რის ხარჯზე მოხდება პენსიების 180 ლარამდე გაზრდა?

6y

მთავრობისთვის ოპოზიციის მოთხოვნა პენსიების გაზრდაზე პოპულიზმი აღარ არის, როგორც ამ წინადადებას აქამდე აფასებდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომავალი წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად და ადამიანზე ორიენტირებულია.
მისივე თქმით, ეს არის ბიუჯეტის, მეტ-ნაკლებად, საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნება და განხილვები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება. პრემიერის თქმით, 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა, რაზედაც ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, ირაკლი ღარიბაშილის თქმით, თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები 1 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენდა, 2016 წელს აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტს, პრემიერის თქმით: „როცა ხელისუფლებაში მოვედით, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო. გაისად ეს იქნება 85 მილიონი ლარი“.
ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ ყველაზე მეტი რესურსი მობილიზებული იქნება განათლებაზე – დაახლოებით მილიარდ ლარამდე. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 55%-ით მეტია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 600-700 ლარი იქნება. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება, მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მომავალი წლის საბიუჯეტო ვნებებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას:
_ ბატონო ემზარ, როგორ შეაფასებთ მომავალი წლის სამთავრობო ბიუჯეტის პროექტს, რამდენად რეალისტურია მისი პარამეტრები?
_ მთავრობის სხდომაზე ამ თვალსაზრისით სენსაციური განცხადება გაკეთდა, რომ მომავალი წლის ივლისიდან ქვეყანაში პენსია 30 ლარით იზრდება. ამ დროს, თვითონ ბიუჯეტი ძალიან დაძაბულია. ეს იმის გამო, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკმაოდ სოციალური სახე და ელფერი აქვს. ძირითადი ყურადღება გადატანილია ჯანდაცვის მიმართულებით სამმილიარდიან დაფინანსებაზე, ასევე ხმარდება უმწეოების, პენსიონერების დახმარებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, არ ველოდი, რომ პენსიები 30 ლარით გაიზრდებოდა, რადგან ამისთვის რეალურად არანაირი რესურსი არ ჩანდა. საინტერესოა, დღეს უკვე გაწერილად სად აღმოჩნდა ეს რესურსი და როგორ შეძლეს, რომ მომავალი წლიდან პენსია ამ თანხით გაეზარდათ?..
დანარჩენი ბიუჯეტის პროექტი, მეტ-ნაკლებად, იგივე დარჩა. ახლა იცით, რომ საარჩევნო წელია, რასაც თავისებური ექსპრესია აქვს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ბიუჯეტის მთავარი ლაიტმოტივი, ოქროს ხაზი და ეს ანდერლაინი სოციალურ საკითხებს უკავშირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის პრობლემებზე ფიქრი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ პირობებში პენსიების 30 ლარით გაზრდა საკმაოდ დიდი სენსაციაა.
_ ბრძანეთ ბიუჯეტის დაძაბულობაზე, შესაბამისი რესურსების პრობლემებზე; რამდენად აქვს ქვეყანას თანხა, რომ ეს გაცხადებული პარამეტრები სრულად დააფინანსოს?
_ არსებულ სიტუაციაში რა პროგნოზიც გვაქვს, ასევე მსოფლიო ბანკს (თუ როგორი იქნება 2016 წელი ირგვლივ, ჩვენს რეგიონში), 2,5 პროცენტის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაა მომავალი წლისთვის. ახლა ეს საკმაოდ მოკრძალებული ზრდის ტემპია ჩვენნაირი ქვეყნისთვის. ამის შიგნით უკვე მთელი რიგი დარგები, განათლებიდან მოყოლებული, მათ შორის, კულტურის, თავდაცვის სფეროები იზრდებოდა; ამის მერე კიდევ 30 ლარით პენსიების გაზრდა იმაზე მიუთითებს, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ უფრო გავაღრმავეთ ამ ბიუჯეტის სოციალური ხასიათი.
ეს ნიშნავს, რომ ამ პირობებში ჩვენი ეკონომიკის ზრდის მეტ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, მას ვერ გავზრდით. რეალურად, სხვა ხარჯებს მოაკლდება ის თანხები, რომელიც პენსიებზე მიემართება. ახლა ეს გამოჩნდება, გამოქვეყნდება, თუ რა ხარჯებს გამოაკლდა ეს თანხა. ანუ შიდა გადანაწილების გარეშე შეუძლებელია, რამე ისეთი ნაბიჯის გადადგმა პენსიების მოსამატებლად. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, თუ რას მოაკლდა პენსიებზე მიმართული თანხა.
_ ასეთი ტიპის გადანაწილება ქვეყნის ეკონომიკას რას მოუტანს?
_ უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პენსიების მომატება, ზოგადად, არ ზრდის ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებელს. პირდაპირ რომ გითხრათ, ეს მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობას უჭირს, საკმაო ტკივილი მიადგა ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, ამიტომ გაითვალისწინეს მათი მდგომარეობა და ერთგვარი კომპენსაციაა იმისა, რაც ხდება როგორც ინფლაციის მაჩვენებლების კუთხით, ისე ლარის გაუფასურების თვალსაზრისითაც.
_ ამ პირობებში რა მისცემს ბიძგს ეკონომიკის განვითარებას?
_ ეკონომიკის განვითარებას სჭირდება ისეთი პროგრამების განვითარება, რაც გვაქვს: სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის სამინისტროს კუთხით აწარმოე ქართული; სტარტაფის ბიზნესის დაფინანსების კუთხით პროგრამები, რომლებიც ინოვაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს და ა. შ. აი, ასეთი პროგრამების გაღრმავება ჰაერივით გვჭირდება ამ წუთში.
_ სათანადო რესურსი არის ამ კუთხით საქმიანობის გასაღრმავებლად?
_ ამ მიმართულებით გარკვეული თანხები უკვე დევს _ განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, დაზღვევის პროგრამაში… საბოლოოდ, რა ციფრები დაჯდება, რა სურათი გვექნება, ეს უახლოეს ხანში გამოჩნდება.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯების რაციონალიზაციით (ძალიან ბევრი არამნიშვნელოვანი გასავალი იყო) ფული ასეთ მნიშვნელოვან სფეროებზე გადანაწილდება, ეს საბიუჯეტო სიახლე დადებითად უნდა მივიჩნიოთ. მართალია, ეკონომიკა საჭირო ტემპებით ვერ იზრდება, მაგრამ გარკვეული წინსვლა მაინც არის. ეს კარგი ნაბიჯია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პენსიონერს სჭირდება ელემენტარული ნორმების დაცვით არსებობა; და 180 ლარიც ბევრი არაფერია დღევანდელ სასიცოცხლო მინიმუმთან შედარებით… მაგრამ გარკვეული ზრდა მაინც არის და ეს მისასალმებელია.
თავის მხრივ, პედაგოგები წლების განმავლობაში უყურადღებოდ არიან და მათი ხელფასები, უბრალოდ, კატასტროფული მაჩვენებლისაა. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება კიდევ უნდა გაიზარდოს, ეს აუცილებელია.
მოკლედ, ისეთი მომენტია, რომ არ მიკვირს, სიმართლე გითხრათ, ეს პარამეტრები. ჯერ ერთი, საარჩევნო წელია და ოპოზიციამ მთავრობას ეს თემები ძალიან ტექნიკურად გაუთამაშა. და ეს მთავრობა, უბრალოდ, იძულებული იყო, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაედგა.
დააზიანებს თუ არა ეს ეკონომიკას? _ ვერაფერს ვერ დააზიანებს, რადგან ეს შიდა რესურსების ხარჯზე ხდება და არაფერი ზრდა აქ არ არის; საერთო მოცულობა საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯებისა არ იზრდება. უბრალოდ, რაღაც სფეროებს მოაკლდა და კარგია, რომ მოაკლდა _ უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე გადავიდა.
_ მანამდე პარლამენტარმა ხუნდაძემ ოპოზიციის მოწოდება პენსიების გაზრდაზე პოპულიზმად შეაფასა და ხელისუფლება, ერთი შეხედვით, უარზე იდგა, რომ პენსიები გაეზარდა, რა მოხდა თქვენი აზრით?
_ ის, რომ გონიერმა ადამიანებმა გათვალეს _ პოლიტიკურად წამგებიანი იყო, ეს პროცესი უყურადღებოდ დაეტოვებინათ. საბოლოდ, ამისგან ეს შედეგი გამოვიდა.
_ რის ხარჯზე უნდა მოხდეს ის შიდა გადანაწილება, რომ სოციალურ დანახარჯებზე მეტი თანხები წავიდეს?
_ არის გარკვეულ სფეროებში სხვადასხვა ხარჯი _ იქ შეიძლება მივლინებები იყოს, შეიძლება პრემიები, ბევრი სხვა რამ, რომელიც არამთავარია. ალბათ, მათი ამოღებით და ამ სფეროებზე გადმონაწილებით ამის რესურსი მოინახა. მე ამას თავიდან ვწერდი და ყურადღებას ვამახვილებდი, რომ შიდა რესურსი ნამდვილად არსებობს.
_ ეკონომიკური განვითარების პროცესზე ეს რა გავლენას ახდენს?
_ ადამიანებს მეტი ხელფასი ექნებათ და იმ ოცდაათ ლარსაც პენსიონერი ძირითადი პროდუქტების მოხმარების გაზრდას მოახმარს. ამიტომ ესეც, რომ იტყვიან, დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკისთვის და არა უარყოფითი.

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორი, ექსპერტი:
_ მომავალ წელს პენსია 160 ლარიდან 180 ლარამდე გაიზრდება. მთავრობა კი, რატომღაც, აცხადებს, რომ 30 ლარის ოდენობით ხდება მატებაო. როგორც ჩანს, წლევანდელ ათლარიან ზრდასაც მიაწერენ. რა ლოგიკით, ეს თავად ამოხსენით. ისე, პენსია 20 ლარით იზრდება _ წლის მეორე ნახევრიდან.
სინამდვილეში, 10 ლარით მატულობს იანვრიდან, ანუ მთელ წელზე გადაანგარიშებული. არ სჯობია, იანვრიდან გაზარდონ? ხარჯი ხომ იგივეა? არ უნდათ! 10 ლარი არასოლიდურად ჟღერს. ამიტომაც ხდება ციფრებით თვალის ახვევა. საიდან ეს ფულიც, რომელიც თავიდან თითქოს არ ჩანდა? მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) პროგნოზი და შემოსავლების პროგნოზი გაბერეს. ბიუროკრატიას ერთი თეთრიც არ დააკლეს. ანუ არც ლარი ანაღვლებთ და არც ფასები.

გელა მამულაშვილი