აკრძალავს თუ არა პარლამენტი პოლიციურ გამოსახლებას?

2222

საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან კანონპროექტს იხილავს, რომლის საფუძველზეც საპოლიციო გამოსახლებები უნდა აიკრძალოს. ამასთანავე, უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, სასამართლომ განაცხადა, რომ სასესხო ურთიერთობისას კრედიტორმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს მისი დომინირებული მდგომარეობა და უნდა გაითვალისწინოს მსესხებლის ინტერესებიც.

იკრძალება თუ არა გამოსახლება? რა იცვლება რეალურად? ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ანა კიკნაძე:

_ იურიდიული განათლების არმქონე პირმა შესაძლოა არასწორად აღიქვას ამ ორი საკითხის არსი და, შესაბამისად, მცდარი და საზიანო გადაწყვეტილება მიიღოს. განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს და რა სახის სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამან მოსახლეობას? ამ საკითხის განხილვა მოიცავს ორ ასპექტს: რას გულისხმობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება? უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას.
გადაწყვეტილება მიმართულია კრედიტორსა და მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობის რეგულირებისკენ. კეთილსინდისიერების პრინციპზე დაყრდობით სასამართლო ითვალისწინებს მსესხებლების ინტერესებს, რაც გულისხმობს, რომ თუკი მსესხებელი ვეღარ ახორციელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ზუსტად, ზედმიწევნით შესრულებას, მაგრამ აქვს ალტერნატივა იმისა, რომ შესთავაზოს გამსესხებელს ვალდებულების შესრულება, გამსესხებელმა რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთის არჩევისას მსესხებლისთვის არსებულთ შორის მეტად მისაღებ შესაძლებლობას უნდა მიანიჭოს უპირატესობა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღსრულების პროცესი კი არ ჩერდება ან იცვლება, არამედ გადაწყვეტილება მიუთითებს გამსესხებლის საქციელზე ქონების აუქციონის გზით რეალიზებამდე, რამდენად არის გამოყენებული ყველა შესაძლებლობა პრობლემის კონსენსუსით მოგვარებისთვის. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ გადაწყვეტილება, ეს გულისხმობს იმას, რომ მოვალე, რომელიც კრედიტორს სთავაზობს, მის ნაცვლად ვალდებულებას შეასრულებს, ანუ სესხს დაფარავს სხვა, კრედიტორმა უსაფუძვლოდ არ უნდა უთხრას უარი. ანუ უნდა მიიღოს შესრულება, შედეგად, მოვალის ქონება აღარ გავა აუქციონზე სარეალიზაციოდ, რადან კრედიტორის მოთხოვნა მოვალის ნაცვლად სხვამ შეასრულა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და არა კანონი. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და არ შეიძლება მოვარგოთ ყველა სასეხო ურთიერთობას.
რაც შეეხება უკვე შემდეგ ეტაპს _ სწორედ გამოსახლებებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს პარლამენტი კანონპროექტის ფარგლებში. აღნიშნული კანონპროექტი ეხება საპოლიციო გზით გამოსახლების გაუქმებას. დღეისათვის გამოსახლებას ახორციელებს როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე, პოლიცია. პოლიციურ გამოსახლებას განსაზღვრავს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება #747, რომლის მიხედვითაც, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, სასამართლოს გარეშე განახორციელოს გამოსახლება. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ, ქონების მესაკუთრემ მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს გამოსახლება. დღესდღეობით პარლამენტი განიხილავს სწორედ ამ ბრძანების გაუქმების შესახებ კანონპროექტს. პოლიციას მოცემულ შემთხვევაში არ აინტერესებს, ქონებაზე მიმდინარეობს თუ არა დავა სასამართლოში, ეს ქონება არის თუ არა სადავო, ქონების მესაკუთრის მიმართ აქვს თუ არა რაიმე მოთხოვნა იმ პირ(ებ)ს, რომელიც ცხოვრობს ბინაში და ა. შ. პოლიცია გაფრთხილების შემდეგ პირდაპირ ასახლებს ბინაში მცხოვრებლებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქონებაზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, ეჭქვეშ იდგა, ბინის მესაკუთრე რამდენად კანონიერად ფლობდა ამ ქონებას, ამავე დროს, გამოსახლების პროცესი სასამართლომ შეაჩერა, თუმცა პოლიციამ მაინც განახორციელა გამოსახლება, რადგან განმარტა, რომ სასამართლოს განჩინება გამოსახლების შეჩერების შესახებ ეხებოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და არა მას. შესაბამისად, საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა მსგავს შემთხვევებს სასიკეთოდ წაადგება, მხოლოდ სასამართლო განიხილავს საკითხს და საქმის სრულად განხილვისა და შესწავლის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტლებას გამოსახლებისა თუ არგამოსახლების შესახებ. ახალი რეგულაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს აამაღლებს, მეორე მხრივ კი მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, სადავო საკითხთან დაკავშირებით არა ქუჩაში, არამედ, სასამართლო დარბაზში წარადგინონ არგუმენტაცია. თუ ეს კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს და ძალაში შევა, გამოსახლება მოხდება მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ და აღარ იარსებებს მოქმედი ალტერნატივა _ ანუ გამოსახლების შესაძლებლობა პოლიციური ძალით.
_ როგორ ხდება გამოსახლება აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით?
_ პირი მიმართავს სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით და ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და ხელშეშლის აღკვეთას, არასამართლებრივი ტერმინით რომ ვთქვათ, გამოსახლებას. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ საქმე განიხილება სასამართლოში და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამოსახლების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილებას კი აღასრულებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც ჯერ მიმართავს ბინაში მცხოვრებლებს, ანუ იმ პირ(ებ)ს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ანუ ნებით დატოვოს ბინა და განუსაზღვრავს ვადას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ პირს ბინა არ დაუტოვებია, აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით გამოასახლებს.
_ პოლიციური გამოსახლების თემას რომ დავუბრუნდეთ, მის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე გავამახვილოთ ყურადღება…
_ ჩემი აზრით, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, არავის აქვს უფლება, საცხოვრებელ ბინაში შევიდეს სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი კი ბინაში ან სხვა საკუთრებაში სწორედ მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ შესვლას გულისხმობს. ჩემი შეხედულებით, საპოლიციო გამოსახლება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 21-ე მუხლთანაც და ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან. თუმცა საპოლიციო გამოსახლების გაუქმების უარყოფით მხარედ მიიჩნევენ იმას, რომ ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება საქმეთა განხილვის პროცესში არღვევს კანონით დადგენილ ვადებს და არსებობს მაღალი რისკი, სადავო ქონებასთან დაკავშირებული საქმეები დროში გახანგრძლივდეს, ამით მნიშვნელოვანი ზიანი მაიდგეს მესაკუთრეს, რეალურია; გამოსახლების შესახებაც სასამართლოში საქმეების განხილვა გაიწელოს გარკვეული ვადით, ხოლო საპოლიციო გამოსახლება სწრაფია და დროსთან არ არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით საჭიროა, სასამართლო ხელისუფლებამ აქტიური ზომები მიიღოს და გაზარდოს მოსამართლეთა კორპუსი, საქმეთა განაწილება მოხდეს ეფექტიანად, საქმის წარმოების პროცესი უნდა იყოს სწრაფი და ეფექტური, რადგანაც გამოსახლებებზე კანონის ახალმა მოთხოვნებმა რეალურად იმუშაოს.

თამარ ბატიაშვილი