ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთი, ე. წ. ისლამური ხალიფატი – რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?

12270176_10207171323576842_444126607_n

პარიზის ტერაქტებმა მსოფლიო შეძრა და უსაფრთხოების არსებული სისტემების მოწყვლადობა წარმოაჩინა. ერაყი-სირიის ტერიტორიაზე აღმოცენებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ ფრონტის ხაზი უკვე შუაგულ ევროპაში გახსნა. სრულიად უკონტროლო „IშIშ“-ის ლიდერები უდანაშაულო ადამიანების მასობრივი მკვლელობებით მთელ მსოფლიოს ემუქრებიან.

ბოლო მონაცემებით პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა. მხოლოდ გუშინდელი ღამის განმავლობაში ფრანგმა სამართალდამცველებმა 168 რეიდი ჩაატარეს, დაკავებულია 23 ადამიანი, ამოღებულია 31 ერთეული იარაღი, ფრანგი სამხედროების უნიფორმები. 23 დაკავებულის გარდა, 104 ადამიანს შინა პატიმრობა მიესაჯა.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა: „ეს მხოლოდ დასაწყისია, ასეთი ოპერაციები კვლავ გაგრძელდება. სახელმწიფოს რეაქცია მასშტაბური იქნება“.

ქრონიკა+“-პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

_ საფრანგეთის ტერაქტები ჩვენი ქვეყნისთვისაც საფრთხეს შეიცავს. ხომ ხედავთ, უკვე როგორ დგას საკითხი _ პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება, ამ ისლამურ მასაში გამოთვალო, ვინ არის რადიკალი და ვინ _ ზომიერი. მოკლედ, ვინ არის კარგი ისლამისტი და ვინ _ ცუდი.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ასობით ათასი მუსლიმი მოქალაქე გვყავს, რომელთანაც არანაირი მუშაობა არ წარმოებს,  ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს; რომელნიც სანახევროდ გაუცხოებულნი არიან საკუთარი ქვეყნისგან და ა. შ.

მეტი რა უნდა ვთქვათ, როდესაც მეოთხე, მეხუთე თაობის ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა ქართული ენა არ იციან? იცით, რა? ჩვენ ამას შევეგუეთ და თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ვთქვათ, ბაზარში გახვალ, აზერბაიჯანელი „პეტრუშკას“, ყიდის და ძლივს, დამტვრეული რუსულით გეტყვით, რომ მწვანილი 20-30 თეთრი ღირს; ნორმალურად რუსულიც არ იცის და სახელმწიფო ენაზე, ქართულად ხომ ერთ სიტყვასაც ვერ ათქმევინებ.

ამიტომ ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა.

მე არ ვიცი, ამ საფრთხის გაუვნებელყოფისთვის რას აკეთებს, თუ გნებავთ, ახლად შექმნილი უშიშროების სამსახური? ვერ გეტყვით, ამისთვის რას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან მუსლიმი მოქალაქეები ყველას არჩევნების დროს ახსენდება, როდესაც მათი ხმები სჭირდებათ. ეს, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და ადეკვატურ მიდგომას საჭიროებს.

მადლობა ღმერთს, რომ, ჯერჯერობით, ამ ისლამურ სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცხელა. თუმცა იქიდან საქართველოში პირველი მერცხლები უკვე შემოფრინდნენ განცხადებების სახით, რომ, აი, იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ვილაიეთი, ე. წ. ისლამური ხალიფატი, სადაც საქართველოც არის მოაზრებული.

როგორც ჩანს, ჩვენთვის სიფხიზლის მომადუნებელი როლი იმან შეასრულა, რომ ამიერკავკასიაში ეს საფრთხე ყველგან მაინც არ არის წარმოჩენილი. ახლა, სომხეთში მსგავსი საფრთხე მინიმალურია. ეს მონოეთნიკური ქვეყანაა და იქ მარტო სომხები ცხოვრობენ. საკმარისია, ვთქვათ, იქ, ქუჩაში, ერთხელ გაიაროს წვერმოშვებულმა, არაბული გარეგნობის ახალგაზრდამ, რომ ნახევარ საათში თუ არა, თხუთმეტ წუთში მაინც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იქნება.

ჩვენთან აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, ამიტომ პოტენციური საფრთხე აქ ნამდვილად არსებობს.

რაც შეეხება თვითონ ევროპას, აქ საკითხი ისე კი არ დგას, რომ ეს ისლამიზმი რა ძლიერია და რა რთულია მათთან ბრძოლა. პრობლემა ისაა, რომ თვითონ ევროპაა ძალიან სუსტი და მას არ აქვს პოლიტიკური ნება ბრძოლისთვის. აი, ეს არის ყველაზე საშინელი პრობლემა.

