„არ ჩანს გამოსავალი, რამაც ლარის გაუფასურება შეიძლება შეაჩეროს“

444

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს ითხოვს. შესაბამისი წინადადებით ხადურმა მინისტრთა კაბინეტს სხდომაზე მიმართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიც წარმოადგინა.

მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 84 პროცენტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.
გადასახდელების თვალსაზრისით იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია გაწეული, ათ თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.
„ამ ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით მინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს ჩვენ 283 მილიონით გვინდა შევამციროთ სესხება შიდა ბაზარზე _ სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში.
100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება“, _ ამბობს ხადური.

აღნიშნულ მდგომარეობაზე „ქრონიკა+“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას ესაუბრება:
_ ლარის დღევანდელი კურსი შევაფასოთ, რამდენად ასახავს ის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას?
_ რეალურად, ლარი გაუფასურებულია და ამან მოსახლეობის სოლიდური ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ვისაც ბანკში, უცხოურ ვალუტაში კრედიტი აქვს აღებული, პირდაპირი დარტყმა განიცადა. ამავე დროს, ამან გამოიწვია ინფლაცია ყველა მიმართულებით _ დაწყებული ჯანდაცვის მომსახურებიდან, საყოფაცხოვრებო პირველადი მოხმარების ნივთებით დამთავრებული. ამდენად, კიდევ უფრო გააუარესა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება, არსებული სიდუხჭირე, სიღატაკე. სამწუხაროდ, პერსპექტივაში არ ჩანს გამოსავალი და ფაქტორები, რამაც ლარის გაუფასურება-დევალვაცია შეიძლება შეაჩეროს.
_ რამდენად მოსალოდნელია ამ უარყოფითი პროცესის გაგრძელება?
_ ოპტიმისტური შეფასების საფუძველს არ გვაძლევს არსებული სიტუაცია და მთავრობის გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაცია დამოკიდებულია არა ხელოვნურ ფაქტორებზე, არამედ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და რომლის შედეგადაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები უნდა დაბანდდეს, ეკონომიკური წინსვლა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ექსპორტის გაზრდა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ა. შ. აქ მრავალი ფაქტორია, რამაც შეიძლება სტაბილიზაცია გამოიწვიოს. ეს ფაქტორები არ ჩანს და ამიტომ მომავალშიც მოსალოდნელია ლარის გაუფასურება თანმდვევი შედეგებით.
_ მთავრობას რამდენად აქვს რესურსი, რომ ზემოაღნიშნული ნაბიჯები უფრო აქტიურად გადადგას?
_ სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ნაბიჯებს ვერ დგამს, რათა ლარის კურსი გამყარდეს. პირიქით, ნაბიჯები იმისკენ არის გადადგმული, რომ გაუარესებას ველოდოთ. ეს შეგნებულად ხდება თუ შეუგნებლად, სხვა განხილვის თემაა. 2016 წლის ბიუჯეტში რომ 57 მილიონით გაიზარდა მთავრობის სახელფასო განაკვეთის მოცულობა, ახლა ეს ფული ქვეყნის ეკონომიკაში რომ არ წავა და სოციალურ მდგომარეობას არ გამოასწორებს, ლარის სტაბილურობას არ მოგვიტანს, ფაქტია.
ამას გარდა, „რუსთავი 2“-თან და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებული მოვლენები შემაფერხებელი გარემოებაა, რომ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოვიდეს.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ მმართველობის ეს სისტემა, ალბათ, უპრეცედენტო 21-ე საუკუნისთვის, როდესაც არაფორმალური, მაფიოზურ-ოლიგარქიული მმართველობის ფორმაა ქვეყანაში დამყარებული. ასეთ ქვეყანაში, როგორც წესი, ნორმალური ინვესტიციები არ ხორციელდება, ეს გამორიცხული ამბავია.
ასევე სახეზეა ხელისუფლების სრული არაკომპეტენტურობა, პროგრამისა და ძირითადი მიზნების არქონა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. სამწუხარო რეალობაა _ ქვეყანაში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.
_ ბიუჯეტი ახსენეთ, 3-პროცენტიანი ზრდა იგეგმება… ეს რამდენად ასახავს არსებულ მოთხოვნილებებს, ქვეყნის წინაშე გამოწვევებს?
_ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა განსაზღვრეს, რეალურად ესეც ვერ იქნება მიღწეული. ამას ემატება სახელისუფლებო ბიუროკრატიის დაფინანსების უზომოდ გაზრდა, რაც დაკანონებული ყაჩაღობაა.
ამ ფონზე პენსიას ვერ ზრდიან. ყოველდღიურად იზრდება სოციალური სიდუხჭირე და, ამ დროს, სოციალურ დაუცველებს ამ სტატუსს მასობრივად უხსნიან _ ბოლო მარჩენალ სტატუსსაც ართმევენ. 40 ათასამდე სტუდენტს შეწყვეტილი აქვს სტატუსი საფასურის გადაუხდელობის გამო. თანამოქალაქეები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან უმუშევრობის, სიდუხჭირის, მუდმივი ეკონომიკური კრიზისის გამო, ხოლო სახელისუფლებო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებს, ჯიპებისთვის თანხებს ზრდიან; უცხოეთიდან მაღალპროცენტიან ვალს იღებენ, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. საბიუჯეტო სახსრების დანაშაულებრივი ფლანგვა მიმდინარეობს…
ბუნებრივია, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ მოქმედებს, რაც, ჩვენდა საუბედუროდ, იმის მანიშნებელია, რომ არსებული ყოფა კიდევ უფრო გაუარესდება, დამძიმდება, კატასტროფული იქნება.
თუ ჩვენ დროულად არ დავძლიეთ და ეს ბანდა ხელისუფლებიდან არ ჩამოვაცილეთ, რეალურად მათი მსხვერპლი აღმოვჩნდებით.
_ გამოსავალი?
_ მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს. ხალხი სოციალურად რა მდგომარეობაშია და ამ დროს ბიუჯეტში სახელფასო დანამატებისთვის თანხებს კოლოსალურად ზრდიან; საზოგადოების განწყობის მიუხედავად, მფლანგველობითა და მიტაცებებით არიან დაკავებული; ყველა ტენდერს მათივე სანათესავოზე, საახლობლოზე ანაწილებენ; მთელი ბიზნესსეგმენტი, ურცხვად, სახელისუფლებო მაფიოზური კლანის მიერ დაკავებულია. ასეთ შემთხვევაში, ისინი, უბრალოდ, უნდა ჩამოიცილო ხელისუფლებიდან. სხვა შემთხვევაში მთელი დანარჩენი საზოგადოება ყურმოჭრილ მონებად უნდა ვემსახუროთ მდიდართა მცირერიცხოვან კასტას. დღევანდელი მმართველობის პოლიტიკური სისტემის მარტივი ფორმულა სწორედ ეს გახლავთ.

გოჩა ალექსანდრია _ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე:
_ როგორც პროფკავშირები, ასევე მთელი საზოგადოება თვალყურს ვადევნებთ სამწუხარო ინფლაციურ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს გაცვლითი კურსი შედეგია ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისა. აქ შესაძლოა, საგარეო ფაქტორებიც გარკვეულ როლს თამაშობდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სწორი არ იქნება და ხელისუფლების მხრიდანაც მართებული მიდგომა არ არის, როდესაც შიდა ეკონომიკურ პრობლემებს ხაზს არ უსვამს. ხელისუფლება ამ კუთხით შეკითხვებს არ უნდა გაურბოდეს. პირიქით, ღიად უნდა მსჯელობდეს ამაზე და თუ სადმე პრობლემაა, მისი გადაჭრის გზებზე მუშაობდეს.
რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, მშრომელები ზუსტად იგივე პრობლემებს განიცდიან, რასაც საზოგადოების დანარჩენი წარმომადგენლები. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოში, დიდი ხანია, რეალურმა ხელფასმა აზრი დაკარგა. განსაკუთრებით საქართველოში რეალური ხელფასი აღარ არსებობს. ის ხელფასი, რაც დღეს დასაქმებულებს ეძლევათ, ჩვენი აზრით, ანაზღაურების ის ოდენობაა, რომელიც დასაქმებულ ადამიანს იმისთვის ჰყოფნის, რომ დამატებითი სესხი აიღოს ბანკისგან; ბანკებმა მიიჩნიონ, რომ ისინი გადახდისუნარიანები არიან და, შესაბამისად, კრედიტი გასცენ მათზე.
სწორედ ეს ქმნის პრობლემას და უმეტესობა ჩვენი პროფკავშირების წევრებისა, ზოგადად, დასაქმებულებისა, წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, აი, ამ ვალაუვლობის პრობლემით არიან გაწამებულნი. შეფასებაში ნამდვილად არ ვაჭარბებთ.
სინამდვილეში, ისევე როგორც 20-25 წლის წინათ მსოფლიოში ხდებოდა, უნდა გაიცემოდეს რეალური ხელფასი. ეს არის ეკონომიკური ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ხელფასი ყოველწლიურად უნდა ინდექსირდებოდეს სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსის შესაბამისად; ანუ ინფლაციის პროცენტის მიხედვით ხელფასი თავის მსყიდველუნარიანობას უნდა აღიდგენდეს ყოველ წელს.
ამავდროულად, კომპანიას, ორგანიზაციას, ფირმას, სადაც კონკრეტული დასაქმებული შრომობს, თუ შემოსავალი და მოგება აქვს, იქიდან კიდევ დამატებით ხელფასის ზრდა უნდა ხდებოდეს.
პროფკავშირები ორმხრივად ვუდგებით ამ ხელფასს და მის ზრდას. ჩვენთვის ზრდა ინდექსირება არ არის; ინდექსირება ეს არის მსყიდველუნარიანობას დააწიო ხელფასი, როდესაც ინფლაციის გამო მას ძალა, შესყიდვის უნარი მოაკლდა. ხოლო რეალური ზრდა, რეალური ხელფასი წარმოიშობა მას შემდეგ, რაც შრომის ნაყოფიერების გაზრდის კვალობაზე, კომპანიის შემოსავლებისა და მოგების კვალობაზე, დასაქმებულები იღებენ სამართლიან წილს, ამ ზრდაში მონაწილეობის გათვალისწინებით.
_ ეს საკითხი ბიზნესს რამდენად გააზრებული აქვს?
_ სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესს ეს დიდწილად არ ესმის. ბიზნესმენების უმეტესობა ხელფასს განიხილავს როგორც ხარჯს და არა როგორც ინვესტიციას. ევროპაში წარმატებული კომპანიები ხელფასს არ განიხილავენ, როგორც ხარჯს. მას განიხილავენ, როგორც ინვესტიციას ადამიანურ კაპიტალში, ანუ მშრომელ ადამიანში. იმ ადამიანში, რომელიც მათ ბიზნესს ქმნის და ამ ბიზნესის წარმატების მთავარი საფუძველია.
ისევე, როგორც შრომის უსაფრთხოებაში ჩადებული ფული არ არის ხარჯი. ისევ და ისევ არის ინვესტიცია, რადგან უსაფრთხო შრომა ეს არის ნაკლები უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე; ნაკლები ზარალი და ზიანი მოწყობილობაზე, აპარატზე, დანადგარზე _ ანუ იგივე კაპიტალური ხარჯის გაწევის დაზოგვისთვის წინდაწინ დახარჯული თანხა და წარმატებული კომპანიისთვის ეს ინვესტიციაა.
აი, ეს მარტივი გაგებები საქართველოში ბიზნესს აკლია. ამიტომაც არის, რომ დაბალი ხელფასით ცდილობენ ფონს გასვლას და ბაზარზე არსებული კონკურენციისთვის თავის გართმევას. სინამდვილეში, ეს პირიქით უნდა ხდებოდეს: სახელფასო პოლიტიკა შრომის ნაყოფიერების ზრდაზე უნდა იყოს მიმართული; გათვლილი იყოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ეს არის ხარისხიანი პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზება კლიენტებისთვის. ამით წარმატებისა და უპირატესობის მოპოვება ბაზარზე და არა დაბალი ხელფასებით, დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებით პოზიციონირება.
ზოგადად, ინფლაციის დონეს სტატისტიკის დეპარტამენტი ადგენს. ამას საკმაოდ დიდი ადამიანური, ინტელექტუალური რესურსი სჭირდება, რომ ეს დაითვალონ. მოგეხსენებათ, არსებობს საარსებო მინიმუმის დათვლის ფორმულა, მეთოდოლოგია, რომელიც საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, რომ ვთქვათ, საზოგადოების რაღაც ჯგუფებმა დაითვალონ. თუმცა, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო კალათა შერჩეულია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ და რომლის მიხედვითაც (კალორიულობით იქნება ეს თუ სხვა პარამეტრებით) დათვლილია საარსებო მინიმუმი. ეს არის საბოლოო მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ აპრიორი ვიღებთ. ალტერნატიული დათვლები რომც განვახორციელოთ, ბიზნესი მაინც ისარგებლებს სახელმწიფოს, ანუ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით.
ამდენად, თუნდაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებს რომ შევხედოთ, ინფლაცია უკვე 5 პროცენტზე მეტია. თუ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, საკმაოდ მაღალი. ამ დროს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, თუკი ინფლაცია 4-5 პროცენტს აჭარბებს, ყოველ წელს ხდება ხელფასების ინდექსაცია; თან ულაპარაკოდ, ამას არ სჭირდება პროტესტი და გაფიცვები.
თუ კომპანია, ფირმა თუ ორგანიზაცია ამას არ გააკეთებს, ის რისკავს. და რეალობაშიც ეს უფრო დაბალი შრომის ნაყოფიერებით, დაბალი ხარისხის შესრულებული სამუშაოთი და შესაბამისად, ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებით აისახება.
