რა საფრთხეს შეიცავს რუსეთ-თურქეთის მზარდი დაპირისპირება საქართველოსთვის?

6tt

მოსკოვი-ანკარას შორის დაპირისპირება არ ცხრება. რუსული მედიის ცნობით, პუტინის ხელისუფლება უახლოეს მომავალში თურქეთთან ყველა სამხედრო-ტექნიკური პროექტის გაყინვას აპირებს. ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თურქეთთან 2016 წლის პირველი იანვრიდან უვიზო რეჟიმსაც აჩერებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელმძღვანელობამ ზღვარს გადააბიჯა და რისკავს, თურქეთი ურთულეს სიტუაციაში ჩააგდოს, როგორც გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების, ისე რეგიონში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით“.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული „სუ-24“ ჩამოაგდო, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ამის დამადასტურებელი ფრენის მარშრუტი გამოაქვეყნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ სუ-24-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
საპასუხოდ, მოსკოვმა თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაყინვის პროცესი დაიწყო, ასევე შეწყვიტა სამხედრო კონტაქტები. კრემლის გადაწყვეტილებით, სირიაში განლაგდა უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემა ეს-400.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თუ რუსი სამხედროები თურქულ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, ანკარა ამას „აგრესიის აქტად“ აღიქვამს და შესაბამის ზომებს მიიღებს.
ამასთან, თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყება მოქალაქეებს ურჩევს, ვიზიტი რუსეთში „სიტუაციის გარკვევამდე“ გადადონ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იმ სირთულეების გამო მიიღეს, რომელიც ბოლო დღეებში თურქ ბიზნესმენებსა და ტურისტებს რუსეთში შეექმნათ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთთან კრიზისის ფონზე საკუთარ პრიორიტეტად მიიჩნევს, მოსკოვთან კავშირის ყველა არხი ღია დატოვოს. მისი თქმით, რუსეთისთვის თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თურქეთისთვის რუსეთთან ურთიერთობა:
„კრიზისის გამო პასუხისმგებლობის თურქეთისთვის დაკისრების მცდელობა არასწორია როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე რუსეთსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის კუთხით. თუკი პასუხისმგებლის ძებნას დავიწყებთ, სჯობს ეს დავიწყოთ მისგან, ვინც ჩვენი საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვია. რუსეთის მხრიდან გაკეთებული ბოლო განცხადებები _ ეს არ არის ის განცხადებები, რომელიც უნდა მივიღოთ კეთილმეზობლობიდან გამომდინარე“.
ამ ფონზე, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი რუსეთსა და თურქეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხავს.
„ეს (თურქების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის, სუ-24-ის ჩამოგდება) დაკავშირებულია თურქმენების დაცვასთან. ამასთან დაკავშირებით თურქებს უკვე დაბარებული ჰყავდათ ჩვენი ელჩი, მოიწვიეს უშიშროების საბჭოც; რადგან რუსული ავიაცია ბომბავს თურქმენებს, რომლებიც, როგორც ოპოზიციის ნაწილი, იბრძვიან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, თურქეთმა განაცხადა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ისინი თურქმენებს დაიცავდნენ.
ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში აწესებს რუსული ავიაციისთვის აკრძალულ ზონას, რომელსაც დაიცავს, ანუ ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავებს, თუ ისინი ამ ზონაში შემოფრინდებიან.
რუსმა სამხედროებმა, თავის მხრივ, ან უნდა აღიარონ თურქეთის უფლება, ჩამოაგდონ ჩვენი თვითმფრინავები, თუ თურქმენების კონტროლირებად ზონას მიუახლოვდნენ, ან საერთოდ თურქეთის საზღვრის გაყოლებაზე თუ იფრინეს, ან დაიწყონ ბრძოლა თურქეთთან.
ალბათ, უფრო ბრძოლას დაიწყებენ. ანუ შესაძლებელია ვიხილოთ საჰაერო ბრძოლები, სადაც რუსული თვითმფრინავები თურქულებთან იბრძოლებენ, რათა დაიცვან ჩვენი ბომბდამშენები. შესაძლებელია საზღვაო ბრძოლებიც თურქეთისა და რუსეთის ფლოტებს შორის. შესაძლებელია კონფლიქტის ფარგლებში თურქებმა ბოსფორის სრუტე ჩაკეტონ და ნატოს წევრები ჩართონ. ასეთ კონფლიქტში რუსეთს ძალიან პატარა შანსები აქვს, თუ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს“, _ განაცხადა ფელგენგაუერმა.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი თუ არ მორიგდა, ყველა შეიძლება დაზარალდეს:
„ყველას იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია განიმუხტება და პოლიტიკოსები გონივრულად მიუდგებიან ვითარების დარეგულირებას. რადგან ყველა შეიძლება დაზარალდეს, ამან შეიძლება რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და არა მხოლოდ რეგიონში. ეს ორი ქვეყანა თუ არ მორიგდა, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. იმედი მაქვს, მოვლენები ასე არ განვითარდება. პატარ-პატარა ელემენტები უკვე ჩვენც ვიგრძენით, ლარსზე პრობლემები შეიქმნა. თუ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, ამით მოგვაქვს თავი და ეს ფუნქცია რაღაცნაირად დაზარალდება, რა თქმა უნდა, ეს ცუდია“.
ზურაბ აბაშიძე თავს იკავებს პასუხისგან კითხვაზე, _ ვინ არის პასუხისმგებელი სიტუაციის ესკალაციაზე:
„მართლა ძალიან სახიფათო ვითარებაა. ისტორიული გამოცდილება ასეთია, განსაკუთრებით დიდი მსოფლიო ომების დაწყებისა, ესკალაცია ასე პატარა რაღაციდან იწყება, შემდეგ სადღაც ისვრიან. თვითმფრინავის ჩამოგდება ძალიან სერიოზული ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიტუაცია აუცილებლად განიმუხტება, რადგან ობიექტურად არავის ინტერესშია, რომ კონფლიქტის გაღრმავების გზით წავიდეს. ამის ელემენტები უკვე შეინიშნება. ორივე მხრიდან, მოსკოვიდანაც და ანკარიდანაც, პატარ-პატარა სიგნალები მოდის“, _ ამბობს აბაშიძე და იმედოვნებს, რომ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება.
„ქრონიკა+“-ის რესპონდენტია ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე:
_ ბატონო თორნიკე, რას საფრთხეს შეიცავს რუსეთ-თურქეთის მზარდი დაპირისპირება?
_ ჩვენთვის გაცილებით მეტი რისკის შემცველი რუსეთ-თურქეთის დაახლოება იქნებოდა. გავიხსენოთ 1921 წელი. 21 წელი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან გარიგდნენ. მათი დაახლოება ყოველთვის სახიფათოა ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის _ შუაში ვიჭყლიტებით ხოლმე.
ბუნებრივია, რომ ჩვენი რუსეთუმეებისგან მოვისმინე შემდეგი, _ ქვითინი და ტირილი, ვაიმე, ახლა რა გვეშველება, თუ ომი დაიწყება, ჩვენ შუაში გავიჭყლიტებითო. იქიდან დავიწყოთ, რომ ომი არ დაიწყება. თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთი ნატოს წევრია და მას რუსეთი ამიტომაც ვერაფერს გაუბედავს. და იმიტომ, რომ თურქეთს აღმოაჩნდა ნება და ძალა, რომ ეს თვითმფრინავი ჩამოეგდო! თუ სიტუაცია გამწვავდება, ამას ავტომატურად მოჰყვება რეაგირება ნატოს მხრიდანაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში უფრო ინტენსიურად შემოვლენ ამერიკული საბრძოლო ხომალდები. თუ ამერიკული ხომალდები იქნება შავ ზღვაში, მაშინ რუსეთი ვერაფერს გაბედავს. რუსები ყოველთვის უკან იხევენ, როცა ძალას გრძნობენ, ეს ისტორიით დადასტურებული ამბავია.
_ ამ მიმართულებით თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები როგორ უნდა განვიხილოთ?
_ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ამის წინააღმდეგ რუსული მხარე ვერც ვერაფერს გააწყობს. ამ კონტექსტში, ისევ, ძირითადად, ქართველი რუსეთუმეები გაჰკივიან, რომ, აი, მოსკოვმა შური იძია, სირიაში დაბომბვები გააგრძელაო.
რეალურად, რუსები სხვას ვერაფერს გააკეთებენ. თურქების თვითმფრინავს ვერ ჩამოაგდებენ, რადგან ისინი სირიის ტერიტორიაზე არ გადაადგილდებიან.
_ ამ ვითარებაში როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოზიცია?
_ არაფერი, უნდა ვიყოთ მშვიდად, რადგან ამ დაპირისპირებაში ჩვენ საერთოდ არაფერს გვეკითხებიან. იმედია, ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მხარეს არ დაიჭერს, ამის მოლოდინი მაინც მაქვს.

ირაკლი მენაღარიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი:
_ ბატონო ირაკლი, დიდ მეზობლებს შორის ურთიერთობის დაძაბვა რა რისკებს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის?
_ მოვლენათა იმგვარი განვითარება, რომელიც სირიაში თურქეთისა და რუსეთის ამ შეჯახებას მოჰყვა, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო. პრაქტიკულად, ყველა დამკვირვებელი ამას ამბობდა, რომ წინააღმდეგობა, ძირითადად, ეკონომიკურ სფეროში გამოჩნდებოდა და ეს, უპირველესად, თურქეთის მხარისთვის იქნებოდა დამაზიანებელი, რადგან მისთვის რუსეთი წამყვანი ეკონომიკური პარტნიორია.
თუმცა დღეს კიდევ დამატებით გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა გაააქტიურა თავისი საავიაციო დარტყმები იმ რეგიონებზე, სადაც ბასარ ასადის ოპოზიციური ძალები არიან კონცენტრირებული. სულ უკანასკნელი ინფორმაცია, რომელიც ახლახან ინტერნეტში გაჩნდა, გახლავთ რუსეთის ავიაციის ერთ-ერთ ქალაქზე თავდასხმის ბრალდება, რომლის დროსაც, სხვადასხვა მონაცემით, 18-დან 40-მდე კაცი დაიღუპა. საუბარია მშვიდობიან მცხოვრებლებზე.
ეს ინფორმაცია ბოლომდე ჯერ გადამოწმებული არ არის, მაგრამ თუკი ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ ჩვენ შეიძლება უკვე სხვა ელემენტის გაჩენასთანაც გვქონდეს საქმე _ ეს უკვე სამხედრო დაპირისპირებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ბატონი ერდოღანის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცეცხლს ეთამაშება და ეს სახიფათოა. და ამასთან ერთად იცით მის მიერ გამოხატული წუხილი იმ ინციდენტის გამო, რომელსაც რუსი პილოტის დაღუპვა მოჰყვა. როგორც ეტყობა, ამან თავისი შედეგი არ გამოიღო.
რუსეთი მეტად აგრესიულად არის განწყობილი და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში კიდევ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. არაფერს ვამბობ იმის შესახებ, რაც, ალბათ, თქვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი _ კერძოდ, პრეზიდენტ პუტინის ცნობილი ბრძანებულება, რითაც მან, პრაქტიკულად, აკრძალა თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა. მაგრამ რას მოუტანს ეს თვითონ რუსეთის ეკონიმიკას, რომელიც ისედაც ვერ არის მთლად ჯანმრთელ მდგომარეობაში (მათ შორის, ნავთობის ფასისა და საერთაშორისო სანქციების გამოც), ეს უკვე, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს.
საქართველოსთან დაკავშირებით _ პირდაპირი საფრთხე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, მის მოსახლეობას, ჯერჯერობით, არ ემუქრება, მაგრამ ეს ორი დიდი მეზობელი თუ ერთმანეთს წაეკიდება, მოვლენათა განვითარება რა სახის წინააღმდეგობებს წარმოშობს, ამაზე წინასწარ ძნელი სათქმელია. ეკონომიკური შეზღუდვები, რომელიც ჯერ რუსეთმა დააწესა და, ალბათ, ამ მიმართულებით თურქეთიც გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, თავისთავად, შეიძლება დაეტყოს საქართველოს ეკონომიკას. მაგრამ აქ ძირითადი მაინც უსაფრთხოების საკითხია, რომლის განვითარების პროგნოზი, ჯერჯერობით, ძალიან ძნელია. რასაკვირველია, მიმდინარე პროცესი ყველა შემთხვევაში სიფრთხილეს მოითხოვს.
_ ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია როგორი უნდა იყოს?
_ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთი და ვფიქრობ, ერთადერთი სწორი არჩევანი _ მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას; მას აქვს თავისი სტრატეგიული არჩევანი და ამ კურსს უნდა მისდიოს. მეტიც, შეიძლება უფრო აქტიურიც გახდეს ნაბიჯები ამ მიმართულებით. ხოლო მეზობლების ურთიერთდაპირისპირების გარჩევა, არ მგონია, მაინცდამაინც ჩვენი ამოცანა იყოს.
_ ეს დაპირისპირება რა გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე?
_ რაიმე პირდაპირი ზემოქმედების პერსპექტივას, გულახდილად გითხრათ, ვერ ვხედავ. თუმცა თუ რეგიონი ამგვარი დაპირისპირების წინა ფრონტზე აღმოჩნდება, წმინდა გეოგრაფიულად, ამან შეიძლება ჩვენი ევროპელი კოლეგები შეაშფოთოს. და მათი ისედაც ფრთხილი დამოკიდებულება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივისადმი კიდევ უფრო ფრთხილი გახადოს.
მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. შეიძლება პარადოქსულად საპირისპირო შედეგიც დადგეს. ამ დაპირისპირებამ რაღაც დროის მონკვეთში იმგვარი პოლიტიკური კონტექსტი შექმნას, როდესაც პირიქით, ყველა დაინახავს, რომ საქართველო ალიანსში უფრო შეესატყვისება რეგიონის სტაბილურობას. ღმერთმა ქნას, რომ ბევრს, ვინც ამგვარ აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს, თვალი აეხილოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, წინასწარ ამ პროცესის ვარაუდი რთულია.
_ სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება მხარეებს შორის?
_ თავიდანაც ასე მიმაჩნდა და, ყოველ შემთხვევაში, ჯერაც ვერ ვხედავ ამ პოზიციის შეცვლის საფუძველს _ ალბათ, პირდაპირი საომარი დაპირისპირება არ არის ის, რასაც უნდა ველოდოთ. მაგრამ ეკონომიკური დაპირისპირება, პოლიტიკურ არაერთ სიბრტყეში ინტერესების ურთიერთშეჯახება, განსაკუთრებით ამ სიტყვებისა და ურთიერთბრალდებების სახით გაგრძელდება.
თუ რუსეთი პარტნიორების ჯიბრზე შეეცდება ისევ ასადის ხელისუფლების მხარდასაჭერი სამხედრო ნაბიჯების გააქტიურებას, ამას, საბოლოოდ, რასაკვირველია, ისევ რუსეთის ინტერესების შეზღუდვა და მისი უფრო მეტი საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვება, ვიდრე ეს დღეს არის გამოხატული. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ, ჯერჯერობით, ამგვარ პერსპექტივას რუსეთი დიდად არ დაგიდევთ. ყოველ შემთხვევაში, ის რაც მან გააკეთა, ნაბიჯები, რომლებიც ამ ფაქტის შემდეგ გადაიდგა, ამაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ბატონ პუტინს უჭირს შეურიგდეს ფაქტს, რომ მის აგრესიულ მოქმედებას წინააღმდეგობა გაუწიეს. ეტყობა, ცოტა უფრო შორს მისი მრჩევლებიც ვერ იხედებიან.

გელა მამულაშვილი