ტენდერის გარეშე გაფორმებული 892 000 ლარის ხელშეკრულება?!

44444

მერიის მიერ ჩატარებული „თბილისობა 2015-ის“ გადაცდომებზე „ქრონიკა+“-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის თაობის“ წარმომადგენელი, თორნიკე ბიკაშვილი ესაუბრება:
_ „თბილისობა 2015-ის“ ჩასატარებლად დედაქალაქის მერიამ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 892 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ამით თბილისის ბიუჯეტმა, მინიმუმ, 10%-ით, დაახლოებით, 100 000 ლარით იზარალა. ეს იმ ფონზე, როდესაც ვიცით, რომ თბილისობა ყოველ წელს ოქტომბერში ტარდება და ტენდერის გამოცხადებას არაფერი უშლიდა ხელს.
მით უმეტეს, მიმდინარე წლის ზაფხულში მერიამ კონკურსიც კი გამოაცხადა, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო თბილისობა და გამარჯვებულებს 30 000 ლარი გადასცა; უკვე შემდგომში, გამარჯვებული პროექტის შესაბამისად, არაფერი გაკეთებულა. ე. ი. აღნიშნული კონკურსიც ფარსი და თანხის ტყუილად ხარჯვა იყო.
კომპანიებს შორის (ტენდერის გარეშე) ყველაზე დიდი თანხა, 229 000 ლარი, „კულინარიული ფესტივალის“ ორგანიზებისთვის შპს „თაია ფილმსმა“ მიიღო.
ასევე თბილისობის დღესასწაულზე მერიამ ორი ხელშეკრულება გააფორმა ვიდეოკლიპების გადაღება-დამზადებისთვის და ჯამში ეს ხელშეკრულება 70 000 ლარის ღირებულებისაა…
ეს ხელშეკრულებაც ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიზანი იყო, პროპაგანდისტული ვიდეოკლიპი დაემზადებინათ, რომ ეს თბილისობა ძალიან მაგარი ღონისძიება იყო… მაშინ, როცა ამათ ხელში ყველამ ნახა ქელეხის ბრეზენტით გადახურული ქალაქი.
_ თუ ტენდერი არ ყოფილა, ზემოაღნიშნული კონკურსი რასთან დაკავშირებით გაიმართა?
_ თუ რა სახით უნდა ჩატარებულიყო `თბილისობა _ 2015~, კონკრეტულად, რა ღონისძიებები უნდა გამართულიყო. ამისთვის სამი საპრიზო ადგილი გამოაცხადეს. შესაბამისად, ჯამში სამივეს ერთად 30 ათასი ლარი გადაეცა.
მაგრამ როდესაც თბილისობის დღეები დადგა, ამ კონკურსის შედეგების შესაბამისად, არც ერთი ღონისძიება არ გამართულა. პროცესები მაინც სხვა ფორმატით განვითარდა და იმ ნიმუშებიდან არ აღებულა, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს.
რაც შეეხება კომპანიებთან პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ეს კონკურსთან საერთოდ არაფერ შუაშია. ვიმეორებ: ეს კონკურსი ზაფხულში ჩაატარეს, შესაბამისად, თბილისობის დაწყებამდე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ტენდერი გამოეცხადებინათ და მისი შედეგების მიხედვით გაეფორმებინათ ხელშეკრულებები. ეს არ გაეკეთებინათ პირდაპირი მიყიდვის წესით.
მოგეხსენებათ, რომ ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში ფასთა კლება, მინუმუმ, 10%-ს შეადგენს; ვთქვათ, 892 ათასი ლარიდან რომ ავიღოთ, ამის მინიმუმ 10%, თითქმის, 100 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დედაქალაქის ბიუჯეტმა, ამ გზით ხელშეკრულებების გაფორმებით, მინიმუმ, 100 000 ლარი იზარალა.
_ თუ აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული ვარიანტები არ შეარჩიეს და ღონისძიების გამართვისას მაინც თავისი გზით წავიდნენ, რა აზრი ჰქონდა შეჯიბრის გამართვას და გამარჯვებული პროექტების გამოვლენას?
_ როგორც ჩანს, აღნიშნული კონკურსიც მხოლოდ ფარსი და თბილისელებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იყო. და ეს 30 ათასი ლარი კიდევ დამატებით წყალში გადაიყარა, რომელიც ასევე დედაქალაქის მცხოვრებთა ჯიბიდან გადახდილი თანხებით არის შემდგარი.
_ ბრძანეთ, რომ ტენდერის ჩატარებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ და მაინც ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმეს. ასე რატომ ხდება?
