მარია სლაზაკი საქართველოში – რა მოისმინა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოლეგებისგან?

77

 

7 ნოემბერს, იმ დროს, როცა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი _ მარია სლაზაკი, საქართველოში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ ერთ-ერთ დარბაზში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას უძღვებოდა, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძეს პოლიციის უფროსის კაბინეტში სცემდნენ!

ადვოკატების თქმით, გიორგი ახლაც საავამდყოფოში იმყოფება, მისი კოლეგები კი შს-ს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ. ნაცემი გიორგი მდინარაძის ფოტოები, სადაც ნათლად არის აღბეჭდილი ფიზიკური ზემოქმედების კვალი, სოციალური ქსელით გავრცელდა. ამბობენ, რომ პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ადვოკატმა თავის დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. ადვოკატ მუხრან ღურწკაიას თქმით, ადვოკატ მდინარაძის ცემაში უშუალოდ პოლიციის უფროსი მონაწილეობდა: „ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტი გაუგონარი და შემზარავი შემთხვევაა, რომელიც თითოეულ ადვოკატს ეხება და განსაკუთრებით ჩვენ გვეხება _ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ბედავენ, ჩაერიონ და ხელი შეუშალონ საადვოკატო საქმიანობას და ფიზიკურად გაუსწორდნენ ადვოკატს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, გიორგიმ პოლიციელებს წინააღმდგეობა გაუწია, რაც აბსურდია და მოკლებულია ყველანაირ სამართლებრივ მსჯელობას, როგორ უნდა გაეწია ადვოკატს პოლიციისთვის წინააღმდეგობა, რა საქმე უნდა ჰქონდეს პოლიციელთან? ის იცავდა თავისი დასაცავი პირის უფლებებს. ბრალდებული ხომ არ იყო, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა გაეწია? გიორგის ცემის ფაქტი იმას ნიშნავს, რომ ე. წ. პოლიციელები თითოეულ ჩვენგანს გაუსწორდენ ფიზიკურად. ამას არ მოვითმენთ და არ ვაპატიებთ. დღეს რომ ეს ამბავი რეაგირების გარეშე დარჩეს, ხვალ ყველას უნდა ეშინოდეს დასაცავი პირის უფლებების დაცვა“. როგორც გიორგის ფეისბუქგვერდიდან შევიტყვეთ, ის პოლიციაში წასვლამდე იმ კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ქართველი ადვოკატები, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად, ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს აპროტესტებდნენ და ადვოკატის ინსტიტუტის გასაძლიერებლად გეგმებს სახავდნენ.

„აჰა, ერთ-ერთმა განყოფილებამ პირველმა მომილოცა ადვოკატთა დღე 2:00 საათზე! მილოცვის ფორმა შემდეგია – არასრულწლოვანი დააკავეს და პროფესიული ვალდებულების შესასრულებლად მივდივარ!“ _ წერს 16 საათზე გიორგი მდინარაძე სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა მისი ცემის ფაქტი. ჩვენი ინფორმაციით, ადვოკატის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ქვეყანაში რომ „კედელს ცერცვი შეაყარეს“ მდგომარეობაა, ესეც თვალნათელია.

კონფერენციაზე, სადაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობა, საქართველოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ,   ქართველ ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტები განიხილეს. ამ დროს კი  ერთ-ერთ გამჭვირვალეშუშებიან შენობაში ადვოკატს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რაც ნამდვილად საგულისხმო და შემაშფოთებელია. საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა და იქ შეკრებილ ადვოკატებს მიმართა:

_ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებიც ბევრ რამეს აკეთებენ როგორც თოთოეული მოქალაქისთვის, ასევე მთელი სახელმწიფოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ეფექტური მართლმსაჯულება. ასეთი მართლმსაჯულება ვერ შედგება, თუ არ იქნება ძლიერი დაცვა, არ იქნებინ ისეთი ძლიერი იურისტები, რომლებიც შექმნიან ძლიერ შეჯიბრებითობას ჩვენს სასამართლო დარბაზებში. ამის გარანტია ხართ თქვენ. თქვენ ხართ იმის გარანტია, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც შეხებაში იყო სასამართლოსთან, სამართლებრივ სისტემასთან, თავს გრძნობდეს დაცულად და იცოდეს, რომ მისი ინტერესები იმ ლიმიტამდე, სანამდეც ის უნდა განხორციელდეს, განხორციელდება კვალიფიციურად. ამისი უმიშვნელოვანესი გარანტი ხართ თითოეული თქვენგანი. ბატონი ზაზა საუბრობდა იმის შესახებ, რომ თქვენ გჭირდებათ დაცვა და მხარში დგომა, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად შეხებაში მოდიხართ ურთულეს პრობლემებთან. თქვენ გჭირდებათ, რომ არასდროს აღარ განმეორდეს ის შემთხვევები, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს პრაქტიკაში იყო. მე მახსენდება ბატონი ზაზას აქტიური ბრძოლა, რომელსაც ის აწარმოებდა საერთაშორისო მასშტაბით, იმიტომ რომ თითოეული წევრი იმ ადვოკატთა კორპუსისა, რომელიც გაერთიანებულია ამ ასოციაციაში, ყოფილიყო დაცული და მათი უფლებები ყოფილიყო დაცული. თქვენ უნდა მოგეცეთ საშუალება, რომ თავისუფლად იმოქმედოთ და ჩაერთოთ მართლმსაჯულების პროცესში.

კონფერენციაზე ზაზა ხატიაშვილიც გამოვიდა სიტყვით და გაიხსენა სახელმწიფო უწყებებისგან ადვოკატების ზეწოლის ფაქტები. საუბარი შეეხო უკანონობას, როცა ადვოკატს სამართალდამცველ სტრუქტურებში მოწმის სახით იბარებენ და თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების საქმეებზე ჩვენების მიცემას სთხოვენ.

როცა ვინმეს ადვოკატის წინააღმდეგ შეაქვს საჩივარი და ადვოკატი მერე მართლდება, არასდროს ის პირი აღარ ისჯება, ვინც ადვოკატს შეურაცხყოფა მიაყენა. უკანონო დაკავებაზე არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. როცა ასეთ საქმეებზე მთავარ პროკურატურას მივმართავ, ისინი მწერენ, რომ მივიჩნევთ, ამ საქმეში არ  დავიწყოთ საქმეო, არადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ვალდებულები არიან, ასეთ ფაქტებზე გამოძიება დაიწყონ. გამოძიების შეთხვევაში, ეს ადამიანები, უმეტესწილად, პოლიციელები, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, რადგან უკვე არსებობს გადაწყვეტილება, რომ ადვოკატმა თუ კანონი არ დაარღვია, ანუ ვიღაცას მოუნდა და დააკავეს ადვოკატი, არ შეიძლება. ერთხელაც ადვოკატის ცემის ფაქტზე მივმართეთ პროკურატურას და იქიდან გვიპასუხეს, ადმინისტრაციული წესით დავსჯითო. ახლა ვეკითხები მათ, მე რომ ვცემო პროკურორი, მეც ადმინისტრაციული წესით დამსჯიან?

ერთ-ერთი უკანონო ფაქტი იყო ის, რომ პროფესორი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი, როინ მიგრიაული, დაკითხვაზე დაიბარეს. ბატონი როინი მივიდა და უთხრა, რომ ჩვენებას არ მისცემდა. არც ერთ ადვოკატს არც ერთი ღერი თმა არ უნდა ჩამოუვარდეს. ამისათვის მოვედი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ. თუ ადვოკატს ერთი ღერი თმა მაინც ჩამოუვარდება, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად, რადგან ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

კონფერენციის მთავარი თემა იყო ის, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავისი პროფესიის გავრცელება ჩარევისა და შიშის გარეშე, საკუთარი უფლებების სრულყოფილად დაცვა.

ადვოკატების საქმიანობაში ხელშეშლის კონკრეტულ ფაქტებზე „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად რამდენიმე ადვოკატი ესაუბრა.

როლანდ შონია, ადვოკატი:

_ ციხეში დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლის დროს ადვოკატების  ე. წ. შემოწმება ტარდება, სინამდვილეში ეს არის ჩხრეკა და იმაზე უარესიც. ამას შემოწმებას ვერ დავარქმევ. ადამიანმა, რომელიც ამ პროცესს ატარებს, ერთხელ შიგნით შესატანი დოკუმენტაციის კითხვაც კი დაიწყო. თუ ამის გამო შენიშვნას მისცემ ან გააპროტესტებ, აქეთ გიქმნიან პრობლემებს. 9 წელი ახალაიების უსამართლობის მსხვერპლი ვიყავი. მათ გამო 3 ქრონიკული დაავადება ავიკიდე, რადგან ჩემ მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავება, შანტაჟი, თავდასხმა. ახლა იმ ფორმით არ არის ზეწოლა, რაც წინათ იყო, მაგრამ სამართალწარმოებაში კვლავ ხარვეზებია. საქმე ის არის, რომ დღესაც იგივე პოლიციელები მუშაობენ და ორ-სამ წელიწადში, ცხადია, ფრთებს ვერ შეისხამდნენ. მოსამართლეები, რომლებსც 9 წელი სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ახლა როგორ გახდებოდნენ სამართლიანები? ასეთები  ყოველთვის აურევენ, როცა კი შანსი მიეცემათ.

საფრანგეთიდან ჩამოსული სტუმარი წეღან თავისი ქვეყნის მაგალითებს ყვებოდა. როგორც ჩანს, არც იქ არის იდეალური სიტუაცია და დარღვევები ხდება, მაგრამ აქ არც ხელისუფლების ცვლილებამ გვიშველა. ახლაც ახერხებენ იმ ადვოკატების დისკრედიტაციას, რომლებიც მებრძოლები არიან და არაფერს უთმობენ. რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა დაცვას ვახორციელებდი და საპროცესო შეთანხმებას მივაღწიე, ამის მერე პროკურორმა მხარე დაიბარა და უთხრა, _ ტყუილად რატომ კარგავ ფულს, ადვოკატს უკან მოსთხოვე, საპროცესოსთვის კი სახაზინო ადვოკატს დაგინიშნავო. ყველა რაიონში თოთო-ოროლა ისეთი ადვოკატიც ჰყავთ, რომლებიც არ არიან სახაზინო, მაგრამ, ფაქტობრივად, ისე აკეთებენ ყველაფერს, სახაზინოც რომ ვერ შეასრულებს ასეთი სიზუსტით პროკურატურისა და პოლიციის ნათქვამს. მუშაობის ძველი მეთოდებიდან ძალოვან უწყებებსა და ხელისუფლებას ბევრი რამე აქვს შენარჩუნებული და გამოსწორებულიც თითქმის არაფერია.

_ თქვენ ადვოკატების ასეთ მდგომარეობას ხელისუფლებას აბრალებთ?

_ ბუნებრივია, მას ვაბრალებ. ერთადერთი, რის გამოც მათ დავუჭირე მხარი, სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ ესეც არ გამოსწორდა და ნამდვილად ვნანობ ჩემს ნაბიჯს.

 

გიორგი თევზაძე _ უფლებადამცველი, ადვოკატი:

_ ადვოკატებს საპატიმრო დაწესებულებებში სერიოზულ შეზღუდვებს უწესებენ. მე მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას: როცა ისინი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სანახავად ციხეში შედიან და ჯვარი უკეთიათ, სთხოვენ, რომ ის მოიხსნან. ამ საკითხზე მე და ბატონი ზაზა ხატიაშვილი, თავის დროზე, სოზარ სუბარს შევხვდით, რომელიც მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მაგრამ მან გვიპასუხა, რომ ჯვარი იმ აკრძალული ნივთების ჩამონათვალში წერია, რომლით შესვლაც საპატიმროში არ შეიძლება, თუმცა იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ჯვრის მოხსნა ადამიანის რწმენის შეურაცხყოფაა, ასევე ადვოკატის პროფესიის დაკნინების ერთ-ერთი კომპონენტიცაა.

გარდა ამისა, ადვოკატებს იბარებენ დაკითხვაზე იმ საქმეებზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ. კონფერენციაზე ხატიაშვილმა როინ მიგრიაულის ფაქტიც  გაიხსენა, თუმცა არსებობს სხვა ფაქტებიც. ადვოკატებს წინა ხელისუფლებაც ებრძოდა და ახლაც ასეა, არაფერი შეცლილა,

_ რატომ უნდა თითქმის ყველა ხელისუფლებას ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინება და დასუსტება?

_ დაცვის სისტემის, ადვოკატის გაძლიერება ნიშნავს კანონის უზენაესობის გაძლიერებას. როგორც ჩანს, ეს არ სურს ხელისუფლებას. როდესაც თითოეული მოქალაქის დაცვა გარანტირებულია, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები ვიღაცის უფლებებს ვეღარ შეზღუდავენ. წინა ხელისუფლებას არ აწყობდა, დაცვა ძლიერი ყოფილიყო, ისინი ყოველთვის დაკნინებისკენ მიდიოდნენ, რადგან მათ სასამართლო ხელისუფლება არ ჰქონდათ ძლიერი. დღევანდელ სასამართლოში სიტუაცია, გარკვეულწილად, ძველს წააგავს. როდესაც ხელისუფლებას პრეტენზია აქვს დამოუკიდებელ სასამართლოზე, დემოკრატიულ ღირებულებაზე, საუბარი  უნდა იყოს სულ სხვა მიდგომებზე, რაც არ ხდება. ქალბატონმა მარია სლაზაკმაც გვითხრა და ჩვენც იგივეს ვაპირებთ, ვიბრძოლებთ მომავალშიც, რათა ქვეყანაში კანონი იყოს უზენაესი.

 

როინ მიგრიაული, პროფესორი, ადვოკატი:

_ ერთ-ერთი ჩემი კლიენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მე კლიენტის ადმინისტრაციულ საქმეს ვაწარმოებდი საგადასახადო ორგანოს წინააღმდეგ გადასახადებთან დაკავშირებით. მას ბრალი წაუყენეს გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით მაშინ, როცა შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება გვქონდა დაწყებული დარიცხული გადასახადების უკანონობაზე. მინდობილობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს აქტები, ანუ საგადასახადოს აქტები გავასაჩივრე და ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის მიღება უნდოდათ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩემი კლიენტი უკვე დაჭერილი გახლდათ. პროკურატურამ ამ ადმინისტრაციულ საქმეზე დამიბარა.

არა მარტო კანონით, არამედ ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს კონვენციითაც იკრძალება ადვოკატის დაკითხვა იმ საქმეზე, სადაც ის კლიენტის ინტერესებს იცავს. ჩვენს კანონშიც არის ეს მუხლი და ეს საკითხი მოწესრიგებული გვაქვს როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო კოდექსში და ადვოკატთა შესახებ კანონში. ნორმატიულ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მაინც ხდება ასეთი რამ.

თავიდან მისვლაზე უარი განვუცხადე, მაგრამ მერე, სასწრაფო წესით, უწყება გამომიგზავნეს და დრო დამინიშნეს, როცა ფინანსურ პოლიციაში უნდა მივსულიყავი. ამის შესახებ ზაზა ხატიაშვილს ვაცნობე. მივედი ფინანსურ პოლიციაში და ჩვენების მიცემაზე უარი განვაცხადე, თუმცა ამისთვის 1-საათიანი ახსნა-განმარტება და იმ ნორმების მოშველიება დამჭირდა, რაც უკვე დავასახელე. მე კი განვაცხადე უარი, მაგრამ თავად ფაქტი იყო არასწორი. კლიენტთან კომუნიკაცია რომ მქონოდა და მას ეთქვა, მიეცი ეს ინფორმაციაო, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ როცა შენი კლიენტი დაკავებულია და არ იცი, პროკურატურა შენს ჩვენებას როგორ გამოიყენებს, არ უნდა მიმეცა და არც მიმიცია ჩვენება.

_ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კლიენტზე ინფორმაციის მისაღებად, როგორც ადვოკატი, დაკითხვაზე დაგიბარეს?

_ ჩემთან მიმართებით პირველი იყო, თუმცა სხვა ადვოკატებსაც ჰქონდათ იგივე პრობლემები. როგორც შევატყვე, პროკურორები, რომლებიც ჩემს დაკითხვას აპირებდნენ, 25 წლიდან  არა უმეტეს 30 წლამდე ასაკის იყვნენ. ჩემი აზრით, მათ კანონიც არ ოცოდნენ, ანდაც ცუდად განმარტავდნენ ამ კანონს. ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლა უნდა ისჯებოდეს კანონმდებლობით ისევე, როგორც ისჯება ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლა. ჩვენ არანაკლები საზოგადოებრივი ტვირთი გვაქვს, ამიტომ გვჭირდება შესაბამისი გარანტიები. სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. ასეთ შემთხვევაში ავოკატი უფრო თავისუფალი გახდება.

_ ასეთი კანონების მიღება ვინმეს არ უნდა?

_ საქართველოში კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პარლამენტში ასეთი საკითხები რომ გაიტანო, ან ძალიან ძლიერი ლობისტი უნდა გყავდეს, ან თავად პარლამენტარს უნდა შეეხოს ეს და მერე ამოძრავდებიან. ჩვენთან პარლამენტარობის კულტურა არ არსებობს. დეპუტატები პირადი ინტერესებით არიან დაკავებული და არ აწუხებთ საზოგადოებრივი ინტერესები. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს მომზადებული იგივე ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ვინმემ ლობირება არ გაწია, მაინც ვერაფერი ხერხდება.

_ კი მაგრამ, იქ ხომ გყავთ ყოფილი ადვოკატები, თან არაერთი? ისინი ამ საკითხების გადაჭრაში არ გეხმარებიან?

_ ის ყოფილები „დიდ პოლტიკოსებად“ იქცნენ და, შესაბამისად, ადვოკატობისა და ადვოკატების მიმართ ინტერესი დაეკარგათ.

 

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი