რეალობასთან დაპირისპირებული კაცი

444

გელა კანდელაკი საკმაოდ ცნობილი ხელოვანია, თუმცა მედიაში იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე. ის არ ჰგავს სხვებს _ შესაძლოა, ასეთი დეფინიცია მას ზუსტად ესადაგება.

1970 წელს ოთარ იოსელიანმა გადაიღო მხატვრული ფილმი „იყო შაშვი მგალობელი“. ეს ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული კინოს ისტორიაში, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან არ ჰგავს სხვა ქართულ თუ საბჭოთა ფილმებს. ამ ფილმში სწორედ გელა კანდელაკი ასრულებს მთავარ როლს, სწორედ ის ქმნის ფილმის მთავარი გმირის, გია აგლაძის სახეს. რეჟისორის და მსახიობის ოსტატობა ამ ფილმში მართლაც ჰარმონიულად არის შეწყობილი. გია აგლაძე _ ის არის გარე სამყაროსთან შეუგუებელი, შესაძლოა, დაპირისპირებული პერსონაჟიც კი, თავისუფალი და უწყინარი.

მოკლედ, „იყო შაშვი მგლობელი“ საკმაოდ წარმატებული და დღესაც აქტუალური ფილმია, თუმცა გელა კანდელაკი ამის შემდეგ სამსახიობო კარიერას შეეშვა და საინტერესო რეჟისორი გახდა. ის ახლა კინოცენტრს და „ჩრდილების თეატრს“ ხელმძღვანელობს, მასთან საუბარიც აქედან დავიწყეთ.

 _ ამ ეტაპზე რა მიმართულებით მუშაობთ?

_ კინოცენტრი „აფხაზეთი“ 2003 წლიდან არსებობს, ჩვენს სტუდიაში არიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 90-იან წლებში წამოსული ახალგაზრდები. 2003 წლიდან ფუნქციონირებს „ჩრდილების თეატრიც“.  ჩვენი პროექტები ისე მოეწონათ, რომ ლიტვიდან სტუდენტების ჯგუფი ჩამოვიდა სასწავლებლად. სამწუხაროა, რომ კინოცენტრმა „აფხაზეთმა“ დღემდე ვერ მიიღო დაფინანსება, კულტურის სამინისტროდან `ჩრდილების თეატრი~ ფინანსდება და ამით გაგვაქვს თავი.

_ ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი _ ეს, ალბათ, თქვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია…

_ ნიქოზის კინოფესტივალი უკვე ხუთჯერ ჩატარდა და გაისად მეექვსედაც გაიმართება. ეს არის ანიმაციური ფილმების ფესტივალი. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორები არიან კულტურის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, საელჩოები; შარშან ამ პორექტში გერმანიის საგარეო სამინისტროც ჩაერთო. ზოგადად, ანიმაციური ფილმების ფესტივალი ყველაზე ელიტარულ კინოფესტივალად მიმაჩნია. ნიქოზის ფესტივალში არ არის დაწესებული არანაირი პრიზები. ამ ფესტივალის ორგანიზებისთვის გვერდში გვიდგას ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია. ის ჩემი ყოფილი მოწაფეა. მისი ძალისხმევით ნიქოზში წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სახელოვნებო სკოლა დაარსდა. ამ ფესტივალს სამჯერ დაესწრო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი. სწორედ მან მითხრა, _ ერთადერთი მადანი, რაც ქართველებს გაქვთ, ეს არის თქვენი კულტურა და ნიჭიო.  ნიქოზის ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან დრეზდენის, ლაიპციგის, სოფიის, ანესის, სუზდალისა და ლოძის ფესტივალები, ისინი ჩვენს ფესტივალზე თავიანთ ფილმებს გვიგზავნიან.

_ ანიმაციური ფილმების ინდუსტრიაში რა ტენდენციებია?

_ გარდა კომერციული პროექტებისა, ანიმაციაში არის ავტორისეული ფილმებიც. ეს არის კინოხელოვნებაში ერთადერთი ისეთი ჟანრი, რომელიც წმინდა ხელოვნების ჟანგბადს წარმოადგენს.

_ თქვენს სტუდიაში შეიქმნა ანიმაციური ფილმი ვეფხვი და მოყმეამავე სახელწოდების ქართული ხალხური ეპოსის მიხედვით. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ ნამუშევრით?

_ ამ ფილმზე მუშაობა შარშან დასრულდა, მისი ხანგრძლივობა 12 წუთია. ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ჩემი ქალიშვილი, მარიამ კანდელაკია. კინოხელოვნებაშია ისეა, რომ ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ხარ. ფილმში უშანგი ჩხეიძე კითხულობს ლექსს, 1949 წლის ჩანაწერია გამოყენებული. ეს ფილმი მუსიკალურ ქსოვილში კომპოზიტორმა თეიმურაზ ბაკურაძემ ჩააფინა. ფილმის დამდგმელი მხატვარია მეუფე ისაია. გამოყენებულია ბერთუბნის ფრესკის ფრაგმენტები. ფილმის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ანიმატორ ელენე მურჯიკნელს, ასევე ქეთა ზაუტაშვილსა და ირაკლი მიზრახი-ბერიას. ფილმს საინტერესო პოზიცია აქვს, წინა პლანზე არის პოეზია, ფილმს ანტიკინემატოგრაფიული ამოცანა აქვს, ფილმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში გამოსახულება ნულამდე დადის.

_ როგორც უნდა იყოს, გელა კანდელაკს ყველაზე უფრო იყო შაშვი მგალობელითიცნობენ. შინაგანად რას გრძნობდით? ალბათ, ძალიან გინდოდათ, რომ ამ ფილმში რეალობასთან, არსებულ წესებთან დაპირისპირებული ტიპაჟი ყოფილიყავით, თავისებური დისიდენტიც კი…

_ ამგვარი დამოკიდებულება არ იყო ჩემთვის უცხო. როცა ვსწავლობიდი, ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ კომკავშირში არ შევსულვარ. დისიდენტი კი არასდროს ვყოფილვარ, არ მიყვარს დისიდენტობა და არასდროს მინდოდა, დამანგრეველი ვყოფილიყავი.

_ ამ ფილმის შემდეგ მსახიობის კარიერაზე უარი თქვით, _ რატომ?

_ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს ეს პროფესია. შემოთავაზებები ბევრი მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. ვერ ვეგუები მსახიობობას.

 

                                                                                       დავით თავართქილაძე