დარჩება თუ არა თელავის საპატრულო პოლიცია შენობის გარეშე?

55

თელავში, რუსთაველის 53 ნომერში მდებარე ედუარდ ფარსადანიშვილის სახლი საბედისწერო აღმოჩნდა! 2006 წელს თელავში სტუმრად მყოფმა მერაბიშვილმა სახლი შენიშნა, მეპატრონე იკითხა და ბრძანებაც სწორედ კვირას გასცა _ იმ დღესვე კონფისკაცია…

ეს ბინა ედუარდ ფარსადანიშვილმა საკუთარ შვილს მზითვად აუშენა…

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ედუარდ ფარსადანიშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, ორივე ქალიშვილისთვის სახლი ააშენა, უფრო სწორად, ერთი თავისი მამაპაპისეული ბინა უფროს ქალიშვილს, ირმას მისცა, ხოლო მეორე კი თელავთან ახლოს, სოფელ შალაურში ლელას აუშენა. მამამ შვილების მზითვი 1990 წელს უკვე გაამზადა…

რამდენიმე წლის შემდეგ უმცროსი ქალიშვილი ლელა გია გოგოლაძეს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა… საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ლელასთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად იქნებოდა მისი ბინა, რადგან იგი, ძირითადად, მამასთან, მამაპაპისეულ ბინაში რჩებოდა…

2000 წელს მოსკოვში მყოფმა ლელამ მამისგან გაიგო, რომ შალაურში მეზობელმა, სიმონ ყურაშიძემ, ედუარდს შესთავაზა, სახლი დაეთმო და მისთვის გადაეცა, სანაცვლოდ კი იგი სხვაგან აუშენებდა.

მოლაპარაკებას ოფიციალური სახე რომ მიეღო, საჭირო იყო შალაურის სახლის ფაქტობრივ მეპატრონეს, ლელა გოგოგოლაძეს და სიმონ ყურაშიძეს შორის ხელშეკრულება გაფორმებულიყო… ორმხრივი მორიგების საფუძველზე ლელამ შალაურის ბინა დათმო, ხოლო სიმონმა კი თელავში, რუსთაველის 53-ში, სახლი აუშენა…

რუსთაველის 53-ში თელაველებს კარგად ახსოვთ, რომ ერთ ეზოში სამი პატარა, ნგრევის პირას მისული ძველი ბინა იდგა. სიმონ ყურაშიძემ ეს ბინები იყიდა, როგორც მოგვიანებით ყვებოდა, მათი დაშლის შედეგად იქ არსებული სამშენებლო მასალა გამოიყენა, დანარჩენი სამშენებლო მასალის შესაძენად კი დიდი თანხა არ დასჭირვებია, რადგან თავადვე ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი… რაც შეეხება შალაურის ბინას, ყურაშიძის ახსნით, მას ინტერესი ჰქონდა: შალაურში იმ ბინების გარშემო არსებული ტერიტორიების შესყიდვა და მამაპაპისეული მამულების აღდგენა უნდოდა…

2002 წელს ლელა მეუღლეს გაშორდა და თელავში მშობლებთან დაბრუნდა. როგორც ცნობილია, მისმა მეუღლემ მოსკოვში სხვაზე იქორწინა.

ყურაშიძის მიერ დასრულებული სახლი კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებდა. ამასობაში სოხუმიდან ლელას ბაბუა, კაკო თოლორაია ჩამოვიდა, რომელმაც სოხუმში სახლი გაყიდა და 13000 დოლარი შვილიშვილებს ჩამოუტანა. მოლაპარაკების მიხედვით ლელა ამ თანხით ბინას არემონტებდა და ბაბუა საცხოვრებლად თავისთან გადაჰყავდა… თუმცა სახლის რემონტი დასრულებულიც არ იყო, რომ გოგოლაძეს ბინა დაუყადაღეს და მისი კონფისკაცია მოახდინეს…

გოგა გოგოლაძეს კი თელავის სასამართლომ იმაზე ადრე მიანიჭა „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, ვიდრე ამას ქურდული „სხადნიაკი“ მოიფიქრებდა… რეალურად, გოგა გოგოლაძე რუსთაველი „კანონიერი ქურდის“, თამაზ გოგოლაძის, მეტსახელად „ჩერმენას“ ძმა არის, თუმცა ცნობილია, რომ მხოლოდ უფროსი ძმა არის ქურდი,  რუსთაველი „ჩერმენა“ კი ქართველი „კანონიერი ქურდების“ ბერძნულ კლანს განეკუთვნება, რომელიც ცნობილი რუსთაველი „ქურდის“, ლაშა შუშანაშვილის დაქვემდებარებაშია. თელაველი თემიდის მტკიცება, რომ „ჩერმენას“ ძმაც დედმამიშვილის მსგავსად ქურდი იყო, საბედისწრეო აღმოჩნდა… ბინის კონფისკაციის მიზეზიც სწორედ ეს გახდა…

