ირმა ინაშვილი: „სააკაშვილის დროსაც არ მიმიმართავს შიმშილობისთვის, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს მაიძულა!”

66543

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ უვადო შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ქვეყნის მთავრობას ორ მოთხოვნას უყენებენ _ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მზაობა არა 2020 წლისთვის, არამედ იმ დღიდან, როდესაც საპროტესტო აქცია დაიწყო.

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ესაუბრება:

_ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, მისი მთავარი დაპირება კარგად გვახსოვს _ ეს იყო საარჩევნო გარემოს შეცვლა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ის, რაც საგარეჯოში მოხდა, ეს იყო სიგნალი და ტესტი, რა არჩევნების ჩატარებასაც აპირებს ხელისუფლება 2016 წლისთვის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ლაპარაკი არ არის იმაზე, ირმა ინაშვილი დავიცვათ და მის გამო გავიდეთ აქციაზე. ჩემ გამო აქ არავინ მოსულა, აქციაზე ხალხი სიმართლისა და იმის გამო მოვიდა, რომ თვალნათლივ დაინახა, საგარეჯოში არჩევნები ტოტალურად რომ გაყალბდა. საგარეჯოს არჩევნებში რაც მოხდა, ეს იყო სააკაშვილის გზის გამეორება. ტერორი, ამომრჩევლის დაშინება, დამუქრება, რომ სოცდახმარებებს მოუხსნიან და სამსახურებიდან გაუშვებენ, შეთავაზებები ამა თუ იმ სოფელზე, რომ მილიონებს ჩაგირიცხავთ და აგაყვავებთ. მაგალითად, სოფელ უდაბნოს წინასწარ რეაბილიტაციის პროექტი შესთავაზეს; აზერბაიჯანულ მოსახლეობას რაც გაუკეთეს, ვიცით, ტერორი და მოსყიდვა, ორივე მექანიზმი გამოიყენეს. ასევე დაშინება, ყველა უბნის წინ იდგა გამგებელი, მარნეულიდან ჩამოსულები იყვნენ სამხედრო კომისარი, გამგებელი და უშუალოდ აკონტროლებდნენ ამომრჩევლის შესვლას უბანზე. 41 ნომერს ხელზე აწერდნენ, მერე კომისიის წევრები ხმის მისაცემ ჯიხურში მიჰყვებოდნენ და თავისი ხელით ახაზინებდნენ 41-ს. პარალელურად, გარეთ მობილიზებული იყო გიგლა აგულაშვილის რაზმი ზონდერებთან ერთად, რომლებიც, სხვათა შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერს, თარხან გასვიანს და მერე ჩვენ გვაბრალებდნენ, იარაღით დადიანო. სწორედ თქვენი მეშვეობით გავრცელდა იმის დამადასტურებელი მასალა, რომ იქ ჩვენი დაცვის სამსახური მუშაობდა და მიხეილ ცილიკიშვილი, ვისზეც საუბრობდნენ, დაცვის სამსახურშია, გაზის პისტოლეტზე იყო საუბარი. ეს ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ საგარეჯოში ჩაიდინა, სააკაშვილის გზის გაგრძელებაა, მისი მეთოდოლოგიის, ხელწერის, ტაქტიკის, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო, არ მოგვწონდა და რასაც ვაპროტესტებდით. ჯარის გამოყენება არჩევნებში, სამარცხვინოა, თავდაცვის მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ჯარს, როცა გამოიყნა და წინასწარ მისცა 41 ნომრით მოხაზული ბიულეტენები. პრაქტიკულად, ჯარს არ გაუკეთებია არჩევანი, არჩევანი გააკეთებინა თინა ხიდაშელმა და, თავის დროზე, „ქართული ოცნება“ სპეცუბნების შექმნასაც აპროტესტებდა, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე სპეცუბანი კარგია და კანონიერია. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ უჯარმის მე-13 უბნიდან, რომელსაც მუხროვანის ხმები შეერია, 100% ჯარისკაცების ხმისა, სახელისუფლებო კანდიდატზე იყო მიცემული. ასეთი რამე შეიძლება მხოლოდ ჩრდილო კორეაში მოხდეს და შეიძლებოდა მომხდარიყო სსრ კავშირში, მაგრამ იქაც თამაშობდნენ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს. აქ რაც მოხდა, სამარცხვინოა. რა გამოდის? _ თავდაცვის მინისტრი 2016 წლის არჩევნებისთვის 30 000-ზე მეტ ჯარისკაცს მიაცემინებს ხმას და 50-ზე მეტ სპეცუბანს შექმნის? ამიტომ ჩვენს მოთხოვნებს შორისაა სპეცუბნების გაუქმება, რომ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს ხმა მისცეს საგარეჯოელმა და არა მესტიელმა, ლაგოდეხელმა და ზუგდიდელმა, რაც მოხდა. ეს უნდა გაუქმდეს. ასე ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ზოგადად საარჩევნო გარემოზე გარანტიების მოცემა, არა 2020 წლისთვის, არამედ, 2015 წლის 9 ნოემბრიდან, რა დღიდანაც ვშიმშილობთ. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნებისმიერი რანგის საჯარო მოხელეებს, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული, დაფუძნებული თუ დაქვემდებარებული კომერციული, იურიდიული პირების თანამშრომლებს, აეკრძალოთ საარჩევნო პროცესში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია-პროპაგანდა. ასეთი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული. არჩევნების დღეს სავალდებულო უნდა იყოს ხმის მიცემა და ჯარიმა უნდა იყოს დაწესებული, რაც გამორიცხავს ავტობუსებით, „მარშუტკებით“ და დაშინებით ხალხის საარჩევნო უბნებზე მიყვანას, ანუ ხალხი მოტივირებული იქნება, რომ მივიდეს და ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, ისე, რომ პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებთან ერთად, ყველა სუბიექტს თანაბარი წევრი ჰყავდეს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ჩვენ არ გვყავდა კომისიაში წევრი იმის მიუხედავად, რომ კვალიფიციური პარტია ვართ. კვალიფიციურ სუბიექტებს თანაბარი უნდა ჰქონდეთ დროც, სახელმწიფო დაფინანსებაც, საარჩევნო ნომერიც. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ კარგად გააცნობიეროს, ჩვენ იმაზე კი არ ვლაპარაკობთ ახლა, მოვიგეთ თუ წავაგეთ, უკამათოა, ეს არჩევნები მოვიგეთ და ყველამ იცის, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, მედიამაც, ვინც ესწრებოდა და აშუქებდა ამ არჩევნებს. ჩვენ ახლა ხელისუფლებისგან ველით გარანტიებს, რომ იგივეს არ გააკეთებს, რაც საგარეჯოში გააკეთა და ასე არ დააჯდება საარჩევნო პროცესს არც თავდაცვის მინისტრი, არც გარემოს დაცვის მინისტრი, არც მათი მოადგილეები და ა. შ., თორემ თუ ჩვენ ასეთი არჩევნები გვინდა, ეს არჩევნები არ იყო. ეს იყო დანიშვნა და არა არჩევნები. მთელი მთავრობა ჩავიდა საგარეჯოში, პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა, ასევე ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, საგარეჯოელებს მოუწოდა და პირდაპირ უთხრა, რომ თამარ ხიდაშელისთვის დაეჭირათ მხარი. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა. კი, შენი გუნდისა და პარტიის წევრს, რა თქმა უნდა, მხარი უნდა დაუჭირო, მაგრამ უნდა იყო ზომიერი და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ არჩევნები ნიშნავს თანაბარ პირობებს მასში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის და კანდიდატისთვის. ის, რომ მთელი მთავრობა გამოვიდა, ეს არ იყო თანაბარი პირობები. ასე ტანკებს გამოიყვანენ, გადაგივლიან და გაიმარჯვებენ არჩევნებში, მაგრამ ეს გამარჯვებაა? თუნდაც იმ პროცენტებიდან გამომდინარე, რაც დღეს სახეზე აქვს ცესკოს, 46% მე და 49% სახელისუფლებო კანდიდატს, განსხვავებაა, სულ რაღაც, 500 ხმა, ეს 500 ხმაა ივანიშვილის, პრემიერის, მთელი მთავრობის ავტორიტეტი?

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ ბერკეტად სასამართლოსაც იყენებს. ჩვენ ეს სიღნაღის სასამართლოს მაგალითზე ვნახეთ, როდესაც ფაქტები, მტკიცებულებები დაიდო, მოწმეები გამოვიდნენ, დაიკითხა საოლქო-საარჩევნო კომისიის თითქმის ყველა წევრი და უბნების წარმომადგენლები, ყველა შეთანხმდა, რომ დარღვევები იყო, 50 უბნიდან საოლქო კომისიამ 27-ს გამოუცხადა საყვედურები და ვითომ არაფერი. ეს საყვედური ჩემთვის შედეგს არ ცვლის, ხომ სწორია? არადა, იმაზე მიანიშნებს, რომ ოლქების ნახევარზე მეტში მძიმე დარღვევები იყო დაფიქსირებული, რაც ამ უბნების გაუქმების საფუძველია, მაგრამ მოსამართლემ არ იხელმძღვანელა სამართლიანობის პრინციპით, დღის ბოლოს 3 საათი შესვენება მოითხოვა, პირდპირ ვადებ ხელს მოსამართლე ვალერიან ბუგნიაშილს, ის გავიდა იმისათვის, რომ ზემოდან დირექტივა მიეღო _ რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. შესაბამისად, ვაცხადებ, რომ სასამართლოც პოლიტიკური წნეხის ქვეშ არის და ეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ დაპირება.

