ვინ და რატომ აპირებს მთავარი პროკურატურის წინ მანქანის დაწვას?!

222

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის მკვიდრი, ირმა სალთხუციშვილი, მთავარ პროკურატურას ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცველები მოწინააღმდეგე მხარესთან გარიგებაში შევიდნენ და დამნაშავეს ხელს აფარებენ. თუ პროკურორი უახლოეს დროში სალთხუციშვილის საქმეს არ დაასრულებს, იგი მთავარი პროკურატურის წინ მანქანის დაწვას აპირებს.

„ქრონიკა+“-ს ირმა სალთხუციშვილი ესაუბრება:

_ დედაჩემი _ ცისმარი სალთხუციშვილი ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობდა ჭურჭლით, ხელით დაჰქონდა. ვიღაცამ მიასწავლა, ასე რომ წვალობ, კახეთის გზატკეცილზე ჭურჭლის მაღაზიაა და შეგიძლია იქ იაფად აიღოო. მართლაც მივიდა, ჭურჭელი რომ შეარჩია, აღმოჩნდა, რომ 90 ლარი აკლდებოდა. ამ თანხის ნავაჭრის უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მაღაზიაში უთხრეს, არ არის პრობლემა, ეს თანხა მერე მოგვიტანე, გინდ აქ მოიტანე და გინდ ჩვენს მაღაზიაში, მოვა ჩვენი იურისტი ლალი წითლანაძე და ის აიღებს ამ თანხასო. დედეჩემმა მიიტანა თანხა, მაგრამ ამ ქალბატონმა ხელი არ მოკიდა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ცუდი განზრახვა ჰქონია, 616-ლარიანი ზედნადები შეთითხნა, საქმეში ჩადო და გარდაბნის რაიონის სასამართლოს მიმართა. ვითომ ის 90 ლარიც ჰქონდა ვალი, მეორედ მივიდა და კიდევ წამოიღო 616 ლარის საქონელი. ხომ არ არის რეალური, თუ 90 ლარი არ გადაიხადე ვალი, მერე 616 ლარის საქონელს ვინ მოგცემს?! თან ირანელების მაღაზიაა, ეს ხომ აბსურდია! ჩვენთვის არავის არაფერი შეუტყობინებია და სასამართლოს მიმართეს. ამასობაში დედაჩემის სახელზე არსებული მანქანა დააყადაღეს, სასამართლოდან შეტყობინება არ მოგვსვლია, 2008 წლის 28 ოქტომბერს ყოფილა ჩანიშნული სხდომა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღეს. რომ გაგვეგო, შესაგებელს ხომ გავაკეთებდით, შევაჩერებდით და შემდგომში მივმართავდით ექსპერტიზას, რაც მერე გავაკეთეთ. აღსრულების მეშვეობით გავიგეთ ეს ამბავი. აღმასრულებელი რომ მოვიდა, მე და დედაჩემი სახლში არ ვიყავით. მამაჩემი ახალი ნაოპერაციები იყო, საწოლში იწვა და გაოგნებული დაგვხვდა, სახლში რომ მივედით. ამ 616 ლარს პროცენტები დაარიცხეს, პირგასამტეხლოები და მოკლე ხანში 1068 ლარზე აიყვანეს. გარდაბნის პოლიციიდან აღმასრულებელს 6 პოლიციელი გამოყვა და სახლიდან ნივთები წაიღო _ ტელევიზორი, საკერავი მანქანა, თეფშები… აღმასრულებელი გივი ბაბაევი იყო. მეორე დღესვე ჩავედით, მივაკითხეთ, აღსრულებასაც არ ჰქონდა შეტყობინება გამოგზავნილი. ადვოკატი თემურ გოგსაძე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი იწვალა, მაგრამ პროკურატურაში სანამ საქმე აღვძარით, აღმასრულებელი მოდიოდა ჩვენთან სახლში. გვითხრეს, სანამ უდანაშაულობას არ დაამტკიცებთ, ეს თანხა უნდა გადაიხადოთო და ჩვენც ნელ-ნელა ვიხდიდით. ამის დამადასტურებელი ქვითრებიც გვაქვს. სასამართლოში რომ მივედით, მაშინ გავიგეთ, რას გვედავებოდნენ.

_ პროკურატურას არ მიმართეთ?

_ ამასობაში პროკურატურასაც მივმართეთ. მათ ფინანსურ პოლიციაში გადააგზავნეს, გამომძიებებელი გიორგი გლუნჩაძე იყო. აღმოჩნდა, რომ დედაჩემს ხელმოწერა არ ეკუთვნოდა, მაგრამ საქმე წინ არ წავიდა. უკვე რაღაც ხდებოდა, საქმე ცოტა ხანი გააჩერეს. რამდენიმე თვის მერე ფინანსური პოლიციის გამომძიებელი მირზა კიკნაველიძე დაგვიკავშირდა. დაგვიბარა, შევხვდით და თქვა, რომ ამ საქმეში დანაშაული არისო, გვერდით სხვა გამომძიებელი იყო, რომელიც გარეთ გავიდა. უცებ კიკნაველიძეს ტელეფონზე დაურეკეს, მაშინ გაგნიძე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, ეუბნება, _ რატომ გახსენი ეს საქმე, ახლავე დახურეო. ჩვენი თანდასწრებით ურეკავს, ეჩხუბება, აგინებს და ეუბნება, ახლავე ჩემთან ამოდიო. რას ნიშნავს ეს? ვის მფარველობდნენ? ჩვენი ადვოკატი უკვე მანანა კობახიძე იყო. აქ უსამართლობა ხდებოდა და არა ჩვენგან თანხის გადაუხდელობა. გოგსაძესაც გადავუხადეთ თანხა; 500-ლარიანი ორდერი აგერ მაქვს, რომელიც მანანა კობახიძეს გამოვუწერეთ; კიდევ გვყავდა სხვა ადვოკატი კურტანიძე, რომელიც გარდაიცვალა, იმასაც 500 ლარი გადავუხადეთ. აქ უკვე უსამართლობასთან ბრძოლა იყო, რომ არ წამოუღია დედაჩემს ეს საქონელი და გაყალბებული ზედნადებით გვედავებოდნენ თანხას. ხელმოწერის გაყალბებით საქმე ჩიხში შეჰყავდათ, გამყალბებელი უნდა ვიპოვოთო. როგორ იპოვიდნენ, ვის მოაწერინებდნენ ხელს, ბეჭედი შპს „დაისს“ ეკუთვნოდა და ხელმოწერა დედაჩემის არ იყო. უამრავი პროკურორი და გამომძიებელი გამოვიცვალეთ და ბოლოს უკვე მიშა სადრაძეს მივადექით. დედამ ძალიან მძიმე ოპერაცია გაიკეთა და იქით ვიყავით ყველა გადართულები, მერე პროკურატურაში დავრეკეთ. ეს საქმე 2008 წლიდან მოდის, ფაქტი მათი დადგენილია, ჩვენ ხომ არ დაგვიდგენია, რომ დედაჩემს არ ეკუთვნის ეს ხელმოწერა?! ამის შემდეგ საქმე გაჩერდა. პროკურორი იყო მერაბ ჯეირანაშვილი, ავუხსენით, რომ ბეჭედი ეკუთვნის შპს „დაისს“ და ხელმოწერა არ ეკუთვნის ცისმარი სალთხუციშვილს, გამყალბებელი ვინ არის, გეკითხებით? ამ საქმეს ახლა უკვე შემაჯამებელი დასკვნის გაკეთება უნდა, რომ დამთავრდეს. ეს უმნიშვნელო საქმეა, მაგრამ ამით სერიოზული ზიანი მოგვადგა მატერიალურადაც და ჯანმრთელობის მხრივაც. საქმის ჩაწყობა დაიწყეს, პროკურორი ხელს აფარებს და პირადად გაგნიძეს ვადებ ხელს. მიშა სადრაძეს რომ დავუკავშირდით, _ რას შვრებით, გააკეთეთ თუ არა შემაჯამებელი გადაწყვეტილება, როდემდე უნდა იდოს ეს საქმე და იცვლებოდეს გამომძიებელი და პროკურორი-მეთქი? ასეთი რამ გვითხრა, _ არ მცალია, ხვალ პროცესი მაქვს, არ ვიცნობ საქმეს და მაცალეთო. ადამიანურად რომ გესაუბრება, მივეცით დრო, იმის შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობს. რაც ყველაზე აღმაშფოთებელი იყო, ივლისის დასაწყისში დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ცისმარი სალთხუციშვილმა ხელმეორედ უნდა გააკეთოს ექსპერტიზაო. წარმოგიდგენიათ? პროკურატურიდან მოგვივიდა, რომ არ ეკუთვნის დედაჩემს ეს ხელმოწერა, საქმის შეტრიალება უნდოდათ, რომ დედაჩემი დაედანაშაულებინათ, რადგან ირანელების ფირმას ხელს აფარებენ. საფუძვლიანი ეჭვი გავქვს, როდესაც ჩვენ განცახდებით მივმართეთ, ფინანსური ამ ფირმაში პოლიცია შევიდა და იქ უკვე ფინანსურ პოლიციასა და ირანელების ფირმას შორის გარიგება მოხდა, რამაც ჩვენი საქმის თაროზე შემოდება გამოწვია. ამის შემდეგ ჩვენი საქმე წინ აღარ წასულა.

