ვინ ამხელს კორუფციაში სენაკის გამგებელს?

4eee

სენაკის მუნიციპალიტეტის ფრაქცია „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა, სენაკის გამგებელზე, გოჩა დგებუაძეზე სკანდალურ ფაქტებს ჰყვება. იგი გამგებელს კორუფციაში ამხელს და აცხადებს, რომ მისი საქმით სამართალდამცველი სისტემაა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, გამგებელი ამ მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარეც იყო, საიდანაც რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლეს.
ინგა ქარდავა:
_ რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ სენაკში კონფერენცია ჩაატარა და პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩია. ამ პარტიის თავმჯდომარე აქამდე სენაკის მოქმედი გამგებელი _ გოჩა დგებუაძე იყო. ამ ადამიანმა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ სამარის პირზე მიიყვანა, რადგან სინამდვილეში ის პორტირებულთა „ოცნების“ ხელმძღვანელი იყო. უკვე მთელმა საქართველომ  იცის მისი კორუმპირებულობის ამბები. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თავის ძმებს პირადად უფორმებდა ხელშეკრულებებს და ბიუჯეტის თანხებს ურიცხავდა. ამის მტკიცებულება დოკუმენტების სახით თქვენც გამოგიგზავნეთ. ამ გზით 2013 წელს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი თანხა საკუთარ ოჯახში გაუშვა.
_ ეს როგორ მოხდა?
_ დგებუაძის ძმებს დარეგისტრირებული აქვთ შპს-ები და ამ ორგანიზაციებს ხელშეკრულებებს უფორმებდა. როცა ტენდერს აცხადებ, მასში სხვებმაც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ  ეს იყო პირდაპირი ხელშეკრულებები. გამგეობა პირდაპირ უდებდა ძმებს ხელშეკრულებებს და ამაზე პასუხი არ მოეთხოვა. ამბობს, ამ დროს მე შვებულებაში ვიყავი ამ დროსო, მაგრამ გამგებლის მოადგილე მის გარეშე დგებუაძის ძმებს ხელშეკრულებას როგორ გაუფორმებდა, ეს ხომ აბსურდია. მით უფრო, რომ დამლაგებელიც არ ინიშნება, მისი ბრძანება თუ არ იქნა. საქმე ის არის, რომ სენაკში „ქართული ოცნების“ არც ერთი კადრი არ დაუსაქმებიათ და ის ხალხი, რომელთაც 10 წლის განმავლობაშო ვებრძოდით, საარჩევნო კარუსელებსა და სიებს ვუქვეყნებდით, „ქართულმა ოცნებამ“ და დგებუაძემ ყველა გვერდით ამოიყენა. ამიტომაც მოხდა, რომ გადააყენეს და სხვა აირჩიეს სენაკის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ. პარტიის ახალი თავმჯდომარე ამ ხალხთან კარგ ურთიერთობაში არ არის და მისი მოსვლა ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის. ის გუბერნატორის მოადგილეა, 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და თავისი საქმე იცის. ჰყავს გუნდი, რომელიც, თავის დროზე, „ოცნებას“ უჭერდა მხარს, მაგრამ მერე პორტირებულებს რომ მიანიჭეს უპირატესობა, დაიშალნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ დადებითი მიმართულებით შეიცვლება.
_ დგებუაძეც პორტირებული „ნაციონალია“?
_ რა თქმა უნდა. 2010-11 წლამდე ის კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო. გასულ წელს ბიუჯეტი რომ გამოიტანა საკრებულოზე, ალტერნატიული ბიუჯეტი დავამტკიცეთ, რადგან გამგებელმა არც ერთი ჩვენი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ანალოგიური სიტუაცია არის ახლაც. ამჯერად 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი თავად არც კი წარმოადგინა საკრებულოზე. წესით და კანონით, ბიუჯეტს საკრებულოს წარუდგენს ან გამგებელი, ან მისი მოადგილე, მაგრამ დგებუაძემ საკრებულო არაფრად ჩააგდო და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წინაშე წარმოადგენინა მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, მაგრამ ბიუჯეტის პროექტი სენაკელი მოსახლეობისთვის არ არის განკუთვნილი. სენაკის 2015 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა, აქედან 2 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯებისთვის _ საკრებულოს, გამგეობის და აიპების სახელფასო ფონდებისთვის არის გაწერილი. ბიუჯეტის პროექტში არც ერთი თეთრი არ დევს ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ გრაფას ნული უწერია. ანუ სენაკში ამ წელს აღმშენებლობა ნულოვან დონზე იქნება. თანხები მხოლოდ კულტურულ ღონისძიებებზე არის გაწერილი. გამგებელს ყველა ტენდერი და ხელშეკრულება გაუხმაურდა, რადგან კონტროლს ვუწევდით და გასაქანს არ ვაძლევდით მაქინაციების დაფარულად კეთებისთვის, ამიტომ, როგორც ჩანს, ახლა ეს გზა აირჩია და კონცერტებით უნდა თანხების ათვისება. სენაკში თითქმის ყველა კომპანია დაჯარიმდა უხარისხო სამუშაოების შესრულებისთვის, აქედან გამომდინარე, თანხები ამჯერად კულტურულ ღონისძიებებში გადაისროლა.
უამრავი მშიერი ადამიანია, რომელსაც ლუკმა-პურის ფული არ აქვს, სოციალურად დაუცველია და ელემენტარული ცხოვრების პირობები არ გააჩნია, მაგრამ მათი დახმარების ნაცვლად გამგებელმა გადაწყვიტა, კონცერტები ჩაატაროს. საქმე ის არის, რომ ის ხელშეკრულებებს გააფორმებს იმ ორგანიზაციებთან, ინდმეწარმეებთან, რომლებიც მას ამ ფულს გაუთეთრებენ და უკან დაუბრუნებენ. ასეთი ფიქრისა და თქმის საფუძველს მისი ქმედებები მაძლევს. დგებუაძეს აქვს საკუთარი შპს „აკო“, რომელმაც ლიზინგის წესით შეიძინა ტრაქტორი, შემდეგ გამგებელმა ტრაქტორი სენაკში ჩამოიყვანა და ინდმეწარმე ვინმე პაატა გოგიშვილზე დაარეგისტრირა. სენაკის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯეზე ამ ადამიანს პირდაპირი წესით ხელშეკრულებებს უფორმებდა და ასე ასრულებინებდა სამუშაოს. გოგიშვილი, რომელსაც ერთი კაცის შპს ჰქონდა,  ასრულებდა ბაღის რემონტებს, ტრაქტორისტის სამუშაოს და სხვა ყველანაირ საქმეს, რაც გახლდათ აბსურდი. ეს ფაქტები გავახმაურეთ და დგებუაძე ვამხილეთ, რის შემდეგაც ამ საქმით პროკურატურა დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ინდმეწარმე ტრაქტორისტ გოგიშვილს 20 ათასი ლარის გარღვევა ჰქონდა. ახალსოფლის თემში მან სამუშაოები ჩაატარა და რა თანხაც მორჩა, ის უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის, მაგრამ არ დააბრუნა. აქ ტრაქტორისტი არაფერ შუაშია, ეს არის ერთი საცოდავი ბიჭი, მაგრამ დგებუაძე იყენებს და მისი საშუალებით სარგებლობს. სწორედ დგებუაძის მაქინაციების გამო გაება ის ამ დარღვევებში, რის გამოც ახლა, თუ 20 ათას ლარს არ გადაიხდის, 7 წლამდე ციხე ელოდება.
_ მერე რას ამბობს ეს ტრაქტორისტი, არ ალაპარაკდა?
