დაიწყო თუ არა თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოში რეპრესიები?

55

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით სტატუსი გამოაქვეყნა: „მომაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2015 წლის პირველი ნოემბრის ღამეს თამარ ხიდაშელის შტაბის ნასვამ წევრებსა და პატრულს შორის მოხდა ინციდენტი. „ქართული ოცნების“ შტაბის არაფხიზელმა წევრებმა პატრულის თანამშრომლებს სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მეუბნებიან, რომ ამ საქმეში ფიგურირებს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას გამგებლის, გიორგი ჭიაბერაშვილის სახელი. ამ საქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს და განცხადებას არ ავრცელებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოებამ შეიტყოს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა პატრული სცემეს. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, _ დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია. ეს ის ჭიაბერაშვილია, რომელიც გიორგიწმინდაში თავს დაესხა ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ამ საქმეზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ველოდები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებას“.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის მიერ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრეს-სამსახურმა „ქრონიკა+“-თან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ გიორგიწმინდაში პირველი ნოემბრის ღამეს სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მართლაც რომ მოხდა, ეს თემა ონლაინ მედიაშიც აისახა, თუმცა ამბის პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სახელისუფლებო შტოებში აღნიშნულ ინციდენტს საგულდაგულოდ მალავენ. ჩვენ ვცდილობთ, ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციების მოპოვებას.

ფაქტია, გიორგიწმინდაში პოლიტიკური მოტივით გამართული ხელჩართული დაპირისპირება კვლავაც ყურადღების ცენტრშია, გავლენიანი ქართული გამოცემები ამ თემაზე სტატიებს ამზადებენ, იქამდე კი იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ნოემბრის ინციდენტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე სათანადოდ აგებს პასუხს“.

მართალია, ინაშვილმა იმედი დაიტოვა, მაგრამ იმედი დარჩა მხოლოდ იმედად, ფაქტი კი ერთია, რომ ამ საქმეზე არც საქმე აღძრულა და არც ის პირები დაუკავებიათ, რომლებმაც პოლიციის თანამშრომლები სცემეს.

„დათვმა თქვა, აბა, ჩემს შვილებს ხომ არ დავსჯიო?!“ _ ზუსტად ასე აღმოჩნდა ხიდაშელის საქმეც, _ აბა, `რესპუბლიკელებს~ ხომ არ დასჯიდა, თან დეპუტატის ქმარს?!

სანამ ჩემს რესპონდენტთან ჩაწერილ ინტერვიუს გაგაცნობდეთ, მინდა იცოდეთ, რომ საგარეჯოს ყველაზე მეტად ახლა უჭირს… პედაგოგები, რომლებიც არჩევნებში ინაშვილს უჭერდნენ მხარს, ყოველდღე საყვედურებს იღებენ დირექტორებისგან,  საჯარო მოხელეები, რომლებმაც არჩევნებზე ხიდაშელის სასარგებლოდ მუხლები არ გადაიტყავეს, თავდაცვის მინისტრის რისხვას ელიან, ხოლო სოფლის რამდენიმე რწმუნებულს კი უკვე თინამ შემოუთვალა, დაუყოვნებლივ დაწერონ განცხადება და სახლში მიბრძანდნენ, რადგან მათ ხიდაშელის ერთგულების ნაცვლად, ინაშვილის ერთგულლება არჩიეს და სწორედ ამ არასწორი ერთგულებისთვის მოუწევთ დასჯა და უსამსახუროდ დარჩენა.

თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის მიუღებელია და გადაუმოწმებელია, შეგიძლიათ მოვლენების განვითარებას დაელოდოთ და დათვალოთ, ახალ წლამდე საგარეჯოს 5 სოფლის რწმუნებული რატომ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას…

დაბოლოს, ჩემი რესპონდენტი ქალია, თუმცა ნათქვამია, თუ ქალმა გაიწია, ცხრა ურემი ხარ-კამეჩი ვერ დაიჭერსო… მაგრამ ეს ქალი შეშინებულია და  რადგან შეშინებულია, მას შევპირდი რომ, მისი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა… თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, სიტყვაზე რატომ უნდა გენდოო, მაშინ გიპასუხებთ, რომ წლების ურთიერთობებმა სიტყვის ნდობის მოპოვება ადვილად იცის….

_ ახლა ისე ვართ, როგორც არასდროს…

_             და როგორ ხართ?

_             მიშას დროს ვიცოდით, რომ რადგან საჯარო სამსახურში ვმუშაობდით, მარტო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა დაგვეჭირა მხარი და მხოლოდ ამ პარტიისთვის უნდა გვემუშავა, ამიტომ მაშინ თავში აზრადაც არ მომსვლია, მაგალითად, „ლეიბორისტების“ მიმართ ჩემი პატივისცემა გამომეხატა, ახლა კი ვიფიქრეთ, რომ ქვეყანა შეიცვალა და შემიძლია ის ვაკეთო, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ქვა აღმართს როგორც ვერ ხნავს, ისეა თურმე ხალხის საქმე.

_             ვერ მივხვდი, რას მეუბნები…

_ რას გეუბნები და სკოლაში სასწავლო ნაწილმა გვითხრა, რომ დირექტორი მკაცრად არის გაფრთხილებული რესურსცენტრიდან, იმ მასწავლებელთა ვინაობა ცნობილია, რომლებიც დაუფარავად უჭერდნენ მხარს ინაშვილს და ზუსტად მათ მოუწევთ 2016-ში საპარლამენტო არჩევნებზე კარდაკარ მუშაობა და იმის თქმა, რომ ინაშვილისთვის ხმის მიცემა შეცდომააო… თუ ამას არ გააკეთებენ, პედაგოგები სექტემბერში ახალი სასწავლო წლისათვის საათებს ვერ მიიღებენო… ანუ ტესტია, რას ვიზამთ და იმის მიხედვით მივიღებთ…

_ ე. ი. მადლობაც გადასახდელი გაქვთ, რომ გადარჩით და სამსახურიდან არ გიშვებენ?

_ მასწავლებლები გადავრჩით, განათლების სამინისტროს ვექვემდებარებით და მაგიტომ, მაგრამ სხვები როგორ გადარჩნენ, მაგას ახალ წლამდე ნახავს ხალხი…

_ სხვებში ვის გულისხმობ?

_ თვითმმართველობებში, გამგეობაში მომუშავე თანამშრომლებს!

_ რატომ? არც მათ მისცეს ხმა ხიდაშელს?

_ ახლა მე უნდა გკითხოთ და ვინ მისცა ხმა ხიდაშელს რო? სოფლის რამდენიმე გამგებელი ძალიან აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში, აი, ძალიან… ოღონდ არა ხიდაშელის მხარდასაჭერად, არამედ ინაშვილს უცხადებდნენ მხარდაჭერას… მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ეს გამგებლები ხიდაშელმა შტაბამდეც ვერ მიიყვანა, რომ ან დალაპარაკებოდა, ან მოლაპარაკებოდა და, აბა, წარმოიდგინეთ, როგორი ერთგულები იყვნენ თავისი გადაწყვეტილების…

_ მერე ეს ცუდი ჟესტია?

_ ცუდი არ არის, მაგრამ არასწორი ერთგულება ჰქვია ამას, თურმე, ხიდაშელის ენაზე.

_ მაინც, რომელი სოფლის გამგებლები არიან ასე ერთგულები ინაშვილის?

_ ახალ წლამდე დააკვირდით მოვლენებს და რამდენი სოფლის გამგებელიც მოითხოვს სამსახურიდან წასვლას, დათვალეთ და იცოდეთ, ეგენი არიან ისინი, რომლებმაც საკუთარი პრინციპის გამო სამსახურები უნდა დაკარგონ.

_ ე. ი. მასწავლებლები კარგად ხართ გადარჩენილები, სამსახურიდან მაინც არ გიპირებენ გაშვებას…

_ …

_ იცით ინციდენტის შესახებ, რომელიც 1-ნოემბერს ღამე მოხდა ხიდაშელის მომხრეებსა და პოლიციას შორის?

_             პოლიცია რომ სცემეს კაკაბეთში?

_ ეგ არ ვიცი, სად სცემეს, მაგრამ რატომ სცემეს? ან ვინ სცემა?

_ კაკაბეთი დიდი სოფელია, ამომრჩეველიც მეტია იქ… როგორც ვიცი, პოლიციის ჩინოსნებს ეს სოფელი ჰქონდათ ჩაბარებული, რომ უბანზე მხოლოდ ხიდაშელის მხარდამჭერები მისულიყვნენ, ხოლო ინაშვილის მხადამჭერები კი შეეშინებინათ და უბნამდეც არ მოსულიყვნენ… ხოდა, პოლიციამ იმედი გაუცრუა და კაკაბეთმა ვერ გაუმართლა ხიდაშელს… ამაზე უკვე გამარჯვება რომ გამოაცხადეს და არყითა და კონიაკით გათიშულები რომ დადიოდნენ ეს ხიდაშელის მომხრეები, პოლიციის გარკვეულმა ჯგუფმა სთხოვა, რომ ნასვამები ნუ დარბიხართო და ა. შ. სწორედ ამ შენიშვნაზე გაგიჟდნენ და ის პოლიციელები სცემეს.

_ კონკრეტულად, ვინ იყვნენ, ვინც ცემაში მონაწილეობდა?

_ ადგილობრივები ნაკლებად იყვნენ. მე ვიცი, რომ თამარ ხიდაშელის ქმრის ძმაკაცები იყვნენ ჩამოსულები…

_ ხომ არ იცით, დააკავეს?

_ არა, ეგ არ ვიცი, უფრო სწორად, ვიცი, რომ არ დაუკავებიათ, რადგან გიგლა აგულაშვილი მივიდა და ინციდენტი მაგით მოგვარდა, თუმცა შტაბში მიბრუნებულებს აგულაშვილმა უსაყვედურა: პრემიერთან ახსნა მომიწევს, რა დღეში ხართ, შტაბიდან აღარ გახვიდეთო…

_ ზუსტად ხომ არ იცი, სად ან რომელ საათზე მოხდა ეს ამბავი?..

_ იმ ღამეს გათენებამდე, სხვა არ ვიცი…

_ ე. ი. შენ როგორც იცი, ის ხიდაშელის მხარდამჭერები, ვინც პოლიცია სცემეს, ადგილობრივები არ იყვნენ?..

_ კი, ეგ ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საგარეჯოელები არ იყვნენ… პრინციპში, საგარეჯოელი ამომრჩეველი მაინც არ ჰყოლია თამარ ხიდაშელს.

_ მომავალ წელს რას გეგმავ?

_ არ ვიცი, გამიჭირდება წინასწარ რამის თქმა.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ბრალდებას ინაშვილის შტაბის მხრიდან, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მას ეჭვი ეპარება, რომ სოფლის გამგებლებმა თამარ ხიდაშელს მისცეს ხმა:

„მე არ ვიცი, რწმუნებულებმა ვის მისცეს ხმა სინამდვილეში. გულწრფელად რომ გითხრათ, ეჭვი მეპარება, რამდენიმე რწმუნებულმა რომ სახელისუფლებო კანდიდატს მისცა ხმა. როგორც საგარეჯოს ყოფილი მაჟორიტარი, დარწმუნებული ვარ, ისინი მხარს არ უჭერდნენ თამუნა ხიდაშელს, – განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, _ ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო საარჩევნო ხმებისთვის. თქვენ ნახავთ ოქმებს და თავად შეხედავთ, ერთი უბანი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ, ერთი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე მთავარი არის სწორედ ეს. ჩვენ ასეთ არჩევნებს ვატარებთ“.

 

                                                                                                       მაკა მოსიაშვილი