რა ხდება ქეთევან წამებულის #71-ში?

s33

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ინფორმაციით, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ქეთევან წამებულის #71- ში მცხოვრები ვეტერანების უფლებებს იცავს და აცხადებს, რომ მოსახლეობას არ გააჩნია სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტარული პირობები. შენობა არის ავარიული, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, გაზი და ასევე არ გააჩნია კანალიზაცია.
„1993-2005 წლებიდან თბილისში, ქეთევან წამებულის #71-ში, თავდაცვის სამინისტროს მიერ სიტყვიერი შესახლების საფუძველზე, ცხოვრობენ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები. შესახლების პერიოდში შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. ეკონომიკის სამინისტრო ქეთევან წამებულის #71-ში შესახლებულთა ბედით არ დაინტერესებულა, მაშინ, როცა მთლიანი ტერიტორია 2008 წელს 22 მილიონ ლარად გაყიდა სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტზე“.
მოსახლეობის განცხადებით, „რეალ ინვესტის“ თანამშრომლები არ აძლევენ ნებართვას, რომ შენობაში შეიყვანონ დენი, გაზი, წყალი და დაამონტაჟონ კანალიზაციის მილები. მოსახლეობისვე თქმით, მათ ასევე არ აძლევენ უფლებას, ჩაატარონ შენობის გამაგრებითი, ან სარემონტო სამუშაოები.
ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ამ პირობებში ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ამიტომ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესდეს ქეთევან წამებულის #71-ში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების მდგომარეობით, ასევე მათი პრობლემების მოგვარების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება გატარდეს“, _ ნათქვამია განცხადებაში.

„ქრონიკა+“ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტს, ეკა ქობესაშვილს ესაუბრება:
_ ქალბატონო ეკა, რატომ არ აძლევს „რეალ ინვესტი“ მოსახლეობას უფლებას, რომ შენობის გამაგრებითი, ან სარემონტო სამუშაოები ჩაატაროს?
_ როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს შენობა 2005 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო. თავის დროზე, სიტყვიერი დაპირებების საფუძველზე, იქ ვეტარანები შეასახლეს, რომ შემდგომში ეს ბინები დაუმტკიცდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ.
ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ისე, რომ საერთოდ არ დაფიქრებულა ამ ადამიანების წინაშე ვალდებულებასა და პასუხისმგელობაზე, ეს ტერიტორია მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება  „რეალ ინსვესტზე“ გაყიდა.
ხელშეკრულებაში კი წერია, რომ ამ შენობაში შესახლებული არიან ვეტერანები, მაგრამ ამ დოკუმენტით რომ რაიმე პასუხისმგებლობა აიღოს რომელიმემ, ეკონომიკის სამინისტრომ ან „რეალ ინვესტმა“, ეს გაწერილი არ არის. თუმცა მათი მხრიდან აღიარებას ვხედავთ და ნამდვილად დგას ეს ვალდებულება.
ამიტომ, მთლიანობაში, ორივე პირი პასუხისმგებელია _ როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე „რეალ ინვესტი“, რომ ამ ადამიანების ბედზე იფიქროს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აძლევენ უფლებას, კორპუსში შეიყვანონ გაზი, ელექტროენერგია, ისარგებლონ კანალიზაციით და ა. შ., ამისთვის აუცილებელია კომპანიის თანხმობა. „რეალ ინვესტი“ ამ ხალხს ისეთ პირობებს უქმნის, რომ ეს ერთადერთი საცხოვრისი დატოვონ და ფართი კომპანიას დაუთმონ.
სწორედ ამის გამო „რეალ ინვესტი“ ვეტერანებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებს, მაგრამ ეს ხალხი მაინც ვერსად მიდის, რადგან სხვა საცხოვრებელი ადგილი, უბრალოდ, არ გააჩნია. ამ დროს სახელმწიფო ხომ ვალდებულია, რომ ომის ვეტერანებზე იფიქროს და მათ ელემენტარული პირობები შეუქმნას?
_ მთელ ამ დავიდარაბაში მთავარი პასუხისმგებელი ამ ადამიანების მძიმე მდგომარეობაზე ვინ არის?
_ რასაკვირველია, მთავარი პასუხისმგებელი სახელმწიფოა, თუმცა „რეალ ინვესტმა“ ძალიან კარგად იცოდა, თუ რას იძენდა. ანუ ნივთობრივად ნაკლიან ტერიტორიას ყიდულობდა, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ და მათი ბედი ნამდვილად იყო გადასაწყვეტი. მათ ხომ გამოთავისუფლებული შენობა არ ჩაბარებიათ და არც ჩაბარდებოდათ, რადგან სახელმწიფოს მათთვის ასეთი დაპირება არც ჰქონია.
_ ხელშეკრულებაში რომ ამ ადამიანების კორპუსში ყოფნა დაფიქსირებულია, ეს რა პასუხისმგებლობას იწვევს?
_ ამით ორივე მხარის აღიარებაა უკვე, რომ ამ ადამიანების ბედი გადასაწყვეტია _ როგორც ეკონომიკის სამინისტროსი, ასევე „რეალ ინვესტის“. ანუ ეკონომიკის სამინისტრო ყიდის ფართს, სადაც ცხოვრობენ სხვა ადამიანები და გამოსაყვანად ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ; და „რეალ ინვესტი“ აღიარებს და ყიდულობს ასეთ სახლს. ანუ ამ ნაწილში ორივეს ეკისრება პასუხისმგებლობა.
მაგრამ ამ შემთხვევაში, რახან „რეალ ინვესტი“ სამართალმემკვიდრე და ბოლო მესაკუთრეა, მასზე მოდის პასუხისმგებლობა, რომ ამ ხალხს ვერ გაასახლებს, თუ არ დააკმაყოფილა _ არ მისცა ადამიანური პირობებით რაიმე სხვა შენობა, ან ფართი არ გადასცა საკუთრებაში. ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი კორპუსი, ჰექტრობით მიწა, ძალიან დიდი ტერიტორიაა, სადაც გზის ბოლოში, ერთ პატარა კორპუსში ცხოვრობს ეს ხალხი.
_ რა კონკრეტულ პასუხისმგებლობას აკისრებთ სახელმწიფოს ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
_ მთავარ პასუხისმგებლობას იმიტომ ვაკისრებთ, რომ ეს ადამიანები სახელმწიფომ შეასახლა. იქ თავისი ინიციატივით არავინ შეჭრილა, თორემ აქამდე მათ არავინ დატოვებდა. სახელმწიფო ვალდებულია, იფიქროს და იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ომის ვეტერანებზე, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა შესწირეს ამ სახელმწიფოს.
_ რეალობის გათვალისწინებით, რა ელით ამ ადამიანებს და თქვენ რას აპირებთ?
_ ვაპირებთ, მათ ადვოკატთან ერთად მივმართოთ სასამართლოს და ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოვითხოვოთ; პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, ან ამ შენობის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადასვლას მოვითხოვთ.
ასევე ვაპირებთ, რომ ეს პრობლემა მაქსიმალურად დავანახვოთ სახელმწიფოს და მოვუწოდოთ მას პასუხისმგებლობისკენ ამ ადამიანების წინაშე. ვგეგმავთ, ამ თემას სამომავლოდ კონფერენცია მივუძღვნათ, რათა სახელმწიფო დაფიქრდეს და თავისი წილი ვალდებულება აიღოს, იზრუნოს ამ ვეტერანებზე.
დღეს ეს ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამბობს, _ ნეტავ, იმ ომში ჩვენ დავღუპულიყავით და ამ დღეში მაინც აღარ ჩავცვივდებოდითო; ვინც დაიღუპა, ისინი უფრო უზრუნველყოფილი არიან, ვიდრე ჩვენ, ვინც გადავრჩით და შრომისუუნაროები დავრჩითო. რეალურად, ეს ადამიანები შშმ პირების დატვირთვის მქონენი არიან.
_ ფიქრობთ, რომ შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის დაბრუნება მათ მდგომარეობას გამოასწორებს?
_ პრობლემა იქიდან მომდინარეობს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ისე გადასცა ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს, რომ საერთოდ არ იფიქრა მათ ბედზე. ასევე შემდგომ ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაყიდა, რომ ამ ადამიანებზე ისევ არავინ იზრუნა. ანუ ვიღაცას მიაგდო ეს პასუხისმგებლობა და იფიქრეს, რომ მოიშორებდნენ, ეს ყველაფერი კერძო პირებზე გადავიდოდა.
