ოპოზიცია ხელისუფლებისგან დიალოგს ითხოვს!

555

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგაც საქართველოში საარჩევნო გარემო კრიტიკას ვერ უძლებს და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ელიტის ინტერესებს გამოხატავს. ამ ფონზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებისგან საარჩევნო გარემოს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგს ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ პარტიები განცხადებას ავრცელებენ.

„უკანასკნელ პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა (სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა, 240,000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, პარლამენტში ინტერპარტიული კომისიის ინიცირება, შუალედური არჩევნები 31.10.2015, მიმდინარე საპროტესტო-შიმშილობის აქცია) კიდევ უფრო ნათელი გახადა პრობლემათა სიმწვავე და ცხადყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან: კოალიცია „ქართულ ოცნებისგან“ დიალოგს საარჩევნო გარემოს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით“, _ აცხადებენ პარტიები.
მათივე განცხადებით, დიალოგი უნდა გაიმართოს შემდეგ საკითხებზე: პარლამენტის საარჩევნო სისტემა; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; უფასო სარეკლამო საეთერო დრო; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა.
„იმავდროულად გავეცანით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმის შესახებ დიალოგზე მზადყოფნის შესახებ, ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ მზადყოფნას ფართო კონსენსუსის მისაღწევად“, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები _ მამუკა კაციტაძე; გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა _ ნინო ბურჯანაძე; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია _ ბაჩუკი ქარდავა; თავისუფალი საქართველო _ კახა კუკავა; თავისუფლება _ კონსტანტინე გამსახურდია; რეფორმატორები _ ირაკლი ღლონტი; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის _ ზურაბ ხარატიშვილი; საქართველოს ევროპელი დემოკრატები _ პაატა დავითაია; საქართველოს ლეიბორისტული პარტია _ შალვა ნათელაშვილი; საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა _ გია ბერძენიძე; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი _ აკაკი ასათიანი; ქრისტიან-დემოკრატიული პარტია _ გრიგოლ ჯოჯუა.

„ქრონიკა+“ ინტერპარტიული ჯგუფის წევრს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს ესაუბრება:
_ რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში ინტერპარტიული კომისიის შექმნის დადგენილებას განიხილავდნენ. ჩვენი, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა იქ თავისუფალმა დემოკრატებმა დადგენილების სახით წამოაყენეს, რომ შეიქმნას ინტერპარტიული კომისია. ასეთი ჯგუფი, არასაპარლამენტო კომისია გვაქვს, მაგრამ პარლამენტში იმიტომ გვინდა, რომ ხელისუფლებაც ამ მოლაპარაკების პროცესში იყოს ჩართული. სანამ ჯერ კიდევ არის დრო,  საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელოთ და საარჩევნო გარემო 2016 წელს შეიცვალოს; 2020 წლისთვის არ გადავდოთ ეს ყველაფერი _ შევცვალოთ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით.
ამაზე საპროცედურო კომიტეტშიც ძალიან ხმაურიანი დებატები გვქონდა. პარლამენტის სხდომაზეც დავინახეთ ხელისუფლების სრულიად არაადეკვატური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ უარი თქვეს აღნიშნული კომისიის შექმნაზე. ყველანაირად გაურბიან ჩვენთან საუბარს, გვემალებიან და, ერთი შეხედვით, გაუგებარია, რა ისტერიული შიში ამოძრავებთ.
ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებამ არაადეკვატური დამოკიდებულება გამოიჩინა; ხოლო ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ, ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ამას ადეკვატურობასთან არაფერი აკავშირებს და სრულ პოლიტიკურ უმწიფრობას უფრო ჰგავს. ასეთი რამ თქვა, _ რა საჭიროა ინტერპარტიული საპარლამენტო კომისიის შექმნა, როდესაც ამაზე ინტერპარტიული ჯგუფი უკვე მუშაობსო. სერიოზულ დილეტანტობასთან გვაქვს საქმე. ადამიანი განსხვავებას ვერ ხედავს პარლამენტში შესაქმნელ ინტეპარტიულ კომისიასა (სადაც ხელისუფლებამ მონაწილეობა უნდა მიიღოს საკითხების შეჯერებაში და გადაწყვეტილების მიღებაში) და არასაპარლამენტო ინტერპარტიულ ჯგუფს შორის, რომელიც პარლამენტს გარეთ მუშაობს და რეკომენდაციებს იძლევა საარჩევნო სისტემაზე.
