ნუნუ ნათობიძე: „ინტერვიუს კი არ უნდა გაძლევდეთ, გამგებლის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს უნდა ვაგროვებდე!”

2222

თეთრიწყაროს საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობის 9-თვიანი შედეგები მოისმინა. საკრებულოს წევრი „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოდან“ „ქრონიკა+“-თან მუნიციპალიტეტში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ბიუჯეტი ყველაზე მეტად ისეთ საკითხებში ვერ სრულდება, რომელიც მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. ნუნუ ნათობიძე ასევე აცხადებს მუნიციპალიტეტის თავკაცების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ნეპოტიზმზე, არაპროფესიონალიზმსა და მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

 

„ქრონიკა+“-ს ნუნუ ნათობიძე ესაუბრება:

_ წინა პარასკევს საკრებულოს სხდომა ჩატარდა, სადაც გამგეობის მუშაობის გასული 9 თვის შედეგები განვიხილეთ. ბიუჯეტი ყველაზე მეტად იმ საკითხებში ვერ სრულდება, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სხვ. საგზაო მოწყობის რეაბილიტაციაზე და ექსპლუატაციაზე 49%-იანი შესრულება გვაქვს, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე _ 50%-იანი, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე _ 56%-იანი, სოფლის პროგრამებზე მხოლოდ 42%-იანი. სამაგიეროდ, უკეთესად სრულდება ხელფასებისა და პრემიების გაცემის გეგმა. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებლებია, დეპუტატებმა ამაზე პასუხი მოვითხოვეთ, საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა აგვიხსნა, რომ ეს გეგმები მე-4 კვარტალში შესრულდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ თეთრიწყარო მაღალმთიანი რაიონია და თოვლი მალე მოდის, ეს ნაკლებად საიმედო დაპირებაა. ამ სამ კვარტალში, სანამ კარგი ამინდები იყო, ვერაფერი გააკეთეს და მეოთხე კვარტალში გაკეთდება, ან ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში შესრულდება? იცით, რომ დღემდე თეთრიწყაროში საბავშვო ბაღები არ გახსნილა? მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღიდან არც ერთი მუშაობს. მოიკითხეთ საქართველოს მასშტაბით, ასეთი რამე თუ ხდება. საბავშვო ბაღებში ბავშვები ჯერ არ მისულან და რის გამო _ წლევანდელი ბიუჯეტი შარშან, 2014 წლის 14 ნოემბერს განვიხილეთ, 26 დეკემბერს კი დამტკიცდა. ბიუჯეტში ამ სამუშაოებისთვის თანხა ჩადებული იყო. საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა და შერემონტებულიყო. ბაღები ნამდვილად მოითხოვს სარემონტო სამუშაოებს, ამისთვის ტენდერები მარტსა და აპრილში უნდა გამოცხადებულიყო. როგორც კი ბავშვები დაისვენებდნენ და ზაფხულის არდადეგებზე წავიდოდნენ, ეს სამუშაოები უნდა დაწყებულიყო და ახალი სასწავლო წლისთვის მოსწრებულიყო. ამის მაგივრად ამათ ტენდერი ივნისის ბოლოს გამოაცხადეს, რომელიც ჩაიშალა. როგორც ჩანს, მსურველი შემსრულებელი კომპანია არ გამოჩნდა და 28 ივლისს საკრებულოს მიმართეს თხოვნით, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებულიყო სამუშაოები. საკრებულომ ნებართვა მისცა, სხვა გზა არ იყო, მაგრამ ამასაც ვერ მოაბეს თავი. აგვისტო წინ ჰქონდათ და თვენახევრის ვადაში შეიძლებოდა დაჩქარებული ტემპებით რაღაცის გაკეთება, ამის გამო დღემდე საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს. ავადსახსენებლებს ხომ ვუძახით კომუნისტებს, ეს მაშინაც კი რომ მომხდარიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა _ ვერც გამგებლისა და ვერც მისი მოადგილეების ბუმბულსაც ვერ იპოვიდით ჰაერში მოფრიალეს. წესით, ახლა, მე თქვენ ინტერვიუს კი არ უნდა გაძლევდეთ, ახალი კანონმდებლობის თანახმად, გამგებლის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს უნდა ვაგროვებდე! ამას აუცილებლად გავაკეთებდი კიდეც, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეგლამენტშია ჩადებული, ხელმოწრებს რომ შევაგროვებ, შემდეგ ხმათა უმრავლესობით ისევ საკრებულომ უნდა განიხილოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამას ვერ შევასრულებ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ჰყავს, ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია, „ოცნება“ თვითონ არ იყოს უკმაყოფილო. ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია, რომ ჩვენთან საბავშვო ბაღების საკითხი ასე ღიად არის. შესაბამისად, მოსახლეობაც ძალიან უკმაყოფლოა.