ჩვენთან კი დამსაქმებლებს მიაჩნიათ, რომ თუკი არ მოხდება ინდექსაცია, ხელფასს არ გაუზრდიან, ადამიანები მაინც იმავე ხარისხითა და მოცულობებით შეასრულებენ სამუშაოს. სინამდვილეში ისინი ტყუვდებიან, ასე არ არის. რეალურად, ისინი აგებენ ხარისხში, შრომის ნაყოფიერებაში და ა. შ. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ასევე კომპანიის მიერ მიღებული მოგება და ამ მოგებაში დასაქმებულების შეტანილი სამართლიანი წვლილი უნდა ფასდებოდეს წარმატებული მენეჯმენტის მხრიდან. ვინც ამას არ აკეთებს, მან, უბრალოდ, არ იცის მენეჯმენტი და, რეალურად, ბიზნესის კეთება.
_ მომავალ წელს სამპროცენტიანი ზრდა არის გათვლილი, ხოლო ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 356 მილიონით იზრდება; ეს პარამეტრები რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს?
_ თავიდანვე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ საგანგაშო სიგნალია ის მომენტი, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ნაწილში ხარჯები თითქმის 80 მილიონით მცირდება. ეს ჯერ ერთი დიდი თანხაა და მეორეც, ჩვენ ყველამ ვიცით, რეალურად ეს რა ხარჯებია. ვიცით, სამინისტრო რას ემსახურება _ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი საშუალება, რადგან რეგიონული სამინისტრო ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზებს, ხიდებს აშენებს, ინფრასტრუქტურას ქმნის, წყალმომარაგების სისტემებს აახლებს და იქ დებს თანხებს.
ეს ყველაფერი შრომა, სამუშაო ადგილებია და ვერ გეტყვით, თავად რამდენად სერიოზულად  წარმოუდგენიათ აქ შეკვეცა, თუ როგორ უარყოფით გავლენას მოახდენს ეს ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობაზე.
სამწუხაროა, რომ ქვეყანა დიდწილად სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებზე ვართ დამოკიდებული. მაგრამ ეს ფაქტია და ამ კონკრეტული სამინისტროსგან თანხების ჩამოკლებით, სამუშაო ადგილების დაკარგვით ვრისკავთ.
რაც შეეხება უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 80 მილიონით გაზრდას, ეს, ალბათ, პენსიების ზრდას უკავშირდება. ეს ღიად არ თქმულა და ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ვფიქრობ, პენსიის არგაზრდასთან დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილების დასაბალანსებლად გადაწყვიტა მთავრობამ, რომ ეს თანხა ჯანდაცვის სამინისტროს დაუმატოს და როგროც ჩანს, პენსიის რაღაც გარკვეული რაოდენობით ზრდა დაიგეგმება.
რაც შეეხება იმას, რომ შემდეგი წლისთვის სამპროცენტიანი ზრდა არის დაგეგმილი, ყველამ ვნახეთ, რომ როგორც სპორტში, ასევე ეკონომიკაში პროგნოზების გაკეთება ძალიან უმადური საქმეა. შარშან ჩვენ ხუთპროცენტიანი ზრდის იმედით დავიწყეთ, ვასრულებთ დაახლოებით 2-2,5 პროცენტიანი ზრდის იმედით და წელი ჯერ არ დამთავრებულა. რადგან რეალურად ძალიან არასტაბილურ გარემოში ვართ, ჩვენი ეკონომიკაც არასტაბილურია. მეზობებლები კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობის ფაზაში შედიან, მაგალითად თურქეთი. რუსეთი და უკრაინა უკვე ვიცით, სადაც არიან და როგორც არიან. აზერბაიჯანი კიდევ უფრო ჩაიკეტა ევროპისთვის და კიდევ უფრო მეტი იზოლაციისკენ მიდის. იქ მოვლენები როგორ განვითარდება, ჩვენ არ ვიცით. ამდენად, ამ სამი პროცენტის ამბავი მაკროეკონომიკის სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და რასაკვირველია, შესაძლოა, ცვლილებები შემდგომშიც განხორციელდეს.
შემოსავლების ზრდას რაც შეეხება _ თუ წინა წელს შევადარებთ, აქედან გამომდინარე ვიტყვით, რომ შემოსავლები 350 მილიონით გაიზრდებაო და აქ თუ ლარებში ვანგარიშობთ, მაშინ შეიძლება გაიზარდოს. საქმე ისაა, რეალურად ეს რა პროცესს უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია თითქმის 35-40%-იანია. შესაბამისად, ეს ქვეყანაში ლარის მასას ზრდის და ამდენად გადახდილი გადასახადები ასეთ ციფრობრივ გამოსახულებაში მაღალი იქნება. რამდენად ასახავს რეალურად ზრდას, ეს უკვე ცალკე თემაა და ამას მაკროეკონომიკის სპეციალისტები სჭირდება.

გელა მამულაშვილი