სომხეთის პრეზიდენტისა და პატრიარქის სკანდალური ვიზიტი თბილისში

55

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტმა სკანდალურად ჩაიარა. კულისებში ამბობენ, რომ ვიზიტი ჩაშლისგან ქართული სპეცსამსახურების აქტიურმა მუშაობამ იხსნა.

პროტოკოლის მიხედვით, სერჟ სარქისიანი ჯერ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა, მათთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა, ხოლო მოგვიანებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები დამატებით გამართა.

საქართველო რუსული მძიმე ტექნიკითაა გარშემორტყმული, ტანკები გორთან რამდენიმე კილომეტრში და სამეგრელოში ზუგდიდთან ახლოს არიან განლაგებული, საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს და როგორც მინისტრი ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ამაში განსაკუთრებულს  ვერაფერს ხედავს. „გაზპრომის“ შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას დეტალურად არავინ ახმაურებს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებს, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა პუტინის დანაბარები გადასცა და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის დანაბარებს თანხმობით უპასუხეს.

ეს არ არის სარქსიანის ვიზიტის მთავარი ამბავი, რადგან სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის კვალდაკვალ თბილისში მისი ოპოზიციაც ჩამოვიდა.  ყოფილ პრემიერთან ერთად სარქისიანი იმ ეკლესიის გასახსნელად მივიდა, რომელიც, რეალურად, ქართულია. მისი რელიგიური კუთვნილების კვლევის შედეგები ბუნდოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევას კულტურის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც ამბობენ, ხარატიშვილის მეშვეობით სოლიდური თანხა დაიხარჯა, რომ ამ კონკრეტული ეკლესიის შესახებ ზუსტი კვლევა არ დადებულიყო და ქართული კვალი გამქრალიყო. მეტიც, როცა ეკლესიის რეკონსტრუქცია დაიწყეს, საძირკველი, როგორც წესი, არქეოლოგიური მიზნებისთვის უნდა გაეთხარათ, რადგან ეკლესიის წარმომავლობის ნამდვილობა და სიზუსტე დადგენილიყო. ამის ნაცვლად, ეკლესიის საძირკველს ბეტონი მოასხეს და ქართული კვალი გააქრეს.

სომხეთის პრეზიდენტის დელეგაციაში შედიოდა სომხეთის პატრიარქი. როგორც წესი, პროტოკოლით პატრიარქის ვიზიტი იმ ქვეყნის პატრიარქთან თანხმდება, სადაც ვიზიტი იგეგმება, თუმცა, ამჯერად, სომხების შეგნებული თუ შეუგნებელი ქცევით პატრიარქთან წერილობითი კურთხევის თხოვნა არ გამოგზავნილა, ამიტომ „სომხური ეკლესიის“ კურთხევას არც ერთი ოფიციალური პირი (პრეზიდენტი, პრემიერი) არ დასწრებია, მას მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მინისტრთან ერთად ესწრებოდა, ისიც იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ რეკონსტრუქციისათვის ფული ჩაადებინეს, მერე კი სომხეთის ეკლესიის მაღალი ჯილდო გადასცეს.

ნათქვამია, ჟურნალისტების თვალს არაფერი გამოეპარებაო, მაგრამ, ამჯერად, უცნაური ამბავი მოხდა, _ სომხეთის პატრიარქი საიდუმლოდ შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. როგორც წესი, ყოველი მსგავსი ვიზიტი შუქდება. სომხეთის პატრიარქის სტუმრობა ამჯერად კადრს მიღმა დარჩა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით,  მიუხედავად სიტყვიერი მიწვევისა, უწმინდესი ტაძრის კურთხევაზე არ მივიდა. ბურთი და მოედანი სომხეთის პატრიარქს დარჩა. ეკლესიის  კურთხევის დროს სომხეთის პატრიარქს სათვალე მოძვრა და შემდეგ (ტაძრის კურთხევისას კედლებს მირონს აცხებენ) მირონი გაუვარდა ხელიდან.

კურთხევის შემდეგ, როდესაც ოფიციალური პირები ტაძრიდან გამოდიოდნენ, სომხური ოპოზიცია შესასვლელთან ლაყე კვერცხებით იდგა, სომხეთის პრეზიდენტს ელოდებოდა, ბიძინა ივანიშვილი და სერჟ სარქისიანი უკან გააბრუნეს და ტაძრიდანაც ჩუმად გააპარეს. უცნობია, ვინმეს მოხვდა თუ არა ლაყე კვერცხი, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ეკლესია სომხურად გაასაღეს და ამაზე ჯერ არავინ იღებს ხმას, პროექტის ლობირებაში კი კულტურის მინისტრის მოადგილეა ეჭვმიტანილი.

„ქრონიკა+“ საპატრიარქოს  სამდივნოსთან ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა, მაგრამ, ტრადიციისამებრ, ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა. შემდეგ რამდენიმე მამაოს ვესაუბრეთ, ერთ-ერთის ინფორმაციით, რომელმაც საჯაროდ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ბიძინა ივანიშვილს ეკლესიის გახსნამდე თავად დაურეკავს პატრიარქისთვის და აზრი უკითხავს, _  როგორ მოვიქცეო? პატრიარქის პოზიცია მკაცრი ყოფილა და უთქვამს კიდეც, _ კარგი იქნება, თუ ეკლესიის კურთხევას არ დაესწრებიო, მაგრამ ივანიშვილს პატრიარქის თხოვნა არ გაუთვალისწინებია, პუტინის დავალებით ჩამოსული პირის მასპინძლობაზე უარი არ უთქვამს და სომხური ეკლესიის ჯილდოც მიუღია.

ტაძრის კურთხევის დროს ჟურნალისტებთან კომენტარი სოზარ სუბარმაც გააკეთა, რომელიც, ეტყობა, ამ არეულობით ძალიან დაბნეული იყო და ბიძინა ივანიშვილი ივანე ბიძინაშვილადაც კი მოიხსენია.

სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუ სტატიაში მოყვანილი ფაქტების გამო რომელიმე მხარეს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და კულტურის სამინისტროს კომენტარის გაკეთების სურვილი ექნება, ჩვენ მათ ამის საშუალებას გაზეთის მომდევნო ნომერში მივცემთ.

 

                                                                                                     მარიამ ბალანჩივაძე