_ ჩვენმა გაზეთმა ადრე მასალა მოამზადა, სადაც თეთრიწყაროში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი. მაშინ რესპონდენტებმა გააჟღერეს, რომ საჯარო სამსახურებში არაკვალიფიციური ადამიანები არიან დასაქმებული, არის შემთხვევა, როდესაც საშუალო სკოლაც კი არ აქვთ დამთავრებული. ამის შესახებ რას იტყვით?

_ ნამდილად ასეა. მეც გავეცანი იმ მასალას, რომელიც თქვენს გაზეთში დაიბეჭდა. უაზროდ გახსნილი ააიპ-ები გვაქვს, რამდენიც გინდათ. ააიპ-ები იქცა ამათი ნაცნობ-მეგობრების, ძმაკაცების პენსიების, ხელფასების სახით გაცემის საშუალებად. რამდენიმე ააიპ-ია, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი შეუქმნია, არც ინტელექტუალური, არც მატერიალური პროდუქტი და უაზროდ აქვს მიცემული თანხები. მაგალითად, `თეთრიწყაროს განვითარების ფონდი”, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, სახელფასო და საოფისე ხარჯებისთვის კი, 100 000 ლარზე მეტი აქვს მიღებული.

მე თუ მკითხავდნენ, საკადრო პოლიტიკაში ჩვენს ხელისუფლებას ნულს დავუწერდი! არანაირი ყურადღება არ ექცევა ადგილობრივი კადრების მოზიდვას, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. საჯარო მოხელე შერჩეულია არა განათლების, პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ პროტექციონიზმით, ნეპოტიზმითა და ნაცნობ-მეგობრობის საფუძველზე. არც ჩვენი გამგებელი, ბესიკ წიკლაური გახლავთ ადგილობრივი. იგი წარმოშობით თეთრიწყაროდან კი არის, მაგრამ აქედან დიდი ხნის წასულები არიან და საერთოდ, არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს რაიონთან. თბილისელია და იქიდან მოიყვანა ბევრი თანამშრომელი. მიზეზად გამგებელმა არაკვალიფიციური კადრების სიმცირე დამისახელა, რაც ტყუილი და შეურაცხმყოფელია ადგილობრივებისთვის. დასანანია, როცა ხედავ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები, როგორ მუშაობენმუშებად, მძღოლებად, მაშინ როცა თბილისიდან ჩამოყვანილი ზოგიერთი `კვალიფიციური” მოხელე რთულ წინადადებასაც ვერ წარმოთქვამს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის ფონზე გამგებელმა ხელფასებში მილიონ 600 000 ლარამდე გასცა; მაღალი გამავლობის 7 ჯიპი იყიდა, თქვენს გაზეთშიც ეწერა ამის თაობაზე, რაშიც 117 000 ლარია გადაყრილი, მთლიანობაში კი 410 000 ლარი აქვს გახარჯული მანქანების ყიდვაში, მოვლაში, შენახვაში, ბენზინსა და ა. შ.

