ლაშა ჩხარტიშვილი: „მოვუწოდებ ბატონ ბიძინას და საინვესტიციო ფონდს, თავი დაანებოს მავნებლურ პროექტებში ფულის ჩადებას!“

11111

დედაქალაქში ეკოლოგიური დანაშაული გრძელდება…
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება:
_ საგანგაშოა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის ეკოციდი გრძელდება. ყოფილი ხელისუფლების წასვლის შემდეგ, სამწუხაროდ, მერმა და მისმა სტრუქტურამ ის ტრადიციები გააგრძელა, რაც მისი წინამორბედის დროს იყო: სამშენებლო ბიზნესის, პირდაპირ ვთქვათ, სამშენებლო მაფიისათვის ხელშეწყობა თბილისელთა ჯანმრთელობის ხარჯზე. შეიძლება მასშტაბები ჯერ არ გასცდენია წინამორბედისას, მაგრამ, ალბათ, არც ბევრი უკლია. ერთი კარგი რამ მოჰყვა ამას, ბიძინა გიორგობიანის თანამდებობიდან გადაყენებას ვგულისხმობ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და უნდა ვაღიარო, რომ ამ ადამიანის ხელით სრულიად მცდარი გადაწყვეტილებები მიიღეს და მისი გამწვანების სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში ბევრი რამ მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება დანაშაულებიც კი ეწოდოს, მაგალითად, იპოდრომზე ხეების მასობრივი განადურების ხელშეწყობას; მთაწმინდის ფერდობზე, ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ, ჯანსაღი ხეების განადგურებას და სხვა, მაგრამ ბიძინა გიორგობიანის გადაყენება, სამწუხაროდ, საკითხს არ მოაგვარებს და არც მგონია, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებებით და მონაწილეობით ხდებოდა ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება. ახლა ახალი ხელმძღვანელი ინიშნება, მაგრამ საეჭვოა, მარტივად მოგვარდეს პრობლემა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი კორუფციული ინტერესებია სამშენებლო სფეროში, რასაც თბილისის ეკოლოგიური გარემო და ასევე ურბანული თუ კულტურული მემკვიდრეობა ეწირება. ფაქტი ბევრია, უკვე ვახსენე იპოდრომზე დაწყებული პროცესი და იქ განვითარებული მოვლენები, სადაც ახალი მეთოდიკით მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ხელშეწყობა. კერძოდ, მერიამ პოლიციასთან ერთად თვალი დახუჭა, რომ ე. წ. ინვესტორებს და მშენებლებს გაენადგურებინათ მწვანე ნარგავები, მოესუფთავებინათ სამშენებლო მოედანი და ამის შემდეგ დაგვიანებული რეაგირება მოახდინა. ეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან როდესაც ქალაქის ცენტრში ხეები იჭრება და ამის აღკვეთას სჭირდება სულ რამდენიმე საათი, ბუნებრივია, ცალსახად შესაძლებელი იყო, ეს მოეგვარებინა როგორც პოლიციას, ასევე მერიის ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებს, მაგრამ თვალი დახუჭეს, შემდეგ კი თქვეს, _ უი, ეს რა მომხდარაო და, ფაქტობრივად, ქაღალდზე გააკეთეს რეაგირება, რაც, საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ, ამ კომპანიების დაჯარიმებით დასრულდა. სამართლებრივად არავინ პასუხს არ აგებს, ისევე როგორც არ უგიათ პასუხი ამ ქალაქში არასდროს არავის დანაშაულისთვის და სწორედ იმ დაუსჯელობის შედეგია, რომ დღეს ახალი ჩინოვნიკები იგივეს იმეორებენ, რასაც წინა პერიოდში უგულავა, გიორგობიანის წინამორბედი და სხვები სჩადიოდნენ. არც ერთისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ ამგვარი დანაშაულისთვის, არადა ეკოლოგიური დანაშაული ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი, სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასი, შეიძლება მეტიც, _ ის, რომ თბილისში და საქართველოში უმძიმესი სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც გაზრდილია არა მარტო სიმსივნური დაავადებები, არამედ სხვა ლეტალური ავადმყოფობები, ეს არის მათ წინაშე ჩადენილი დანაშაული და ამას ემატება ყოველდღიურად ასობით და ათასობით ადამიანი. სწორედ სურსათთან და გარემოსთან არის დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში სიმსივნეებით დაავადებულთა საგანგაშო მატება. აქედან გამომდინარე, მიმდინარე ეკოლოგიური დანაშაული ნამდვილად არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რასაც ჩვენ ვხედავდით ამ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, დღევანდელი მერია იგივეს იმეორებს.
_ კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ…
_ ეს პროცესი, ზოგადად, ყველა უბანში მიდის, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რამდენიმეზე შევჩერდები. „მწვანე სკოლა“ მკითხველისთვის ნაცნობი ადგილია, რომელთან დაკავშირებითაც ცინიკური ისტორიაა. ბოლო დროს ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომელიც მართლა ცინიზმის მწვერვალია, როცა გარემოს ანადგურებენ გარემოს დაცვითი ლოზუნგებისა და შირმის ქვეშ. სკოლა ბაკურ სულაკაურმა იყიდა, მას „მწვანე სკოლა“ დაარქვეს, რადგან ირგვლივ ულამაზესი 60-წლიანი ბაღი აქვს. შემდეგ, რის გამოც ეს პიარი წამოიწყო, ამ სკოლას მწვანე ბაღი საიმისოდ გაუკეთა, რომ იქ 60-წლიანი ხეები გაჩეხილიყო და კორპუსები აშენებულიყო. ამით, რა თქმა უნდა, დაზარალდებიან როგორც მოსწავლეები, რადგან მათ „მწვანე სკოლაში“ უნდოდათ სწავლათ და არა კორპუსის ეზოს სკოლაში, ამასთანავე მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს და ამ ბაღით ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა. ეს იყო ერთადერთი რეკრეაციული ზონა მათთვის და ესეც წაართვეს, რადგან ჯერ აღარ უშვებდნენ ამ სკოლის ეზოში, ახლა უკვე ჰაერსაც ართმევენ და, პრაქტიკულად, სიცოცხლის უფლებასაც, იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხას აპირებენ. ცოტა ხნის წინათ კამპანია წამოვიწყეთ, რამდენიმე აქცია გავმართეთ, წერილობით მივმართეთ მერიას, შეიძლება ითქვას, სულზე მივუსწარით და შევაჩერეთ კიდევ ერთი ვანდალიზმი და ეკოსისტემასთან კიდევ ერთი ბრძოლა, თუმცა ეს ხეები უკვე მონიშნული იყო. საბოლოო გამარჯვება ჯერ, ალბათ, ნაადრევია, რადგან გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ნებართვის გაცემაზე უარი ოფიციალურად გაცხადდება. იმედი გვაქვს, რომ ამას მივაღწევთ და მერიას ვაიძულებთ, ასე მოიქცეს.
ამასთანავე, დიღომშივე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა შექმნილი პარკთან მიმართებით. იცით, რომ დიღმის პარკი ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი პარკია, რომელიც თბილისს ჯერ კიდევ შემორჩა. სააკაშვილის დროს აქტიურად უტევდნენ და ეს აშკარად გამოჩნდა ჟურნალისტურ გამოძიებებში ვარძელაშვილისა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი, როგორც ჩანს, ახლაც გრძელდება. გამართლება ის არ არის, რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება მერიამ ისაუბროს იმაზე, _ რა ვქნათ, როცა უკვე წინამორბედმა ხელისუფლებამ გაყიდაო. მხოლოდ და მხოლოდ რიგ შემთხვევებში და ეს არ ეხება წინა შემთხვევებს, რაც  ჩამოვთვალე, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა არც მერიისა და არც პროკურატურის მხრიდან, რადგან საქართველოში და, კერძოდ, თბილისში, არის მრავალი საკანონმდებლო ქვემდებარე აქტი, რომელიც პირდაპირ კრძალავს ბაღების, პარკების, სკვერების, სპორტული სათამაშო მოედნების გასხვისებას და იქ სამშენებლო ნებართვების გაცემას. რაც ჩამოვთვალე, ამავე სათაურის დოკუმენტია ერთ-ერთი, რომელიც საკრებულომ 2003 წელს გამოსცა და რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, რომელიც მაშინ ოპოზიციაში იყო და საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. სამწუხაროდ, მას მხოლოდ პიარისთვის სჭირდებოდა ამ დოკუმენტის მიღება. არ ვიცი, როგორ და რა მოხდა, კონსტიტუცია 27-ჯერ მოირგო საკუთარ თავზე, ეს აქტი არ გააუქმა, სამაგიეროდ თავზე დაგვახია. მიუხედავად მისი არსებობისა, ის და მისი ამფსონები _ თბილისში მასობრივად ყიდდნენ ადილებს და ნებართვებს გასცემდნენ ხეების ჩეხაზე. ეს უნდა იყოს სწორედ საფუძველი პროკურატურისთვის, რომ იმოქმედოს და თუნდაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც წინამორბედის გაცემულია ან მოქმედის, უკანონობის გამო აღკვეთოს ამგვარი გარიგებები მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. პირდაპირ ვამბობ: არც ერთ ადამიანს საქართველოში ბაღის, პარკის, სკვერის გაჩეხისთვის თუ მისი გასხვისებისთვის პასუხი არ უგია და არც კი დაკითხულა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით იწყება ხოლმე, მაგრამ, ფორმალურად, შემდეგ გამოძიების მასალები თაროზე იდება. არავისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ. სწორედ მერიის დღევანდელმა წარმომადგენლებმა და ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, იგივე გაეგრძელებინათ და სწორედ იმის შედეგია, რაც ახლა ხდება. დიღმის პარკის შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნებართვა გაცემულია ძველი ხელისუფლების პერიოდში და საინტერესოა, ვისზეა ეს ნებართვა გაცემული? ეს გახლავთ შპს „მანდარინი“, რომლის მფლობელია კახა ოქრიაშვილი. ვინც არ იცის, ვინ არის ეს კაცი, ვეტყვი, რომ ის გახლავთ ყველა ხელისუფლების დასაყრდენი, ფარმამონოპოლისტი და ოლიგარქი, სხვა რა შეიძლება ითქვას მაშინ, როცა ისევე როგორც „ავერსისა“ და მისი კომპანია `პსპ~-ს გამო წამლები სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და, რიგ შემთხვევაში, ათჯერ მეტიც შეიძლება ღირდეს, ვიდრე უახლოეს სამეზობლოშიც კი?! სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ არც სამშენებლო მაფიას შეუქმნა რეალური ბერკეტები და გააგრძელებინა ეს პროცესი, ასევე ხელს უწყობს ფარმაცევტულ მაფიას და ამიტომაც არ ხდება მედიკამენტებზე დაპირებული ფასების შემცირება, პირიქით, ფასების ზრდა მიმდინარეობს და საშუალოდ 20%-იან ზრდაზე ავედით. ეს ისეთივე სასიკვდილო განაჩენია ბევრი ადამიანისთვის, როგორც ხეების მასობრივი განადგურება. ორივე შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ზარალდება და საქართველოში ამ საკითხს ათასობით ადამიანი ეწირება. ეკოლოგიურ დანაშაულზე ვიღაცებს შეიძლება უცოდინრობით და ზოგს უნამუსობით ჰქონდეს ზერელე წარმოდგენა და ამბობდეს, რომ ეს მეორეხარისხოვანი ფუფუნების საგანია. არამც და არამც! სიმსივნური დაავადებების ზრდა აშკარად სახეზეა და ეს ყველაფერი გარემოს დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, ასევე სურსათის საკითხებთან. ასე რომ, ამ ყოველივეს შეიძლება თამამად დაერქვას ეკოციდი, ანუ ეკოლოგიური გენოციდი, რაც ხდება თბილისში, თუნდაც პარკებთან მიმართებით და არ მიდგომა შეცვლილა, შეიძლება დღევანდელი ხელისუფლება დაეწიოს და წინასაც გადაასწროს. ამ ყოველივეს წერტილი უნდა დაესვას!
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეკოლოგიური დანაშაული იმიტომ ხდება, რომ კორუფციული გარიგებებია სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით, რომელშიც ხელისუფლება და სამართალდამცველები არიან ჩაფლულები. ერთი დიდი ჯაჭვია შეკრული…
_ ასეა. როგორც ვთქვი, შეიძლება ჩვენს მცირე მიღწევად ჩაითვალოს ის, რომ ბიძინა გიორგობიანი გადააყენეს, მაგრამ ეს არასაკმარისია. დარწმუნებული ვარ, ასე მარტივად ეს პრობლემა არ მოგვარდება. არ მგონია, ის რომ ყოფილიყო ინიციატორი, რაც ხდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მან ამაში სერიოზული მონაწილეობა მიიღო და შესაბამის კითხვებს უნდა უპასუხოს, მათ შორის, სამართალდამცველ ორგანოებში, რადგან, რიგ შემთხვევებში, აშკარა იყო დაკვეთა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სამშენებლო საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. იგივე იპოდრომთან მიმართებით ვფიქრობთ, რომ იყო ხეების მასობრივი ჩეხა და დაგვიანებული რეაგირება, ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მართალია, აღარ ჩეხენ, მაგრამ დღესაც განიხილება სრულიად გაუგებარი და გაუგონარი პროექტი, სადაც 13 ცათამბჯენის მშენებლობაზეა ლაპარაკი იპოდრომის ტერიტორიაზე, რაც ისედაც გაუვალ ქალაქის ცენტრს, საბოლოოდ მანქანების ყაბზობას დამართებს და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. სრულიად წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვის, როცა შევიტყვე, რომ ჭავჭავაძის გამზირზე „აქსის თაუერის“ მშენებლობა განახლდება. როგორც ამბობენ, საინვესტიციო ფონდიდან იდება თანხა. იცით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონაწილეობით შექმნილი ფონდი. სრულიად გაუგონარი ამბავია, თუ ეს ადამიანი აცხადებს, რომ საზოგადოების მხარდამჭერია და მასზე ზრუნავს, გაუგებარია, რატომ შეიძლება ასეთ მავნებლურ პროექტში დებდეს ფულს, ისევე როგორც დიდ ჰესებში? მისი დაპირება ძალიან კარგად მახსოვს წინასაარჩევნოდ, როგორც „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის პროგრამის ერთ-ერთი თავის ავტორს და ეს ახალი ამბავი იყო ჩემთვის, სრულიად მიუღებელი, გაუგონარი და გასაოცარი. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ეს ადამიანი ასეთ პროექტებში ხარჯავდეს ფულს, მით უმეტეს, არც მგონია, რომ კომერციულად მომგებიანი იყოს ასეთი რაღაც გიგანტომანიური წამოწყებები, რომელიც აქ არის. სხვა გზაც არსებობს ამ ქვეყანაში, ისე დახარჯო ფული, რომ ადამიანიებიც მადლიერი გყავდეს, საზოგადოებამაც მიიღოს შედეგი და შემოსავალიც და შენც მიიღო მოგება. ამას რატომ აკეთებს ეს ხელისუფლება, ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ ბატონ ბიძინას და საინვესტიციო ფონდს, თავი დაანებოს ასეთ მავნებლურ პროექტებში ფულის ჩადებას! აქ საჩქარო არაფერია! უმჯობესია, გრძელვადანი პროექტები განხორციელდეს, რომელიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და არა ეკოლოგიურ სიკვდილს! 6-7 საათზე ჭავჭავაძის გამზირი რომ გაიაროთ, რამხელა დრო დაგჭირდებათ მანქანით გადაადგილებისას, ამას დაემატება ერთი ამდენი მანქანები. ორი 40-სართულიანი კორპუსი, რა ნორმაში შეიძლება ჯდებოდეს, რა წარმოდგენასა და ფანტაზიაში, კიდევ ვერ ვხვდები. თუ ეს კორპუსები აშენდა, არ ვიცი, გამოჩნდება კი იქ ცხოვრების მსურველი? რა გარემოში იცხოვრებენ, რა ჰაერს ჩაისუნთქავენ და როგორ იგრძნობენ თავს? იმაზე მაინც დაფიქრდნენ პროექტის ავტორები, საერთოდ მოახერხებენ თუ არა ამ ბინებისა და ოფისების გაყიდვას, რადგან, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება საერთოდ ჭავჭავაძის ქუჩით სარგებლობა.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ბიძინა გიორგობიანს დაუკავშირდა:
_ ლაშა ჩხარტიშვილმა ჩემთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე განცხადება გააკეთა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩემგან პასუხი არ ეგების მის იმ გამონათქვამებზე, რომელიც ჩემი მისამართით გააკეთა _ ისეთი ბრალდებები გააჟღერა, არ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს საერთოდ რამე უნდა ვუპასუხო. მან მშვენივრად იცის, ვინ ვარ და ისიც მშვენივრად იცის, რომ იმის გამკეთებელი არ ვარ, რასაც მაბრალებს, ამიტომ ახლაც არ გავაკეთებ კომენტარს.
ასევე დავუკავშირდით ბაკურ სულაკაურს, რომლის კოორდინატებიც მისივე ოჯახის წევრთან გადავამოწმეთ. თუმცა, მას შემდეგ რაც „ქრონიკა+“ ვუხსენეთ, გვიპასუხა რომ ნომერი შეცდომით ავკრიბეთ.
„ქრონიკა+“-ის ზარებსა და სატელეფონო შეტყობინებებს არ უპასუხა კახა ოქრიაშვილმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი