მამუკა ნოზაძე: „დააწინაურეს მოსამართლე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა!“

44

ადვოკატი მამუკა ნოზაძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ 16 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გარკვეული ზონდერმოსამართლეები დააწინაურა და ისინი რაიონული სასამართლოებიდან სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანა.

მამუკა ნოზაძე:

_ ერთ-ერთი დაწინაურებული არის შოთა გეწაძე, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გახლდათ. სწორედ ამ ადამიანმა განიხილა, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. გეწაძემ ძალაში დატოვა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ დააკანონა. მან ასეთი გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო, ზედა ინსტანციამ კი ძალაში დატოვა. ივანიშვილი რომ ყელყელაობდა, სასამართლო ხელისუფლებას აკრიტიკებდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონობებთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასეთ მოსამართლეებზე რეაგირება რატომ არ მოახდინა და ის მოსამართლეები, რომლებიც ასეთ საქმეებში მონაწილეობდნენ, სასამართლო ხელისუფლებაში რატომ დატოვა?! მეტიც: ეს მოსამართლეები ახლახან დაწინაურდნენ კიდეც.

გეწაძე იხილავდა იმ გახმაურებულ საქმეებსაც, აუდიტის სამსახურს რომ შეჰქონდა ინფორმაციები სასამართლოში და იმ ადამიანებს აჯარიმებდნენ, რომლებიც `ქართულ ოცნებას~ ფინანსურ დახმარებას უწევდნენ. ზოგი მათგანის მიმართ მართლაც იყო ლეგიტიმური კითხვები, მაგრამ იქ ისეთებიც ეწერა, რომლებსაც შემოსავალი ჰქონდათ და პარტიისთვის დახმარება უნდოდათ. გეწაძე და სხვა ზონდერები ასეთ პიროვნებებს გადარიცხული თანხების ათმაგი ოდენობით აჯარიმებდნენ. ჩემთვის გაურკვეველია, როცა თავადაც ჰქონდა ივანიშვილს ამ ადამიანებთან პრობლემები მათი უკანონო ქმედებების გამო, ისინი დღემდე მაინც როგორ რჩებიან სასამართლო ხელისუფლებაში? ცხადია, მოსამართლეებისთვის ინკვიზიცია არ უნდა მოეწყოთ და ყველა არ უნდა გაეყარათ, მაგრამ იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებზედაც საზოგადოება უკმაყოფილო იყო, ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებები უნდა მიეღო.

_ გეწაძის გარდა კიდევ რომელი მოსამართლე დააწინაურეს?

_ ასევე დააწინაურეს ამირან ძაბუნიძე, რომელიც ჯერ მცხეთის რაიონის მოსამართლე იყო, მერე _ ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე. ის პოლიტიკური მიმართულების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს იხილავდა. არჩევნებამდე წინა ხელისუფლება და ზოგადად ყველა ხელისუფლება არადემოკრატიულ პრინციპებს იყენებდა ხოლმე ოპონენტების ჩამოშორების მიზნით. ამისათვის აპრობირებული ხერხი არსებობს _ პოლიციის მეშვეობით პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეუდგენენ და პოლიტიკური კუთხით აქტიურ ადამიანებს თავის საქმიანობას ჩამოაშორებენ. ძაბუნიძემ ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტის, ზურაბ ჯიბღაშვილის საქმე განიხილა, რომელიც თავადაც იურისტი და ძალიან კარგი სპეციალისტია. ის ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. ის ვითომდა დუშეთის საარჩევნო კომისიაში ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობისთვის გაასამართლა და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ იყო და ვერც ჯიბღაშვილის მიერ ჩადენილი ვერანაირი წვრილმანი ხულიგნობა ვერ დადასტურდა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ძაბუნიძემ მაინც ცნო სამართალდამრღვევად ეს წესიერი ადამიანი. ამ შემთხვევაში მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. ჯიბღაშვილისგან წვრილმანი ხულიგნობა კი ის გახლდათ, რომ მან, საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გარკვეულ დარღვევებს ახდენდა მუშაობის დროს, კორექტულობის ფარგლებში შენიშვნა მისცა. ასეთი მოსამართლე, რომელსაც გონებრივი თვალსაწიერი არ გააჩნია, რათა შეაფასოს, რომელი ქმედებაა კანონდარღვევა და რომელი _ არა, მოსამართლედ არ უნდა მუშაობდეს.

ძაბუნიძე ისე დააწინაურეს, თითქოს გამორჩეული იყოს თავისი კოლეგებისგან. ის არის ჩვეულებრივი მსახური მოსამართლე, თუმცა იმ კლანისა და საძმოს წევრი გახლავთ, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გაბატონებული.

_ კიდევ ვინ მიიჩნიეს დაწინაურების ღირსად? 

_ ადმინისტრაციულ პალატაში ასევე გადმოიყვანეს გიორგი ტყავაძე, რომელზედაც ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუშიც ვისაუბრეთ. მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო და ინტერვიუში გავაჟღერეთ კიდევაც მის მიერ დომენტი ფანჩულიძის მიმართ ჩადენილი დანაშაული.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა არის სპეციფიკური და მასში მნიშვნელოვანი როლი მოსამართლეს აკისრია. როგორი კანონდარღვევებითაც ხდება ასეთი საქმეების განხილვები, ამაზე ცალკე ვისაუბრებ, ახლა კი ვიტყვი, რომ ტყავაძემ ასევე განიხილა ბექაქურის ადმინისტრაციული საქმე სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების წინააღმდეგ, რადგან ის უკანონოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მოსამართლემ კი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარი უთხრა მას სამსახურში აღდგენაზე. მან არ გამოიკვლია ამ ქალბატონის სამსახურიდან განთავისუფლების დეტალები და ისე წარმოაჩინა, თითქოს ნებაყოფლობით დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ მიდის ნებაყოფლობით სამსახურიდან. სასამართლო სხდომაზე ბექაქურმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მაგრამ მოსამართლე არც ამით დაინტერესდა და მხოლოდ მოკლე არგუმენტებით შემოიფარგლა. ბექაქურის ბედად, უზენაესმა სასამართლომ სხვა პრაქტიკა დაამკვიდრა სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ნებაყოფლობით, განცხადებით სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამიტომ ზემდგომმა სასამართლომ ქალბატონ ნინოს სარჩელი დააკმაყოფილა და ტყავაძის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება გააუქმა.

ამ დღეებში ასევე დაწინაურდა და სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში დაინიშნა მოსამართლე გელა ქირია. ის ჯერ მუშაობდა აფხაზეთის უმაღლეს    სასამართლოში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მერე კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადმოიყვანეს. ესეც დავალებების შემსრულებელი მოსამართლეა.

2006-07 წლების მიჯნაზე მცხეთის რაიონის მოსამართლე მარიკა ბოკუჩავა მამა-შვილ მამუკაშვილების ყაჩაღობის გახმაურებულ საქმეს იხილავდა. საქმე გახმაურდა იმიტომ, რომ მასში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება  და რეალურად არც ერთ მათგანს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ პროკურატურა მოსამართლისგან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. ბოკუჩავა აღმოჩნდა პრინციპული და პირუთვნელი ადამიანი, ღირსეული მოსამართლე, რომელმაც არ იკადრა გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანა და იძულებული გახდა, დაეტოვებინა მოსამართლეობა, რადგან მასზე და მის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მამა-შვილ მამუკაშვილების საქმე შემდგომ განსახილველად გელა ქირიას დაეწერა, რომელმაც, სამწუხაროდ, პროკურატურის დავალება შეასრულა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენი ყველა ინსტანციაში დარჩა ძალაში და ეს ადამიანები უკანონოდ ჩასვეს ციხეში. ამ საქმეზე დოკუმენტური ფილმიც კი არის გადაღებული.

გელა ქირიამ ასევე განიხილა ნიკოლოზ მირზაშვილის სისხლის სამართლოს საქმე, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მან ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც არც ამ საქმის მასალებით მტკიცდებოდა და არც ერთი მოწმეც არ ადასტურებდა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. საქმის მეორე ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ საქმის განხილვის დროსაც და ამჟამადაც მირზაშვილი უმძიმესი ფორმით ავად არის. ეს ფაქტი მოსამართლისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მან არაჰუმანურობა, არაადამიანურობა გამოიჩინა და მას უკანონოდ მიუსაჯა სასჯელი, რომელიც საშიშია მისი სიცოცხლისთვის. ასეთი უამრავი ფაქტი აქვს გელა ქირიას. ერთ ფაქტსაც ვერავინ დაგისახელებთ, როცა ამ მოსამართლემ დარღვევების გარეშე განიხილა საქმე და რეალური განაჩენი გამოიტანა.

მან განიხილა ექიმ-გინეკოლოგების საქმეც, სადაც ასევე უკანონო განაჩენი დააყენა. დაპატიმრებულთა შორის გახლდათ ზვიად ობოლაძე, ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი.

_ ექიმები რატომ დააკავეს, რისთვის ადანაშაულებდნენ მათ?

_ მათი დაკავების მიზეზიც ის იყო, რომ ერთ-ერთი მშობიარე სისხლდენით გარდაიცვალა. ქირია სასამართლო საქმის განხილვას აჭიანურებდა და კვირაში ორჯერ დაჰყავდა სასამართლოზე ობოლაძე და მასთან ერთად დაკავებული ქალბატონები. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმპცია დავარღვიო, მაგრამ ამ საქმეში სხვა ადამიანების დანაშაული უფრო იკვეთებოდა, ვიდრე ობოლაძის, რადგან ის შემხებლობაშიც არ იყო იმ ქალბატონთან, რომელიც გარდაიცვალა, თუმცა ვისაც დანაშაული მიუძღოდა, იმ ექიმის მიმართ შეღავათი გამოიყენეს და ზვიად ობოლაძე და კიდევ ერთი ექიმი დააპატიმრეს. პროცესზე ქირია ცინიკურად იქცეოდა. საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, მიუხედავად ამისა, მან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს საქმე გასაჩივრდა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ ზვიად ობოლაძის სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობდა არანაირი სახის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი უდანაშაულო იყო და მიუხედავად ამისა, სასამართლო ხელისუფლებამ და უშუალოდ გელა ქირიამ ყველანაირად უზრუნველყვეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა, რა დროსაც მას შეუფარდეს პატიმრობა. ეს არის საშიში მოვლენა, მაგრამ ასეთ მოსამართლეს არათუ პასუხი მოეთხოვა, არამედ დააწინაურეს. საოცრებაა, როცა ასეთ საქმეებზე სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი და მოსამართლეებს, რომლებმაც ეს დარღვევა ჩაიდინეს, პასუხს არ სთხოვს. მოსამართლის პასუხისმგებლობა იმიტომ არის ძალიან დიდი განაჩენის გამოტანის დროს, რომ მას ეს გამოაქვს ქვეყნის სახელით. ამიტომ ის უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რათა არ დაუშვას უდანაშაულო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა. ეს არის კონსტიტუციის საერთაშორისო შეთანხმებით აღიარებული უფლება და მოსამართლე, რომელიც ამას სჩადის, დამნაშავეა.

გელა ქირიას სამი საქმე ჩამოვთვალე, მაგრამ ასეთები ათასობითაა და ის გახლავთ სისტემური დანაშაულის თანამონაწილე. ქირია დღეის მდგომარეობითაც საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ის უკვე არის მეორე ინსტანციის მოსამართლე და საშიშროებაა, რომ ზონდერმოსამართლეების გადაწყვეტილებებს და განაჩენებს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებაში მრავლად არიან, კვლავ ძალაში დატოვებს.

_ რა ნიშნით დააწინაურეს ეს მოსამართლეები?

_ საქართველოს იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. დაწინაურების საკითხი არ არის გამჭვირვალე, არ არის კრიტერიუმები დადგენილი საბჭოს მიერ, თუ როგორი მოსამართლეები უნდა დაწინაურდნენ და გადავიდნენ პირველიდან მეორე ინსტანციაში, რა შეფასებებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. ჩემი აზრია, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოში უნდა გადაიყვანონ ის მოსამართლეები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით, ერუდიციით, პატიოსნებით, წესიერებით. ასევე,  განხორციელებული ქმედებების შედეგად საზოგადოებაში  რეპუტაციით უნდა სარგებლობდნენ. მის მიმართ კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ  მოსამართლეები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს და დააწინაურეს, მათ მიმართ უამრავი კითხვა არსებობს. მათი დაწინაურება კი მოხდა ერთადერთი კრიტერიუმით _ ისინი არიან იმ ბანდის წევრები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია გაბატონებული და მის წევრებს ფეხებზე ჰკიდიათ კანონიც, ადამიანიც, სამართალიც და სამართლიანობაც. წევრებიც. ზემოთ ჩამოთვლილი მოსამართლეები ვერ დაწინაურდებოდნენ, რომ არა „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული დეპუტატების მხარდაჭერა. სხვანაირად „ნაციონალების“ მეხოტბე იუსტიციის საბჭოს წევრებს ვერ ექნებოდათ საკმარისი კვოტა ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან საჭირო იყო კიდევ ორი წევრის მხარდაჭერა და ეს ორი წევრი სწორედ „ოცნების“ კვოტით გავიდა. საქმე ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის საბჭოში ის პირები კი არ განამწესა, რომლებიც სამართლიანობით იქნებოდნენ გამორჩეული, არამედ _ ნომენკლატურა. ავიღოთ თუნდაც ვახტანგ თორდია. ეს ადამიანი არასდროს არაფერში არ იყო გამორჩეული, თუმცა ყველა ხელისუფლების დროს აღმოჩნდებოდა ხოლმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მისთვის სულ ერთია, ვის დაუჭერს მხარს, მთავარია, ხელისუფლებაში რამე რომ შეიცვალის, მან მდგომარეობა არ დაკარგოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ კი, ამას წინათ, „რუსთავი 2“-ზე გამოსვლის დროს, სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და თეთრზე თქვა, შავიაო.

_ რასთან დაკავშირებით?

_ ფაქტობრივად, გაამართლა ურთმელიძის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. როცა დაუყოვნებლივ აღსრულების მუხლს საკონსტიტუციო სასამართლო აჩერებს, აღარ უნდა გაბედო ის, რომ წახვიდე და ახლა სხვა მუხლი გამოიყენო აღსრულებისთვის. მოსამართლემ განჩინებაში მიუთითა, როგორი წესით უნდა ემუშავათ ჟურნალისტებს, რისი უფლებაც მოსამართლეს არ აქვს, რადგან თვითრეგულირების საკითხს წყვეტს თავად ჟურნალისტი. ეს არის თავისუფალი პროფესია და რა გააშუქოს, როგორი სახით გააშუქოს, არის ჟურნალისტის უფლება. მოსამართლე ვერ უნდა ჩაერიოს ასეთ საკითხებში. დღეს, როდესაც ქვეყანას დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს, როცა მოსამართლე ასეთ რამეს უთითებს, ეს არის წარსულში ჩარჩენა. გოცირიძემ იმიტომ ჩაიგდო თავი უხერხულობაში, რომ მან მიუთითა ერთ-ერთ ევროპულ გადაწყვეტილებაზე, თითქოსდა, ამ საკითხს ეხებოდა, მაგრამ როცა კითხვა დაუსვეს, დაესახელებინა კონკრეტული პრეცედენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროსასამართლოს პრაქტიკას კარგად იცნობს და მისი მეუღლე ევროსასამართლოს მოსამართლე იყო, ვერც ერთი პრეცედენტი ვერ დაასახელა. ამიტომაც ვამბობ, იმის გამო, რომ ხელისუფლებაში გქონდეს პრივილეგიები, არ უნდა გაამართლო უკანონობა.

სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის საბჭოში და იმის ნაცვლად, რომ კონტროლი დააწესონ და არ დაუშვან უკანონოდ მოსამართლეების ხელმეორედ დაწინაურება, სულ სხვა რამეს აკეთებენ. მარინა ბოკუჩავა კი,  რომელზედაც ზემოით მოგახსენეთ, მოსამართლეობის კორკურსში მონაწილეობდა, მაგრამ იუსტიციის საბჭოს ასეთ შემადგენლობას არ სურდა, ასეთი ობიექტური ადამიანი კვლავ გამწესებულიყო მოსამართლედ. მას კონკურსში მონაწილეობაზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ თითქოს მისი დიპლომი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს. ეს არის სასაცილო. ადამიანი ერთხელ უკვე იყო მოსამართლე, მიიღო კონკურსში მონაწილეობა და ახლა ეუბნები, სტანდარტებს არ შეესაბამებიო? მას გასაჩივრებული აქვს ეს გადაწყვეტილება კონკურსში არდაშვების თაობაზე საქალაქო სასამარლოში და იმედია, ობიექტურ გადაწყვეტილებს მიიღებენ.

_ ე. ი. ნინო გვენეტაძე საერთო სასამარლოებში ამინდს ვერ ცვლის?

_ ვერ ცვლის. როცა ამ თანამდებობაზე მოდიოდა, გვენეტაძეს ეგონა, რომ ხელისუფლების ყველა შტო გვერდით დაუდგებოდა და შესაბამისი ცვლილებები გატარდებოდა, რეფორმის შესაძლებლობა მიეცემოდა. ორი კანონპროექტი გააჟღერა, მაგრამ დებატები მოუწყვეს და წინააღმდეგობა გაუწიეს. მოსამართლეთა უმრავლესობა გვენეტაძის წინააღმდეგ არის დარაზმული და ამას მოსამართლისთვის შეუფერებელი ქმედებებით გამოხატავს. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორც იქცევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. როცა საბჭოს წევრი გამოდის, თვალებს ქაჩავს და შეიძლება ფიზიკურადაც გაუსწორდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ასეთი პიროვნება რამდენად საშიშია საზოგადოებისთვის, თავად განსაჯეთ. ასე იქცევიან ლევან თევზაძეც და სხვებიც. განსაკუთრებით აქტიურობენ სასამართლოს თავმჯდომარეები, რომელთაც საკმაოდ კომფორტული მდგომარეობები აქვთ შექმნილი. ფაქტობრივად, გვენეტაძეს ხელისუფლება არ უდგას გვერდში და ამიტომაც წამოწყებული რეფორმები მიჩუმათდა. დღეს უკვე აღარ ლაპარაკობენ მოსამართლის დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებაზე. პროექტიც კი აღარ შეიტანეს პარლამენტში და კომიტეტებს არ დაუწყიათ მისი განხილვა. მეტიც, მოსამართლეებმა ამას წინათ შეხვედრა მოითხოვეს თეა წულუკიანთან და იუსტიციის მინისტრმა მოსამართლეებს გარანტია მისცა, რომ ის მათ გვერდით დადგება. ის მათ ისეთ რამეებს დაჰპირდა, რომელიც მხოლოდ მათთვის არის სასარგებლო. წულუკიანთან მოსამართლეების შეხვედრა ტაშის დაკვრით დასრულდა. ეს ჟურნალისტებმა გადაიღეს და ყველამ იცის, რომ ზონდერმოსამართლეებმა თეა წულუკიანი ცაში ააფრინეს და ადიდიეს. სხვათა შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საპროკურორო საბჭოში წარიგზავნა ორი იდიოზური მოსამართლე: მცხეთის რაიონული სასამართლოსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები თენგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. რა თქმა უნდა, მათაც მისცეს ხმა ხელისუფლების კანდიდატ შოთაძეს. აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად დამოუკიდებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საპროკურორო საბჭოც როგორი წესით დაკომპლექტდა.

 

                                                                                                           ნელი ვარდიაშვილი