ლევან ხაბეიშვილი: „ქამრების შემოჭერა მხოლოდ მოქალაქეებს შეეხო!“

3333

ქვეყანაში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებში დიდი ოდენობით პრემია-დანამატის გაცემის პრაქტიკა არ წყდება. როდესაც სამი წლის განმავლობაში პენსიონერებისთვის პენსიის მომატება მხოლოდ ათი ლარით მოხერხდა, სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებში ათასები ისე გაიცემა, რომ გეგონება, ევროპის განვითარებული ქვეყნების ჩინოვნიკებზე ვსაუბრობდეთ. მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეს რეალობაც `ნაციონალებს~ დააბრალა, _ პრემია-დანამატების სისტემა სწორედ მათ შემოიღეს და დღემდე მის ტყვეობაში ვიმყოფებითო.
ჭეშმარიტად ამოუცნობია ხელისუფლების სათავეში მოსული ადამიანების ბუნება.
ამიტომ სჯობს, მიწაზე დავეშვათ და ამ მიმართულებით მორიგი კვლევის შედეგებზე, ა/ო „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს მოვუსმინოთ:
_ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვასაჯაროებთ საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის, კულტურის, დევნილთა, გარემოს დაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესახებ „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ კვლევის შედეგებს.
ჩვენი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკონომიკური კრიზისი, ქამრების შემოჭერა, ტარიფების ზრდა, ქვეყანაში არსებული გაჭირვება მხოლოდ მოქალაქეებს შეეხო და არა თანამდებობის პირებს.
ლარის დაცემისა და დოლარის კურსის ზრდის პარალელურად იზრდება ჩინოვნიკების დანამატებისა და პრემიების მოცულობა. ამას მხოლოდ `მედიატორის~ კვლევა არ ამბობს. ამავე აზრზეა აუდიტის სამსახურიც, რომლის დასკვნის შესაბამისადაც დანამატები გაზრდილია: რეგიონული განვითარების სამინისტროში _ 69%, იუსტიციის სამინისტროში _ 206%, სასჯელაღსრულების სამინისტროში _ 412%, კულტურის სამინისტროში _ 1509%, დევნილთა სამინისტროში _ 35%, ჯანდაცვის სამინისტროში კი _ 270% და ასე შემდეგ.
_ რაც შეეხება კონკრეტულ სამინისტროებს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დავიწყოთ…
_ იანვარ-სექტემბერში, ჯამში, 2 148 773 ლარის დანამატი და პრემია გაიცა სამინისტროში. აპრილში და აგვისტოში  პრემიების 90% გაიცა. მხოლოდ მრჩევლების პრემიამ აპრილში _ 51 600 ლარი და აგვისტოში კი 48 000 ლარი შეადგინა.
ამავე თვეებში პირველი მდივნის თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომლების მხოლოდ პრემიამ აპრილში 24 000 და გვისტოში 25 000 ლარი შეადგინა;
დეპარტამენტის დირექტორების პრემიამ _ 39 100 და 41 400 ლარი; მათი მოადგილეებისამ _ 43 700 და 43 700 ლარი.
აღსანიშნავია, რომ აგვისტო, ძირითადად, საშვებულებოდ გამოიყენება. აპრილსა და აგვისტოში სამინისტროში თანამდებობის პირების ანაზღაურებამმ ჯამში (სარგო, დანამატი, პრემია)მ 10 000 ლარი შეადგინა.
სამივლინებო ხარჯებმა 1 084 321 ლარი შეადგინა; მინისტრის სამივლინებო ხარჯი 208 148 ლარია; მისი მოადგილეების _ 192 976 ლარი; დეპარტამენტის დირექტორების _ 329 773 ლარი.
მიუხედავად მილიონობით ლარის ხარჯისა, საგარეო მიმართულების მუშაობა დადებითად ვერ შეფასდება. მით უმეტეს, თავად ხელისუფლების წევრები ჩივიან, რომ ევროპელ მეგობრებამდე „სიმართლე“ ვერ მიაქვთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამარტივებული ტენდერით, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებულია 947 934 ლარის ხელშეკრულება. ამ თანხის 90%, ძირითადად, რესტორნებზე და სასაჩუქრე მომსახურებაზე მოდის. ასევე: ელექტროჩაიდანზე, ფარდა-ჟალუზზე, მტვერსასრუტზე, ხილის წვენზე და ა. შ.
_ რა ხდება ენერგეტიკის სამინისტროში?
_ პრემია და დანამატები 9 თვეში: სტაფი, 20 თანამდებობის პირი _ 376 740 ლარი; სხვა თანამშრომლები (60), ჯამში _ 292 500 ლარი; სულ დანამატი _ 669 240 ლარი.
პრემია _ 39 240 ლარი; პრემია+დანამატი=708 480 ლარს.
ეს მაშინ, როცა საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში ელექტროენერგიის ჩაქრობის ფაქტები გახშირდა და ტარიფებმა თითქმის 30%-ით მოიმატა.
ასევე მოყვანილი ციფრები ადასტურებს, რომ, ძირითადად, პრემიებსა და დანამატებს თანამდებობის პირები იღებენ. 9 თვეში რაც 20 თანამდებობის პირმა აიღო, იმაზე ბევრად ცოტა აიღო სხვა, 60-მა რიგითმა თანამშრომელმა.
Eნერგეტიკის სამინისტროში სამივლინებო ხარჯმა 9 თვეში 131 732 ლარი შეადგინა და არც ერთზე არ არსებობს დოკუმენტაცია, სადაც წერია, თუ რა შედეგებით დაბრუნდნენ მივლინებულები, მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტაცია მოვითხოვეთ.
პლუს ამას, 9 თანამდებობის პირმა 39 ტონაზე მეტი საწვავი მოიხმარა. თუ კვლევას დავაზუსტებთ, აღმოჩნდება, რომ სამუშაო დღეებში მინისტრი, საშუალოდ, 50 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამ მხრივ კალაძის დანახარჯი 8 ტონას გაუტოლდა.
_ გადავიდეთ კულტურის სამინისტროზე…
_ რაც შეეხება კულტურის სამინისტროს დანამატებსა და პრემიებს, ყველაზე მეტი კითხვა ამ სამინისტროზე წარმოიშვა. ვგულისხმობთ აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებას, რომ დანამატები 1509%-ით გაიზარდა.
იანვარ-სექტემბრის პერიოდში მხოლოდ მინისტრმა და მისმა სამმა მოადგილემ დანამატისა და პრემიის სახით 137 215 ლარი მიიღეს. ამას თუ დავუმატებთ ყოველთვიურ სარგოს, გამოდის, რომ, მაგალითად, მანანა ბერიკაშვილის ანაზღაურებამ მხოლოდ აპრილში 9000 ლარს მიაღწია ისევე, როგორც დანარჩენი ორი მოადგილის შემთხვევაში.
დეპარტამენტის უფროსებისა და მათი მოადგილეების დანამატმა და პრემიამ, ჯამში, 319 000 ლარს გადააჭარბა. დეპარტამენტის დირექტორის ანაზღაურება თვიდან თვემდე (სარგო, დანამატი, პრემია), ჯამში, 7000 ლარიც ყოფილა.
სამმართველოს უფროსების დანამატმა და პრემიამ ამ პერიოდში 248 340 ლარი შეადგინა. მათი ანაზღაურება გარკვეულ თვეებში 5000 ლარს აჭარბებს.
ეს კვლევა კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზეა განხორციელებული.
_ დევნილთა სამინისტრო…
_ დევნილთა სამინისტროში 946 353 ლარის პრემია და დანამატი გაიცა. მინისტრის მოადგილეების ანაზღაურებამ ამ შემთხვევაშიც 8000 ლარს გადააჭარბა რამდენიმე თვეში.
_ გარემოს დაცვის სამინისტროში ამ თვალსაზრისით რა ვითარებაა?
_ ჯამში იქ პრემიამ და დანამატმა 387 088 ლარი შეადგინა.
Gარემოს დაცვის სამინისტროს აქვს სსიპ-ები, სადაც, ჯამურად, 2232 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ძირითადი საქმიანობა ბუნების დაცვაა. მათივე მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 545 ტყის მცველი გვყავს და ერთი ამდენი უფროსი ჰყავთ ამ მცველებს.
ასევე საინტერესოა, რომ ამ ციფრებით, ფაქტობრივად, ყველა სოფელში ერთი ბუნების დამცველი მაინც უნდა იყოს. 9 თვის განმავლობაში 15 397 252 ლარი დაჯდა სსიპ-ებში ამ ადამიანების შენახვა.
სამივლინებო ხარჯებმა 9 თვეში 67 172 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 52 306 ლარი ქვეყნის გარეთ მივლინებაში დაიხარჯა. ქვეყნები, სადაც მინისტრები, მათი მოადგილეები და თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ, ასე გამოიყურება: იაპონია, კორეა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ფინეთი, აშშ, ფილიპინები, შვედეთი, ავსტრია, თურქეთი, უკრაინა, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი.
ამ შემთხვევაშიც არ არსებობს დოკუმენტაცია, თუ რა შედეგები დადგა ამ ქვეყნებში ვიზიტებისას. ეს დოკუმენტაციაც მოვითხოვეთ, მაგრამ არ არსებობს. შესაბამისად, გაუგებარი და გაურკვეველი ხდება ამ ვიზიტების მიზნობრიობა _ ნამდვილად დადგა შედეგები, თუ, უბრალოდ, თანამდებობის პირების „ვოიაჟებისთვის“ დაიხარჯა ეს თანხები?
საწვავის ხარჯმა, ჯამში, 43 266 ლიტრი შეადგინა. მინისტრის დანახარჯი 8504 ლიტრია.
გამარტივებული ტენდერით (ეპმ) გაფორმებულია 1390 ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 9 266 150 ლარია.
_ რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს?
_ სამინისტროში ამ პერიოდში, იანვარ-სექტემბერში, ჯამში, 567 384 ლარის პრემია და დანამატი გაიცა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაზე ნაკლები პრემია ამ 6 სამინისტროში სწორედ სასჯელაღსრულებაში დარიგდა. მიუხედავად ამისა, დანამატები ყოველთვიურად ურიგდებოდათ მაღალი თანამდებობის პირებს _ როგორც მინისტრის მოადგილეებს, ასევე დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს კვლევისას საინტერესოა ერთი დეტალი. მაგალითად: თუ წინა მინისტრი, ანუ მღებრიშვილი, თვიდან თვემდე მოიხმარდა 164, 72, 156, 124 ლიტრს და მისი მაქსიმუმი არასდროს ყოფილა 560 ლიტრზე მეტი, მას შემდეგ, რაც მინისტრი კახიშვილი გახდა, საწვავის ხარჯვამ თითქმის 7-ჯერ მოიმატა.
ასე, მაგალითად: 1193 ლიტრი, 782 ლიტრი, 712 ლიტრი…
უნდა აღინიშნოს, რომ საწვავის მოხმარების მხრივაც ამ სამინისტროში, სხვებთან შედარებით, ნორმალური სიტუაციაა და დანარჩენი სამინისტროების ფონზე ვერ იფიქრებ, რომ ბენზინს „სვამენ“. უბრალოდ, საინტერესო დეტალია ორი მინისტრის შედარებისას.
აქ ორი ვარიანტია _ ან მღებრიშვილი იყო კაბინეტში ჩაკეტილი და არ გადაადგილდებოდა, ხოლო კახიშვილი აქტიურად დადის; ან მღებრიშვილი კეთილსინდისიერი მომხმარებელი იყო, კახიშვილი კიდევ არამიზნობრივად ხარჯავს.
მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, სურათი ასეთია: ჯამში, 6 სამინისტროში 9 თვის განმავლობაში, სამინისტროს სტაფზე 4 მილიონ 758 078 ლარი დანამატი და პრემია გაიცა. ამ მხრივ ერთპიროვნული ლიდერი საგარეო საქმეთა სამინისტროა, სადაც 2 მილიონ ლარზე მეტის პრემია-დანამატი ჩამორიგდა.
საწვავის მოხმარების მხრივ ჩემპიონები არიან: ენერგეტიკის სამინისტრო (39 ტონა), გარემოს დაცვის სამინისტრო (43 ტონა) და საგარეო საქმეთა სამინისტრო (45 ტონამდე).
მინისტრებში ენერგეტიკის მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი ლიდერობენ, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში 8 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯეს მაშინ, როცა მათი კოლეგა მინისტრები, საშუალოდ, 3-დან 5-მდე ტონა საწავავს მოიხმარენ.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მინისტრები ქვეყანაში ყოფნისას და სამუშაო დღეებში, საშუალოდ, 50 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ.
ამ ყველაფერს ერთი შეფასება აქვს _ „ქართული ოცნების“ ხარბი მთავრობა თავისას არ იშლის! ძაღლი ყეფს, ქარავანი გზას აგრძელებს. საკითხავია, როდემდე?

რედაქციის მინაწერი: გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მასალა, ორშაბათს, გიორგობას მომზადდა, ოფიციალური უწყებების კომენტარების ჩაწერა ვერ მოხერხდა. თუ სამინისტროების წარმომადგენლებს პოზიციის დაფიქსირების სურვილი ექნებათ, „ქრონიკა+“ მომდევნო ნომერში მათ ადგილს დაუთმობს.

გელა მამულაშვილი

m1111

m222

m33

m444