ამის გარდა, როდესაც საფრთხეზე ვლაპარაკობთ, ჩვენთანაც მოდის ეს ბაცილა. თუ გახსოვთ „შარლი ებდოს“ ამბავისას, როდესაც პარიზში ჟურნალისტები დახვრიტეს, აქ რომელიღაც არხზე ტოქშოუ, დისკუსია იყო გამართული და ჩვენი, რომის პაპზე უფრო კათოლიკე ლიბერალები გამოდიოდნენ და შეშფოთებული ყვიროდნენ, რომ, აი, როგორ შეიძლებოდა რაღაც სურათების დახატვა, ეს იყო შეურაცხყოფა, პატივი უნდა ვცეთ გრძნობებს და ა. შ. ისე გამოვიდა, რომ პარიზელი ჟურნალისტების სიკვდილში თავად ეს ჟურნალისტები იყვნენ დამნაშავენი. ჩვენთანაც, საქართველოშიც, ასეთი დამოკიდებულება იყო და ეს სამწუხარო ტენდენციაა ევროპიდან წამოსული.

აქ ვიღაცებს სურთ, რომ მაინცდამაინც ამ მხრივ გახდნენ ევროპელები. ახლა ევროპელებს პოლიტიკური ნება არ აქვთ და ჩვენც ამ ნაკადს უნდა გავყვეთ? რომ რა ვქნათ, მთელი მსოფლიო დამნაშავეა ამ მილიონობით მუსლიმანის წინაშე _ ისინი რომ ერთმანეთს ხოცავენ, ალ ქაიდა იყო, ახლა ისლამური სახელმწიფო გამოჩნდა და ა. შ. მთელი მსოფლიო დამნაშავეა და ამიტომ ევროპამ, ამერიკამ ვალი უნდა მოიხადოს მათ წინაშე და ისინი უნდა მიიღოს, შეინახოს; ვთქვათ, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აცხოვროს და ა. შ. ჩვენც ასევე, რადგან ხომ გვინდა ევროპელები გავხდეთ?

აქედან თვითონ ევროპისთვის ყველაზე დამღუპველი შედეგი ის იქნება, რომ ამ იდიოტი ოლანდის მოქმედებით (ამ არაფრის მაქნისი უნებისყოფოს რეიტინგი 20-დან 25%-მდე თამაშობს) ხელისუფლების სათავეში, არ გაგიკვირდეთ, თუ მარინ ლე პენი მოვა. როგორც ჩანს, ევროპელ პოლიტიკოსებს საკმარისი ჭკუა არ აქვთ. მათ ავიწყდებათ, რა ნიადაგზე აღმოცენდა ფაშიზმი ოცდაათიან წლებში და თვითონ ჰიტლერი. ეს მოხდა ვაიმარის რესპუბლიკის სისუსტის, ევროპის პოლიტიკური ნების პარალიზების გამო. ამას მოჰყვა მერე ფაშიზმი და ჰიტლერი, თავისი მსოფლიო უბედურებით. აი, აქეთკენ მიექანება დღეს ევროპა და ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

_ ქართულმა მხარემ რა უნდა გააკეთოს პოტენციური საფრთხის შემცირებისთვის, იმავე პანკისის თემას ვგულისხმობ…

_ პირველ რიგში, მეცნიერულად დამუშავებული სტრატეგია უნდა შემუშავდეს ჩვენს მოქალაქეებთან, სწორედ ისლამის მიმდევარ თანამოქალაქეებთან სამუშაოდ, რათა ყველა ისინი არა ეთნიკურად, არამედ პოლიტიკურად ქართველები გავხადოთ; რომ მათთვის ქართული მეორე მშობლიური, სახელმწიფო ენა იყოს. ოჯახში, ყოფით დონეზე, კი ბატონო, თავიანთ ენას ვერავინ დაუშლის, მაგრამ სწავლობდეს, განათლებას იღებდეს ქართულ სკოლებში, სადაც ასწავლიან საქართველოს ისტორიას, რათა ჩვენი ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. ხოლო ჩვენს ჩინოვნიკებს მათი არსებობა მხოლოდ არჩევნების დროს არ ახსენდებოდეთ.

მეორე _ რასაკვირველია, საჭიროა მეტი სიმკაცრე საზღვრებზე. მიუღებელია ნაციონალების ვაი-ვიში, რომ ტურისტები აღარ ჩამოვლენ, ბიუჯეტი არ შეივსება და ა. შ. იცით, არც ერთ ქვეყანაში ტურისტების ხარჯზე ბიუჯეტი ჯერ არ შევსებულა. მსოფლიომ არ იცის ასეთი მაგალითი, პირიქითაა.

მაგალითად, ახლა პარიზი ცარიელდება. იცით, პირველივე დღეებში უკვე რამდენი მილიონი ევრო იზარალა პარიზის ბიუჯეტმა? ქალაქი იცლება, ბევრი გარბის. მალე ისე იქნება, რომ საფრანგეთში ტურისტების რაოდენობა განახევრდება. სწორედ ეს უნდათ ისლამისტებს, რაც ახლა ეგვიპტეში ხდება. შარმ ელ შეიხის სასტუმროს ნომერი 400-500 დოლარი რომ ღირდა, ახლა 60 დოლარად იხვეწებიან, რადგან იქ ტურისტი აღარ არის, ყველა გამოიქცა იქიდან ტერაქტების შემდეგ.

ჩვენ ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ და საქმე გავაკეთოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არის ამის გამკეთებელი!

 

კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი:

_ პარიზის ტერაქტებმა ახალი ტენდენცია გამოავლინა. პრაქტიკულად, ისლამური სახელმწიფოსთვის ტერორისტული აქტების სამიზნეები არ არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც ისინი ერჩიან. მაგალითად, როდესაც პარიზში „შარლი ებდოზე“ იერიში მიიტანეს, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მას უთვალთვალებდნენ და, პრაქტიკულად, მათზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

მაგრამ, ამ შემთხვევაში (რასაც პარიზში სხვადასხვა ადგილას ჰქონდა ადგილი), ეს იყო სპონტანური, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დახვრეტა ადამიანებისა, რომლებსაც არანაირი გავლენა არ აქვთ პროცესებზე, კავშირი იმასთან, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ომი გადავიდა ახალ სტადიაში, როდესაც ისინი ტოტალურად უტევენ იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან.

ამ კონტექსტში, სამომავლოდ, საქართველოც შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც ერთ-ერთი სამიზნე. არა რომელიმე კონკრეტული პირები, არა კონკრეტული ინსტიტუტები, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მსგავს რადიკალურ გამოვლინებას ნებისმიერ ადგილას და დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რომლის პრევენციაც ძალიან რთული საქმეა.

შეიძლება დაიცვა რაღაც სახელმწიფო ობიექტები _ პოლიცია, ჯარი, საჯარისო ნაწილები და ა. შ., გააძლიერო დაცვის ღონისძიებები აეროპორტებში და ა. შ., მაგრამ ვერ დაიცავ ყველა კაფეს, ყელა სატრანსპორტო საშუალებას, ადამიანების ნებისმიერი თავშეყრის ადგილს და ა. შ. ამ ყველაფრის ერთად დაცვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. და ეს, რასაკვირველია, ზრდის შესაძლო რისკებს მსხვერპლისა ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოში.

_ რა უნდა გაკეთდეს პოტენციური საფრთხის შესამცირებად?

_ აუცილებელია საზღვრის უკეთესი დაცვა, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერება, საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა… ეს ის საქმეა, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა გააკეთონ. ასევე საჭიროა ამ მიმართულებით ჩვენი მოსახლეობის მეტი განათლება, მათი ჩართულობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. მთლიანობაში, ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია ამ პოტენციური საფრთხის წინაშე.

რაც უფრო მეტია საზოგადოებაში განხეთქილება და ხელოვნური პრობლემები (რაზეც ყურადღება გადატანილი გაქვს), მით უფრო მარტივია ასეთი ტერორისტული სტრუქტურებისთვის მოძრაობა და მათ მიერ ოპერაციების დაგეგმვა. საჭიროა მეტი რესურსის მობილიზება სწორედ აღნიშნული საგარეო საფრთხის მიმართულებით, რომლის წინაშეც ვდგავართ.

 

ნიკა ლალიაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:

_ საფრთხე შეიძლება იყოს შემდეგი: თქვენ იცით, რომ ამ ტერაქტებამდე რამდენიმე ხნით ადრე საფრანგეთის უშიშროება შეშფოთებული იყო, რომ ქვეყნის ბევრი მოქალაქე იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ისინი დაბრუნდებოდნენ და ეს საფრთხე იქნებოდა საფრანგეთისთვის.

ანალოგიური საფრთხე არის საქართველოსთვისაც. ეს სიტუაცია რაოდენობრივად, რასაკვირველია, ვერ შეედრება საფრანგეთს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებიც ჩართული არიან „IშIშ“-ის რიგებში. და არის მაღალი ალბათობა, რომ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და ეს უკვე ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება.

_ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრევენციისთვის?

_ პირველ რიგში, ქართული მხარე უნდა შეეცადოს, რომ საზღვრებზე ძალიან სერიოზული კონტროლი დაწესდეს მათზე, ვინც საქართველოში შემოდის. ეს არ არის მარტივი საქმე. იცით, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად რაც კონტროლდება, ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენი საზღვრები იმ დონეზე ვერ კონტროლდება, რა დონეზეც ეს უნდა ხდებოდეს. არის უამრავი ბილიკი, საიდანაც როგორც აქამდე გადმოდიოდნენ, ასევე ახლაც თავისუფლად გადმოვლენ, თუ ეს მოინდომეს. საუბარია ადამიანებზე, რომელთა შემოსვლაც საქართველოსთვის არასასურველია.

ამიტომ ეს ძალიან რთული პროცესია. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური პარტნიორების გარეშე, მარტო უძლური იქნება, რომ ასეთი ტიპის საფრთხეს გაუმკლავდეს.

 

                                                                                                          გელა მამულაშვილი