თუ ბატონი ვოლსკი ამას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, პარლამენტში ნამდვილად არაფერი ესაქმება. ძალიან შორს დგას იმ ადამიანის შესაძლებლობებისგან, რომელსაც პოლიტიკური რეალობები ვალდებულებად უნდა ჰქონდეს აღებული და სათანადო პასუხისმგებლობაც დაკისრებული.
მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ძალიან კარგად იცის, რა განსხვავებაა მათ შორის. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ გააჩნია, როგორმე დრო გაჭიმოს, რაღაცნაირად ეს წელიწადი გადააგოროს, რომ მერე თქვან, _ რა ვქნათ, ბატონებო, უკვე ვეღარ ვასწრებთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და ამ გზით მაჟორიტარულ სისტემას ვეღარ შევცვლითო.
თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ეს მაჟორიტარული სისტემა დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი შანსია, ხელისუფლებაში დარჩეს. რეიტინგი, საზოგადოების მხარდაჭერა მათ აღარ აქვთ. მოლოდინები და ნდობა, რომელიც ძალიან მაღალი იყო მათ მიმართ, მთლიანად გაფლანგეს. აქედან გამომდინარე, ისეთი ვითარება შეექმნათ, რომ ობიექტურ, სამართლიან არჩევნებში ისინი სრულ კატასტროფას განიცდიან. არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ოცნება, ჩვეულებრივ უმრავლესობასაც ვერ აიღებენ. არათუ ჩვეულებრივი უმრავლესობა, შეიძლება მორალური ბარიერები ვეღარ გადალახონ, სიტყვაზე, ოცდაათპროცენტიანი და ა. შ. რეალობაა ასეთი, როდესაც სრულიად უსუსური და დილეტანტური პოლიტიკა შესთავაზეს მოსახლეობას ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ამიტომ მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი მაჟორიტარული სისტემაა. 73 მაჟორიტარიდან, იქნებ, მოახერხონ და 70 წაიღონ. სწორედ ამას ემსახურება იმ 50%-იანი ბარიერის შემოღება მაჟორიტარულ სისტემაში, რომ უკვე ყველა მაჟორიტარი მათ ხელში აღმოჩნდეს. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ პარლამენტში 50%-ზე მეტი ჰყავდეთ თავისი კონტროლის ქვეშ. ყველა სხვა შემთხვევაში, ისინი ხელისუფლებას კარგავენ. და ეს არის რეალობა, თუ როგორ გადაიქცა „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობად“.
_ პრემიერის თანხმობა ამ დიალოგზე როგორ უნდა განვიხილოთ?
_ ძალიან მინდა, რომ ხელისუფლებამ დიალოგისკენ ნაბიჯი გადადგას. რომ გითხრათ, ამის დიდი იმედი მაქვს-მეთქი, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები. ეს არ არის მხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის ინტერესი, ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესი, ზეპარტიული თემაა საარჩევნო სისტემის ობიექტურობა და სამართლიანობა.
ამიტომ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას სულ მცირედით მაინც უნდა ესმოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, უსამართლო საარჩევნო სისტემის შეცვლა, მისი სამართლიანი მოდელით ჩანაცვლება.
ასევე ყველას კარგად გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ჩვენთან ერთად ხმალამოღებული იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ამ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. ისინი შიმშილობდნენ, ლამის თავს იკლავდნენ და ა. შ. ალბათ გახსოვთ, ზვიად ძიძიგური 16 დღის შიმშილობის მერე როგორ გამოიყვანეს კარვიდან საკაცით. როგორ მივიდა იქ პატრიარქი, კურთხევა, სეფისკვერები მისცა, რომ როგორმე ეს ადამიანები ფიზიკურად გადაერჩინათ. ყველას ახსოვს 2008 წლის ეს გაზაფხული.
წარმოიდგინეთ, აღნიშნული ადამიანებიდან დღეს ორი ვიცე-სპიკერია უმრავლესობის, რომელიც მაშინ ამ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის შიმშილობდა. ასევე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი. შევიდნენ თუ არა პარლამენტში, კარი გამოიჯახუნეს და ეს ყველაფერი საერთოდ აღარ ახსოვთ.
ძალიან მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი გაიხსენონ. ეს პასუხისმგებლობა, ვალდებულება და პირობა, რომელიც საზოგადოებას მისცეს, შეასრულონ, მაგრამ ამის ნაკლები იმედი მაქვს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ, ინტერპარტიულმა ჯგუფმა, მაინც მივმართეთ ხელისუფლებას. ღარიბაშვილის განცხადებაში დიალოგთან დაკავშირებით, რომ, მოდით, მშვიდობიანად განვიხილოთ ეს ყველაფერი, რაიმე კონკრეტიკა არ დევს. თუნდაც ოდნავი სურვილი მაინც თუ არის ხელისუფლების მხრიდან, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ჩვენ ამისთვის ერთმნიშვნელოვნად მზად ვართ, მიუხედავად უამრავი პოლიტიკური არაადეკვატური საქციელისა, რაც ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკვე ჩაიდინა.
ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და თუ არსებობს მზაობა, დავსხდეთ და მოლაპარაკება ვაწარმოოთ, შევცვალოთ ეს სისტემა. მით უმეტეს, ხელისუფლებამ აღიარა კიდეც, რომ ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შეთავაზებული სამხარეო პროპორციული სისტემა აბსოლუტურად ობიექტური და სამართლიანია. ანუ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება.
მაგრამ ამავე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს კარგი სისტემა 2020 წლიდან აამოქმედოს ქვეყანაში; 2016-დან 2020-მდე, ანუ ეს 4 წელიწადი კიდევ ერთხელ მოიპაროს, თითქოს კანონიერად, მაგრამ არასამართლიანი სისტემით გააკეთოს.
_ რა არის ამ ეტაპზე თქვენი კონკრეტული მოთხოვნები, რომ შემდეგი არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს?
_ უმნიშვნელოვანესი და უალტერნატივო საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. დღეს გვაქვს შერეული სისტემა _ 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული სიით გასული დეპუტატები აკომპლექტებენ 150-კაციან პარლამენტს და ეს დაფიქსირებულია კონსტიტუციაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, ქვეყანაში აღარ არსებობდეს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ ყველა მაჟორიტარის ჯიბეში ჩადებით, მუდმივად პარლამენტის მინიმუმ ნახევარს აკონტროლებდეს. და ეს მაჟორიტარული სისტემა სამხარეო-პროპორციული სისტემით ჩანაცვლდეს.
ამას საერთაშორისო დონეზე რეგიონულ-პროპორციულ სისტემას უწოდებენ. რახან საქართველოში რეგიონული მოწყობა არ გვაქვს და სახეზეა სამხარეო მოწყობა, ამიტომ სახელწოდება სამხარეო-პროპორციული შევუთავსეთ, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა არ გამოიწვიოს. ეს არის გარანტია, რომ რამდენ პროცენტსაც იღებს ნებისმიერი პარტია, სწორედ იმ რაოდენობის დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში. რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უზარმაზარი მოტივაცია და შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საკუთარი თავი და მხარეები წარმოადგინონ პარლამენტში. გამორიცხული იქნება თავკომბალა, მხოლოდ თბილისური პარლამენტის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ეს არის იდეალური ვარიანტი, რომელიც ქართულ რელობაზე ყველაზე კარგად იქნება მორგებული.
მეორე მხრივ, ეს არის ხელისუფლებისთვის მთავარი საშიშროება და პრობლემა. დღეს რამდენი პროცენტის ნდობაც აქვთ საზოგადოებაში, იმდენი დეპუტატის შეყვანა 2016 წელს მათთვის სრული კატასტროფა იქნება. ამიტომ სურთ, კიდევ ოთხი წლით ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა შეინარჩუნონ და ამ მაჟორიტარებით, დაახლოებით, 50% ისევ აიღონ და საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეთ.
ამიტომ საარჩევნო სისტემა ყველაზე მთავარია. ამაზე მიდის ბრძოლა 1995 წლიდან ჩვენს ქვეყანაში. ადრე თუ გვიან, ეს ბრძოლა სამართლიანი სისტემის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
_ დანარჩენი მოთხოვნებიც განგვიმარტეთ, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი…
_ რასაკვირველია, ესეც უმნიშვნელოვანესი საკითხებია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მათი მნიშვნელობა მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ მოდის. თუმცა სამართლიანი კენჭისყრისთვის საჭირბოროტო თემებია.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, ადმინისტრაციის 13 წევრიდან 10-ს ხელისუფლება აკომპლექტებს. ძალთა ასეთი ბალანსი `ნაციონალების~ მმართველობის დროსაც კი არ ყოფილა. ანუ ცამეტიდან ათს ხელისუფლება აკონტროლებდა. ამ შემთხვევაში სახეზეა სრული მონოპოლიზაცია, რაც ერთმნიშვნელოვნად არასამართლიანია. ამ კანონმდებლობით ხელისუფლება ყოველთვის უმრავლესობაშია და მსგავსი დისბალანსი ჯერ არ ყოფილა. ამიტომ ეს განსახილველია და კანონმდებლობა შესაცვლელია.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თემას, ესეც უმნიშვნელოვანესია და პრობლემის დარეგულირება ისევ საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება. თუ მაჟორიტარული სისტემა დარჩება, მერწმუნეთ, რომ პოლიტიკური პარტიებისგან შექმნილი ადმინისტრაციული კონტროლის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის საბჭოები შედეგს არ გამოიღებს. მე თვითონ მილიონჯერ ვარ მომსწრე, როგორ იქმნებოდა ადმინისტრაციული რესურსის კონტროლისთვის რაღაც პარტიული ჯგუფები და ა. შ., მაგრამ ეს ყველაფერი ფურცლებია და არანაირი ეფექტი არ გააჩნია.
ადმინისტრაციული რესურსის კონტროლი რომ არ მოხდეს, ამისთვის მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან ეს არის აღნიშნული რესურის გამოყებების მთავარი პირობა.
ასევე უამრავი თემაა საარჩევნო კოდექსში, რომლის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, პოლიტიკური ბლოკების წესდების საკითხი, საეთერო დროის გადანაწილება, გარკვეულწილად, დაფინანსების თემები, კვალიფიციური სუბიექტების განსაზღვრის რაღაც კონკრეტული საკითხები… ბევრი უსამართლობაა ამ კონტექსტში და ესენი, რასაკვირველია, სამსჯელოა. მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსენსუსი მიღწეული და შეთანხემული იქნება.
სხვათა შორის, საერთაშორისო მასშტაბით არის რეკომენდაცია და ერთგვარი მკაცრი პოლიტიკური ვალდებულებაც კი, რომ არ შეიძლება ისეთი საკითხების, როგორიც, მაგალითად, საარჩევნო სისტემაა, ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფარგლებში განხილვა. არ შეიძლება, საგანელიძემ და ვოლსკიმ საარჩევნო სისტემა ისე წერონ, რომ არავის ჰკითხონ ამის შესახებ. არც ერთმა ხელისუფლებამ ეს არ უნდა გააკეთოს. ეს არის პირდაპირ გაეროს, ეუთოს, ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს, ყველას რეკომენდაცია, რომ ასეთი საკითხების განხილვა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის ფარგლებში მოხდეს. ყოველი ახალი ხელისუფლება შემდეგში თავის თარგზე აღარ ჭრიდეს და კერავდეს საარჩევნო სისტემას.
_ რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად მოესწრება ეს საარჩევნო ცვლილებები მომავალი წლის არჩევნებისთვის?
_ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები გააქტიურებულია, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. ის ძალიან არაადეკვატურ სიტუაციაში იგდებს თავს, როდესაც გვეუბნება, რომ თურმე საარჩევნო სისტემის შეცვლის ჩვენი ინიციატივა 2016-ში ვერ ესწრება. თუ რატომ, ეს ვერავინ აგვიხსნა. თვითონ რომ შემოგვთავაზეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ოღონდ 2020-ისთვის, მასაც აბსოლუტურად იგივე პროცედურები სჭირდება, რაც 2016 წელს ძალაში შესასვლელ ცვლილებებს.
აქედან გამომდინარე, სრულიად ალოგიკური დამოკიდებულებაა. შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს რეალური შანსი _ დეკემბერში ამისთვის ორი მოსმენა უნდა გაიმართოს. მოსახლეობაში საჯარო მოსმენის ფორმატი, მთელი საკონსტიტუციო პროცედურები გავლილი აქვს და ერთადერთი იქ, 2020 წლის მაგივრად, 2016 წლის ჩაწერა არის საჭირო. მერწმუნეთ, ეს ერთმნიშვნელოვნად ობიექტური პოზიცია იქნება.
მაგრამ ხელისუფლება ამას არ აკეთებს. ყველანაირად ცდლობს, ეს პროცესი გაჭიმოს და 2020 წლისთვის გადააგოროს. რადგან თუ ეს დეკემბერში არ მოესწრო, კანონით და პროცედურულად საკონსტიტუციო ცვლილებები 2016-ში უკვე ვეღარ მოესწრება. ორი საპარლამენტო სესია, საშემოდგომო და საგაზაფხულო, იმისთვის სჭირდება, რომ კონსტიტუციური ნორმა მიიღოს.
ახლა, ორი საკონსტიტუციო მოსმენა დეკემბერში უნდა ჩატარდეს, შემდეგ ერთი მარტში და პროცედურულად ყველაფერი მოესწრება. თუ ხელისუფლება გაჭიმავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ დეკემბერში არაფერი მოხდეს, მაშინ, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეიქმნება. უბრალოდ, ეს შეუძლებელი გახდება და ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.

გელა მამულაშვილი