რატომ მფარველობს ზვიად ძიძიგური აბაშელ მაღალჩინოსნებს?!

11111e

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მთავარ სპეციალისტს, იზოლდა შანიძეს, 9 წელია, სამსახურში არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არავის გაუთავისუფლებია. საკუთარი უფლებების დასაცავად მან სასამართლოს მიმართა. საქმის მოგების მიუხედავად, ისევ სამართალს ეძებს. შანიძის თქმით, ამ საქმეში ზვიად ძიძიგურის ნათესავები არიან ჩართულნი, რომელთაც პარლამენტარი ჯერ კიდევ „ნაციონალების“ დროიდან მფარველობს.
„ქრონიკა+“-ს იზოლდა შანიძე ესაუბრება:
_ 1990 წლიდან ვმუშაობდი აბაშის საფინანსო სამსახურში, ვიყავი საბიუჯეტო ინსპექციის უფროსი, მერე სოფლის მეურნეობის განყოფილების ეკონომისტი, 1995 წელს გადამიყვანეს უფროს სპეციალისტად. 2007 წლის 29 მაისს ამიკრძალეს გამგეობაში შესვლა, სამსახურიდან განთავისუფლების გარეშე. ჩვეულებრივ მივედი სამსახურში, დაცვამ მითხრა, შემოსვლა გეკრძალებათო. დაცვის უკან იდგა საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, საფინანსო განყოფილების უფროსი თეიმურაზ ნოდია და გამგეობის იურისტი გელა ზაქარაია. დაცვამ მითხრა, მიზეზს ვერ გეტყვი, დამავალეს, არ შეგიშვათო. იქიდან გამომდინარე, რომ გამგეობიდან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღე _ რის საფუძველზე არ მიშვებდნენ სამსახურში, პროკურატურას განცხადებით მივმართე, რომელიც პროკურორ ნინო კუპრეიშვილს დაეწერა. პასუხი 3 დღის შემდეგ გამოაგზავნა, პოლიციას და სასამართლოს მიმართეთო. სასამართლოსთვის უკვე მიმართული მქონდა, ამ ამბიდან ერთი წლით ადრე დამაქვეითეს და ამის გამო ვიჩივლე. სანამ პროკურორის წერილი მომივიდოდა, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ამიტომ იქ ეს საკითხიც დავაყენე. იმასაც გეტყვით, რომ სანამ სამსახურში მისვლას ამიკრძალავდნენ, ჩვენი სამსახურის უფროსი, ვიოლეტა გვაზავა, სამსახურიდან იყო განთავისუფლებული და სასამართლოში ჩიოდა. ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდაურა წამოვაყენე. გამგებელთან თათბირი ჩატარდა და მაშინ მითხრა, _ ვაკანსია არ არის, რადგან ამ საქმეს სასამართლო იხილავს და სანამ არ დამთავრდება, ვერავის დავნიშნავთო, უარი მივიღე, მაგრამ 3 დღეში ამ ადგილზე თიმურაზ ნოდია დანიშნეს. ამაზე წავიდა დავა. იმავე დღეს მივედი გამგებელთან და ვუთხარი, რომ ეს ბრძანება გაეუქმებინა. არ გააუქმა, მითხრა, სხვა გზა არ მაქვსო. ამის შესახებ პრეზიდენტს წერილი გავუგზავნე. აქედან დაიწყო ჩემი დევნა. მავიწროებდნენ, მიკრძალავდნენ, რომ ჩემთან თანამშრომლები შემოსულიყვნენ, ნოდიამ ჩემი ოთახის გასაღები გამომართვა. ზუსტად ამ პერიოდში ყოფილმა უფროსმა სასამართლო მოიგო, მაგრამ გამგეობამ სასამართლოს გადაწყვეტლება არ გაითვალისწინა და ნოდია ამ ადგილზე დარჩა. ნოდიას ზვიად ძიძიგური მფარველობს, თავის დროზე მაგან დაანიშნინა ის „ნაციონალებს“.
_ სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო?
_ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. სააპელაციოში გავასაჩივრე და საქმე უკან დააბრუნეს. 2007 წლის 31 მაისს სასამართლომ ჩემს აღდგენაზე გადაწყვეტილება გამოიტანა, მაგრამ არ აღასრულეს. 29 მაისს სამსახურში არ შემიშვეს 31-ში კი გადაწყვეტილება გამოვიდა. დამერწმუნეთ, აქ სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაში ძიძიგური იყო ჩართული.