საკადრო პოლიტიკის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაასაქმეს ხალხი და როგორ ჩაატარეს გასაუბრებები.საკრებულომ გასული წლის ნოემბერში დაამტკიცა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შემდეგ გამოცხადდა კონკურსი. ვერ გეტყვით, რომ ეს მოთხოვნები ობიექტურად და კვალიფიციურად იყო შედგენილი. სამწუხაროდ,უმეტესად მორგებული იყო კონკურსანტებზე. შეიძლება განყოფილების გამგე საშუალო განათლების იყოს?! მთავარი სპეციალისტი მაინცდამაინც საშუალო განათლებით გინდა? ჩემი აზრით, კონკურსი იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოთხოვნები კონკრეტულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომელიც ამ სამსახურს სჭირდება. როცა საშუალება გაქვს, რომ ამ სამსახურში უმაღლესი განათლების მქონე დაასაქმო, რატომ უნდა მოიყვანო საშუალო განათლება მიღებული, თუ სხვა მიზნები არ გამოძრავებს?! პირველი კონკურსი ჩატარდა, ვაკანსიები ვერ შეივსო და 8 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გვიბარებენ. როცა მივედით, ერთადერთი საკითხი გვქონდა _ ერთ-ერთ ვაკანსიაზე იმპერატიული მოთხოვნა იყო, უმაღლესი განათლება. ეს სავალდებულო უმაღლესი განათლება ამოიღეს და შეცვალეს _ შესაძლებელია საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლებაო. ვუთხარი კიდეც, იმდენად სამარცხვინო ცვლილება იყო, ეჭვი არ შემპარვია, იქ კემბრიჯისა და ოქსფორდის დიპლომებით რომ მოსულიყვნენ, აუცილებლად იმ საშუალო განათლების მქონე პიროვნებას დანიშნავდნენ და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც თვითონ უნდოდათ! ჩემმა შვილმაც მიიღო მონაწილეობა კონკურსში. მართალია, ბაკალავრის დიპლომი აქვს, მაგრამ სამუშაო გამოცდილების არქონის გამო, მხოლოდ იმ ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი, სადაც საშუალო განათლება იყო მოთხოვნილი. გასაუბრებაც გაიარა, ერთ-ერთ ძალიან უბრალო ადგილზე დაინიშნა განყოფილების სპეციალისტად. 3 თვის შემდეგ ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს. გამგებელმა მასთან თვითონ დამიბარა რაღაც საკითხზე, ვისაუბრეთ, ნამდვილად არ მითხოვია, რომ ჩემი შვილი სადმე დაენიშნა, უბრალოდ, ვუთხარი, რომ მისი მხრიდან ეს არ იყო ადამიანური საქციელი, პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ ხომ არის ადამიანური ურთიერთობები?! მთელმა რაიონმა გაიგო, რატომ გაათავისუფლეს ჩემი შვილი. იმიტომ, რომ მე, თურმე, ბიუჯეტს ხმა არ მივეცი! როგორ უნდა მიმეცა იმ ბიუჯეტისთვის ხმა, როცა წინა სხდომაზე მეცამეტედ შევცვალეთ?! წარმოიდგინეთ, რა მტკივნეულია ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელმაც პირველად დაიწყო მუშაობა, გახარებულია და უცებ ათავისუფლებენ. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც გამეხარდა, ვიფიქრე, დემოკრატიაა-მეთქი, მაგრამ, საბოლოოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია აღმოჩნდა! იცით, გამგებელმა პირადად რა მითხრა? _ რა ვქნა, ეს პოლიტიკაა და თქვენი გოგონას გამო, ძალიან ვწუხვარო. გაოგნებული დავრჩი, რომ აღიარა. ვუთხარი – არ მწამს იმ პოლიტიკის, რომელიც ბავშვებს შურისძიების იარაღად გამოგაყენებინებს. როგორ შეიძლება ასეთი მიდგომა? თუ ჩემთან გაქვს ანგარიში გასასწორებელი, იძიე შური ჩემზე, ბავშვი რა შუაშია? ან რატომ დანიშნე, თუ უნდა გაგეთავისუფლებინა-მეთქი? ჩვენ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი ვართ!

_ საკრებულოში არიან დეპუტატები, რომლებიც, თქვენ მსგავსად, კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ?

_ ცდილობენ, რომ შიშის სინდრომი დათესონ. გახსოვთ, როგორ მოვიდნენ ესენი ხელისუფლებაში, როგორი რადიკალური განცხადებები ჰქონდათ სამართლიანობის აღდგენის თაობაზე? პირველი რაც გააკეთეს, კოჰაბიტაცია და „ნაციონალებთან“ თანაცხოვრება შემოგვთავაზეს. მერე ხომ იცით, ხარი ხართან დააბიო და ახლა ერთმანეთს ისე დაემსგავსნენ, რომ ვეღარ გამოარჩევ. მხოლოდ კონკრეტული სახეებია, აქეთ არის „ოცნება“, იქით _ „ნაციონალები“. კი, ერთმანეთს ეუბნებიან, თქვენ ამას აკეთებდით, ჩვენ ამას ვაკეთებთო, მაგრამ ერთი მიზანი აქვთ, ერთი გუნდია, ეს არის მხოლოდ სანახაობა, მეტი არაფერი! მართვის მეთოდები თითქმის ერთნაირია, მიმდინარეობს პოლიტიკური დისკრიმინაცია მხოლოდ კოალიციის არაწევრი პარტიების მიმართ, „ნაციონალების“ გარდა. მაგალითად: საკრებულოს პირველივე სხდომაზე ჩემ გვერდით დაჯდომა მოუწია ირაკლი ალასანიას პარტიის წევრს, გააპროტესტა, _ ალასანია რუსეთს ებრძვის, თქვენ კი რუსეთის მხარდამჭერი პარტიის წარმომადგენელი ხართ და არ მინდა თქვენ გვერდით ჯდომაო. როცა ირაკლი ალასანია ოპოზიციაში გადავიდა, ამას სულ დაავიწყდა რუსეთთან ბრძოლაც, მორალიც, ღირსებაც, ერთი სიტყვით, ბევრი რაღაც. დატოვა პარტია და ახლა „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

_ მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს რაიონს ისევ ძმები ბეჟუაშვილების კლანი მართავს…

_ დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ამას ბევრი ლაპარაკობს, ან რა გასაკვირია, ის ხომ პარლამენტში თეთრიწყაროს დეპუტატია?! ფაქტი ერთია, _ „ნაციონალები“ ხელუხლებლად არიან, სამსახურებშიც ისევ ისინი მუშაობენ და ა. შ. „ნაციონალები“ ხალხს წინასაარჩევნოდ რასაც შეჰპირდნენ, ამ ქუჩებს მოგიწესრიგებთ და ასფალტს დაგისხამთო, მხოლოდ ისინი კეთდება. თეთრიწყაროში „ნაციონალებმა“ გაიმარჯვეს, მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალი“ გახდა და დღეს ის პროექტები კეთდება, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდებოდა ხალხს.

