დააკავებენ თუ არა ჯანყარაშვილ & კომპანიას?-ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვილს გამანადგურებელი ანგარიშით უგებს!!!

88

 

ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-თან ბრძოლა პირწმინდად წააგო!

საკონსტიტუციო სასამართლომ ტელევიზიის სარჩელი წარმოებაში მიიღო და განხილვის დასრულებამდე კანონში დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თამაზ ურთმელიძემ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება აღარ მოხდება.

ქიბარ ხალვაში, რომელიც ამ კვირაში „რუსთავი 2“-ის წილების გაფორმებას ელოდებოდა, საქართველოდან წავიდა. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის სიმპათიური ბიჭუნა მიხვდა, რომ ის მარტივად გადაგდებულია. გადაგდებულია არა რკინის ბარიკადებით და რევოლუციური სცენარით, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, _ ამ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე ისევე შემოიდება თაროზე, როგორც 2007 წელს ნიკა გვარამიას მიერ ამავე მუხლით ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრული ანალოგიური საქმე.

არასანდო წყარო და კერძო საუბრები, _ ასე შეაფასა ე. წ. უკრაინული „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული მასალები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ. ელჩმა განცხადება ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გააკეთა. განცხადებას წინ უძღოდა შეხვედრა პრემიერთან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ელჩმა ზუსტად იცის _ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები არ არის. დაკითხვაზე გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას ტარება კი, უბრალოდ, „კარწინკაა“.

ბიძინა ივანიშვილმა მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შეაფასა. ეტყობა, მას დაავიწყდა, რომ ის კაცი, რომელსაც სააკაშვილის კარზე გამორჩეულად პატივს სცემდა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს, მან ყველაზე უკეთ იცის, როდის რა კანონი დაწერა და რატომ, ასევე კარგად იცის საპასუხო სვლებიც, როგორ გამოძვრეს შექმნილი სიტუაციიდან. არა ბარიკადებით და რევოლუციური სცენარით, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ურთმელიძემ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მოწინააღმდეგე მხარეს გასაჩივრების ვადა ერთი თვე აქვს _ მინიმუმ, ორი კვირა სააპელაციო სასამართლოს განხილვის დაწყებას სჭირდება. ეს დაჩქარებული ვადებით, თორემ ალი ბაბაევის სარჩელზე იგივე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე თვე დასჭირდა და მორიგი სხდომა 9 დეკემბერსაა ჩანიშნული. მინიმუმ გაზაფხულამდე, „რუსთავი 2“ ამ მეპატრონეების ხელში რჩება და მერე უკვე ქვეყანაში საარჩევნო რეჟიმი ირთვება. ამ პერიოდში კი ხელისუფლების მხრიდან ყველა სახის ძალადობრივი მოქმედება სრული ნონსენსია.

არჩევნები ვახსენეთ და საგარეჯოს შუალედურ არჩევნებს ნამდვილად ვერ ავუვლით გვერდს _ ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება, უბრალოდ, ბანკროტია. პირველადი მონაცემებით, თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილს 549 ხმით უგებს. 549 ხმა უდრის საქართველოს მთავრობას, ექს და მოქმედ პრემიერს, თავდაცვის მინისტრს ცალკე აღებულს და ჯარის იმ სპეცუბანს, რომელიც თინა ხიდაშელმა ამ არჩევნებისთვის სპეციალურად შექმნა. „ქართული ოცნება“ წარმატებით დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკვალულ გზას _ მიუხედავად დაპირებისა, არ შეცვალა საარჩევნო კოდექსი, არ გააუქმა მაჟორიტარული არჩევნები, უარი არ თქვა ადმინისტრაციული რესურსისა და სპეცუბნის გამოყენებაზე, მინისტრი ხიდაშელი ბაჩო ახალაიაზე შორს წავიდა _ პირადად ჩავიდა საგარეჯოში და საარჩევნო შტაბში ხმების დათვლა დაიწყო. საგარეჯოს არჩევნებს მეორე, და პირადად ჩემთვის, არანაკლებ მძიმე მორალური მხარე ჰქონდა _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2012 წლის არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნება“ 40%-ის აღებას გეგმავდა, ისინი გამარჯვებისთვის არც ემზადებოდნენ, რომ არა ციხის სკანდალური კადრები და ის ჯგუფი, რომელმაც ეს კადრები ქვეყნის გარეთ გაიტანა და გაასაჯაროვა. მეტიც, კარანტინის დაშლის კადრები პირადად „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას ორგანიზებით დათა აკობიამ გადაიღო. სწორედ ამ კადრებმა აიძულა სააკაშვილის ხელისუფლება, სისტემურ კრახზე ალაპარაკებულიყო და გამოძიება დაეწყო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ციხის სკანდალურმა კადრებმა უზრუნველყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში უპირობო მოყვანა. მაშინ არც ირმა ინაშვილის პრორუსობა გახსენებია ვინმეს და არც „ობიექტივის“ დაფინანსების წყაროების გამორკვევა. უმადურობა უმადურობაა რეალურ ცხოვრებაშიც და ქართულ პოლიტიკაშიც!!! თუმცა თინა ხიდაშელი და „რესპუბლიკური პარტია“ ბიძინა ივანიშვილის პირადი პრობლემაა. რაკი აღარც ბალანსი არსებობს და აღარც საპირწონე ძალა, „რესპები“ კოალიციაში უპირობო ლიდერები არიან, რაც 2016 წლის საარჩევნო სიების ფორმირების დროს კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის თავსატეხია და არა ჩვენი. 12 წლის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ ქუჩაში გადის. „ჩვენ აღარასოდეს ვიქნებით ამ ხელისუფლების სტრატეგიული მოკავშირე“, _ განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა. რუსთაველის ძეგლი და 8 ნოემბერს დიდი საპროტესტო აქცია, _ განცხადება ამის თაობაზე ირმა ინაშვილმა გააკეთა, რომელსაც საგარეჯოში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ებრძოდა და მხოლოდ 549 ხმით მოუგო.

