საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე იქნება?

6543

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოთხი განცხადება, ევროკავშირის ელჩების პროტესტი, საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესი აღშფოთება და ათზე მეტი განცხადება, _ ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ამერიკის ელჩის განცხადებებს დეპუტატებმა პროტესტით და იუსტიციის მინისტრმა განმარტებების მოთხოვნით უპასუხეს. თეა წულუკიანის აქტიურობის კვალდაკვალ „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება: ბიძინა ივანიშვილს სწორედ იუსტიციის მინისტრი არწმუნებდა, რომ სასამართლო უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სასურველი შედეგით დაასრულებდა ტელევიზიის საქმეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ორ სუბიექტს შორის „კერძო“ დავაში კიდევ ერთი მინისტრი პირველი დღეებიდანვე იყო ჩართული.

თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ ქიბარ ხალვაშის და, ფატი ხალვაში, სწორედ სოზარ სუბარმა მიიყვანა, იმ მოტივით, რომ როდესმე საჭირო იქნებოდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, სუბარი ბოლო დრომდე კურიერია ივანიშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის, მეტიც, ის ასევე აქტიურადაა ჩართული „მაესტროს“ საკითხის მოგვარებაში. ივანიშვილმა, ერთი მხრივ, რინგზე გიორგი გაჩეჩილაძე, „გრეჩიხა“ შემოიყვანა, მეორე მხრივ, სოზარ სუბარის პირით მოლაპარაკებებს აწარმოებს „მაესტროს“ დამფუძნებელთან. კულუარული ინფორმაციით, სუბარი სექტემბერში კოტე გოგელიასთან  შვეიცარიაში ჩაფრინდა და მას ივანიშვილის დანაბარები გადასცა. ჯერჯერობიით, გოგელია ივანიშვილის თხოვნას უპასუხოდ ტოვებს, რადგან სანაცვლოდ საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტის თემის დალაგებას ითხოვს. ასევე პირობას აყენებს, რომ   „მოქალაქე“ პირადად მას შეხვდეს და შუამავლების გარეშე ელაპარაკოს. რამდენად მიიღებს ივანიშვილი გოგელიას ულტიმატუმს, ეს მომავლის საქმეა, ამ ეტაპზე მას „მაესტროსთვის“ ნამდვილად არ სცალია _ ჯერ დღის წესრიგში „რუსთავი 2“-ის საკითხის დასრულება დგას. მიუხედავად წულუკიანის დაპირებისა და ურთმელიძის უპირობო მორჩილებისა, „რუსთავი 2“ ამ დრომდე ძველი მენეჯმენტის ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება. დროებითი მმართველების ტელევიზიაში შესვლა ასე მარტივი არ აღმოჩნდა. ძმებმა ყარამანაშვილებმა არც ხელისუფლების წინადადება მიიღეს. ნიკა გვარამიას სხვა პირით ჩანაცვლების საკითხს არც კი განიხილავენ.

ეს რეალობა ივანიშვილისთვის ჩიხია და მის პოლიტიკურ გეგმებს თავდაყირა აყენებს. სწორედ ამ რეალობაში  აღმოაჩინა მან, რომ კრიტიკულ მომენტში მედია თავმოყვარეა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების მერე ურთმელიძის ახალი გადაწყვეტილება რუბიკონი აღმოჩნდა. „კავკასიასთან“ ერთად „რუსთავი 2“-ს სოლიდარობა „მაესტრომ“ და „იმედის“ საინფორმაციო სამსახურმაც გამოუცხადეს. ამ ფონზე, „მოქალაქის“ სურვილი, ახალ წლამდე ბოლომდე გაეკონტროლებინა მედიასივრცე, აუხდენელ ოცნებად რჩება.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუში მკაფიოდ გამოჩნდა ისიც, რომ მას მხოლოდ ქვეშევრდომები სჭირდება და ვერ იტანს ურჩებს. არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალების მერე მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო პრემიერ ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა „მოქალაქის“ პოზიციით უკიდურესად შეშფოთებული იყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ივანიშვილი „ქრონიკა+“-ის მისამართით პირად სიმპათიებს არც მალავდა. ის ამაზე არა მხოლოდ საკუთარ ნათესავებს, არამედ სხვა გაზეთების რედაქტორებს და კარის ექსპერტებს პრივატ შეხვედრებზეც ხშირად ელაპარაკებოდა. გაზეთის გამოსვლის დღეს კი, გამოქვეყნებული მასალების გამო, ხშირად რეკავდა პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო ინტერვიუში „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ „მოქალაქის“ მიერ გამოთქმული უსაფუძვლო კრიტიკა და გაღიზიანება პირადად ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. კახელების კლანი მუდმივად მუშაობდა ჩვენს დისკრედიტაციაზე, დაუზარებლად ამარაგებდა ივანიშვილს ჭორებით ჩემს შორსმიმავალ პოლიტიკურ გეგმებზე. ივანიშვილის გარემოცვაში მუდმივად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდნენ. ღარიბაშვილის ჭორაობაზე კი მუდმივად ხალისობდა, რადგან მისი არც ერთი ინფორმაცია გადამოწმების მერე რეალობასთან ახლოსაც არ იდგა.

უკიდურესი გაღიზიანების მიზეზი ჩემი უარი იყო. ინტერვიუმდე სამი დღით ადრე „მოქალაქეს“ ორი თხოვნა ჰქონდა: პირველი _ უარი მეთქვა „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერაზე და მეორე _ ნუ ვითხოვდი სისტემატურად გელა ხვედელიძის საქმის ხელახალ და ობიექტურ გამოძიებას. სწორედ ჩემი უარის შემდეგ „დაასკვნა“ მან, რომ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ სქემის ნაწილი იყო. ივანიშვილის უსაგნო ბრალდებებზე თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ, არც ის მაინტერესებს, ვინ იყო თხუნელა, რომელმაც მას წვერმაღალას თემაზე „უტკა“ შეუგდო. მხოლოდ ერთს დავძენ _ კაცი, რომელიც მიშა სააკაშვილის რეჟიმს აფინანსებდა, კაცი, რომლის კისერზეა ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლე და 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა, კაცი, რომელიც აფინანსებდა ვანო მერაბიშვილს და სპეცდანიშნულების რაზმს, კაცი, რომელიც დღეს სიამოვნებით ქეიფობს გიორგი რამიშვილთან „ზარალასთან“ ერთად, კაცი, რომელიც პავლე კუბლაშვილს და გოგა ხაჩიძეს გმირებად მიიჩნევს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვის კავშირებზე არ უნდა ლაპარაკობდეს.

(ამ თემებს გზადაგზა აუცილებლად დავუბრუნდებით)

„ქრონიკა+“-ის ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ ჩვენთან აკრძალული თემები არ არსებობს, გაზეთის არსებობის მესამე წლის განმავლობაში არ დაბლოკილა არც ერთი მასალა არც „ნაცებზე“ და არც „ქოცებზე“ (ამას, სხვათა შორის, ვერც გაზეთიდან ბოლო დროს წასული ჟურნალისტები უარყოფენ), ხოლო თემები, რომელსაც ახლა „20-30“ პატიმართა წამებებზე და „ნაცების“ მიერ ჩადენილ სხვა  დანაშაულებზე აშუქებს, „ქრონიკა+“-ში ორი წლის წინათ გამოქვეყნდა!!!

მინდა, ბატონმა ივანიშვილმა მკაფიოდ და ნათლად იცოდეს: რამდენჯერაც არ უნდა შეხვდეს ჩუმად მისი საყვარელი გაზეთის რედაქტორს, რამდენი ჟურნალისტიც არ უნდა დააფინანსოს „სუსმა“, რამდენი ინტრიგაც არ უნდა დახლართოს მისმა ხელის ბიჭმა ღარიბაშვილმა, რამდენი პასკვილიც არ უნდა დაუკვეთოს პრემიერის სიმამრმა, რამდენი უსაფუძვლო ბრალდებაც არ უნდა იყოს მისი მხრიდან ჩვენი მისამართით, „ქრონიკა+“ აუცილებლად დარჩება თავისუფალ სივრცედ, აქ მკითხველი ყოველთვის წაიკითხავს განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს. ჩვენ მას არ მივეყიდებით!!! ჩვენ მის დაკვეთებზე არ ვიმუშავებთ!!! არასოდეს შევეკითხებით მას, ვის დავუჭიროთ მხარი და გელა ხვედელიძის უდანაშაულობის დამტკიცებაც მხოლოდ დროის ამბავია!!!

ამასთან, ტრადიციულად ვიქნებით ობიექტურები და ყოველთვის დავდგებით პირად ბოღმაზე მაღლა _ მის მოგონილ ბრალდებებს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის, გამოგვექვეყნებინა ლაშა ნაცვლიშვილის წერილი და აუდიტორიისთვის გვეთქვა, რომ ივანიშვილი ლადო ბედუკაძის უპირობოდ განთავისუფლების მომხრე არ იყო. იგი წამებაში მხილებული პირების დასჯას ითხოვდა, ხოლო კბილაშვილის პირად გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება მოყვა. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მისი მომავალი და არა ყოფილი, ან მოქმედი ხელისუფლების ინტრიგები. ეს იყო ჩემი სათქმელი.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს _ „ოცნება“ ბანკროტია. ეს, პირველ რიგში, სწორედ „მოქალაქემ“ იცის. ღარიბაშვილის მთავრობა ვერც რეალურ ცვლილებებს განახორციელებს და ვერც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. სწორედ ამიტომ „მოქალაქე“ გამოსავალს ეძებს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე იქნება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ კალაძე საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ უმრავლესობა ისევ მოიპოვეს, სწორედ კალაძე იქნება პრემიერობის რეალური კანდიდატი, სიაში აღარ იქნებიან ძველი სახეები, ივანიშვილი უცხოეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდებს ეძებს.