_ რა ინტერესი ჰქონდა ძიძიგურს?
_ ძიძიგურის ბიძა, კოტე ბზიავა, საკრებულოს თავმჯდომარე იყო და სწორედ მის დროს დაინიშნა უკანონოდ თეიმურაზ ნოდია. კოტე ბზიავას ეს „ნაციონალებმა“ დაავალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსაურიდან მასაც გაათავისუფლებდნენ. რევაზ მიქაძემ დაავალა, „ნაციონალებიდან“, ზევიდან მოდიოდა ეს ამბავი. მაშინდელი გამგებლის ჟვანიას თანაკურსელი იყო ვანო მერაბიშვილი და ამიტომაც არ იხსნებოდა ეს საქმეები.
_ ხელისუფლება ხომ შეიცვალა, ვის მიმართეთ, რა გააკეთეთ?
_ შეიცვალა?! „ნაციონალების“ დროს ვერ ვიპოვე სამართალი, სასამართლო გადაწყვეტილება სისრულეში არ მოვიდა, ავდექი და 2012 წელს ახალ მთავრობას მივმართე, ასევე პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, რომელსაც დასკვნა ჯერაც არ აქვს დაწერილი. გაზეთების რედაქციებს მივმართე, მაგრამ ეს ამბავი არ დაბეჭდეს, ზეწოლა იყო. მთავარ პროკურატურასაც მივმართე. პრეზიდენტმა მომწერა, მთავრობას და წულუკიანს მიმართეო, შეხვედრაზეც უარი მითხრა, არ შედის ჩემს კომპეტენციაშიო. მთავრობამ მომწერა, იუსტიციის სამინისტროს მიმართეო. იუსტიციის მინისტრი მეუბნება, ჩემს კომპეტენციაში არ შედისო. აღმასრულებელი ამბობს, აღვასრულეო და სინამდვილაში, არ არის აღსრულებული. თან მიგზავნის ბრძანებულებას, რომელიც 2007 წელს გამოსცა გამგებელმა და საფინანსო სამსახურს დაავალა. ნოდია მუშაობს იქ და ის შეასრულებს?! განთავისუფლებული პირი 2 წელი დადიოდა სამსახურში, ხელფასს იღებდა, გენინსპექციას მივწერე, მაგრამ არაფერი გააკეთეს, თურმე სისხლის სამართლის დანაშაული არ ყოფილა! ჩემი განთავისუფლების არც დოკუმენტი არსებობს და არც საფუძველი. ხელისუფლება რომ შეიცვალა, სინამდვილეში, არავინ განთავისუფლებულა. უკანონოდ დანიშნული ჩემი კოლეგები ისევ მუშაობენ და ახლანდელი გამგებელი მამუკა კვიტაშვილიც კოტე ბზიავას სიძეა, ამავდროულად, ძიძიგურის სიძეც. კვიტაშვილი „ნაციონალი“ იყო. აბსოლუტურად ყველანი თანამდებობებზე დარჩნენ, არავინ გაუშვიათ, პირიქით, კიდევ დაემატათ. ეს საქმე რომ გაიხსნას, კოტე ბზიავას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ამიტომ ძიძიგურმა მისი სიძე, კვიტაშვილი დანიშნა ამ თანამდებობაზე და ამით ფარავს. გამგებელი, ამავდროულად, სანდრო კვიტაშვილის ნათესავიც არის. ამათ ძიძიგური მფარველობდა „ნაციონალების“ დროსაც და ახლაც! ხელს ვადებ კონკრეტულად ძიძიგურს, უშუალოდ თვითონ მოდიოდა და მაგან დანიშნა ნოდიაც. ბევრჯერ იყო მოსული, ჩემთანაც აქვს სურათი გადაღებული, ცხვარიჭამიაში რომ ვიყავით, საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი, მეც ვიყავი „ნაციონალი“, სამკერდე ნიშანიც მაქვს და მეც ვმონაწილეობდი რევოლუციაში. იმ კომისიის წევრობის ფული დღესაც არ მაქვს აღებული, რაიონში არ დარიგებულა. წავიდა და „ნაციონალმა“ რევაზ მიქაძემ მანქანა იყიდა, იმ თანამშრომლებისგან, რომლებსაც განათლება არ აქვთ, ყველასგან ფული აიღო. თვითონ რევაზ მიქაძეს განათლება არ ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილი სათავეში რომ მოვიდა,  აბაშაში კულტურის განყოფილების უფროსად დაინიშნა, არადა, სააკაშვილმა თვითონ მოხსნა.