მივმართეთ ეკა ბესელიას, ძალიან მაინტერესებს, ამას სამართლიანობას ეძახის? გიორგი ბადაშვილის, მიშა სადრაძის, გედევან ფოფხაძის, ვის სახელზე აღარ გავგზავნეთ წერილი, თუ რამე სტრუქტურა არსებობდა, მაგრამ პასუხი არავისგან მიგვიღია. აბსოლუტურად მართლები ვართ. ამდენი წლის მანძილზე მანქანა გვაქვს დაყადაღებული და ვერ მოვიხმართ. ისეთი გამწარებული ვარ, ამ მანქანას პროკურატურის წინ დავწვავ, ამით გამოვიწვევ სკანდალებს, მაინც ვერ მოვიხმართ და რატომ უნდა იყოს უსაფუძვლოდ დაყადაღებული? თუ სააკაშვილი არ მოგვწონდა, გადავაგდეთ და მოვიყვანეთ ივანიშვილი, რატომ აფარებენ ხელს ამ უნიათო ბრბოს, არაფრისმცოდნე, უვიც პროკურორებს? ერთი საქმე დამისახელეთ, რომ ვინმე დააკმაყოფილეს! როდემდე უნდა აფარონ ხელი და როდემდე უნდა ჰქონდეს ადგილი ტენდენციურობას?! როგორც კი პროკურატურაში სადრაძეს დავუკავშირდებით, რამდენიმე დღეში დედაჩემის ტელეფონზე ვიღაცის შეტყობინებები მოდის, უნდა მოვკლათ ეს ქალიო. არავის დაჩაგვრას არ ავიტანთ, თანხაც გვაქვს, 1068 ლარზე მეტი მხოლოდ ადვოკატებში გადავიხადეთ, მეტსაც გადავიხდით, მაგრამ სახელმწიფოს უნიათობას არ ვაპატიებთ. ყველა მედიასაშუალებას მივმართავთ, თუ მიშა სადრაძე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ გააკეთებს, თუ არ დაგვაკმაყოფილებს და არ დაამთავრებს ამ საქმეს. ბიძინა ივანიშვილს ხმა იმიტომ კი არ მივეცი, სააკაშვილის გაფუჭებული საქმეები გაეგრძელებინა, ხელი დაეფარებინა და უნიათო პროკურორები და გამომძიებლები მთავარ პროკურატურაში შეეყარა. ხან კბილაშვილი დანიშნეს, ხან ფარცხალაძე, ხან ბადაშვილი და შოთაძე უნდა დანიშნონ, რომელიც არანაირ სამართლიანობას არ აღადგენს. როდემდე უნდა ატყუონ ხალხი, წიხლებით როდემდე უნდა უარონ და თვალში ნაცარი აყარონ?! ბესელიასა და შოთაძის დედასთვის ასე რომ გაეკეთებინათ, საინტერესოა, როგორ მოიქცეოდნენ?!

 

„ქრონიკა+“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი