რუსული მითი და ბლეფი

7uu

თურქეთის საჰაერო ძალების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავს ჩამოგდებამ მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსეთი ძალიან განაწყენდა. თურქეთის მოკავშირე ქვეყნებმა თურქეთს დაუჭირეს მხარი. გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თურქეთის პილოტები არაერთხელ აფრთხილებდნენ რუსეთის პილოტებს, გასულიყვნენ თურქეთის საჰაერო სივრციდან, რასაც რუსების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

საკმაოდ კატეგორიული იყო ვლადიმირ პუტინი, რომელმაც თურქეთის პასუხისმგებლობაზე დაიწყო საუბარი და ღიად დაადანაშაულა თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ალიანსში. თუმცა საკითხი არ დგას ასე მარტივად და რუსეთი, ამ შემთხვევაში, ვერ იქნება ფრთიანი ანგელოზი, რომელსაც თვითმფრინავი ჩამოუგდეს. საკითხს აქვს კონტექსტიც, რომელიც ეხება სირიის ჩრდილოეთში, ლატაკიაში მცხოვრებ თურქებს, რომელსაც რუსული ავიაცია ბომბავს. რუსეთის ელჩს შესაბამისი ნოტაც გადასცა თურქეთის ხელისუფლებამ, რომელიც რუსებმა არ გაითვალისწინეს. ლატაკიაში, სადაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, არავითარი „ისლამური სახელმწიფო“ არ მდებარეობს. იქ ცხოვრობენ თურქები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ბაშარ ასადის რეჟიმისა და გაწმინდეს კიდევაც ასადის სამხედრო დაჯგუფებებისგან ეს მხარე. რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ რუსეთი, პრაქტიკულად, ასადის ოპოზიციას ბომბავს და არა ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიებს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონტექსტის წინააღმდეგ წასვლაა. პუტინის მიზანი, შევიდეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დასავლურ კოალიციაში, ამ კოალიციის წინააღმდეგ სვლა არის. კერძოდ, რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს ასადის ოპოზიცია და შეინარჩუნოს ასადის რეჟიმი. რუსეთმა იმაზე კი არ ისაუბრა, თუ რა უნდოდა ლატაკიაში დაბომბვებს, არამედ მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე და რომ ამ საკითხს მოჰყვება თურქეთისთვის ცუდი შედეგები.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა თურქეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღება დაიწყო და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაემგზავრონ თურქეთში დასასვენებლად. სავარაუდოდ, ბიზნესწრეებსაც აუკრძალავენ თურქეთთან საქმიან ურთიერთობებს. მით უმეტეს, რომ რუსეთ-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 31 მლრდ აშშ დოლარი, 2015 წლის ცხრა თვის განმავლობაში კი 18 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურების კომპონენტის გათვალისწინებით, რუსეთ-თურქეთის 2014 წელს საქონლისა და მომსახურების საერთო ჯამური ბრუნვა 44 მლრდ აშშ დოლარი იყო. მხოლოდ 2015 წლის 9 თვეში გრიფით საიდუმლო (სამხედრო პროდუქცია) რუსეთიდან თურქეთში 6 მლრდ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. თურქეთის მოხმარებული ბუნებრივი აირის 60% რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის. ამასთან, თურქეთის ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის 7% რუსულ ნავთობკომპანიაზე მოდის. მხოლოდ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში თურქეთში რუსეთიდან 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა.

ეს კონფლიქტი ეკონომიკურ ფაქტორებზეც აისახება. ამიტომ, ბუნებრივია, ე. წ. ეკონომიკური სანქციების ომი მნიშვნელოვნად თუ არა, საგრძნობლად გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას როგორც თურქეთში, ისე რუსეთში, და შეუძლებელია, ამ ეკონომიკურმა „ომმა“ ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსებზე. შესაბამისად კი, ადგილობრივი ვალუტების, რუბლისა და ლირის გაცვლით კურსებზე. მიუხედავად ამისა, თურქეთის მხრიდან აბსოლუტურად არ შეიმჩნევა უკანდახევა და ის რუსეთს ადანაშაულებს საჰაერო სივრცის დარღვევაში, რომ განხორციელებული გასროლა არ ყოფილა გაუფრთხილებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რუსეთს ავიწყდება მის მიერ შექმნილი ტერორისტული ჯგუფების მიერ დონეცკსა და ლუგანსკში, რომელსაც თავად აფინანსებს და აიარაღებს, მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელსაც 298 კაცის სიკვდილი მოჰყვა და რუსეთი წინააღმდეგია გაეროში გამოძიებულ იქნას ეს საქმე. ფაქტია, რომ რუსეთი ყველა შემთხვევაში თავხედობს. თურქეთის შემთხვევა არის ის შემთხვევა, როდესაც მას, უბრალოდ, არ გაუვიდა ეს სითავხედე. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, თურქეთში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით გადაისროლა სამხედო ავიაგამანადგურებლები ინჯირლიკში განთავსებულ ბაზაზე. ეს განხორციელდა იმის გამო, რომ თურქეთის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების უკანონო მოხვედრა არ იყო მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამიტომ თურქეთმა აშშ-ს მიმართა საჰაერო ძალების გაძლიერების თაობაზე.

რუსეთის ჩართვამ სირიის კონფლიქტში მსოფლიოში ახალი რეალობა შექმნა. ეს რეალობა წარმოადგენს შემდეგს, რომ რუსეთი არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცის ჰეგემონობას იჩემებს, არამედ მას სურს ახლო აღმოსავლეთში ჰყავდეს თავისი მხარდამჭერი ბაშარ ასადი, რომელიც დაბლოკავს ახლო აღმოსავლეთის ნავთობსადენებს ევროპისკენ. რუსეთის პოლიტიკა, გარკვეულწილად, ხულიგნურ ელემენტებს შეიცავს, ვინაიდან მთელი მსოფლიო ებრძვის ბაშარ ასადის რეჟიმს, რუსეთი კი მას იცავს. რაც ყველაზე საშიშია, არსებობს ალბათობა, რომ პუტინი აპირებს ატომური იარაღის გამოყენებას სირიაში. ეს ვერ შეძლებს მისი მარგინალიზაციის დასრულებას, მაგრამ, ვფიქრობთ, დაამსხვრევს ყველა ილუზიას, რომ შესაძლოა რუსეთი იყოს პარტნიორი და მოკავშირე რაიმე საკითხში. ამის მაგალითი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდისა და აშშ პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეხვედრა, სადაც ეს უკანასკნელი საფრანგეთის პრეზიდენტმა ვერ დაითანხმა, რომ რუსეთი ყოფილიყო კოალიციაში „ისლამური სახელმწიფოს~ წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი მაინც ეწვია ვლადიმირ პუტინს მოსკოვში.

ახლო აღმოსავლეთში და თურქეთ-რუსეთს შორის წამოჭრილმა კონფლიქტმა, შესაბამისად, საქართველოზეც იქონია გავლენა. ალბათობამ, რომ შესაძლოა, რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდეს, საქართველოში სხვადასხვა მოსაზრებები წარმოშვა. ეს მოსაზრებები შეეხებოდა თურქეთისგან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებასაც. აბსოლუტურად დარწმუნებით შესაძლოა ითქვას, რომ ეს მოსაზრებები არის რუსული პროპაგანდის ნაწილი საქართველოში. ისევე როგორც რუსეთმა 90-იანი წლების დასაწყისში ნეგატიური ზემოქმედებით სომხეთის ეროვნულ გრძნობებზე მოახერხა სომხეთის გამორიცხვა საერთო კავკასიური პოლიტიკიდან და გლობალური პროცესებიდან, რამაც მოახდინა რუსეთის დატოვება კავკასიაში სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ. პრაქტიკულად, სომხეთი სრულიად გაუაზრებლად ჩაერთო მის მეზობლებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან კონფლიქტში, ისე რომ დღემდე სომხეთი თავისი მაშინდელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მძევალია.

ამისგან განსხვავებით, საქართველომ 1994 წელს თურქეთთან გააფორმა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩვენ ვაღიარეთ 1922 წელს გაფორმებული ყარსის ხელშეკრულების საზღვრის სადემარკაციო პირობები და თურქეთი იქცა საქართველოს მთავარ სავაჭრო და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში აზერბაიჯანთან ერთად. ასევე თურქეთი არის საქართველოს მთავარი ლობისტი ნატოში ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, გასული საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში განხორციელებული ტერიტორიული დაყოფის პოლიტიკა და ამიერკავკასიის სახელმწიფოების ტერიტორიების ერთმანეთისთვის გადაცემის პოლიტიკა ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, საჭიროების შემთხვევაში მომხდარიყო სამხედრო დაპირისპირება ამ რესპუბლიკებს შორის, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და რუსეთს ექცია ეს რესპუბლიკები თავის გავლენის სფეროდ ყოველთვის ამ დაუსრულებელი კონფლიქტების გამო. ეს მან შეძლო სომხეთის შემთხვევაში და სომხეთი სრულიად მოწყვიტა საერთაშორისო ინტეგრაციულ ეკონომიკურ და სხვა პროცესებს.

დღეს განმეორება იმისი, რომ საქართველოს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების შემთხვევაში უჩნდება შანსი, დაიბრუნოს რაიმე ტერიტორია თურქეთიდან, არის სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილი და ემსახურება მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო ინტერესებს. ამ საკითხის განხილვაც კი არის სრული კატასტროფის მომტანი საქართველოსთვის. საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, არის თავისი სტრატეგიული პარტნიორების მხარდამჭერი და ამ საკითხის გადახედვა შეუძლებელია.

