არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისგან

w11

როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობა და თანმდევი გენდერული იდენტობა ფსიქიკურ  დაავადებად არ არის მიჩნეული, მაგრამ ფაქტია, საზოგადოების გარკვეული წრისთვის არც ნორმალიზებულ მდგომარეობად ითვლება. დღეს მე, როგორც უფლებადამცველმა, მინდა, ყურადღება გავამახვილო საქართველოში მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ლგბტ პირების ფსიქოსოციალური მდგომარეობის ასპექტებზე და სოციალური ზეგავლენის არსებით შედეგებზე; ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და მასში შემავალ ინსტიტუციებს შესაბამისი რეკომენდაციები მივცე პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
მიჩნეულია, რომ გენდერულ იდენტობას პირი იძენს, ჯერ კიდევ, ნაყოფის პოზიციაში მუცლად ყოფნის დროს _ შესაბამისად, მასში ვითარდება ან ქალის, ან მამაკაცის სქესი და დაბადებისას გვევლინება ქალის, ან მამაკაცის სახით. ასევე, დამკვიდრებული მიდგომის თანახმად, მიიჩნევა, რომ ადამიანი სექსუალურ ორიენტაციას არ ირჩევს, არამედ აღნიშნული მას უყალიბდება, ჯერ კიდევ, მუცლად ყოფნის პერიოდში. მაგრამ ამ თეზისისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება მაქვს მე და მიმაჩნია, რომ ადამიანის ასაკობრივ განვითარებასთან ერთად მასში ვითარდება მისთვის სასურველი გენდერული განწყობა, ანუ ლგბტჰ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ჰეტეროსექსუალი) ორიენტაცია. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნების ასაკობრივ განვითარებას თუ თან სდევს გარკვეული ზეგავლენები (სექსუალური ძალადობა, გენდერისთვის არადამახასიათებელი დამოკიდებულება და ა. შ.) შესაძლოა, გავლენა იქონიოს ადამიანის შინაგან განწყობასთან და ფსიქიკურ მდგომარეობასთან. შესაბამისად, მის შინაგან განწყობაზე რადიკალურმა და პერმანენტულმა ზეგავლენებმა შეიძლება ბავშვს განუვითაროს დაბადებისას მისთვის მიცემული სქესისათვის განკუთვნილი, შინაგანი განწყობისგან რადიკალურად განსხვავებული გენდერული იდენტობა, ანუ სახეზეა ზეგავლენითი მოქმედებით გამოწვეული გენდერული მუტაცია. დიახ, მიმაჩნია და მივიჩნევ, რომ პიროვნების განვითარებაზე არასწორმა და გენდერისთვის არადამახასიათებელმა მოქმედებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს პირის გენდერული იდენტობისა და, შესაბამისად, შინაგანი განწყობის არსებითი მოდიფიკაცია და მუტაცია, რაც ვლინდება შემდგომ პერიოდში ლგბტ პირის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოქმედებებით და ცხოვრების წესისადმი მიჩვევითა და მიდრეკილებით. სწორედ მსგავსი მოქმედებების შედეგად დღეს საქართველოში სახეზეა არასრულწლოვან (განსაკუთრებით, 13-17 წლის ასაკის) პირთა მიმართ ლგბტ პირის სტატუსის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს პირის ფსიქიკური მდგომარეობის შემდგომ რადიკალურ ცვლილებას, რაც ასევე იწვევს ადამიანის გენდერული იდენტობის ცვლილებას (მუტაცია). საქართველოში ლგბტ პირებისადმი დამოკიდებულების არსებითი გარემოებების, სხვადასხვა სტიგმისა და მიდგომების გათვალისწინებით ხშირია შემთხვევები ადრეულ ასაკში არასრულწლოვნებისა და მცირეწლოვნების მიტოვებისა, მათ მიმართ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მზრუნველობით ფუნქციაზე ხელის აღების, ანუ მეურვეობაზე უარის თქმის შემთხვევები (მშობლებისა და ნათსავების მხრიდან), ასევე ხშირია ბავშვებზე საოჯახო კონტროლის ფუნქციების შესუსტების ფაქტები, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი მცირეწლოვნების ფსიქიკური მდგომარეობის (მერყევი ფსიქიკა) რადიკალურ გარდატეხას და ამ გარდატეხის შედეგად ვიღებთ არასრულწლოვნებს, რომლებიც სცილდებიან მათი გენდერისთვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს (ზეგავლენითი ცვლილება გენდერულ იდენტობაში); ხოლო ასევე ამ პროცესში სხვა უფროსი ასაკის ადამიანების მავნე ან/და არასწორი, ასევე ხშირად ძალადობრივი ზეგავლენის შედეგად არამყარი ფსიქიკური მდგომარეობის არასრულწლოვნებში იწყება ლგბტ პირის ცხოვრების წესის დამკვიდრება, რაც დროთა განმავლობაში ხდება საწყისი საბოლოო გენდერული იდენტობის განსაზღვრებისათვის. ადამიანის გენდერული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა, ნაადრევი პრევენცია და არასრულწლოვანთა დაცვა ყოველგვარი პროპაგანდისგან. არასრულწლოვანთა მდგომარეობა საქართველოში დღეს შემაშფოთებელია, რადგან ჯერ კიდევ მერყევი ფსიქიკის მქონე მცირეწლოვნები იძულებული არიან, ცხოვრების ნეგატიურ ზეგავლენას დაემორჩილონ და საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, ან სხვა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით დაკავდნენ სექსუალური კავშირებით მათივე სქესის წარმომადგენელთან, ან/და მათში გაღვივდეს ლგბტ პირებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესისადმი დამოკიდებულება, ან მიდრეკილება, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და საჭიროა ოჯახისა და უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება. ასევე აუცილებლად მიმაჩნია მოცემულ შემთხვევებში ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, რათა არასრულწლოვნების სოციალური მდგომარეობა შემდგომი გენდერული იდენტობისა და შინაგანი განწყობის მუტაციისგან დავიცვათ. მიმაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მდგომარეობა (ლგბტ თემში) საქართველოში შემაშფოთებელია და საჭიროებს ადეკვატურ შეფასებასა და რეაგირებას. ჩემს მაგალითზე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანში არ არსებობს ლგბტ პირის გენდერული იდენტობა, არამედ ეს არის შეძენილი შინაგანი განწყობა, რაც ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში იწვევს ამ თემისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებით ცხოვრების ჩამოყალიბებას. მიმაჩნია, რომ კომპლექსური პროგრამების შედეგად შესაძლებელია როგორც ლგბტ პირების ცხოვრების წესის ნებაყოფლობითი ცვლილება, ასევე მათი შინაგანი განწყობისა და ორიენტაციის იმ საწყის გენეტიკურ სქესამდე მიყვანა, რაც ჩამოყალიბდა მის მუცლად ყოფნის პერიოდში.
იმედს გამოვთქვამ, საქართველოს სახელმწიფო და, უპირველეს ყოვლისა, ოჯახები ღრმად დაინტერესდებიან მოცემული საკითხებით და ერთობლივად შესაძლებელი იქნება არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისაგან, რაც შემდგომში ერთ-ერთი საწინდარია ლგბტ ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისა.

ლგბტ უფლებადამცველი გიორგი ჩხარტიშვილი