_ როდესაც გადაწყვიტეთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიგემართათ, ალბათ, ისიც გააანალიზეთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა. რას ელოდებით ხელისუფლებისგან?

_ ხელისუფლებისგან არ ველოდები, რომ ჩემი გამარჯვება აღიარონ, ეს არ არის ჩემი ინტერესი. სამართლებრივი გზით ვიმოქმედებთ, სასამართლოს მივმართავთ და ყველა საფეხურს გავივლით. ჩემს ინტერესში შედის, რომ არჩევნები წნეხისგან განთავისუფლდეს და დღესვე დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, ამ კომპრომისზე ხელისუფლება უნდა წამოვიდეს. აუცილებელია გააცნობიერონ, თუ ხალხის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ანუ თავისუფალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა, მძიმე შედეგებამდე მივა თვითონ ეს ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა მხოლოდ დღეს დიწყო და ის მოედება მთელ ქვეყანას. ყველა დიდ ქალაქში ასევე გამოცხადდება შიმშილობები და ადამიანები პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავენ. რატომ პროტესტის უკიდურესი ფორმა? რატომ და ამდენი ხანი გავიდა არჩევნებიდან, 10 დღეზე მეტი, ველოდებოდი, რომ „ქართული ოცნების“, უმრავლესობის ერთი დეპუტატი მაინც გამოვიდოდა და განცხადებას გააკეთებდა, რომ გმობს საგარეჯოში გაყალბებულ არჩევნებს. ვითომ არაფერი, ისე იქცევიან. ერთადერთი, ის მაინც რომ თქვა,  აუცილებელია შესწავლილი იყოს ვითარება და ობიექტურობა დაიცვაო, ეს ანი მიროტაძეა, ჩვენი კოლეგა, სხვას არც ერთს ხმა არ ამოუღია. ძალიან ცუდია, თუ ასეთი მონა უმრავლესობა გვყავს, ვისი და რისი მონები არიან, არ ვიცი. კარგი იქნება ქართველი ხალხის მონები და ინტერესების გამტარებლები იყვნენ, მაგრამ ამას ვერ ვხედავ. ირმა ინაშვილის პრობლემა ხომ არ დგას, არჩევნების გაყალბება ყველამ აღიარა, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ძალიან მკაცრი დასკვნები დადო და დარღვევები დააფიქსირა. ქვეყნის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ საგარეჯოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ჩვენი პროტესტის ფორმები არის მშვიდობიანი, ამიტომაც მივმართე ამას. მე სააკაშვილის დროსაც არ მიმიმართავს შიმშილობისთვის, ვიცოდი, რომ ის ხელისუფლება ბოროტია, ვებრძოდი და ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი ბრძოლა. დღეს იძულებული ვარ, პროტესტის ამ ფორმას მივმართო, რადგან ეს ხელისუფლებაც იგივე მიშა გახდა და ხალხის ხმაზე არ რეაგირებს.

_ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გქონდათ შეხვედრები. რეაგირება არ ჩანს…

_ რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გვქონდა საელჩოების წარმომადგენლებთან. ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, ბულგარეთის, ერაყის საელჩოების წარმომადგენლებიც კი იყვნენ. 20-ზე მეტი საელჩოს წარმომადგენელი მოვიდა ჩვენს ოფისში, საქმის კურსში ჩავაყენეთ, ფაქტები მივაწოდეთ, როგორ გაყალბდა არჩევნები. ასევე ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება, ჩვენი უფლებებისა და თავისუფალი არჩევნების დაცვა, რაც კონსტიტუცუიით არის გარანტირებული. გაეროს კონვენცია, ვენეციის კომისია, ყველა საერთაშორისო კანონმდებლობა რაც არის, თავისუფალ არჩევნებს და ამომრჩევლის ხმას იცავს. ისინი დეტალურად არიან ინფორმირებულნი. ამ დღეებში კიდევ გვექნება გაფართოებული შეხვედრა ელჩებთან, იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება და განცხადებებს გააკეთებენ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს მაინც შუალედური, ლოკალური არჩევნები იყო და ყურადღების მიპყრობა ამიტომაც არის რთული, თუმცა, დამეთანხმებით, რომ მაინც მოვახერხეთ. მედიის მხარდაჭერა ძალიან დიდი იყო და ამისთვის თქვენ უღრმესი მადლობა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ კედლების განგრევა და შუალედური არჩევნების მნიშვნელობა ავწიეთ, თან წამოვწიეთ გაყალბების პრობლემა. რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყო ჰეიდი აუტალა, ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი, ევროდეპუტატი. მან გუშინ ბრიუსელში მიმიწვია ამ საარჩევნო თემასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი, ჩვენი მრავალი წლის მეგობარი, უკვე გადავუგზავნეთ ფაქტები და მტკიცებულებები. უახლოეს ხანში ბრიუსელში ბევრი შეხვედრა დაიგეგმება ამ თემასთან დაკავშირებით.

_ თუ ხელისუფლება თქვენს მოთხოვნებს საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინებს, 2016 წლის არჩევნებზე რა შეიძლება მივიღოთ და როგორ გააგრძელებთ ბრძოლას?

_ თუ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაზედაც ჩვენც ვსაუბრობთ და ასევე 12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, თუ ძირფესვიანად არ შეიცვალა კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი და არ მოხდა კონსტიტუციური ცვლილებები, უნდა ველოდეთ, რომ საქართველოში დაიბადება ახალი კორეა და ახალი დიქტატურა. სააკაშვილის რეჟიმის მერე ამის საშუალებას ხელისუფლებას აღარ მივცემთ, რომც უნდოდეს, დიქტატორი გახდეს. ძალიან მკვეთრად არის გამოყოფილი ამ ხელისუფლების შიგნით რესპუბლიკური ფრთა, რომელსაც კლასიკური ტიპის ბოლშვიკები შეიძლება ეწოდოს. ეს არის ხალხი, რომელიც ლაპარაკობს დემოკრატიაზე, თავისუფელბაზე, მაღალ ღირებულებებზე და სინამდვილეში, როდესაც თვითონ არიან ხელისუფლებაში, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ჯარსაც, მათ თანამდებობასაც, სტატუსს. მარტო ჯარისკაცებს კი არა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც კი გამოიყენებენ, პოლიტიკური სარგებელი რომ მიიღონ. ძალიან ცუდია, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და მათი რეიტინგი 1-2%-ში მერყეობს, ივანიშვილმა ქვეყნის ხელისუფლების ნახევარი დუთმო ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ამ რესპუბლიკელებს საქართველოს ხელისუფლებიდან გამოვაძევებთ. მესმის, რომ ლევან ბერძენიშვილი და რესპუბლიკური პარტიის სხვა ლიდერები ძალიან არიან აღგზნებულები და აღელვებულნი საგარეჯოს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ამას არ მალავენ და ნერვიულობენ, რომ ირმა ინაშვილს ჩვენი პარტიის გაუქმება უნდაო. ჯერ ერთი, ტექსტიდან შინაარსის გამოტანა, მე მგონი არ უნდა უჭირდეს ლევან ბერძენიშვილს და სწორად წაიკითხიოს, რას ვეუბნები. გაუქმება სულ სხვა თემა და მიმართულებაა, თუმცა, ვარწმუნებ, რომ ქართველ ხალხს არ ეწყინება რესპუბლიკური პარტიის გაუქმება, როგორც `ნაცმოძრაობის~. ისე, არც ერთზე დაწყდება გული და არც _ მეორეზე, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიეცათ იგივე თავდაცვის მინისტრისა თუ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი და ხომ ნახეთ, როგორ იყენებენ მას? ჩვეულებრივი ნეობოლშევიკები არიან და არაფერი საერთო არ აქვთ დასავლურ ღირებულებებთან. დასავლური ღირებულება არც კი მოიაზრებს საკუთარ თავში არჩევნების გაყალბებას.

 

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი