რამაზ საყვარელიძე: „ვინც სისტემური დანაშაული უნდა გამოიძიოს, მათში ძალიან ბევრია დანაშაულის ავტორი“.

555

„ახალგაზრდა ადვოკატები“ უკრაინული მედიასაშუალებით გავრცელებული, სამალავებში აღმოჩენილი წამებისა და არადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელებას ეხმაურება და 2003-2012 წლებში დანაშაულის ჩამდენ პირთა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმაზე საუბრობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წლის 17 ოქტომბერს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს წინა ხელისუფლების მმართველობის ფორმებს და ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებული სისტემური დანაშაულებების არსებობას.

„ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ იმ გარემოებას, რომ თუკი არ იქნება სისტემური დანაშაულებები სათანადოდ გამოძიებული, არ იარსებებს მაღალი სამართლებრივი მტკიცების ტვირთი 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე, რომელიც სახელმწიფოს, მმართველობის წესის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, სამეწარმეო, ეკონომიკური საქმიანობისა თუ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ეხება, სამართლიანობის აღდგენის საზოგადოებრივი განცდა ნაკლებად იარსებებს.

შესაბამისად, ორგანიზაცია კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში, ხელისუფლებას საზოგადოებრივი მოლოდინების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღგენა ქვეყანაში შეუქცევადი და ხელშესახები შედეგი უნდა გახდეს“, _ აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატებში“.

მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციებმა სწორი აქცენტები დასვას, რომელიც საფუძვლიანად შეაფასებდა წინა ხელისუფლების დროს დანაშაულის სიმძიმეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ საზოგადოებას, რათა სწორი ინფორმაციის გადაცემით არ მოხდეს შერჩევითი მსჯელობა გავრცელებულ კადრებში პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა იმაზე, ვინ გაავრცელა კადრები, არამედ კადრებში ასახულ სისასტიკეზე. საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსახლეობამ სწორი დასკვნები გააკეთოს ქვეყნის დღევანდელი ამოცანების წინაშე. წამება, არაადამიანური მოპყრობა, მასობრივი ტერორი აღარ არის არც ხელისუფლების და არც საზოგადოების დღის წესრიგი. საქართველოს ღირსეული ადგილი არის ევროინტეგრაციის შეუქცევად პროცესსა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. შესაბამისად, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო მოქმედებები დაჩქარდეს, ხოლო ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე იფიქროს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოდის წინადადებით და საქართველოს პარლამენტს სთავაზობს, კანონმდებლობაში გაჩნდეს „სისტემური დანაშაულის“ რეგულაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი. ორგანიზაცია საკანონმდებლო დონეზე საკითხის დარეგულირებას აუცილებლად მიიჩნევს.

ბუნებრივია, სისტემური დანაშაულის ცნების განსაზღვრისთვის, პარლამენტს აქვს კონკრეტული საფუძვლებიც _ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოქალაქეების არსებობა დაადასტურა, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც პირდაპირ აღინიშნა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს _ ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრები, მოქმედი მოსამართლეები, ყველანი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოლოდინი, მომავალში საზოგადოებამ კვლავ იხილოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები, არ ჩანს სისტემური დანაშაულებების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების აქტი. შესაბამისად, საკითხის მხოლოდ მორალურ-ეთიკურ კონტექსტში განხილვა მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს“, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამ პრობლემაზე „ქრონიკა+“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრება:

_ ვერ გეტყვით, სისტემურ დანაშაულს რაღა საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება. ერთის გარდა, რომ პოლიტპატიმრების სტატუსი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ჩამონათვალში უნდა შევიდეს. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით, ადამიანები, რომლებიც წამების მსხვერპლი იყვნენ, ვისაც ქონება წართმეული ჰქონდა და ა.შ. ეს ყველაფერი ხელისუფლებამ ისედაც ხომ იცის? ამიტომ არ მესმის, ამას კიდევ რა საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება?

სხვა საკითხია, რომ ამ სისტემური დანაშაულის ფაქტების საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ შეფასება შეიძლება მოხდეს.

_ რა შედეგს მოიტანს ასეთი ტიპის შეფასება საკანონმდებლო დონეზე?

_ 2013 წლის დასაწყისიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ჩვენი მოთხოვნა იყო, შეფასდეს რეჟიმი, თუ რა იყო ეს და შესაბამისად, გასამართლდნენ დამნაშავეები. ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, დაისაჯოს და ვისაც პოლიტიკური, მისი ასეთივე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მაგრამ ეს პარლამენტმა უნდა შეაფასოს და თქვას, აღნიშნული პროცესი რამდენად სისტემური იყო, ამაში პოლიტიკა ერეოდა თუ არა და ა. შ. ეს ყველაფერი სწორედ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა თქვას. ამის შემდეგ უკვე ამ პარტიის პოლიტიკური ფუნქციონირების საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ მანამდე ამ ყველაფერზე განაჩენები უნდა დაიდოს, შეფასდეს რეჟიმი. ამას ახალი საკანონმდებლო ცვლილება რად უნდა, ვერაფერს მოგახსენებთ.

_ როცა 2013 წელს ეს მოთხოვნა წამოაყენეთ, რამდენად გაიზიარეს?

_ მაშინ არც ერთი მოთხოვნა არანაირად არ გაიზიარებს. ხელისუფლებას დაზარალებულების ხელმოწერებიც გავუგზავნეთ. სპორტის სასახლეში შეკრების შემდეგ იმავე ღამეს გავუგზავნეთ გადაწყვეტილებები ქვეყნის პარლამენტს. შემდეგ მისი განხილვა რომ დაიწყო, ქუთაისში ჩავედით და ათასობით ხელმოწერა ჩავიტანეთ, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

_ დღეს მსგავსი გადაწყვეტილებები რამდენად იქნება პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ გამეორდეს?

_ საერთოდ, რეჟიმების გასამართლება სწორედ ამ მიზნით ხდება, რომ ამას პოლიტიკური შეფასებაც მიეცეს, გარდა  იურიდიულისა; ყველა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ასეთი დანაშაული აუცილებლად დასჯადია. სწორედ ამისთვის ხდება ამ ტიპის გასამართლებები და შეფასების მიცემა.

რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესს, როცა სისტემური დანაშაულის ავტორთა გასამართლება ხდება. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლება უარს ამბობს მსგავსი სისტემური დანაშაულის შესაძლო რეციდივებზე. ეს ხელისუფლება კი ამ საქმეს საერთოდ არ აკეთებს.

_ ასეთი ნაბიჯები პოლიტიკური კუთხით უარყოფით შეფასებას ხომ არ გამოიწვევს?

_ პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით ხელოვნური შეფასებები ისედაც სახეზე გვაქვს. აქ მთავარია, რომ ხელისუფლება სამართლებრივად მართალი იყოს; და მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის რეალურად დანაშაულზე ადეკვატური რეაქცია და ასეთივე სასჯელები. ახლა ამას ვინ როგორ შეაფასებს, ეს უკვე მათი გემოვნების საკითხია. მთავარია, რომ ეს უნდა იყოს დასაბუთებული მტკიცებულებები, გამომდინარე შედეგებით.

 

ქრონიკა+“-ის რესპონდენტია პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ასეთი ტიპის მოთხოვნას პირველად არ ვაწყდებით. საკმაოდ ენერგიული გამოსვლები იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილი პოლიტპატიმრების თავყრილობებზე, რომ დანაშაულის, როგორც სისტემურის, წინწამოწევა მომხდარიყო და შემდეგ მისი იურიდიული შეფასება, რაც, თავისთავად, პოლიტიკურ შეფასებასაც გულისხმობს.

ვნახეთ, რომ ამ გზაზე სირთულეები გამოჩნდა. პირველი ის იყო, რომ დამაჯერებელი არ გახლდათ პროკურატურის მუშაობა. პროკურატურამ ვერ შექმნა დამაჯერებელი დოკუმენტაცია ამგვარ დანაშაულებზე, რასაც შემდეგ იმ პოზიციის წინწამოწევა მოჰყვა, რომ საჭიროა ჯერ თვითონ პროკურატურის სისტემაში კადრების შეცვლა; ანუ თვითონ პროკურატურაში, სასამართლოში და ა. შ. რაღაც ნაბიჯები ამ მიმართულებით იდგმება, ჩვენ ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ.

ანუ აქ მოვლენების მთელი ჯაჭვია, რადგან მაშინდელი დანაშაულის სისტემურობა იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიცავს სახელმწიფო სტრუქტურების თითქმის ყველა ელემენტს, მათ შორის, სამართალდამცველებსაც. და თუ სამართალდამცველები ისევ ის ხალხი გყავს, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ პროცესს დამაჯერებლად ვერ წაიყვანენ, რაც, მგონი, ბუნებრივი ამბავია.

ისე რომ, მხოლოდ იმის დაძახება, რომ სისტემური დანაშაული გამოვიძიოთ და პასუხისმგებლობა დავაყენოთ, პრაქტიკულად, არაფრის თქმას არ ნიშნავს.

ვიმეორებ, ეს უკვე ითქვა და ვნახეთ, რომ ქვეყანას ეს უჭირს. ამ მხრივ დიდად წარმატებული არ ვართ.

ახლა კიდევ ერთი პრობლემა: ცუდად რომ მუშაობს პროკურატურა, ეს თითქოს დიდი უბედურება არ იქნებოდა, ამას საგარეო-პოლიტიკური საკითხი რომ არ ებმებოდეს. როდესაც ბრალდება დამაჯერებელი არ არის, მერე უკვე უცხოელები გეკამათებიან, რომ ამ ადამიანებს დევნი არა იმიტომ, რომ ისინი დამნაშავეები არიან (ბრალდება ხომ არ იყო დამაჯერებელი), არამედ იმიტომ, რომ შენივე პოლიტიკური ოპონენტები არიან.

ამიტომ იყო „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში ძალიან უნდოდა იმ ფრაზის ჩაჭედვა ცნობიერებაში, რომ ის ძირითადი ოპოზიციური პარტიაა, რადგან, ამ შემთხვევაში, მის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნა იქნებოდა ძირითადი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის პროცესი, რასაც უკვე სავსებით შეიძლებოდა პოლიტიკური სარჩული დადებოდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ რიგითი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო, მეხუთე, მეექვსე მეშვიდე რიგითობის, მაშინ საქმეს ასეთი სარჩული ვერ დაედებოდა.

ამიტომ ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო ის, რომ ამ პარტიის შესაბამის სტატუსს „ქართულმა ოცნებამ“ სათანადო წინააღმდეგობა არ გაუწია და არ იზრუნა იმაზე, რომ მათ ეს მეორეობა აჩემებული არ ჰქონოდათ. ვგულისხმობ არჩევნების შედეგებს, 40% აშკარად გადაჭარბებული შედეგი იყო. მერე არც ერთ გამოკითხვაში მხარდამჭერების 15%-ზე მეტი არ ფიგურირებს.

ისე რომ, ესეც გაუთვალისწინებელი ამბავი აღმოჩნდა ქართული „ოცნების“ მხრიდან, როგორც ის, რომ თუ გინდა სამართლიანობის აღდგენა, ის ხალხი უნდა შეცვალო, ვინც ეს სამართლიანობა უნდა აღადგინოს, რადგან მათ ამ სისტემური დანაშაულის არსებობის გამო, უსამართლობაში ხელი აქვთ გასვრილი.

ანუ აქ მოვლენების მთელი ჯაჭვია, სადაც არის შეცდომებიც, იძულებითი ნაბიჯებიც და ა. შ. საიმისოდ, ეს ყველასთვის სასურველი ამბავი, რომ აღდგეს სამართლიანობა, მით უმეტეს დაიძლიოს სისტემური უსამართლობა, იქნეს მიღწეული.

_ დღეს რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს, რა შედეგებს გამოიწვევს?

_ დღეს ამ კუთხით ენერეგიული მოძრაობა იმის საფრთხეს შეიცავს,  რომ მას უკვე საარჩევნო პროცესთან დააკავშირებენ და უცხოელებს ათქმევინებენ, რომ, აი, არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ძირითად კონკურენტს ველიდან იშორებს.

ამიტომ მხოლოდ ამ ლოზუნგისა და მოთხოვნის წამოყენება არასაკმარისია. ხოლო რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დამაბრკოლებელი საკითხები მოგვარდეს? რომელი მოთხოვნა უნდა იქნეს წინა პლანზე წამოწეული? ამაზე, მგონი, მათ უნდა იფიქრონ, ვინც ასეთი მოთხოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

_ თუ ამ მოთხოვნის გაზიარება და მათ შორის საკანონმდებლო რეგულაცია, შეფასება განხორციელდება, ეს რამდენად იქნება პრევენცია, რომ სამომავლოდ მსგავსი სისტემური დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთოს?

_ თუკი დამნაშავეები დაისაჯნენ, შეიძლება ეს პრევენცია იყოს. თუკი დამნაშავეებმა პასუხი არ აგეს, პირიქით, ეს წახალისება იქნება. რადგან თუ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, ეს იქნება იმის გაკვეთილი, რომ თუ სისტემურად ჩაიდენ დანაშაულს და ყველა სტრუქტურაში შენი კაცი გეყოლება, მერე ეს სისტემა გადაგარჩენს.

ამიტომ სახიფათო ნაბიჯია და აქ შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს. წარმატება გარანტირებული არ არის, რადგან ვინც სისტემური დანაშაული უნდა გამოიძიოს, მგონი, მათში ძალიან ბევრია აღნიშნული დანაშაულის ავტორი.

 

                                                                                                    გელა მამულაშვილი