_ ჯერჯერობით ის არაფერს ამბობს, სამაგიეროდ დგებუაძე ლაპარაკობს. ის პირად საუბრებში აცხადებს, რომ ეს ფული ეტაპობრივად უნდა გადაიხადოს. გამგებელს რატომ უნდა აინტერესებდეს ტრაქტოროისტის გადასახადი, ან დაკისრებული პასუხისმგებლობა, თუ მის უკან მართლაც თვითონ არ დგას? იქადნება, რომ პროკურატურაში ყველაფერს გავაკეთებო, მაგრამ არა მგონია, რამე გამოუვიდეს, რადგან მთლად მასეც არ არის ქვეყანა ჩალით დახურული. დგებუაძე უკვე იმასაც ამბობს, მე მარტო არ ვჭამდი და ეს თანხები ზემოთაც მიდიოდაო. დგებუაძე, თურმე, იმასაც ამბობოს მუქარით, თუ მე რაიმე დამემუქრება, ყველას დავასახელებ, ვისთანაც ფული მიმქონდაო. სენაკში ყველაზე დიდი ფული მაინც წყალდიდობის შემდეგ გააკეთეს.
სენაკში ყველამ იცის, რომ ამ ტრაქტორისტი ბიჭის გაუბედურება მისი ბრალია და თავად ეს საწყალი კაცი ამდენს ვერ გააკეთებდა. ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და პირველად ვნახე გამგებელი ასე ღიად რომ არის ჩართული ფულის კეთებაში. მსგავსი ფაქტი არასდროს მინახავს. ყველამ იცის, რომ დგებუაძე პარლამენტის წევრის, მისაბიშვილის რჩეულია. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ მისაბიშვილი წლების განმავლობაში `ნაციონალი~ იყო და სამეგრელოს ჭამდა, თუმცა დღეს ის ზვიად ძიძიგურის პარტიის წარმომადგენელი და მისი მარჯვენა ხელი გახლავთ. კონსერვატორების პარტიის თავმჯდომარე სენაკში არის პიროვნება, რომელიც სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო „ნაცმოძრაობიდან“. იუთუბზე ვიდეო დევს, თუ როგორ მისდევს მე-9 არხი ჟურნალისტსა და ოპერატორს „ნაციონალების“, ანუ მისაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან. მერე გადაპორტირდა და ახლა ზვიად ძიძიგურის პარტიის თავმჯდომარეა სენაკში. გამგებელი იმასაც ლაპარაკობს, რომ ზვიად ძიძიგურმა არაერთხელ დაურეკა და უთხრა, ეს კაცი ფეხბურთის აიპში დირექტორად დანიშნეო. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც 9 წელი მისაბიშვილის მარჯვენა ხელი და „ნაციონალი“ იყო, „ოცნების“ ზედა რგოლების დახმარებით კვლავ ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს. ასეა ოცნებაში პორტირებული ყველა წარმომადგენელი სენაკში.
_ თქვენ კიდევ „ოცნებაში“ იყავით და „ნაციონალი“ გახდით. ეს ყველაფერი უცნაურად არ გეჩვენებათ?
_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური პარტია“ სენაკში ამჟამად გასუფთავებულია და მათ ზურგსუკან არაფერი ხდება. მისი წევრები სუფთა პოლიტიკური წარსულის ბავშვები არიან. „ნაციონალები“, რომლებსაც მე თქვენი დახმარებით  ვებრძოდი, ახლა „ოცნებაში“ არიან. გამგებელი პარტიის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ მას, ამ პარტიაში, დელეგატის მანდატიც კი არც ჰქონდა. ამაზე დიდი სირცხვილი რა გინდა, კაცი უმანდატოდ იჯდა პარტიის ხელმძღვანელად, ანუ პარტიის წევრიც კი არ ოყო. ჩამოიყვანა თბილისიდან მისაბიშვილმა და ამ თანამდებობაზე დასვა. თბილისიდან  სენაკში ჩამოვიდა და ახლა კორუმპირებულის იარლიყით გაუშვებენ უკან, თუმცა მას ამისიც არ რცხვენია. მას სენაკში არანაირი ავტორიტეტი არ აქვს. ორი წელია, რაც გამგებელია და მის გაკეთებულ სიკეთეს ვერავინ გაიხსენებს. ამჟამინდელი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევით, ეს პარტია სენაკში, მგონი, სრულ განადგურებას გადარჩა. ლეიბორისტებს სენაკში გამართული სტრუქტურა აქვთ, ასევე არიან „ნაციოანალები“ და სხვა პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ მმართველ პარტიას ოფისიც არ გააჩნდა. ხალხი მათ დაეძებდა და ვერ პოულობდა. ასეთი დომხალია სენაკში. არ ვიცი, ან ძალოვანი სტრუქტურა არ უნდა ხედავდეს ამას, ან უშიშროება?.. ვერ გეტვით, რატომ არ იღებენ შესაფერის ზომებს.
_ სენაკში კანონდარღვევები კიდევ რა კუთხით ხდება?
_ სენაკში კანონდარღვევებზე მეტი რა არის? გამგეობას დაქვემდებარებულ ყველა აიპში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი და თანამშრომლებს ჩამოსაჯდომად საკმარისი სკამები არ აქვთ. საბავშვო ბაღებში საშინელი მდგომარეობაა. ბავშვების კვებაზე _ დილის საუზმეზე მხოლოდ 15 თეთრი იხარჯება. 1500 კალორიის შემადგენელი კვება უნდა ჰქონოდათ და და მაქსიმუმ 500 კალორიას იღებენ. ახლა რომ შემოიტანეს ბიუჯეტის პროექტი, საკრებულომ კორექტირება გავუკეთეთ და რეკომენდაციის სახით გავუგზავნეთ გამგებელს. ბავშვების კვებაზეც გავზარდეთ თანხა. ვნახოთ, როგორს დაგვიბრუნებს უკან გამგებელი. თუ არ მიიღებს, იძულებული გავხდებით, ხარვეზიან ბიუჯეტს ხმა არ მივცეთ. კანონდარღვევებია აიპ ფეხბურთის განვითარების საქმიანობაში, სადაც მისაბიშვილის მარჯვენა ხელი ზის და ყველაზე დიდი თანხებიც იქ მიედინება. გასაგებია, რომ ფეხბურთიც არის საჭირო, მაგრამ ამხელა ფულს რომ დებ, შედეგიც ხომ უნდა იყოს? 230 ათასი ლარის გადარიცხვა მოითხოვა წელს ამ აიპისტვის, რომელსაც არანაირი შედეგი აქამდე არ დაუდევს.
სენაკში არსებობს „წითელი ჯვრის“ ოფისი, რომელიც თანადაფინანსებით მუშაობს. იქ გამგებლისთვის მისაღებ ადამიანებს თანხები ჰქონდათ გამოყოფილი ბიუჯეტის პროექტში, მაგრამ საკრებულომ ამოიღო. თავის ახლობლებს გამგებელი კანფეტებივით ურიგებს თანამდებობებსა და ფულს.
„ნაციონალების“ დროს ვინც გვატერორებდა და თავში გვირტყამდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გამგებელ დგებუაძისგან ყველა დასაქმებული და ხელშეწყობილია _ დაწყებული ძალოვანი სტრუქტურიდან, დამთავრებული რიგითი ადამიანების ჩათვლით. სამხარეო პოლიციაშიც ყველა ისევ თავის ადგილზე ზის და ამათ ხმა აქვთ ამოსაღები?
_ გინდათ მითხრათ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში სენაკში სასიკეთოდ არანაირი ცვლილება არ მომხდარა?
_ წლების განმავლობაში სენაკი პოლიტიკურად ცხელი წერტილი იყო. ამ დროის მანძილზე მხოლოდ ის მოხდა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებიდან ყველა განზე გაწიეს და თანამდებობებსა და სამსახურებში პორტირებული „ნაციონალები“ მოიყვანეს. ხალხი ამბობს, ნეტავ, როდის დასრულდება სენაკში მისაბიშვილის ეპოქაო? ბევრი კარგი ახალგაზრდა გვყავს, რომელიც ამ კუთხეს ბევრ სასიკეთო საქმეს გაუკეთებდა და გამოადგებოდა, მაგრამ ისინი ჩრდილში ჰყავთ და პენსიონერებსა და პოლიტიკურად გაცვეთილ ადამიანებს ასაქმებენ. მისაბიშვილმა დგებუაძის ხელით შეინარჩუნა თავისი გუნდი და ამას ხალხი კარგად ხედავს. კაცი რომელიც ორი მოწვევის პარლამენტარი იყო „ნაციონალებიდან“, მათ დროს გუბერნატორად მუშაობდა და ათას საშინელებას სჩადიოდა, მე მეძახის ახლა ნიშნის მოგებით „ნაციონალს“ და თავად არის „ქართული ოცნება“, ანუ სუფთა ადამიანი. აი, ამისთანა ადამიანებმა გამხადეს „ნაციონალი“. საიდანაც მებრძოდნენ, ახლა მეც იქიდან ვებრძვი. რა ვქნა, რადგან „ოცნებამ“ სხვა გზა აღარ დამიტოვა. რომ იცოდეთ, „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში როგორი ხალხია, გაგიჟდებით.
_ ვინ არიან?
_ ისინი, ვინც 2012 წელს  „ქართული ოცნების“ ოფისში გვივარდებოდა. ეს არის მისაბიშვილის იმდროინდელი ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი გაბედავა, რომლის მანქანაზეც დამონტაჟებული ჰქონდათ მეგაფონი და ისე ლანძღავდნენ „ოცნებას“. ასევე ნატალია ხუბუა _ იმდროინდელი საკრებულოს წევრი „ნაციონალებიდან“, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და კიდევ უამრავი ასეთი სხვა. ეს ხალხი მე 2012 წლის პირველ ოქტომბერს მირეკავდა, 2 ოქტომბერს პოლიციაში ხართ დაბარებულიო, მაგრამ დღეს მაინც თანამდებობებს იკავებენ. მათ, ეტყობა, ჰგონიათ, რომ ხალხს ამნეზია სჭირს, მაგრამ ეს ასე არ არის და არჩევნებზე დაინახავენ ამას, მე თუ „ნაციონალი“ ვიყავი იმ დროს, მაშინ როგორ მოვიგე არჩევნები და მივუტანე ხმები 21 საარჩევნო უბნიდან „ოცნებას“? ჰკითხონ ერთი გურამ ოდიშარიას, მისაბიშვილს როგორ წავართვი ქალაქი, მერე რომ გააყალბა არჩევნები, რადგან სხვა გზა არ ქონდა. დღეს კი, თურმე, ის ყოფილა „ქართული ოცნების“ მომხრე, ქვეყნის აღმშენებელი და საუკეთესო ადამიანი. სირცხვილია ასეთი საქციელი. ამიტომ არის, რომ „ოცნებამ“ რეიტინგი დაკარგა.
_ სენაკის გამგებლის შესახებ ასეთი ფაქტები თუ სინამდვილეა, საკრებულო ზომებს რატომ არ იღებს და არ გადააყენებთ გამგებლობიდან?
_ გამგებელს საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს. ვინც „ოცნებამ“ განზე გაგვწია, ის ადამიანები ზოგი დამოუკიდებლად შევიდა საკრებულოში, ზოგი სხვა პარტიიდან. ღირსეული საკრებულო ჰყავს სენაკს. აღნიშნულ საქმეებზე ჯერ ძიება მიმდინარეობს და ჩვენც პასუხს ველოდებით. ცხადია, შემდგომ შესაბამისად ვიმოქმედებთ.

„ქრონიკა+“ სენაკის გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ბაჩანა ბაღათურიამ გვითხრა, რომ გამგებელი გოჩა დგებუაძე ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს თემა დიდი ხნის ამოწურულია _ სამართალდამცველებმა ყველა საკითხი შეისწავლეს და დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდაო.

ნელი ვარდიაშვილი