„რესპუბლიკელები“ ივანიშვილის ერთადერთი პრობლემა არაა; საფრანგეთის პროკურატურას მოქალაქე ინგა პავლოვამ მიმართა, რომელიც ივანიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ერთდროულად ორ ქორწინებაში იმყოფებოდა. ქონების გაყოფას და კომპენსაციის გადახდას ექსპრემიერის შვიდი მილიარდი აიტანს, ეს დიდი პრობლემა არაა, სამაგიეროდ, თუ ინგა პავლოვა არ იტყუება და ბიძინა ივანიშვილი მასზე ნამდვილად იყო დაქორწინებული, მაშინ მოქალაქის ირგვლივ კიდევ ერთი, სანიმუშო მეოჯახის მითი დაინგრევა, რითაც ის განსაკუთრებით ამაყობდა!

გამოქვეყნებული ჩანაწერები ხელისუფლებისთვის ერთგვარი მახე აღმოჩნდა. დადასტურდა არა მხოლოდ უკანონო მოსმენების ფაქტი, არამედ „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი ცხოვრების შანტაჟის ფაქტიც. პირი, რომელმაც ნიკა გვარამიას ხელისუფლების დანაბარები გადასცა, ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი აღმოჩნდა. საერთო მეგობრების წრეში ახვლედიანი არ მალავს, რომ პრემიერის გზავნილი მას სკანდალურად ცნობილმა ზვიად ჯანყარაშვილმა გადასცა. ჯანყარაშვილის გვარი ასევე პირდაპირ ფიგურირებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დაკითხული ექსპერტის შესაძლო გადაბირებაშიც. ეს ამ კვირაში ერთადერთი სკანდალი არ არის, რომელშიც პრემიერის ცოლის ნათესავი გაეხვია, ამჯერად საქმე უფრო მძიმედაა, თბილისის პროკურატურაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისებას გულისხმობს. გაერთიანებული წყალმომარაგების ყოფილმა ბუღალტერმა, ამჟამად ბრალდებულმა თამარ ფხოველიშვილმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელსაც კომპანიის მაშინდელი უფროსი, არჩილ ცაბუტაშვილი ხელმძღვანელობდა, მას მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგანაც ჰქონდა. ფხოველიშვილის მტკიცებით, კომპანიიდან მითვისებული 3 მილიონი ლარიდან 1 700 000 არჩილ ცაბუტაშვილს აქვს დახარჯული. რაც შეეხება დავით შავლიაშვილს და ელგუჯა ხოკრიშვილს, ისინი ცაბუტაშვილის ახლო მეგობრები არიან და წყალმომარაგებიდან წასვლის მერე ცაბუტაშვილი სწორედ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამავე სამინისტროში იგეგმებოდა თამარ ფხოველიშვილის ბუღალტრად გადაყვანაც.

„მე და ცაბუტაშვილი 30 წელია, ვმეგობრობთ. ვიცი, რომ ჯანყარაშვილი მისი ახლო მეგობარია, ბავშვის ნათლია და მეჯვარეა. ცაბუტაშვილმა, როდესაც სქემაზე მესაუბრებოდა, მითხრა, რომ მწვანე შუქი გვაქვს ანთებული და ვერავინ ვერაფერს გვეტყვის და ვერც შეგვამოწმებენო“, _ განაცხადა სასამართლო პროცესზე თამარ ფხოველიშვილმა. ეს პირველი საჯარო მხილებაა. სასამართლოში გაკეთებული ამ განცხადების მერე ყველა, ლოგიკით, ჯანყარაშვილი და კომპანია უნდა დააპატიმრონ. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილის გარემოცვაში აქტიურად ფიქრობენ, როგორ გადაფარონ „რუსთავი 2“-ის მარცხი. რუსულ საიტებზე გავრცელებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ხალხს უკვე მობეზრდა. რაკი აუდიტორიას ახალი სანახაობა სჭირდება, გამორიცხული არ არის, ამ სანახაობად სწორედ ე. წ. კახური კლანის დაპატიმრება იქცეს. მით უფრო, რომ წინ მძიმე ზამთარი, გაძვირებული ტარიფები და მომატებული ფასებია.

ელისო კილაძე