_ რა მოლოდინი გაქვთ?
_ დადებითი მოლოდინი გვაქვს, რამდენადაც მტკივნეული საკითხის მაქსიმალურად გასაჯაროებას ვგეგმავთ. პირდაპირ ვთქვათ: ეს ხალხი XXI საუკუნეში სრულიად არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო ამ რეალობას გაითვალისწინებს და მათ ადამიანურ პირობებს შეუქმნის. ელემენტარულად, ღირსების შემლახველია, სადაც ისინი ცხოვრობენ.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტის“ იურისტს, ბექა პაპაშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო ბექა, რატომ არ აძლევს კომპანია ვეტერანებს ელემენტარული ყოფითი პრობლემების მოწესრიგების საშუალებას?
_ სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტმა“ 2008 წლიდან ქეთევან წამებულის 71-ში მდებარე აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა. რეალურად, ეს არის 2 მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მესამე პირები არიან განსახლებულები. ეს პირები, რომლებსაც საჩივარი აქვთ გაცხადებული, უკანონოდ იმყოფებიან კომპანიის ტერიტორიაზე. 2008 წლიდან მოყოლებული, მათ წინააღმდეგ სამართალდამცველ ორგანოებთან, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივად გვაქვს შუამდგომლობები, რომ ისინი ტერიტორიიდან გამოასახლონ, რადგან მათი საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილების ვალდებულება არ უკისრია, კომპანიამ ისე იყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები.
დღეს უკვე შსს-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე მიმდინარეობს მათი გამოსახლების მოთხოვნით; მათთან სასამართლო დავის პროცესში ვართ. კომპანია მათ არ აძლევს სამუშაოების წარმოების უფლებას იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მესაკუთრე მხოლოდ და მხოლოდ „რეალ ინვესტია“.
რაც შეეხება მათი მხრიდან გაკეთებულ კომენტარს, რომ სურთ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მესაკუთრეებს, მერიიდან, არქიტექტურის სამსახურიდან არანაირი ნებართვა არ გააჩნიათ ხოლმე, რადგან „რეალ ინვესტი“ წინააღმდეგია, რომ უკანონოდ შეჭრილმა მესამე პირებმა კომპანიის ტერიტორაზე რაიმე ტიპის მშენებლობა აწარმოონ.
მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ორი ტიპის სამუშაო იყო, რომელთაგან გამაგრებითი სახის არც ერთი ყოფილა. მაგალითად, ერთი პირადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნაგებობას აშენებდა, ხოლო მეორემ კი აივანი მიაშენა. ასე რომ, აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა ამ დაშვების პირობებშიც, მათ რაც უნდა გააკეთონ, ამის უფლება არ აქვთ. ერთადერთი უფლება, რომელიც ირღვევა, ეს არის მესაკუთრის უფლება, რადგან 2008 წლიდან მათი ტერიტორიიდან გამოსახლება ფიზიკურად ვერ ხერხდება.
სამართალდამცველი ორგანოებიც უმოქმედობას იჩენენ. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს უკვე პოლიციის უმოქმედობის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობს.
_ რა ეტაპზეა ეს საქმე მათ წინააღმდეგ და როგორ ფიქრობთ, რატომ იჩენენ ისინი უმოქმედობას აღნიშნულ პროცესში?
_ ჯერჯერობით, სასამართლოში მოსამზადებელი ეტაპია. არსებითი განხილვა არ ყოფილა, მაგრამ უახლოეს მომავალში იქნება. აღნიშნულ პირებზე ინფორმაციის მოპოვება სირთულეებს უკავშირდება, რადგან ისინი მუდმივად მიგრირებენ; ბოროტად იყენებენ იმას, რომ გარკვეულ პირებს დევნილის სტატუსი აქვთ. იმ დევნილებს, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული არიან (კოლექტიური საცხოვრებლის სტატუსით), კანონი მათ კონკრეტულ გარანტიებს ანიჭებს, რომ პოლიციამ იქიდან არ გამოასახლოს.