თუმცა ლელა გოგოლაძეს მამისგან მიღებული მზითვი მაშინდელმა ხელისუფლებამ „ობშიაკის“ ფულით აშენებულ ბინად მიიჩნია და სახლს ყადაღა დაადო. მოგვიანებით, მარტოხელა დედას და 12 წლის შვილს ბინა დაატოვებინეს და მასში საპატრულო პოლიცია შეიყვანეს… ბრალმდებელი, რომელმაც სასამართლოს მიმართა და გოგოლაძის ქურდად შერაცხვა და ბინის კონფისკაცია მოითხოვა, დღეს პროკურატურის უკვე ყოფილი თანამშრომელი, ილო ოთარაშვილია. თელავში ცნობილია, რომ ილო ოთარაშვილის პროკურორობის ხანაში შეძენილი ქონება მსხვილ რიცხვებს ითვლის. კერძოდ: ოთარაშვილის ოჯახის საკუთრებაშია კერძო სამედიცინო კლინიკა, აფთიაქები, კერძო ბინები და სხვ. საინტერესოა, რამდენი იყო ოთარაშვილის ხელფასი და ავანსი, რომ ამდენი ქონების დაგროვება შეძლო? როგორც თელავში ყვებიან, ოთარაშვილი ხშირად შედიოდა გარიგეგბებში დამნაშვეებთან და მიღებული სარგებლით ოჯახის ბიუჯეტს ზრდიდა.

რაც შეეხება ლელა ფარსადანიშვილის ბინას, ალბათ, აქაც შესაძლებელი იქნებოდა მორიგება, რომ არა მერაბიშვილის სტუმრობის ეპიზოდი თელავში… მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ქალაქის შემოსასვლელში მდებარე დიდეზოიანი, კოხტა, ლამაზი სახლის მეპატრონით დაინტერესდა. აღმოაჩინა, რომ ბინა „ჩერმენას“ ძმის ნაცოლარს ეკუთვნოდა და იმავე საღამოს ნადიკვარზე მოსეირნე მერაბიშვილმა ვერდიქტიც გამოსცა…

დღეს ბინაში საპატრულო პოლიციაა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდე არსებულმა მართლმსაჯულებამ ლელა გოგოლაძეს ქონების დაბრუნებაზე უარი უთხრა, გოგოლაძე დავას კვლავ აგრძელებს…

მალე საკონსტიტუციო სასამართლო იმ პირთა სარჩელს განიხილავს, რომელთაც ქონება სწორედ კონფისკაციის მუხლით ჩამოართვეს. საინტერესო მხოლოდ ერთიღა დარჩა _ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს და აღნიშნულ ნორმას სამოქალაქო წარმოებიდან გააუქმებს, საქართველოში ბევრი ძალოვანი სტრუქტურა შენობის გარეთ დარჩება და ყოფილ მეპატრონეებს კუთვნილი ქონება დაუბრუნდებათ.

P. S. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი რგოლი აღმოჩნდა, რომელიც ცივი გონებით და სამართლებრივი გზით იღებს გადაწყვეტილებებს, მაშინ უახლოეს მომავალში თელავის საპატრულო პოლიცია შენობის გარეშე უნდა ვიხილოთ.

„ქრონიკა+“-მა შს სამინისტროს მხოლოდ ერთი კითხვით მიმართა – იცის თუ არა სამართალდამცავმა უწყებამ თუ რა გზით მოხდა თავის დროზე თელავის პოლიციისთვის შენობის გადაცემა და კანონიერი მფლობელის გამოჩენის შემთხვევაში, რა ზომებს მიმართავს? პასუხი ზოგადი ხასიათის იყო – გიორგი მღებრიშვილის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს, რომლის დასრულებისთანავე კანონიერ ქმედებებს მიმართავენ.

„ქრონიკა+“ ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა პროკურატურის უკვე ყოფილ თანამშრომელს, ილო ოთარაშვილს, რომელსაც თელაველები აღნიშნულ სადავო ქონებასთან დაკავშირებით არც თუ სასიამოვნო კონტექსტში მოიხსენიებენ, თუმცა ბატონი ოთარაშვილი არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, არც პირად ნომერზე დატოვებულ შეტყობინებებს.

 

                                                                                                                მაკა მოსიაშვილი