მის ფსიქიკაში ეჭვია შესატანი. ჯერ პროტესტს აცხადებდე, ევროსასამართლოში მოიგო საქმე და მერე უარი განაცხადო, ასეთი რამ არის ნონსენსი. ასეთი რამ ხდებოდა 2009 წლიდან და თეა წულუკიანი ასეთ საქმეებზეც დუმს, არ ახდენს შესაბამის რეაგირებას. ევროპული სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილება მაღალი ლეგიმატიციის არის და მისი შესრულება  სავალდებულოა, ისევე როგორც ნებისმიერი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა კონსტიტუციის მიხედვით. პიროვნებას ეს ფული უნდა მიეღო და თუ სახელმწიფოსთვის 7 ათასი ევროს გადახდა დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდებოდა, მაშინ ჭკუა უნდა ეხმარა, ეს ფული ამ პიროვნებისთვის მიცათ და თუ ის ქველმოქმედი აღმოჩნდებოდა, ან მის მიმართ ზეწოლა არ მომხდარა, მერე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის. ამ შემთხვევაში წულუკიანის ბრალეულობა ის არის, რომ ამ ადამიანს ახლაც არ აძლევენ აღნიშნულ თანხას, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი მიღება. ასე არღვევს კანონს ამჯერად წულუკიანი მიცემულ საქმეზე. მესხორაძემ კი მაშინაც დაარღვია და ახლაც არღვევს, რადგან ის ყველა ამ პროცესში მონაწილეობდა. სწორედ მესხორაძის უტვინო მითითებით დააწერინეს ამ ადამიანს ასეთი განცხადებები, რაც რამდენიმე წლის შემდგომ შემოუტრიალდა და ეს ადამიანი ამ კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვს.
_ ასეთ დღეში ბევრი ადამიანია?
_ ამას ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ასეთები კიდევ თუ არიან, მაშინ ამას ჰქვია სისტემური დანაშაული. მესხორაძემ და ადეიშვილმა სრულფასოვანი დოკუმენტიც კი ვერ შექმნეს ასეთი უკანონობების საკეთებლად.
გიორგი მაზანაშვილის საქმეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის საქმეში ერთ-ერთი მთავარი გახლდათ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. გიორგი მაზანაშვილის მიმართ სახელმწიფომ ცალმხრივ დეკლარაციაში აღიარა, რომ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს. 2014 წელს ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და გიორგი მაზანაშვილს სახელმწიფომ ციხეში გადაწყვეტილება გაუგზავნა ინგლისურ ენაზე. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ტერიტორიაზე სამართალწარმოება ქართულ ენაზე უნდა განხორციელდეს. ციხეში მყოფ მაზანაშვილს ხელი არ მიუწვდებოდა მისი თარგმანის გაკეთებაზე და არც თავად არის ამ დარგის სპეციალისტი, რომ ეთარგმნა. ის არ ფლობს ამ ენას. ესეც სახელმწიფოს არაადეკვატური ქმედება გახლდათ, რადგან თავად უნდა ეთარგმნა გადაწყვეტილება ქართულ ენაზე და ასე ჩაებარებინა ადრესატისთვის. მაზანაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მიმართა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში პირდაპირ არის მითითებული: თუ ევროსასამართლო დაადგენს, რომ კონკრეტული პირის მიმართ ევროპული კონვენციის ამა თუ იმ მუხლით არსებული უფლება დაირღვა, მას საშუალება ეძლევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და საქმის გადასინჯვა მოითხოვოს. მიმართა კიდევაც, მაგრამ მოსამართლე გიორგი ჩემიამ გადაწყვეტილება გამოტანა, რომლის თანახმადაც მაზანაშვილს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და იქიდან გასული იყო ერთი წელი და რომ უკვე ხანდაზმულად ითვლებოდა. კანონი ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მიმართო შესაბამის სასამართლოს და საქმის გადასინჯვა მოითხოვო. თუმცა მაზანაშვილი ასაბუთებს, რომ როცა მისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა, მან კანონით დადგენილ ვადაში მიმართა, ანუ როცა ის ციხიდან განთავისუფლდა და ამ გადაწყვეტილების ქართულ ენაზე თარგმნა მოახერხა. სასამართლო მხოლოდ კანონში მითითებული ნორმით შემოიფარგლა და არ გაიაზრა ის, თუ როდის გახდა ამ ადამიანისთვის სრულყოფილად ცნობილი გადაწყვეტილების შინაარსი. ის მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილს დაეყრდნო, რომლის თანახმადაც ის ფაქტი დასტურდება, რომ გიორგი მაზანაშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა. მოსამართლე არ სვამს კითხვას, რა ენაზე ჩაიბარა ეს გადაწყვეტილება. ამიტომაც ვამტკიცებ, რომ მოსამართლეები უნდა იყვნენ მოაზროვნეები. ბუნებრივია, კანონს უნდა დაექვემდებარონ, მაგრამ ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაფერს უნდა მიუდგეს გონივრულად და განსაჯოს, რეალურად რა როგორ იყო. ევროპულ სასამართლოს ამაზეც აქვს კარგი განმარტება, რომ მარტო შენს ენაზე კი არ უნდა იყოს დოკუმენტი შედგენილი, არამედ შენთვის ინტელექტუალურად გასაეგებ ენაზე და ისე უნდა გადმოგეცეს, რომ აღიქვა, რაზეა ლაპარაკი. ფაქტია, ამ ადამიანს არ განუმარტეს მისთვის გასაგებ ენაზე და მითითებული ვადაც ვერ იმოქმედებს. ახლა ეს საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილება და ის მაია ოშხარელს აწერია. არ ვიცი, რამდენად ჩასწვდება ის ამ გადაწყვეტილების შინაარსს, რადგან ისიც ერთ-ერთი ზონდერმოსამართლეა. მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელიც ევროსასამართლოზე კიდევ ბევრჯერ განიხილება. ის უზენაეს სასამართლოში ყოველგვარი დამსახურების გარეშე, მხოლოდ იმიტომ დაწინაურდა, რომ მოლაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას სხვა დამსახურება არ მიუძღვის. ახლა ველოდები, როგორი სახის გადაწყვეტილებას გამოიტანს და მიუდგება თუ არა ეს ადამიანი სამართლებრივად და გონივრულად ამ საქმეს?

ნელი ვარდიაშვილი