თუმცა დევნილთა სამინისტროდან უკვე ამ წელს მოვიპოვეთ დადასტურება, რაც ისედაც ვიცოდით. კერძოდ ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი სადგომებიდან არც ერთს არ გააჩნია კომპაქტურად განსახლების სტატუსი. ეს ავტომატურად ნიშნავს შემდეგს _ მიუხედავად იმისა, რომ იქ მცხოვრებ, უკანონოდ შეჭრილ პირს შეიძლება ჰქონდეს დევნილის სტატუსი, მას მართლზომიერი მფლობელობის უფლება აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომებზე არ გააჩნია.
რატომ იჩენენ უყურადღებობას სამართალდამცველები, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა ლოგიკურია, რომ გამოსახლების შემთხვევაში სახელმწიფოს თავად მოუწევს აღნიშნული პირების დაკმაყოფილება და ამიტომაც, თავიდან ირიდებს ამ პროცესს. ურჩევნია, რომ კერძო მესაკუთრის ინტერესების შელახვის ხარჯზე მოხდეს ეს ამბავი.
_ ამ საკითხზე „ადამიანის უფლებათა დაცვის სახლმა“ განცხადება გააკეთა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ „რეალ ინვესტს“, თავის დროზე, ნაკლიანი ქონება მიჰყიდა, სადაც ხელშეკრულებაში ორივე მხარე ობიექტზე ვეტერანების ცხოვრებას აღიარებდა, გამომდინარე შედეგებით. მათ ამასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეაქვთ…
_ დიახ, ხელშეკრულებაში არის ღნიშნული ჩანაწერი. კერძოდ, 8 22 პუნქტი, რომლის თანახმადაც მყიდველისთვის ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე 30 ოჯახამდე გარეშე პირი ცხოვრობს. თუმცა, როგორც წესი, ასეთ ტიპურ ხელშეკრულებებში (როდესაც სახელმწიფო ასხვისებს) იწერება მყიდველის ვალდებულება, რაც ნაკლს უთანაბრდება.
ამ შემთხვევაში ეს ინტერპრეტაციის საგანია და სწორედ ამაზე დაყრდნობით მიმდინარეობს დავა. ამიტომ არის ეს უთანხმოების საგანი, რადგან ყველაფერი ერთი შეხედვით შეიძლება სათანადოდ არ იკვეთებოდეს.
ვფიქრობთ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ სამართლიანი და დასაბუთებულია, რომ მყიდველს, ამ შემთხვევაში, „რეალ ინვესტს“ შემდგომში კვლავ მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება არ უკისრია; ხოლო ჩანაწერი, უბრალოდ, იმას გულისხმობდა, რომ სახელმწიფომ მყიდველს ინფორმირება გაუკეთა, რომ ამ ქონებას რაღაც პრობლემები აქვს. თუმცა ეს არანაირად არ უზღუდავდა მომავალ მესაკუთრეს, „რეალ ინვესტს“,ეს ნაკლი აღმოეფხვრა.
_ მაშინ როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები, ყოფილი ომის ვეტერანები, აუცილებელი საცხოვრისით ვინ უნდა დააკმაყოფილოს?
_ შეიძლება ამაზე ბოლომდე კომპეტენტური პასუხი ვერ გაგცეთ. თუმცა დევნილის სტატუსის მქონე პირების მიმართ აშკარად სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ისინი დააკმაყოფილოს. უსახლკაროდ დარჩენილი პირების შემთხვევაში კი მუნიციპალურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ სოციალურად დაუცველი პირები, ვინც იქ არიან. ყოველ შემთხვევაში, ეს სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ მათი დაკმაყოფილების ვალდებულება, კერძო მესაკუთრეს ეს ვალდებულება ნამდვილად არ ეკისრება. ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს აშკარა ვალდებულებაა.

ამავე საკითხზე „ქრონიკა+“-მა ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ასეთი პასუხი მიიღო:
_ სამწუხაროდ, „ზეპირი მოკითხვის“ დონეზე სააგენტოში ამ ობიექტის პრივატიზების შესახებ ინფორმაციას ვერ მივაკვლიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უკვე გადაიგზავნებოდა სამინისტროს არქივში, რადგან შვიდი წლის წინანდელია.
არქივიდან რომ გამოვითხოვოთ, ოფიციალურად უნდა მოგვწეროთ ხელმოწერილი წერილით. კანცელარიაში გატარების შემდეგ მას შესაბამისი მსვლელობა მიეცემა.

გელა მამულაშვილი