_ რაც დავით ნარმანია დედაქალაქის მერი გახდა, იმ დღიდან მოყოლებული, დაახლოებით, 200 მილიონამდე ლარის ხელშეკრულება სწორედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, პირდაპირი მიყიდვის წესით, გაფორმდა.
მოგეხსენებათ, ამ პირდაპირი მიყიდვის წესის დროს კომპანიას თვითონ შემსყიდველი, ამ შემთხვევაში, თბილისის მერია არჩევს. გამარჯვებული ფასთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე არ ვლინდება, შესაბამისად, აღნიშნული თანხებიც იფლაგება, როგორც ეს უკვე არაერთგზის დამტკიცდა. აქ საქმე გვაქვს გარკვეულ კორუფციულ გარიგებებთან: ხელშეკრულებებს ისეთ კომპანიებს აძლევენ, რომლებიც გარკვეულ საქმეებზე მთავარი პროკურატურის მთავარი მოწმეები არიან; ასევე მერიაში დასაქმებული კონკრეტული ჩინოვნიკების ნათესავ-ახლობლები და ა. შ. ამ შემთხვევაშიც გარკვეული კორუფციული გარიგებებია.
_ იმ კომპანიებზე თუ გაქვთ ინფორმაცია, რომლებსაც ბოლო შემთხვევაში გაუფორმდათ ხელშეკრულებები პირდაპირი მოლაპარაკების გზით?
_ სტატისტიკური მონაცემი გვაქვს მოყვანილი, რომ ყველაზე მეტი თანხა შპს „თაია ფილმსმა“ აიღო, რომელმაც კულინარიული ღონისძიების ორგანიზებისთვის 229 ათასი ლარი მიიღო.
რაც შეეხება იმას, თუ უშუალოდ რა არამიზნობრივი თანხები იყო გადახდილი _ აგერ მოგიყვანეთ 70 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რაც ვიდეოკლიპის მომზადებისთვის გადაიხადეს. ამ დროს არანაირი საჭიროება არ იყო, 70 ათასი ლარი სწორედ ამ საქმისთვის გადაეხადათ.
თბილისობის ღონისძიებებთან დაკავშირებით ცალკეულ ხელშეკრულებებს თუ ავიღებთ, ისინი ნეპოტიზმის კუთხით ჯერ არ გაგვივლია. ამაზე კვლევის დასკვნებს დამატებით მოგახსენებთ.
_ რა შედეგი მიიღო დედაქალაქმა თბილისობის დღესასწაულზე?
_ ვიმეორებ: ის შედეგი, რომ თბილისობის დღესასწაული ქელეხის ბრეზენტით გადახურვის ქვეშ გაიმართა! ერთადერთი დასამახსოვრებელი ამბავი, ალბათ, ეს ბრეზენტით გადახურვა იყო და კიდევ ის, რომ, ალბათ, ვედროებით ააწყვეს რაღაც კონსტრუქცია. ეს არის და ეს.
_ მიზეზი?
_ ის, რომ დედალაქის მერიაში არავინ ფიქრობს თბილისელების კეთილდღეობაზე, უსაქმურობენ. პრაქტიკულად, დედაქალაქის მერია, მთლიანი შემადგენლობით, უუნაროა. ამასთან ერთად, სისტემა კორუფციაში არის ჩაფლული.
_ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაშიც კი მერის შესაძლო იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ. თქვენი პოზიცია?
_ როგორც ჩანს, დედაქალაქის მერი იმისთვის ემზადება, რომ პოსტი დატოვოს, ან იძულებით დაატოვებინონ. ამაზე უკვე არაერთხელ დაიწერა და ითქვა. ჩანს, ნარმანია სახლში წასასვლელად გამზადებულია.
_ სამსახურებში ახალი თანამდებობის პირები დაინიშნენ…
_ ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გიორგი ბაგრატიონის წარდგენა კურიოზია, რადგან ეს ადამიანი წარდგენამდე „თბილსერვისის“ ჯგუფს ხელძღვანელობდა, რომლის ფუნქცია ქალაქის დასუფთავებაა. ბაგრატიონის სამსახურმა თბილისში საკმარისი ნაგვის ურნებიც კი ვერ დადგა და დედაქალაქი ანტისანიტარიის ბუდეა. ამ ადამიანთან დაკავშრებით ინფორმაცია გვაქვს, რომ მას, სავარაუდოდ, „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან აქვს ურთიერთობა… ჩვენ ახლა ვაზუსტებთ, კონკრეტულად, რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა კავშირი და რა კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობდა. როცა ამ ფაქტებს, მოვიძიებთ, დავდებთ!

რედაქციის მინაწერი: გიორგობის დღესასწაულის გამო „ქრონიკა+“-მა თბილისის მერისგან ოფიციალური კომენტარის ჩაწერა ვერ მოახერხა. განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში, დავით ნარმანიას უწყებას მომდევნო ნომერში შეუძლია პოზიციის დაფიქსირება.

გელა მამულაშვილი

d1

d2