საქართველოს პოლიტიკა ვერ იქნება აქტიური სირიის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებები, ერთი მხრივ, ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნება, არის მსოფლიო თანამეგობრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და, მეორე მხრივ, ეს არის პუტინის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ემსახურება მის შიდა, რუსეთში მოხმარების საკითხს, რომ ვ. პუტინი აღადგენს „დიად რუსეთს“. პუტინისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის ბევრ რამეზეა წამსვლელი. პრაქტიკულად, მოახდინა კიდევაც საკუთარი თავის და რუსული პოლიტიკის მარგინალიზაცია მსოფლიო პოლიტიკაში. ამიტომ რუსეთის დაპირისპირება თურქეთთან მიმართებით, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ატარებს უფრო შიდა მოხმარებისთვის განსაზღვრულ მიზანს. პუტინის მთავარი ამოცანა საკუთარ რეიტინგზე ზრუნვაა, რომელიც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ ამ რეიტინგზე დამოკიდებულია არა რუსეთის სიდიადე, არამედ საკუთარი ძალაუფლება.

დღეს არსებობს რუსული იმპერიული ნარატივი, რომელიც არაფრით შეცვლილა მე-19 საუკუნის შემდეგ, როდესაც რუსეთი წარმოადგენდა ევროპის ჟანდარმს. დღეს გლობალურ საინფორმაციო ხანაში, მონაცემთა უსწრაფეს გადაცემაში და ინტერნეტის სამყაროში არ რჩება ადგილი მე-19 საუკუნის რუსული იმპერიისთვის, რომელიც ვერაფერს სთავაზობს იმ ქვეყნებს, რომელზე გავლენაც უნდა მოიპოვის პუტინმა. დღეს რუსული იმპერია არის წარსული და გუშინდელი დღე, რომელიც ვერაფრით მოახდენს საკუთარ რეაბილიტირებას ისე, რომ ის იყოს საინტერესო რომელიმე ქვეყნისთვის, რომელსაც სჭირდება საკუთარი ქვეყნის განვითარება. დღეს სამხედრო კომპონენტი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში არ არის ის ქმედითი ძალა, რომელიც შეძლებს მოახდინოს ქვეყნებზე გავლენს მოპოვება. რუსეთი არ არის ქვეყანა, სადაც შესაძლოა იღებდე პროგრესს. ამიტომ რუსეთს ძალიან უჭირს საკუთარი გავლენის გაზრდა და მისი გავლენა აღიქმება, როგორც გამანადგურებელი ძალის გავლენა, უხეში სამხედრო გავლენა, რომელიც აღარავის სჭირდება.

თავად რუსეთში დღეს საზოგადოება ისმენს საუბარს დიდ რუსეთზე, დიად რუსეთზე, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. თუმცა ეს სწორედ ის შეუძლებლობაა, რომელიც არ არის რეალობა. დიადი რუსეთი ეს არის ბლეფი, რომელიც შექმნა პუტინის სახელმწიფო მანქანამ, რათა ამ უკანასკნელმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც მოიცავს მის მძლავრ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. პუტინის სახელმწიფო მანქანა ქმნის მითს, რომელსაც არ გააჩნია შინაარსი და დაცლილია შინაარსისგან. ეს არის რუსეთის აწმყოს მითი, ძალიან მძლავრი მითი და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მითების წარმოშობა არის ერთი მთლიანი თამაშის ნაწილი, რომლის ობიექტებიც ამ მითში მონაწილე პირები არიან. ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცის ამ თამაშში მონაწილეობის შესახებ. მასში მონაწილეობს რუსული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ვინაიდან ყველაზე იოლია დაიჯერო მითების, რომელიც გეუბნება შენთვის სასურველს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ მითებს შინაარსი. ეს მითები ქმნიან რუსულ თამაშს, რომელიც აგებულია უშინაარსო ბლეფზე. რაც უფრო სწრაფად მოვახდენთ მისგან გამიჯვნას, მით უფრო რეალური გახდება ჩვენი მიზანი, გავხდეთ დასავლეთის სრულუფლებიანი წევრები და არა რუსული ბლეფის თამაშის მონაწილე ობიექტები.

შესაბამისად მთლიანად თამაში, რომელიც რუსეთს აქვს მსოფლიო თანამეგობრობის წინააღმდეგ მომართული, ემსახურება საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ვლადიმირ პუტინის პირადი ძალაუფლების ინტერესებს. სწორედ ეს რუსული თამაში-ბლეფია თამაშის სუბიექტიც, ის ქმნის ამ მითებს, რომელიც ადამიანების ძალიან ფაქიზ განცდებზეა გათვლილი, როგორიცაა, მაგალითად, “დიადი რუსული იმპერიის შექმნა 21-ე საუკუნეში“, ამ თამაშის მონაწილეა მთელი რუსული მოსახლეობა და ისინი ამ თამაშის ობიექტები არიან. როგორც ეტყობა, ეს თამაში უკვე თავის ფინალურ სტადიას უახლოვდება, ვინაიდან შეუძლებელია, შექმნილმა მითებმა ჩაანაცვლოს რეალობა, რომელიც ამბობს ერთ რამეს, რომ 21-ე საუკუნეში არ არის მე-19 საუკუნის კლასიკური იმპერიის არანაირი მოცემულობა და არსებობის ადგილი. ამიტომ ეს მითი ვერ დაუპირისპირდება რეალობის განვითარების ლოგიკას და თუ ის სხვა მითით არ ჩანაცვლდა, მითებიც იმსხვრევა.

 

ირაკლი მარგველაშვილი