სოციალურად დაუცველების საკითხსაც მინდა შევეხო. ეს ფაქიზი თემაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს შეფასების არსებული კრიტერიუმები. არსებობს პენსია, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა და როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს მოსახლეობისთვის, აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან ქულები არასწორად არის გადანაწილებული. ისე გამოდის, როცა ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს, უკვე პრივილეგირებულია და სახელმწიფო ხელს უწყობს, რომ აღარ იმუშაოს. ამას წინათ ერთი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანი მეუბნებოდა, _ რად მინდა ვიმუშაო, ან ძროხა ვიყოლიო, დახმარებას ვერ მივიღებო. ვინც შრომობს და თავს იწუხებს, ვინც წვალობს, რომ ლუკმაპური თავისი შრომით იშოვოს, ის უკვე დაჩაგრულია. არ ვამბობ, რომ გაჭირვებულ ხალხს დახმარება არ უნდა, სხვა მექანიზმი უნდა მოიძებნოს, თორემ ასე ხალხიც ზარალდება და ქვეყანაც. ეს სისტემა „ნაციონალებმა“ შემოიღეს, რომ თავიანთი მომხრეები დაესაჩუქრებინათ, ძალიან ცუდი სისტემაა! 13 ივნისს თბილისში წყალდიდობა რომ მოხდა, ისეთივე სიტუაცია იყო ჩვენთან, სოფელ ორბეთში, მანგლისთან ახლოს, წვიმების დროს წყალი ერთ-ერთ მოსახლეს, გოდერძი მახარაშვილს შეუვარდა, პირველი სართული ხომ დაეტბორა, ყველაფერი გაუნადგურდა, კედლები ჩამოიშალა, მაშველები რომ გამოიძახეს, იატაკი აყარეს, რომ წყალი ამოეტუმბათ. ამ ოჯახმა საშენი მასალებით დახმარებაზე განცხადება დაწერა. სოფელში ფული არ აქვთ, მოსახლეობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ერთი ძროხა მოწველონ და მაწონი გაყიდონ, ასე შოულობენ სარჩოს. გამგებელს მიმართეს და პასუხი მიიღეს, _ ვერ დაგეხმარებით, რადგან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ხართო. რა შუაშია ეს სოციალურად დაუცველთა ბაზასთან, როცა ასეთი უბედურება ხდება?! „ქართული ოცნება“ ძალიან კარგავს თავის ამომრჩეველს, ის ვერ პასუხობს ქართველი ხალხის ვერანაირ მოთხოვნას, ვერც სახელმწიფოებრივს, ვერც ეროვნულს, სხვანაირ პარტიად ჩამოყალიბდა. ნამდვილად მტკივა გული, თითქოს გვეგონა, რაღაც სიბნელიდან გამოვედით და ახლა ისევ ბნელში გვექაჩებიან. ჩემ მეტს, ალბათ, თეთრიწყაროს რაიონში ბიძინა ივანიშვილისთვის, მოქალაქეობას რომ ართმევდნენ, ხელმოწერები არ მოუგროვებია. ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც ოჯახებიდან პირუტყვი გაყიდეს, სამგზავრო ფული ჰქონოდათ, რომ აქციებში მონაწილეობა მიეღოთ, ღამეებს ათენებდნენ ოფისებში, რომ „ნაციონალებს“ არ დაერბიათ, დღეს ეს ხალხი პირში ჩალაგამოვლებული და გულნატკენია!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდა:

_ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. წარმატებით მიმდინარეობს ყველამნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც რაიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: საავტომობილო გზების მოასფალტება და რეაბილიტაცია, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზებისა და ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესება და ა. შ. 2015 წელს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა განისაზღვრა 48 0000 ლარით, ამ ეტაპზე თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარებები, რომელიც მიმართულია მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, წარმატებით მიმდინარეობს.

ადილობრივი არჩევნების შედეგად მოსულ ხელისუფლებას არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე საუშაოები დასრულებულია. აქვე გაცნობებთ, რომ მომავალ წელს დაგეგმილია 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიმდინარე წელს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა საჯარო მოხელეთა კონკურსი/ატესტაცია. კონკურსი გამოცხადდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა იმ თანამდებობებზე, რომელიც კანონის შესაბამისად კონკურსით უნდა შეივსოს.  შესარჩევი კონკურსი წარიმართა აბსოლუტურად გამჭვირვალედ. კონკურსანტთა შერჩევა მოხდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შეფასებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.  კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოწვეული სპეციალისტებიც. რაც შეეხება თბილისიდან მოსულ კადრებს, მუნიციპალიტეტის საშტატო განრიგით არსებული 112 თანამშრომლიდან 9 საჯარო მოხელე თბილისიდან მოსული კადრია. მათგან 7 თანამშრომელი შეარჩია საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, კონკურსის შედეგების საფუძველზე, ხოლო 2 თანამდებობის პირი, კანონის შესაბამისად, გამგებლის დანიშნული კადრია. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევას, აღნიშნული ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება.

იმის გათვალისწინებით, რომ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით განეკუთვნება მაღალმთიან ზონას და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა  მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე სრულფასოვანი მონიტორინგის წარმოება, ამიტომ აუცილებელი საჭიროება მოითხოვდა ავტოპარკის განახლებას. მაღალი გამავლობის მქონე 7 ერთეული მეორადი ავტომანქანების შესყიდვა, რომლის ღირებულებამ 117 000 ლარი შეადგინა, განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესაბამისად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ. რაც შეეხება ძველ, ამორტიზებულ ავტომანქანებს, ისინი შეფასდა შემდგომში აუქციონზე გაყიდვის მიზნით. ავტომანქანების გაყიდვის შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსული თანხები მოხმარდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.

 

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი