მეზღაპრე მწერალი, აგენტი ქეთინო და ოცნების „გმირი“ ლადო!

23

დიდი ხნის წინათ ერთი მოხუცი მწერალი „კუდის“ პირველი სამმართველოს თანამშრომელმა, ნიკა აკობიამ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით გადაიბირა. მწერალი ფულზე გიჟდება… ბადრი პატარკაციშვილის შტაბში ყველა ვიზიტისას ფულს ითხოვდა, ხან გაზეთის გამოშვებაში, ხანაც მერაბ კოსტავას ძეგლის დასადგმელად სამეგრელოში. ვახტანგ ხარჩილავა სწორედ მაშინ გავიცანი. მოგვიანებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოხუცი მწერალი, სხვა მოაგენტო ელემენტებთან ერთად, „სუსმა“ გადმოიბარა. მოხუცი მწერალი ფულზე ისევ გიჟდება… რამდენიმე ტელეფონში დღემდე ინახება მისი მესიჯები ხან 5000 $, ხანაც 10 00 ლარის მოთხოვნით. ფულის გამო ყველა სიბინძურისთვის მზადაა. ბოლო დროს „ცნობილმა გმირმა“, ლადო ბედუკაძემ ჰპოვა სავანე „საერთო გაზეთში“, ანთხევს და ანთხევს ბოღმას, უმტკიცებს და უმტკიცებს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს „ერთგულებას“, იმის მიუხედავად, რომ, თავის დროზე, არც კომპრომატების შეგროვება უთაკილია მასზე და არც ხმების დაყრა, რომ ციხეში გენერალზე საკმაოდ ბევრი უხერხული კადრი გადაიღო. ბოლო მონაცემებით, თამაზაშვილს ბედუკაძის ცრემლების არ სჯერა, _ როცა „გმირმა“ მას დახმარებისთვის მორიგჯერ მიმართა, პრემიერის სიმამრს მოკლედ მოუჭრია, _ დაანებე ელისო კილაძეს თავი, ვერც ლაპარაკს უქაჩავ, ვერც თემას უწევ, შენზე გაბრაზებული კი ჯავრს ჩემზე იყრისო, _ ამბავი ჩამოიტანა კახეთიდან „ქრონიკა+“-ის წყარომ.

ბედუკაძის საგმირო საქმეებს გზადაგზა კიდევ დავუბრუნდებით. ამჯერად უფრო დეტალურად მეორე პერსონაჟზე უნდა შევაჩერო „ქრონიკა+“-ის მკითხველების ყურადღება. ეს გახლავთ ყოვლად ოდიოზური ფიგურა, ყოფილი პროკურორი, ქეთევან ზარნაძე, რომელიც, თავის დროზე, ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა. ვიდეოკამერამ, რომელიც ზარნაძის სადარბაზოში იყო დამონტაჟებული, ფაქტები გადაიღო. გამომდინარე იქიდან, რომ „სოდის“ უფროსი მაშინ ერეკლე კოდუა იყო, ცხადია, ქეთევან ზარნაძის მისდამი აგრესია გასაგებია, მაგრამ რისთვის სჭირდება ასეთი დისკრედიტებული ადამიანი „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერად, ჩემთვის ეს დღემდე ამოუხსნელი ამოცანაა.

ქეთევან ზარნაძე არა მხოლოდ ნარკოტიკების გამსაღებელი, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელიც იყო, დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიფტსა და სადარბაზოში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დააფიქსირა, ქეთევან ზარნაძეს, სამუდამო პატიმრობის ნაცვლად, 12 წელი მიუსაჯეს. ზონაში ყველამ იცოდა, რომ ზარნაძე სოსო თოფურიძის აგენტი იყო. ზარნაძემ პატიმრობის წლები „მალალეტკების“ განყოფილებაში გაატარა, სადაც „აბსლუგად“ ჰყავდათ გაფორმებული. ვინც ციხის კანონებს იცნობს, მგონი, მარტივად მიხვდება, რომ ამ პრივილეგიებით მხოლოდ ის პირები სარგებლობდნენ, რომლებიც ძალოვნებთან თანამშრომლობდნენ. მოგვიანებით ახალი ბიზნესი წამოიწყო _ ციხეში ტელეფონები შეჰქონდა და ყიდდა, ადმინისტრაციის თანხმობით, ასევე „ბაკლოსანის“ რეალიზაციას ახდენდა. ციხის მის ბიოგრაფიაში არის ასეთი ფაქტი _ დაუახლოვდა რა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელიც ბაჩანა ახალაიას ახლო მეგობარი იყო, მას ტელეფონის საყიდლად თანხა გაატანა და მეორე ჯერზე დააჭერინა კიდეც. როგორც აღმოჩნდა და, მოგეხსენებათ, ციხეში არაფერი იმალება _ ქეთევან ზარნაძემ სოსო თოფურიძესთან ითანამშრომლა, სანაცვლოდ ის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, მაგრამ ზარნაძე გადააგდეს, თუმცა პრივილეგიები შეუნარჩუნეს, _ ახალ წელს მუდმივად დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ხვდებოდა, იქვე სადილობდა ხოლმე და ხშირად თავად ტრიალებდა დირექტორის სამზარეულოში. თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, როცა დასჭირდა, მედიკო ალანია წამებაში დაედანაშაულებინა.

2009 წელს ციხის ბუნტი მოხდა. ბუნტამდე ერთი კვირით ადრე ზარნაძემ ზონაში „ბაკლოსანის“ დიდი პარტია შეიტანა და ბუნტის დროს პატიმარი ქალების დიდი ნაწილი სწორედ „კაიფში“ იმყოფებოდა, რამაც მეტწილად მათი არაადეკვატური მოქმედებები განაპირობა. ქალთა კოლონიაში ბუნტის დროს, მართალია, ქეთევან ზარნაძე ზონაზე არ იმყოფებოდა, მაგრამ სწორედ ის იყო ბრალდების მთავარი მოწმე. მან 37 პატიმარს დაადო ხელი და მათ ზარნაძის ჩვენების გამო ბრალი დაუმძიმდათ. ზარნაძე ისევ სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, მაგრამ ამჯერადაც გადააგდეს. ზონაში ისიც ახსოვთ, როგორ ურეკავდა ზარნაძე სოსო თოფურიძეს და ტელეფონზე სთხოვდა, თანხა ჩამირიცხეო; როგორ შემოდიოდნენ მასთან ხშირად „კუდის“ თანამშრომლები. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქეთევან ზარნაძემ ვერ „დააჩმორა“, პაატა ქუთათელაძე იყო, მაგრამ მას შავი მაგიით და ჯადოქრობით აშინებდა. გაგეცინათ? სულ ტყუილად, „ქრონიკა+“-ში დარეჯან მეფარიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა ქეთევან ზარნაძესთან, სადაც ის აღიარებს, რომ ჯადოქრობით და შავი მაგიითაა გატაცებული. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ქეთევან ზარნაძე სწორედ „კუდის“ ნარკოტიკების რეალიზატორი იყო, მაგრამ „სოდსა“ და „კუდს“ შორის არსებული უწყებრივი დაპირისპირების გამო ციხეში აღმოჩნდა, ამიტომაც გამორჩეულად ვერ იტანს ერეკლე კოდუას და წუხს, რომ მე ვანო მერაბიშვილს ვერჩი.

წარსულიდან ეს რამდენიმე ფაქტი იმიტომაც გავიხსენე, ჩვენს მკითხველს დაახლოებითი წარმოდგენა რომ ჰქონდეს, რა „შაიკაა“ შეკრული ჩემ წინააღმდეგ და რა ძნელია ამ ბინძურ ადამიანებთან ლოგიკაზე ან მორალზე საუბარი. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ, უპასუხოდ დავტოვო ავყია დედაკაცის, მოხუცი გადაბირებული მწერლისა და ოცნების „გმირი“ ლადო ბედუკაძის ერთობლივი ბოდვა, რომელიც მხოლოდ ტყუილებზეა აგებული და არც ერთი ფაქტი სინამდვილეს არ შეეფერება.

თანმიმდევრობით მივყვეთ ამ „ტროიკის“ ტყუილებს:

1. ქეთევან ზარნაძე გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ გამო წუხს, _ ბიძინა ივანიშვილს რატომ დააბრალეთ, რომ ციხის კადრების დადგმაში ის მონაწილეობდაო? ჯერ ერთი, ეს „ბარიგა“ და „კუდის“ „ნასედკა“ ივანიშვილს ქომაგად რაში სჭირდება და მეორეც, „განსხვავებულ აქცენტებში“ მე მხოლოდ ე. წ. ცოცხების სცენის არარეალურობაზე ვილაპარაკე, დასტურად უწყვეტი კადრი და სცენაში მონაწილე პირის ჩვენება წარმოვადგინე, რაც შეეხება მიმოწერას, მე მასთან რაიმე შეხება არ მქონია. გამომდინარე აქედან, ზარნაძე, უბრალოდ, იტყუება. შეიძლება ლადო ბედუკაძეს ძალიანაც კი აწყობს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრედ გამოაცხადოს თავი, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წინა ნომრებში იმ შეკრების დეტალები გამოქვეყნდა, რომელიც არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებისა და ბედუკაძის განთავისუფლების შემდეგ ივანიშვილმა გამართა. მასზე რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, ობიექტურობას არასოდეს ვუღალატებ _ ბიძინა ივანიშვილი ლადო ბედუკაძის სამაგალითოდ დასჯას ითხოვდა და ეს დავალება მან მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს მისცა;

2. თავად ყოფილი აგენტი წუხს, _ კილაძემ „კუდის“ აგენტების ხელწერილები რომ გამოაქვეყნა, ნეტა, საიდან ჰქონდა და მეოცნებეების დისკრედიტაცია რატომ მოახდინაო?

ცხადია, წყაროს დასახელებას არც ამჯერად ვაპირებ, მაგრამ მოვლენათა განვითარების რამდენიმე დეტალს საჯაროს გავხდი: მას შემდეგ, რაც ხელწერილების ასლები ხელთ მქონდა, პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს დავურეკე, „პროგრეს ბანკის“ შენობაში შევხვდი და ხელწერილების ასლები მის სიძესთან, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთნ გავატანე. სწორედ მოქმედი მინისტრის თანხმობით დაიბეჭდა ეს დოკუმენტები „ქრონიკა+“-ში და მოვლენათა განვითარებას თუ მივადევნებთ თვალს, „ქართულ ოცნებას“ მიყოლებით ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც პრემიერობისკენ მიმავალ გზაზე ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო კონკურენტები იყვნენ. სრული სიმართლე ეს გახლავთ და თუ ეს სიმართლე უნდოდათ მოესმინათ ზარნაძის ე. წ. მფარველებს, მოისმინეს კიდეც;

3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. 1993 წელს ქუთაისში ედპ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, ვალერი ასათიანის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსი გახლდით. გია ჭანტურია მოგვიანებით გავიცანი ხონში, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერე. ასე რომ, ვერც ვერავის გააგზავნიდნენ ქუთაისში ჩემ ჩამოსაშორებლად, განსაკუთრებით იმ ადგილიდან, სადაც არასოდეს ვყოფილვარ.

ვალერი ასათიანის გამარჯვების შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან არანაირი შეხება არ მქონია. ესეც ქეთევან ზარნაძის მორიგი ტყუილი (კარგა შორს გაჰყოლიან ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიას, მაგრამ რას იპოვიდნენ, რაც არ არსებობს?);

4. აგენტ ქეთევანს აინტერესებს, თუ როგორ მოვხვდი ბადრი პატარკაციშვილის შტაბში _ არასოდეს დამიმალავს, რომ შტაბში ვალერი გელბახიანის რეკომენდაციით მიმიღეს, მას შემდეგ, რაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადმინისტრაციის უფროსის პოსტი საკუთარი განცხადებით დავტოვე. მეორე დღესვე ჯერ ირაკლი ოქრუაშვილის დესპანი ჩამოვიდა ქუთაისში, მოგვიანებით კი ვალერი გელბახიანი დამიკავშირდა. ორიოდე დღეში, მას შემდეგ, რაც ნათია მიქიაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის შტაბი დატოვა, პრესსამსახურის უფროსი გავხდი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თუ ვინმეს რამე აქვს გაკეთებული, მათ შორის იმ მამაც ადამიანებსაც, რომლებთან ერთადაც ეს რთული გზა გავიარე. ისე, ცნობისთვის: ერეკლე კოდუა მარტო ბადრი პატარკაციშვილს არ ერჩოდა, იტყუება ქ-ნი აგენტი _ შტაბის უფროსმა რამდენიმე წელი დევნილობაში გაატარა, 365 წევრი დაკითხვებზე დაჰყავდათ, მათგან ორი გარდაიცვალა, ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია რამდენიმე წელი ციხეში, გაუსაძლის პირობებში გამოამწყვდიეს და მისი დემორალიზებისთვის, არცთუ იშვიათად, ზონაში სწორედ ქეთევან ზარნაძეს იყენებდნენ, ჩემი შვილი ორჯერ დაიჭირეს, მეუღლე კი ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო სამსახურიდან წამოვიდა. ჰო, სხვათა შორის, ქ-ნო აგენტო, ჩემმა მეუღლემ წლები გაატარა თქვენნაირ კრიმინალებთან ბრძოლაში და სამსახური მისთვის თქვენნაირი ბინძური ადამიანების დასამადლებელი არ არის (სხვათა შორის, ჩემი მეუღლის პოლიციურ წარსულზე ჩემი პირადი მტრებიც კი ვერაფერს ამბობენ);

5. მორიგი ბოდვა, რომელიც ზარნაძის პასკვილშია გადმოცემული, „ქრონიკა+“-ის ფინანსურ მდგომარეობას ეხება. საიდან მოიტანეთ, რომ მცირეტირაჟიანი გაზეთი ვართ, ან გაყიდვების პრობლემა გვაქვს? ისიც კი არ იცით, რომ 500-ტირაჟიან გაზეთს კი არა, 100 ეგზემპლარიც რომ გამოდიოდეს, რეგისტრაცია აუცილებლად სჭირდება (წარსულში ხართ ჩარჩენილები, მოხუც რედაქტორთან ერთად). მეტიც, გაზეთი ჩემს მშობლიური ქალაქშია რეგისტრირებული და, შესაბამისად, გადასახადებს სწორედ იქ ვიხდი. დიახ, ვაღიარე, რომ ორ თანამშრომელს, _ დარეჯან მეფარიშვილსა და ირინა გოგოსაშვილს ხელფასს ხელზე ვუხდიდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მათგანი ჩვენს მომსახურე ბანკში ე. წ. შავ სიაში ირიცხებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაბამის გადასახადებს ბიუჯეტში არ ვიხდიდით, ამიტომ ამის გამო ჩემი დაჭერა მხოლოდ თქვენი ოცნებების სფეროა, ქ-ნო „ბარიგავ“. ისე, თუ მაინცდამაინც ფინანსებზე მიდგება საქმე, მართლაც ძალიან საინტერესოა, რა სახსრებით არსებობს ის მცირეტირაჟიანი გაზეთი, რომელშიც თქვენ ამდენ ბოღმას ანთხევთ? რა ტირაჟით იბეჭდება და რა ტირაჟით იყიდება? რამდენს უხდის ხელფასს თანამშრომლებს და რა თანხა შეაქვს ბიუჯეტში?

6. „ობიექტივსა“ და ჩემს ურთიერთობაზეც უნდა მოგახსენოთ, _ დიახ, არსებობდა გაუგებრობები, სხვათა შორის, სწორედ რუსულ „პაიოკზე“ მყოფი ერთი ყოფილი პოლიტიკოსის ინტრიგების გამო. ეს გაუგებრობები ამოწურულია და ლადო ბედუკაძის ბევრი მცდელობის მიუხედავად, აღარ გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვხვდი მე „ობიექტივის“ წამყვანად _ არც ამ კითხვას დავემალები და ინფორმაციაც მარტივი გადასამოწმებელია, _ მას შემდეგ, რაც გაზეთის პირველი ნომრები გამოვიდა, რედაქციაში დარეჯან მეფარიშვილი მოვიდა, რომელმაც „ობიექტივის“ მაშინდელი ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის დანაბარები გადმომცა: „ობიექტივი“ „ქრონიკა+“-ს ეთერში ერთ საათს უთმობდა. სწორედ დარეჯან მეფარიშვილის კონსულტაციისა და რედაქციის ჟურნალისტების გადაწყვეტილებით მივიღეთ ეს შემოთავაზება და „ობიექტივის“ ეთერში დღემდე გადის „ქრონიკა+“-ის სააათი. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც სტუმრების ვინაობის შეთანხმებას ითხოვს ვინმე ჩემგან, არც რუსულ პროპაგანდას და არც რაიმე ტიპის ცენზურა შემიმჩნევია ჩემზე, მესამე წელი მიდის უკვე. ჰო, რუსულ პროპაგანდაზე გამახსენდა, თურმე, რუსული ფულით ვფინანსდები და პოლიტიკურ პარტიასაც ვქმნი _ რა საოცარი ფანტაზიის უნარი აქვს „ტროიკას“, რუსული ფულით მაფინანსებენ და თან იმიტომ, რომ პუტინს ოკუპანტი ვეძახო? ვინ, ვინ და ლადო ბედუკაძემ ხომ მაინც იცის, რუსები ფულს რაში უხდიან და რატომ დააჯილდოვეს? თემურ ხაჩიშვილთან ერთად ბედუკაძემ პარტიის შექმნა გადაიფიქრა, თუ ისევ დღის წესრიგშია?

7. რაც შეეხება „ნუკრად“ ჩემ მონათვლას, ამაზე მხოლოდ უნდა ვიცინო _ დაზუსტებით ვიცი, „კუდის“ არქივებში რამდენჯერმე გადაქექეს ჩემი „რაზრაბოტკის“ საქმეც, „კუდის“ ყოფილ თანამშრომლებსაც არაერთგზის მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერც ვერაფერი იპოვეს.

კიდევ ერთხელ ვამბობ: ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომლის გამოქვეყნებაც შემაშინებს და ჩემს პრინციპებზე უარს მათქმევინებს, ამიტომაც მოკეტეთ, ან თუ რამე გაქვთ, გამოაქვეყნეთ!!! მაგრამ საჯაროდ უნდა დაგცინოთ, _ ბრიყვები ხართ თქვენც და თქვენი ე. წ. პატრონებიც. არც ბიძინა ივანიშვილი მგონია ისეთი გულუბრყვილო, თქვენნაირი ბინძური ადამიანების თანადგომა მიიღოს ოდესმე და როგორც მითხრეს, პრემიერის სიმამრიც ცდილობს თქვენგან დისტანცირებას, რადგან მიხვდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა!!!

ქ-ნი აგენტი, ირონიით მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია ნამდვილად იგეგმებოდა თუ არა. ღაკი ამ ფაქტიდან თითქმის ორი წელია გასული, შემიძლია დეტალებზე შევჩერდე: `ქრონიკა+”-ის ოფისში ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მეგობართან ერთად მოვიდა გვიან ღამით, შემაშფოთებელი ინფორმაციით – ერთ-ერთი უწყების სპეცრაზმის უფროსი გენერალ თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვს, მის ყოფილ თანამშრომლებს ერთ-ერთ ბაზაზე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციისთვის ამზადებენო. იმ დროს თამაზაშვილს არც ერთი მათგანი არ ვიცნობდით. გვიან ღამით, სწორედ იმ ადამიანს მივადექი სახლში, რომელსაც აგენტი ქეთინო მოხუცად და მამად მოიხსენიებს. (სხვას ვერავის ვენდობოდი), სწორედ მან მოძებნა ღამის სამ საათზე თამაზ თამაზაშვილი, თავის მხრივ თამაზ ელიზბარაშვილმა სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი მოიყვანა. შეხვედრა დილის ხუთ საათზე შედგა `ქრონიკა+”-ის ოფისში. მერე რა მოხდა, აღარ დავკონკრეტდები, მხოლოდ ერთ დეტალს გავამხელ – ამ შეხვედრაზე თქვა სპეცრაზმის უფროსმა, ამათი პოლიტიკის ვერაფერი გავიგე, ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორი ორი დღის უკან დანიშნეს ფინანსთა სამინისტროშიო.

ასე იყო, ეს ამბავი ქ-ნო აგენტო!

ერთი რამ მკაფიოდ მინდა იცოდეთ _ ჟურნალისტიკაში ვიქნები თუ პოლიტიკაში, ვერასოდეს ვერავინ ვერ დამიშლის, ოკუპანტს ოკუპანტი დავუძახო, რადგან მიმაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას ჩემი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს!!!

 

P. S. წამლის ბარიგა და „კუდის“ ყოფილი აგენტი, ქეთევან ზარნაძე, ოჯახის წევრებთან ერთად ნარკოლოგიურში მიბარებს. რატომ მიწა არ გამისკდება ფეხქვეშ?! ჯერ ერთი, ჩემი ოჯახის ყველა წევრს ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გავლილი აქვს და ამ ინფორმაციის მოპოვება უმარტივესია; მეორეც, ქ-ნ ბარიგას ვთხოვ, ჩააზუსტოს _ თავად ოჯახის რომელ წევრებთან ერთად დამელოდება ნარკოლოგიურში _ ბავშვების ძიძად რომ ჰყავს სახლში ე. წ. ქმარი, ციხის ყოფილი უფროსი, ზვიად კვარაცხელია, იმასთან ერთად?

ბოლოს, ერთი უფასო რჩევა _ ისევ ჯადოების კეთებას მიაწექი, ქეთევან, წერა აშკარად არ გამოგდის!!!

 

                                                                                                                        ელისო კილაძე