სამსახურში მისვლა რომ ამიკრძალეს, ვიოლეტა გვაზავა ჩემს ადგილზე დანიშნეს. სანამ დააბრუნებდნენ, ძიძიგურის ნათესავია ელპიტე გვაზავა, იმას ამუშავებდნენ, ჩემს ოთახში ახლა ის ზის. რაიონში ვინც მუშაობს, ყველა ძიძუგურის ნათესავია. გამგეობის იურისტი გელა ზაქარაია ზაზა გოროზიასთან იყო შეკრული, ნათესავები არიან და ხე-ტყის ბიზნესი აქვთ მარტვილში. ბაჩო ახალაიამ მოიყვანა გელა ზაქარაია გამგეობაში, მამამისს დაარეკინა და დაანიშნინა. მე გელა ზაქარაიამ ამიკრძალა სამსახურში მისვლა. ადრე პროკურატურაში მუშაობდა, გამსახურდიას დროს, უკანონობებს რომ აკეთებდა, ხალხმა გავაგდეთ. 10 წელი უმუშევარი იყო და როცა „ნაციონალები“ მოვიდნენ, ახალაიების მეშვეობით დაინიშნა. ზაქარაიამ მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ სასამართლოს მიერ ჩემ მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ აღასრულებდა. აღმასრულებელი იყო ვიოლეტა გვაზავას მამიდაშვილი, ლადო ქორჩილავა. როცა აღსრულების ფურცელი მივუტანე, უკან გავყევი, მოსამართლესთან შევიდა და პირდაპირ უთხრა, _ რატომ დააკმაყოფილე, არ აღვასრულებო! არც არის აღსრულებული!
_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?
_ ვითხოვ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ან მომცენ განთავისუფლების ბრძანება, ჰაერზე ვარ, რატომ?! 9 წელია, ამას ვითხოვ! მოსამართლე მეუბნება, ხომ დაგაკმაყოფილე, მიდი და აღმასრულებელს მოსთხოვეო. ყველაფერი დააკმაყოფილა მოსამართლემ, რაზეც ვიჩივლე და რაზე ვიდავო?! პარლამენტში ბესელიას კომიტეტში ახლა შევიტანე განცხადება, იუსტიციის სამინისტროდან უკან წამოვიღე საბუთები, წულუკიანმა მომწერა, არ შედის ჩემს კომპეტენციაშიო. მისი თანამშრომელი ნაგავში ყრიდა ამ ქაღალდებს. წამოვიღე ეს „ნაგავი“ და პარლამენტში შევიტანე, იმათ თებერვალში ისევ გადაუგზავნეს იუსტიციის სამინისტროს, მის შემდეგ პარლამენტს ვთხოვ პასუხს. _ ჩვენი ქვემდებარე არ არის და არ გვეკუთვნისო. _ აბა, ვის უფლებებს იცავთ-მეთქი?! ახლახან კიდევ შემატანინეს განცხადება, ერთი თვის ვადაში პასუხი უნდა მოეცათ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჩანს. 2 დღის წინათ კიდევ შევიტანე განცხადება ბესელიასთან, რომ 24 საათს განმავლობაში აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ნოდია სამსახურიდან დაითხოვონ. მე-4 წელია, იუსტიციის მინისტრს ეს დოკუმენტები უდევს და არაფერს აკეთებს, მე კიდევ ჰაერზე ვარ დარჩენილი!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მამუკა კვიტაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, იზოლდა შანიძეს მისთვის არასოდეს მიუმართავს და, შესაბამისად, მისი საქმის შესახებ არაფერი იცის. რაც შეეხება ნათესაურ კავშირს ზვიად ძიძიგურთან, მამუკა კვიტაშვილმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ბიძაშვილია.
„ქრონიკა+“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. მათი განცხადებით – ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ ბზიავას ნათესავია, მაგრამ ყველანაირ ჩარევას და მფარველობას უარყოფს. „როცა ადამიანს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა ვალდებულია მას დაემორჩილოს“ – აცხადებს პარლამენტარი.