მეორე ვერსიით, სამთავრობო ცვლილებები თებერვალში განხორციელდება, სწორედ ამ დროს ხელისუფლება ასფალტების დაგებას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაიწყებს, პრემიერის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ხოლო ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, რომელსაც კარგად გააპიარებენ და, ფაქტობრივად, მთავრობის სპიკერის როლსაც შეითავსებს. სწორედ ამ გეგმის ნაწილია გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაყვანა და საერთაშორისო კავშირების დალაგება. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ამ სცენარის მიხედვით, ღარიბაშვილის გადაყვანა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე იგეგმება, ხოლო სამომავლოდ მას თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას ჰპირდებიან. მოქმედი პრემიერი, ცხადია, თანახმაა. მას „ქართუში“ მუშაობამ მორჩილება ასწავლა. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მისი კორუმპირებული ნათესავები ივანიშვილმა შეიწყალოს და არ დაიჭიროს. არადა, საფრთხე რეალურია, წყალმომარაგების კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა, თამარ ფხოველიშვილმა, სასამართლო პროცესზე სწორედ პრემიერის ცოლის ოდიოზურ ნათესავს, ზვიად ჯანყარაშვილს დაადო ხელი.

რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები, ამაზე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ჯერ კიდევ ფიქრობს. პოლიტიკური გეგმების განხორციელებას სტერილური მედიაგარემო და „რუსთავი 2“-ის ქიბარიზაცია სჭირდება, რაც, ჯერჯერობით, მისთვის აუხდენელი ოცნებაა.

„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებში კომფორტულად გრძნობდა თავს, მაგრამ საგარეჯოში ხელისუფლების მხრიდან ჩარევისა და გაყალბებული არჩევნების ფონზე, გასულ კვირას რუსთაველის ძეგლთან „პატრიოტთა ალიანსის“ მანიფესტაცია გაიმართა.  ხელისუფლებამ საკუთარი გაუთვლელი მოქმედებით მისი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე რადიკალურ ოპოზიციად გადააქცია. პოლიტიკური ძალა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ციხის სკანდალური კადრებით მოიყვანა, ქუჩაში გავიდა და კანცელარიასთან შიმშილობის აქცია დაიწყო. როგორც რუსთაველის ძეგლთან გამართულ მიტინგზე დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, შიმშილობა და საპროტესტო აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე შორს წავიდა _ კანცელარიასთან მოშიმშილე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს არც კარვების გაშლის საშუალებას აძლევენ და არც საძილე ტომრების გამოყენების უფლებას _ თუ შიმშილობა გინდათ, ფეხზე დამდგრებმა იშიმშილეთო. როგორც ჩანს, პრემიერი ფიქრობს, რომ აქცია ასე დიდხანს ვერ გაძლებს და მალე დაიშლება, თუმცა, ეტყობა, ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არ იცნობს ბოლო ათწლეულის ქართული პოლიტიკის რეალობას _ ირმა ინაშვილი მაშინ იდგა ქუჩაში და სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა, როცა აქციაზე გამოსვლის პატიმართა ოჯახის წევრებსაც კი ეშინოდათ. სირაქლემის პოზა და აქციაზე მოსული ხალხის რაოდენობაზე ხელისუფლების მომხრეთა ქილიკი აქ სრულიად უადგილოა _ ბოლო წლების პოლიტიკურ რეალობას შუალედური არჩევნების ასეთი მასობრივი პროტესტი არ ახსოვს.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ერთსულოვნება არ არის, ეს „რუსთავი 2“-ის პრობლემამ კიდევ უფრო მკაფიო გახადა, „რესპუბლიკური პარტია“ მთავრობის ქმედებებს გაემიჯნა. ცხადია, „რესპები“ ღარიბაშვილზე ჭკვიანები არიან, ისინი არ გაჰყვებიან ივანიშვილს წაგებულ თამაშში და საკუთარი პოლიტიკური იმიჯის გადარჩენას შეეცდებიან.

პოლიტიკური პროცესი ჩიხშია. ჯერჯერობით, ივანიშვილი ისევ გამანადგურებელი ანგარიშით აგებს. მისთვის უკვე ცხადია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მას „რუსთავი 2“-ს არ დაანებებს, ტელევიზიის დაპატრონების გარეშე კი  სტერილური გარემოსა და სასურველი პოლიტიკური რეალობის შექმნის ილუზია არ უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, თავის დროზე, როცა მის კარზე „რუსთავი 2“-ის საკითხი განიხილებოდა, ჭკვიანი ადამიანები ურჩევდნენ, რომ უარი ეთქვა ქიბარ ხალვაშის მხარდაჭერაზე და დავით დვალის მხარდაჭერის მიმართულებით წასულიყო. რჩევა მოქალაქემ დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაითვალისწინა, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აღარც დავით დვალის ფიგურა აღმოჩნდა ჯოკერი. ტელევიზიიდან ერთი ჟურნალისტის გადაბირებაც კი ვერ მოახერხეს.

წავა თუ არა „მოქალაქე“ ვა ბანკზე?

სავარაუდოდ, ვერა, რადგან ანგარიშების გაყინვა და „მაგნეტცსკის სიის“ პერსპექტივა მისთვის სასურველი რეალობა ნამდვილად არ არის.

 

                                                                                                       ელისო კილაძე